დედიკოს საამაყო შვილი, ანუ, ბავშვი, რომელიც არასდროს გაიზრდება

0
369

რა არის ინფანტილიზმი?

მინდა ქართული საზოგადოებისათვის ერთ დელიკატურ და აქტუალურ პრობლემაზე გესაუბროთ. ეს პრობლემა ბოლო დროს ფართო ყურადღების ქვეშ მოექცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინფანტილიზმი – ადამიანის უმწიფობა, რომელიც გამოიხატება პიროვნების ჩამოყალიბების შეფერხებაში, როდესაც ადამიანის ქცევა არ შეესაბამება ასაკობრივ მოთხოვნილებებს მის მიმართ. ინფანტილურ ადამიანებს უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება, ისინი გამოირჩევიან დაბალი თვითკრიტიკულობით და საკუთარი პიროვნებისადმი ყურადღების გაზრდილი მოთხოვნილებით, ახასიათებთ სხვადასხვა ტიპის კომპენსატორული რეაქციები, როგორიცაა რეალობის ჩამნაცვლებელი ფანტაზიები, ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი. ამჯერად მამაკაცთა ინფანტილიზმზე შევჩერდეთ, არა იმიტომ, რომ ინფანტილური ქალები არ არსებობენ, არამედ იმიტომ, რომ მამაკაცთა ინფანტილიზმი გაცილებით მეტ პრობლემებს უქმნის გარშემომყოფებს პატრიარქალურ ქვეყნებში და ფართოდაა გავრცელებული.

ინფანტილური ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ახლა სწორედ რომ მათი დროა – დრო, როდესაც მილიონობით ცხოვრება გადის კომპიუტერულ თამაშებში, საყვარელ საფეხბურთო გუნდთან მოგზაურობაში, პეინტბოლის, კარტინგის შეჯიბრში და ა.შ. ამერიკაში ასეთებს კიდალტებს ეძახიან (ინგ. კიდ- ბავშვი; ადულტ- მოზრდილი) – ანუ მოზრდილ ბავშვებს, რომლებიც 30-40 წლის ასაკში არ ჩქარობენ ოჯახზე პასუხისმგებლობის აღებას, ერთობიან და აცვიათ როგორც მოზარდებს; იტალიაში – ბომბოჩიონის და ისინი სიბერემდე მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, რომლებიც მათზე ზრუნავენ. კარლ გუსტავ იუნგმა XX საუკუნის დასაწყისის მამაკაცთა საზოგადოებას „უზომოდ გაზრდილი და გაბერილი საბავშბო ბაღი“ უწოდა. მას შემდეგ მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა.

შესაძლოა მკითხველს კითხვა გაუჩნდეს, რატომ არის ეს პრობლემა აქტუალური საქართველოში? მაშინ გაიხსენეთ: რამდენ 25-35 წლის მამაკაცს იცნობთ, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს, მათ კმაყოფაზეა, მთელ დღეს კომპიუტერულ თამაშებში ატარებს, საღამოობით კი მეგობრებთან ერთად ერთობა, თან წუწუნებს, რომ საქართველოში სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია; რამდენ ქართველ მამაკაცს იცნობთ, რომლის პირად ცხოვრებაში დედა უხეშად ერევა და იგი ამის უფლებას აძლევს; რამდენ ქართველს კაცს იცნობთ, ვისთვისაც საცოლეს დედა ან დეიდა-მამიდები არჩევენ; რამდენ ახალგაზრდა კაცს იცნობთ, რომელიც ცოლისთვის ოჯახში უფროსი შვილის როლს უფრო თამაშობს, ვიდრე მეუღლის; რამდენს იცნობთ ისეთს, რომელიც დაჯახებულია, შვილები ჰყავს, მაგრამ ცდილობს ოჯახთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს გაექცეს და ისე იქცევა, თითქოს თავისუფალია; რამდენ ზრდასრულ ქართველ მამაკაცს იცნობთ, რომელსაც დედა საათში ერთხელ ურეკავს 22.00-მდე და ნახევარ საათში ერთხელ 22.00-ის შემდეგ? გაიხსენეთ? ისევ ფიქრობთ, რომ ეს თემა არააქტუალურია ქართულ საზოგადოებაში?

თქვენ ვერ ხვდებით, რამდენი წლისაა იგი – 15-ის თუ 30-ის? ის პატარა ბიჭივით იქცევა, ჭირვეულობს, გაურბის პასუხისმგებლობას და უჭირს გადაწყვეტილების მიღება? ნებისმიერი პრობლემა მასში პანიკასა და გუნებ-განწყობის დაქვეითებას იწვევს? მას მიაჩნია, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს? სავარაუდოდ, თქვენს წინაშეა ინფანტილური მამაკაცი. ინფანტილური მამაკაცი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის, იკავებდეს ნებისმიერ თანამდებობას და მიეკუთვნებოდეს ნებისმიერ სოციალურ ფენას. ზოგიერთ შემთხვევაში კარიერაში წარმატებული მამაკაცები, პირად ცხოვრებაში ინფანტილურები არიან, მათ უჭირთ ოფისის გარეთ გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საქმე გვქონდეს, ეგრეთ წოდებული, სოციალური როლების დამოუკიდებელ დასწავლასთან – ანუ, მამაკაცი სწავლობს გარკვეულ სოციალურ როლებს (მაგ. სპეციალისტის, შეფის) სხვა როლებისგან (ქმრის, მამის) დამოუკიდებლად.

ინფანტილურ მამაკაცს თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნია და სხვისი გრძნობები თითქმის არ აინტერესებს (ან ფორმალურად ითვალისწინებს მათ, საჭიროებისამებრ). ასეთი მამაკაცები ბევრს ლაპარაკობენ და გაცილებით ნაკლებს აკეთებენ. პრობლემების გადაჭრის მათი უსაყვარლესი მეთოდია გაქცევა – ტელეფონის ზარების იგნორირება, პასუხისგან გაქცევა, დუმილის უფლების გამოყენება და ლოდინი, იქნებ პრობლემა თავისით მოგვარდეს. მათ არაჩვეულებრივად გამოსდით პარტნიორისთვის მსგავსი რჩევების მიცემა: „ნუ იძაბები, შეხედე საკითხს მარტივად,შენ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად იღებ და ართულებ“ და ა.შ., რადგან ხშირ შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ მათ თამაშში უნდა აყვნენ და უკვირთ, რატომ ღებულობენ სხვები ყველაფერს ასე სერიოზულად. ინფანტილური მამაკაცი ბავშვივითაა – ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, მზრუნველობასა და სიყვარულს საკუთარი პერსონის მიმართ, სხვა დანარჩენი ნაკლებად აინტერესებს. ასეთი მამაკაცისთვის ოჯახი მხოლოდ მორიგი გართობაა, მობეზრების შემთხვევაში მან შიძლება უყოყმანოდ დატოვოს ცოლ-შვილი მორიგი გასართობის ძიებაში. თუმცა, არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც მათი ოჯახი საკმაოდ მყარია, თუ მათი რჩეული ქალი გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ამის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ. ინფანტილური მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მას უნდა მიხედონ, მიუარონ, მიაქციონ ყურადღება, ის ამას ითხოვს და ბუნებრივად მიაჩნია, მას ხომ სხვა მოპყრობა არ უნახავს, არ იცის და არც უნდა იცოდეს. მშობლებმა იგი ისე გაზარდეს, რომ ყურადღება და სიყვარული მას ბუნებრივად მიაჩნია ყველასგან, მსოფლიოს მასშტაბით. თუ ის ვინმეს არ უყვარს ან არ მოსწონს, იგი გულწრფელად განიცდის, ბავშვივით. ინფანტილის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ მას არ უნდა გაიზარდოს, არ ეთმობა საკუთარი ბავშვობა. ხშირ შემთხვევაში ინფანტილურ მამაკაცებს დიდი პოტენციალი აქვთ, ისინი ჭკვიანები, უშუალოები, მომხიბვლელები, ორიგინალურები და კრეატიულები არიან (სწორედ ამით იზიდავენ ქალებს), მაგრამ ექცევიან რა საკუთარი ინფანტილიზმის მარყუჟებში, თავადვე არ აძლევენ საკუთარ თავს განვითარების საშუალებას და 40 წლამდე „იმედის მომცემი ბავშვის“ როლში რჩებიან.

ამ „ავადმყოფობისგან“ არ არსებობს წამალი, იგი ანგრევს ცხოვრებას და არ აძლევს ადამიანს საშუალებას ზრდასრულს პიროვნებად ჩამოყალიბდეს. „დაავადებული“ ცხოვრობს ილუზიების სამყაროში, არ შუძლია შეცდომებზე სწავლა, ელოდება, როდის უკარნახებენ, ურჩევენ, ზოგჯერ ვერც კი აცნობიერებს, რომ ელოდება, როდის მიიღებს ვინმე გადაწყვეტილებას მის ნაცვლად. ინფანტილი ყოველთვის გაცილებით მეტს ითხოვს, ვიდრე თავად შეუძლია გასცეს. ამავე დროს, მას ავიწყდება, რომ ადამიანი ინდივიდუალობასა და თავისუფლებას იძენს მხოლოდ საკუთარი გაცნობიერებული არჩევნის შემთხვევაში.

ინფანტილიზმის მიზეზები

ფსიქოლოგების თვალსაზრისით, ინფანტილიზმს საფუძველი ეყრება რვიდან თორმეტ წლამდე ასაკში. ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს პასუხისმგებლობის გრძბოდა საკუთარ ქმედებაზე. 13-დან 16 წლამდე მოზარდი ყალიბდება როგორც პიროვნება. უდავოა, რომ ბავშვს ჰარმონიული განვითარებისათვის ესაჭიროება სიყვარული. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ერიხ ფრომმა (1900-1980) გამოყო სიყვარული ორი სახე – უპირობო და პირობითი. მისი თეორიის თანახმად, უპირობო სიყვარულის მატარებელი ძირითადად დედაა, რომელიც უძღვნის შვილს სიყვარულს და სითბოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არსებობს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია შვილი. ანუ, ქართული გამოთქმის თანახმად: „ყველა ყვავს თავის ბახალა უყვარს.“ უპირობო სიყვარულის არსი მის უპირობო გაცემაშია, სიყვარულის ეს სახე ადამიანის განვითარების აუცილებელ ბაზისს წარმოადგენს. პირობითი სიყვარული კი მამის პრეროგატივაა, მას დამსახურება უნდა და ამისათვის გარკვეული პირობებია შესასრულებელი, მისი პრინციპია: „მე შენ მოყვარხარ, იმიტომ რომ ….შენ ჩემი მოლოდინი გაამართლე, შენ მე მგავხარ, ძლიერი ხარ, ჭკვიანი ხარ, მიზანდასახული ხარ და ა.შ.“ მამა ასწავლის შვილს პრობლემების გადაჭრას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, აჩვენებს გზას. ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი ბიჭისთვის, მამა წარმოადგენს იდენტიფიკაციის აუცილებელ ობიექტს, მამაკაცური ქცევის მაგალითს.

ჰარმონიული განვითარებისათვის ბავშვს ესაჭიროება ორივე სახის სიყვარული, ისევე როგორც ესაჭიროება ორივე ხელი. როდესაც იგი განიცდის რომელიმე სახის სიყვარულის დეფიციტს, ვითარდება სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური დარღვევები. პირობითი სიყვარულის დეფიციტის დროს ბავშვს უჩნდება სირთულეები პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებაში, ცხოვრებისეული ორიენტირების განსაზღვრაში. როდესაც ბავშვი იზრდება უპირატესად უპირობო სიყვარულის ატმოსფეროში, სადაც მშობლები აცილებენ მას ყოველგვარ პასუხისმგებლობას, ცდილობენ მის ნაცვლად გააკეთონ ყველა საქმე (დაწყებული საშინაო დავალების მომზადებიდან, დამთავრებული ინსტიტუტის ან ცხოვრების თანამგზავრის შერჩევით), აარიდონ ყოველგვარ უსიამოვნებას, ფერხდება მისი განვითარება როგორც დამოუკიდებელი, ზრდასრული სუბიექტის. ასეთი მშობლები ხელს უწყობენ ბავშვს, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ბავშვად, არ აძლევენ მას საშუალებას გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს. ამ შემთხვევაში მშობლები ნახულობენ ე.წ. მეორად სარგებელს შვილის „ბავშვურობაში“, ეს მათ საშუალებას აძლევს დიდი ხნის მანძილზე (ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზეც) შეინარჩუნონ კონტროლი შვილზე. ხშირად ასეთი მშობლები შინაგან კონფლიქტს განიცდიან – ერთის მხრივ მათ აწუხებთ შვილის ინფანტილურობა, მეორეს მხრივ მოსწონთ კონტროლის განცდა, რის გამოც არაცნობიერად არ სურთ, რომ შვილი გაიზარდოს

იმედია, მამაკაცებს არ ეწყინებათ, თუ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მათი ინფანტილიზმის გამო ქალებს (ძირითადად დედებს, ნაკლებად კი ცოლებს) დავაკისრებ. საქართველოში, ისევე როგორს ყველა ქვეყანაში, ნებისმიერი ასაკის ქალები მეგობრებთან საუბარში აქტიურად აკრიტიკებენ მამაკაცებს ინფანტილიზმის გამო და ამავე დროს ზრდიან სწორედ ასეთივე შვილებს. როგორც ცოლები კი, იყენებენ ქმრის ინფანტილიზმს, რათა აკრიტიკონ და აკონტროლონ ისინი, რაც მათ საკუთარი სიძლიერის განცდას აძლევს. ისინი ვერ ამჩნევენ საკუთარ „ზემოქმედების ინსტრუმენტებს“, ისეთებს როგორიცაა: წყენა, სექსზე უარის თქმა, გაბუტვა, ცრემლები (ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება), რომლებიც სწორედ ინფანტილურ რეაქციებს მიეკუთვნებიან.

საქართველოში მიღებულია დედების მიერ ბიჭების ე.წ. „სათავისოდ“ გაზრდა, მათზე გადამეტებული მზრუნველობა, ყურადღება; მიღებულია რძლის მიმართ ჰიპერტროფირებული ეჭვიანობა (ჰიპერტროფირებული, იმიტომ, რომ გონივრულ ფარგლებში ეს ნორმალური რეაქციაა, რაც ყველა ქალმა უნდა გაიაროს შვილის დაქორწინებისას), როდესაც რძალი აღიქმება როგორც მონსტრი, რომელიც დედას შვილს ართმევს; მიღებულია რძალსა და დედამთილს შორის „ჭიდილი“ კაცისთვის – რომელიც აჯობებს, ის ჩაიგდებს ხელში ნადავლს სრულიად დემორალიზებული ინფანტილური ქმრის ან შვილის სახით. ეს პათოლოგიური წრე ხელს უწყობს მამაკაცებში ინფანტილიზმის განვითარებასა და მის შენარჩუნებას.

როგორ მოვიქცეთ თუ ბედმა ინფანტილურ მამაკაცს შეგვყარა?

ინფანტილური მამაკაცი თქვენთვის მისაღებია, თუ:

ა) გაქვთ ძლიერი დედობრივი ინსტინქტი და გჭირდებათ ისეთი მამაკაცი, რომელსაც მუდმივად უნდა მოუაროთ, მიხედოთ და შეუქმნათ იდეალური პირობები, მზად ხართ არაფერი არ დაუშალოთ, არ უსაყვედუროთ და არ დააკისროთ მისთვის ასეთი აუტანელი „ზედმეტი“ პასუხისმგებლობა;

ბ) თუ თქვან ხართ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული და არ გაქვთ დიდი მოთხოვნილებები, გსურთ გყავდეთ ფორმალური ქმარი და იმუშაოთ მის „ფონად“, წარმოაჩინოთ მისი პლიუსები და არ მიაქციოთ ყურადღება ნეგატიურ მხარეებს. ანუ მცირედით კმაყოფილდებით, უქმნით მას კომფორტს და აძლევთ საშუალებას არასდროს არ გაიზარდოს.

იმ შემთხვევაში კი თუ თქვენ ხართ ძლიერი, თავდაჯერებული, ჭკვიანი და დამოუკიდებელი ქალი, ჩემი რჩევაა – გაიქეცით, რაც შეიძლება სწრაფად. თუ, რა თქმა უნდა, მან არ დაგასწროთ გაგცევა. ინფანტილურ კაცებს ხომ არ უყვართ ძლიერი ქალები, რომლებსაც დიდი მოთხოვნილებები აქვთ. მათ უჭირთ ასეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და არასრულფასოვნების განცდა უჩნდებათ.

თუ თქვენ არ გაიქეცით (და ისიც არ აპირებს ჯერ-ჯერობით) და გაგიჩნდათ სურვილი შეცვალოთ და ჩამოაყალიბოთ ინფანტილური მამაკაცი, მინდა გაგაფრთხილოთ, ეს ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ უცხო თვალით ინფანტილიზმი სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, თავად ინფანტილისთვის ამ სოციალურ როლს საკმაოდ ბევრი სარგებელი მოაქვს. იგი ხშირ შემთხვევაში თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები არ აძლევს საშუალებას ანფანტილიზმის ნეგატიური მხარეები დაინახოს. იგი შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც თვითონ გაუჩნდება ამის სურვილი, ძლიერი სურვილი და მოტივაცია. ამ შემთხვევაში არ იქნებოდა ზედმეტი ფსიქოთერაპევტის დახმარება და ახალი სოციალური კონტაქტები, შედეგად არის შენსი, რომ მას გაუმყარდეს შეცვლისა და „გაზრდის“ სურვილი.

შეცვლის პროცესში ნუ შეუქმნით მას კომფორტულ პირობებს, ნუ ააცილებთ პასუხისმგებლობას, არ გააკეთოთ მის ნაცვლად მისი საქმე, პირიქით, აქტიურად ჩართეთ საქმიანობაში და ეცადეთ პასუხისმგებლობა ააღებინოთ საკუთარ თავზე თანდათან, ეტაპობრივად (არ შეაშინოთ იგი ერთბაშად ბევრი პასუხისმგებლობით). ეცადეთ ხშირად მოაჩვევენოთ თავი სუსტ არსებად, რომელსაც დახმარება სჭირდება, რა იცით, იქნებ რაინდის როლი მოეწონოს. მოემზადეთ რთული და დამღლელი პროცესისათვის და დაფიქრდით, ღირს კი ეს კაცი ამდენ წვალებად? თუ პასუხი დადებითია და მასაც აქვს სურვილი შეიცვალოს, იმოქმედეთ გაბედულად, ბოლოსდაბოლოს შეყვარებული ჰომო საპიენსისთვის შეუძლებელი არაფერია!

P.ს. შესაძლოა, თქვენ მიაღწიოთ თქვენს მიზანს და ინფანტილური კაცი გაზარდოთ, თუ, რა თქმა უნდა, პროცესში არ გაგექცათ უკანმოუხედავად. რას იზამთ, ადამიანების უმრავლესობა კონფორმისტია და ცვლილებების ეშინია, განსაკუთრებით საკუთარ თავში ცვლილებების. თუ თქვენ მაინც გაგიმართლათ, გეყოთ მოთმინება და ამ რთული გზის ბოლოს გახვედით, კიდევ ერთი საშიშროება გელოდებათ – გაზრდილი და ჩამოყალიბებული კაცი შიძლება სხვა ქალთან წავიდეს. ის ხომ გაიზარდა, „დაჭკვიანდა“, გააცნობიერა, რომ თქვენ ძლიერი ქალი ხართ და…..გაიქცააააა……

ავტორი თათა ბაზღაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი