ოშო:,,სიყვარული არასოდეს იქცევა სიძულვილად”

0
463

კითხვა:რატომაა, რომ თავიდან მიყვარს, შემდეგ მძულს, შემდეგ კი გულგრილი ვარ ერთი და იმავე ადამიანის მიმართ?

შენ ჯერ კიდევ არ იცი, რა არის სიყვარული. შენ ჯერ კიდევ არ იცი, რომ ბევრ სხვა რამეს მოაქვს  თავი სიყვარულად და გეთამაშება. დიახ, ზოგჯერ სიძულვილი ან გაჩვენებს  სუფთა სექსუალურობა გაჩვენებს თავს სიყვარულად. როგორც ჩანს,  შენს შემთხვევაში ასეცაა.

შენ მეკითხები: „რატომაა, რომ თავიდან მიყვარს, შემდეგ მძულს, შემდეგ კი გულგრილი ვარ ერთი და იმავე ადამიანის მიმართ?“

შენ ჯერ არ გყვარებია; ეს მხოლოდ შენი სექსუალური მადაა. და მე გაცნობიერებულად ვუწოდებ ამას მადას. როცა მშიერი ხარ, მხოლოდ საჭმელზე ფიქრობ. მაშინ მხოლოდ არომატი გიზიდავს რესტორან „ვრინდავანიდან“, ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელობას კარგავს. და შენ რესტორანში მიდიხარ. როცა დანაყრდები, საჭმლისადმი მთელი ინტერესი ქრება, ხოლო თუ ძალიან ბევრი ჭამე, ზიზღსაც კი გრძნობ საჭმლის მიმართ. თუ ძალიან ბევრი ჭამე, იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, გულისრევა გეწყება. როცა დანაყრებული ხარ, „ვრინდავანის“ გვერდით მიდიხარ და ვერც კი ამჩნევ მის სურნელებას, საკუთარ ფიქრებში ხარ და გულგრილი ხარ საჭმლისადმი.

შენი სიყვარული  სხვა არაფერია, თუ არა სექსუალური მადა. სწორედ ამიტომ გრძნობ თავიდან დიდ მიზიდულობას, გრძნობ, რომ „შეგიყვარდა“. ამ მიზიდულობას სიყვარულს უწოდებ, მაგრამ ზუსტად ისევე გიყვარს, როგორც ადამიანებს ნაყინი. რამდენ ხანს შეგიძლია გიყვარდეს ნაყინი? რამდენი შეგიძლია შეჭამო?

ბომბეიში ერთ ოჯახში ვიყავი სტუმრად. ისინი შესანიშნავი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მათ ძალიან უცნაური წარმოდგენა ჰქონდათ იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ სტუმრებზე. ჩემი გულისთვის მათ ბევრი სხვა სტუმარი მოიწვიეს, სუფრა გაშალეს,  შემდეგ კი ოთხმა ძმამ აიძულა სტუმრები, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ეჭამათ. ფაქტობრივად, პირში უტენიდნენ საჭმელს. სტუმრები უარს ამბობდნენ, ისინი შეწუხდნენ და ძალიან უსიამოვნოდ გრძნობდნენ თავს: „რა ხდება?“ და ყოველ სტუმარზე ოთხი ძმა იყო!

მე დავეკითხე:

– რაშა საქმე? რას აკეთებთ? თუ სტუმრებს აღარ უნდათ ჭამა, დაანებეთ თავი!

– ეს ოჯახური ტრადიციაა, – მიპასუხეს მათ. – ჩვენს ოჯახში ასეა მიღებული,  ვაჭამოთ, სანამ სტუმარი ჩხუბს არ დაიწყებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ჩაგვთვლიან სტუმართმოყვარე მასპინძლებად.

აი, მათი იდეა სტუმართმოყვარეობისა: გაუმასპინძლდნენ, სანამ სტუმარი ჩხუბს არ დაიწყებს… მაგრამ სწორედ ასე მოხდა. როცა სტუმარი უკვე… როდემდე შეიძლება ტანჯვა? ყველაფერს აქვს საზღვარი! სხეული რეზინის არაა, და კუჭსაც აქვს თავისი შეზღუდვა. ყველა სტუმარმა ყვირილი დაიწყო. მაგრამ მასპინძლები ბედნიერები იყვნენ, რადგანაც მათ სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს.

პირველ რიგში, შენ მხოლოდ ფიქრობ რომ გიყვარს. მაგრამ ეს არაა სიყვარული,  ეს მხოლოდ ფიზიკური მადაა, სხეულებრივი მისწრაფება, ბიოლოგიური მოვლენა. მას არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან.

სიყვარული სულ სხვაა. ის არაა დაკავშირებული აუცილებლად სექსთან. სექსს შეუძლია მისი ნაწილი იყოს, და შეუძლია არც იყოს. შეიძლება იყო შეყვარებული ვინმეზე, მაგრამ  არ გქონდეს სექსუალური ურთიერთობა. ეს ისაა, რასაც მეგობრობას უწოდებენ. მეგობრობა თითქმის გაქრა ამ სამყაროდან, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ერთი სიყვარული ვიცით – სექსუალური. არასექსუალური სიყვარული გამქრალია.  სინამდვილეში კი , სწორედ ესაა სიყვარული. მეგობრობა უფრო ღრმა სიყვარულია, ვიდრე სექსუალური ურთიერთობა, რადგანაც მეგობრობა იძლევა და საპასუხოდ არაფერს ითხოვს.

სექსუალური ურთიერთობა არის ურთიერთ-ექსპლუატაცია: შენ იყენებ პარტნიორის სხეულს, ის კი შენსას,  თქვენ იყენებთ ერთმანეთს. მაგრამ ამისთვის უბრალოდ სექსის დარქმევა უაზრობა ჩანს, ამიტომ სიყვარულს ვუწოდებთ. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ ამას უბრალოდ სექსს დავარქმევდით, – ეს უფრო სამართლიანი და გულწრფელი იქნებოდა, – და მაშინ არ გაჩნდებოდა პრობლემები, რადგან გეცოდინებოდათ რომ ეს მადაა. რაღაც მომენტში შენ დაკმაყოფილებას გრძნობ, შემდეგ კი, თუ შენს პარტნიორს ჯერ კიდევ აქვს სწრაფვა და შენ აგრძელებ ამ თამაშს, სიძულვილს გრძნობ, რადგანაც ზიზღის გრძნობა ჩნდება. ადრე თუ გვიან იგრძნობ გულგრილობას, რადგანაც შენ მისი სხეული შეიცანი, მან კი შენი, ახლა ტერიტორია ცნობილია, და წასასვლელი აღარსადაა. ახლა უკვე აღარ დარჩა საიდუმლო, აღარ დარჩა ამოუცნობის მიმზიდველობა. ყველაფერი დასრულდა: და ჩნდება გულგრილობა.

ის, რასაც სიყვარულს ეძახი, მხოლოდ სექსია. უწოდე ამას სექსი, და ნუ უწოდებ სიყვარულს. კარგი იქნება, თუ სექსს უწოდებ, რადგანაც მაშინ გეცოდინება, რომ ეს სექსია,  საჭირო აღარაა თვალთმაქცობა. თუ არ ითვალთმაქცებ, ის არ შემოგიტრიალდება სიძულვილად. თუ თავს მოიტყუებ, რომ ეს სიყვარულია მაშინ, როცა ეს მხოლოდ სექსია, ადრე თუ გვიან იგი სიძულვილად იქცევა.  თუ უბრალოდ სექსს უწოდებ ამას, მაშინ ერთმანეთის მადლიერი იქნებით და არ შეიძულებთ ერთმანეთს. და არასოდეს გახდებით ერთმანეთისადმი გულგრილი.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა მას უწოდებ ლამაზ სიტყვას – „სიყვარული“.  რატომ იქცა იგი სიძულვილად? სიყვარული არასოდეს იქცევა სიძულვილად. სიყვარული უფრო და უფრო ღრმა ხდება. ბოლოს და ბოლოს, სიყვარული ლოცვა ხდება – ღმერთი.

მაგრამ ეს არაა სიყვარული. ასე რომ, პირველ რიგში, გთავაზობ, რომ ამას უბრალოდ სექსი უწოდო. და არაფერია ცუდი უბრალო და  სუფთა სექსში; ის ბუნებრივია. არაა საჭირო მისი დაფარვა ლამაზი სიტყვით – „სიყვარული’’, არაა საჭირო მის ირგვლივ რომანტიურლი ღრუბლის შექმნა. იყავი უბრალო, გულწრფელი, მართალი. თუ ეს გამოგივა, ნახევარ საქმეს გააკეთებ. მაშინ  დაინახავ განსხვავებას. ერთხელაც შეიყვარებ და დაინახავ, რომ არსებობს არა მხოლოდ ფიზიკური, ბიოლოგიური მისწრაფება, არამედ რაღაც უფრო მაღალი – ორი ენერგია ერთში ირწყმება, ორი სული სიახლოვეს გრძნობს, ორი არსება ჰარმონიას ქმნის.

აი,  ჩემი განსაზღვრება: თუ მიზიდულობა ორ სხეულს შორისაა   ეს სექსია; თუ ორ გონებას შორის –  სიყვარული; თუ ორ სულს შორისაა –  ლოცვა. ლოცვა სიყვარულის უმაღლესი ფორმაა,  სექსი კი  უმდაბლესი ფორმა. ნუ მიიღებ უმდაბლეს ფორმას უმაღლესად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომაში შეხვალ.

ქალი და მამაკაცი რაღაც დროის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, და, როგორც იქნა, ქალი დათანხმდა სიახლოვეზე. სახლში მისასვლელ გზაზე რამდენიმე ძვირფასი მაღაზია გაიარეს. ქალს ძვირად ღირებული იტალიური ფეხსაცმელი მოეწონა.

– ნუ ღელავ, ბეიბი, გიყიდი ამას, – უთხრა მან.

შემდეგ ქალმა ნამდვილი პარიზული კაბა შეამჩნია.

– ნუ ღელავ ,ბეიბი, ამასაც გიყიდი.

ბოლოს ქალმა წაულას შუბასაც დაადგა თვალი.

– ნუ ღელავ ბეიბი, მე ვიყიდი ამას შენთვის.

როგორც იქნა მივიდნენ მამაკაცის სახლში, სექსიც ჰქონდათ, და უკანა გზაზე კვლავ გაიარეს მაღაზიებთან.

– აი, ამ შუბის ყიდვას აპირებდი ჩემთვის, – შეახსენა ქალმა.

– წავედით აქედან – ჩაიბურტყუნა მან.

– და ეს კაბა…

– წავედით აქედან, – კვლავ უპასუხა მან.

ბოლოს ქალმა ფეხსაცმელიც აჩვენა.

– წავედით, – კვლავ მიუგო მისმა კავალერმა.

ქალმა ტირილი დაიწყო:

მე არაფერი მესმის. სანამ სექსი გვექნებოდა, ყველაფერ ამის ყიდვას დამპირდი. ახლა, ორი საათის შემდეგ, უარს ამბობ შენს დაპირებებზე.

– ასეთი ვარ, ბეიბი. როცა მაგარი ვარ, რბილი ვარ.  როცა რბილი ვარ, მაგარი ვარ.

თარგმნა მამუკა გურულმა

MAGMA

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი