მერაბ მამარდაშვილი:,,ჩვენ ვცდილობთ, დავუბრუნდეთ სიცოცხლეს, მაგრამ ამის გაკეთება ხდება სრულ სასოწარკვეთილებაში”

0
443

მე ახალ განსაზღვრებას მივცემ საბჭოთა კავშირის მდგომარებას და ვიტყვი, რომ ეს ქვეყანა არ არის ადამიანის საცხოვრებელი ადგილი. პრობლემის პასუხს მიკროსკოპული დონე ესაჭიროება. ქვეყანაში უნდა შექმნილიყო მილიონობით და მილიონობით პატარა locus-ები, – საცხოვრებელი ადგილები ადამიანთათვის, მათი ყველაზე უფრო მარტივი და ბუნებრივი გამოხატულებებითა და მოთხოვნილებებით. საბჭოთა კავშირში კი სრულიად მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი მდგომარეობაა – ადამიანები გატანჯული არიან წმინდა და მარტივი ირაციონალიზმით, რადგან ტოტალიტარულ სისტემაში ბუნებისა და საზოგადოების სპონტანურ ძალთა ირაციონალობაც სახელმწიფოს მიერ „იმართება“. არადა, სწორედ სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ავრცელებს თავის გარშემო ირაციონალურობას და არვის ძალუძს ამის შეჩერება. ამიტომაც, როცა საბჭოთა პრობლემის გადასაწყვეტად გამოსავალს ეძებენ, ყოველთვის ტრიალებენ მთელი საზოგადოების მომცველი რაციონალური მართვის არტახებში.

აქ არალის ზღვის მაგალითი დაასახელეს. ადამიანური აზროვნებისა და ჩვენი პოლიტიკური გამოცდილებისათვის საკმარისი  უნდა  ყოფილიყო მოსალოდნელი  საფრთხის, კატასტროფის დადგენარომ შეცვლილიყო ადრინდელი გადაწყვეტილება. ეს ერთი წელია, რაც დაადგინეს ამ ტბის სავალალო მდგომარეობა, მაგრამ მე გარწმუნებთ, მისი გამომწვევი მიზეზები, პროცესები კვლავაც გრძელდება. თითქოსდა, ჩვენ გვმართავდეს შეშლილი მანქანა, რომლის გაჩერებაც არ ძალუძთ მთელი იმ გამაფრთხილებელი ინფორმაციისა და მხილებების მიუხედავად, რაც წინასწარ იქნა გაკეთებული. მეორე მაგალითი: ჩერნობილი, ატომური კატასტროფა. იმ დღეს, როდესაც ეს უბედურება მოხდა, ჩემს თავს ვუთხარი: აი, ნამდვილი ჩერნობილი! როგორია ჩერნობილის შესახებ სიმართლე? ეს არის ის სინამდვილე, რომელიც ავლენს რეჟიმისა და სისტემის ნამდვილ ბუნებას. მომხდარი ფაქტის შემდეგ როგორი იყო რეჟიმის გადაწყვეტილება? ეს იყო სასწრაფო გეგმა მთელი იმ რაიონის ჩაკეტვისა, რომელიც ატომურმა კატასტროფამ მოიცვა, სადაც საფრთხე შეექმნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს; ოღონდ არავის არაფერი არ უნდა გაეგო, არ უნდა გაჟონილიყო რაიმე ცნობა. ეს არის სისტემის ნამდვილი სახე, ჭეშმარიტი სახე რეჟიმისა. ამ განზრახვამ არ გაჭრა, რადგან ამჟამად მსოფლიო ჩაკეტილი აღარ გახლავთ, ნურც ღრუბლებს დავივიწყებთ, ერთი საზღვრიდან მეორეზე რომ გადადიან. მართალია, შემდგომ ყველაფერი გამჟღავნდა, მაგრამ ეს უგუნურება ოთხ დღეს გაგრძელდა; ამ უგუნურების საჭირბოროტო მიზეზები კვლავ წარმოიქმნება და ანგარიშგასაწევია.

თითქოს ყველაფერი ითქვა, ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ ეს მიზეზები განაგრძობს მოქმედებას. ხელისუფალნი მოქმედებენ ტოტალიტარული სიჩუმის გამანადგურებელი კანონის მიხედვით, მილიონობით მსხვერპლთა მიმართ ტოტალური ზიზღის გრძნობით. ერთი მშვენიერი, სავსებით ფროიდისტული ლაფსუსიც კი მოხდა, ჩემი ყურით გავიგონე ტელევიზიის დიქტორისაგან. მას უნდა ეთქვა – კატასტროფის შედეგები ლიკვიდირება და ამის ნაცვლად თქვა: კატასტროფის მსხვერპლთა ლიკვიდირება“. ეს იყო ლაფსუსი, მაგრამ სიმართლე.

სისტემის მანქანას ვერც სოფლის მეურნეობაში აჩერებენ. მე მინდა ვთქვა, რომ, რაკი რაღაც ერთი სისტემა ჩამოყალიბდა გარკვეული პირობების საფუძველზე, – არადა, ეს იყო ჩვენში ცხოვრების ყველაზე დაბალი პირობები, ე.ი. მონობის ყველაზე ვრცელი ბაზა, მთელი სოციალური ფორმაცია ილტვის რომ მისი პირობები და საფუძვლები კვლავ შეინარჩუნოს, ან აღადგინოს, როგორც მისივე აქტიურობის შედეგი. მაგალითად, აღარ შეუძლიათ მდინარეებისათვის კალაპოტის შეცვლის დიდი პროექტის შეჩერება, მიუხედავად იმ მხილებებისა, რაც იყო პრესაში, მიუხედავად იმ კრიტიკისა, – განსაზღვრების თანახმად ულტრა-დემოკრატიულ მცდელობად რომ იწოდება, – არ შეუძლიათ და რატომ? იმიტომ, რომ თავად ეს გეგმები ოციან წლებში შეიქმნა საკონცენტრაციო სამყაროსა და მონური შრომის გამოყენების გეგმის საფუძველზე.

ამჟამად მონობის ბაზა მატერიალურად გაქრა, მაგრამ სტრუქტურა რჩება და კვლავ იქმნება, როგორც იმ რაციონალური მანქანის გეგმა თავისსავე რაციონალუროობაში რომ დაკარგა გონი. მთელი ირაციონალიზმი გადატანილია სოციალურ და ეკონომიკურ ორგანიზაციაზე. ამის შესაჩერებლად სხვა არავითარი საშუალება არ არსებობს, გარდა ერთადერთი საშუალებისა – ესაა შეუმჩნევლად მოქმედება სისტემის საპირისპირო მილიონობით ქმედებაში, რაც რეალიზდება ყველაზე უმარტივესში – ეკონომიკურ გაცვლა-გამოცვლაში, აზრთა გაცვლა-გამოცვლაში. ცხოვრება ითხოვს, რომ ჩვენი გარემომცველი გარემო საცხოვრებლად ვარგისი გავხადოთ, ჩვენში კი ეს ასე არ არის. მაგალითისათვის, წადით და ნახეთ საბჭოთა ქვეყნის შიდა აეროპორტი, სადაც ადამიანები პირუტყვივით გადაჰყავთ. როგორ შევცვალოთ ეს? აქ არის ჩემი ქვეყნის პრობლემა და არა დიდ დისკუსიებში იმპერიათა თაობაზე. თითოეული ეს წვრილმანი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ცხოვრებაში. ახლახან მე თქვენ გეუბნებოდით, რომ საბჭოთა პირობებში პირადი ცხოვრება არ იყო კერძო ცხოვრება; ასეთი გაგება მარქსიზმმა და სოციალიზმმა თავიდან აიცილა. მე მინდა დავძინო, რომ  სიცოცხლეროგორ ასეთი, არის  გენიალური  განსაკუთრებულობა ან ფამილიარობაეს არის მხოლოდ ერთი გენიალური დეტალი(წვრილმანიდა სხვა არაფერი. ჩვენ ვცდილობთ, დავუბრუნდეთ სიცოცხლეს, მაგრამ ამის გაკეთება ხდება სრულ სასოწარკვეთილებაში. ამ უკანასკნელს იწვევს „დიდი გეგმა“, რადგან ამგვარი „დიდი გეგმით“, „დიდი ზრახვებით“ სოციალისტური ცხოვრების დიდ მანქანას ვერ გააჩერებენ. საჭიროა გადანაცვლება ყოველ დღიურობაში, ყოფითობაში, საჭიროა ახალი სოციალური და ეკონომიკური ქსოვილის ხელახლა, აგურ-აგურ შექმნა. ეს, მართლაც, უიმედო საქმეა!

გადავიდეთ ევროპელთა ურთიერთობებზე საბჭოთა კავშირთან. ჯერ ერთი, ლიტველებს უფლება აქვთ არაფრად ჩააგდონ საბჭოთა კავშირის დიდი პრობლემა, რომლის განხორციელებაზედაც ისინი არ არიან პასუხისმგებელნი, მათ არ ეხებათ გორბაჩოვის შიდა პრობლემა. რა არის მათი ამოცანა, დაეხმარონ საბჭოთა სისტემას და მისი არსებობის საძირკველს ძირი არ გამოუთხარონ? ეს სისტემა ხომ მათთან მივიდა, რათა მათ ქვეყანას დაუფლებოდა?! მაშ რატომ და რით არიან ისინი ვალდებულნი, მონაწილეობა მიიღონ იმ სისტემის შეცდომების გამოსწორებაში, რომელიც მათი არ არის? მე გეთანხმებით, აშკარაა, რომ ამ პატარა ხალხს, რომელიც ორ ძლიერ სახელმწიფოს შორისაა მოქცეული, მსხვერპლად წირავენ ისე, რომ მას არ უტოვებენ უკან დასახევ გზას და ეს ყოველივე ხდება ღრმა თეორიული ანალიზის გარეშე. საქართველოსთვისაც ასევეა, მაგრამ სხვაობა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ქართველები, თუ შეიძლება ითქვას, ბევრად უფრო პასუხისმგებელნი არიან თანამედროვე სიტუაციაზე, ვიდრე – ლიტველები. საჭიროა ვაღიარო, რომ ქართველმა ხალხმა აქტიურად მიიღო მონაწილეობა საბჭოთა სტრუქტურების შექმნაში თავისი ადამიანებით, თავისი ენერგიით, ინიციატივითა და წარმოსახვით. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქართველებმა, საკუთარ თავს უნდა შევხედოთ სარკეში და პასუხისმგებლობის რაღაც წილი ჩვენს თავზე ავიღოთ. თუ შეიცავს ირაციონალურობას ის აზრი, რაც მე ახლა გამოვთქვი, ევროპელთა ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან შესაძლებელია, ოღონდ ეს უნდა იყოს ურთიერთობა მხოლოდ ჰეროიკული სტოიციზმის სფეროში. იგი იქნება შემდეგი სახისა:  საჭიროაისწავლო  ან  ხელახლა  ისწავლო სიკვდილი.  თეორიულად არსებობს ისეთი მოვლენები, რომლებიც ჩვენთვის გარკვეულ საფრთხეს შეიცავენ. მაგალითად, აგური, რომელიც შეიძლება თავზე დაგეცეს. მაგრამ, რადგან არ შემიძლია დიალოგი გავმართო აგურთან, რომელიც არ არის შესაბამისობაში ადამიანურ არსებობასთან და არ გააჩნია შინაგანი ცხოვრება, მე არ შემიძლია აგურის ან აგურის შესახებ ჩემი აზრის გადაქცევა ჩემი შინაგანი ფსიქოლოგიური ცხოვრების მუდმივ ელემენტად და აგურის შესახებ აზრთან ერთად ცხოვრება. ეს მე აბსოლუტურად მომსპობდა. აგური ჩემთვის, ადამიანისათვის, შეუღწეველია, რაკი მას არა აქვს ჩემს წინააღმდეგ რაიმე განზრახვა მაშინაც კი, როცა მას შეუძლია მომკლას. მსგავსად ამისა, ავიღოთ საბჭოთა კავშირი, რომელიც შეიძლება თქვენ ან ჩვენ აგურივით დაგვეცეს თავზე, მაგრამ შეუძლებელია, ეს აგური ვაქციოთ ევროპული შინაგანი სამყაროს რეფლექსების შინაგან ნაწილად, რადგან ნგრევა გარდუვალი იქნება.

სოციალური ფსიქოლოგიის სტრუქტურები ინდივიდუალური ფსიქოლოგიის სტრუქტურების მსგავსია. ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში ჩატარებული ცდები მოწმობენ უკიდურეს ვითარებაში ადამიანის მიერ შეგრძნების დაკარგვას. როდესაც ინდივიდი დგას ტელევიზორის ეკრანის წინ და ეკრანი უჩვენებს ამოსახსნელ დავალებას, რაც მოკლებულია მწყობრ, სტრუქტურულ წყობას. ამ დროს არც ერთი სტრუქტურა პრინციპულად გასაგები არ არის, მაგრამ ეკრანის წინ მყოფ სუბიექტს აიძულებენ, მოახდინოს კონცენტრირება, რათა გაიგოს ის, რაც პრინციპულად გაუგებარია; ამგვარ პროცესში ხედავენ, რომ სუბიექტის ცნობიერების სტრუქტურები ირღვევა და ისპობა კიდეც. ეკრანის წინ მდგომმა საბრალო, ბეჩავმა ადამიანმა შედეგად რა მიიღო? არაფერი! იმიტომ, რომ მან დაჟინებით მოინდომა ზეწოლა მოეხდინა თავისი გაგების უნარზე, მიხვედროდა ამოსახსნელის სირთულეს, მისი მცდელობა კი გაუგებარმა, ამოუხსნელმა ობიექტებმა დაანგრიეს. სწორედ ასე შეუძლია საბჭოთა კავშირს, დაანგრიოს ევროპის ინტელექტუალური უნარი, თუ ერთ მშვენიერ დღეს არ გადაწყვეტენ, რომ თავიდან ააცილონ თავიანთ შინაგან სტრუქტურებს აგური, რომელსაც, – და ეს სრულიად შესაძლებელია, – შეუძლია, მათ თავზე დაეცეს და ატომური ბომბივით აფეთქდეს; აქედან გამოსვლას კი ვეღარ შეძლებენ. საჭიროა ვისწავლოთ  ან  ხელახლა ვისწავლოთ სიკვდილიდა მაშინიქნებვაჟკაცურისიკვდილი ხელახლა გახსნილივრცეში ვიპოვოთ ისეთი რაიმერაც სიცოცხლის განგრძობას შეგვაძლებინებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი