კარლ გუსტავ იუნგი – მოღვაწეობა ფსიქიატრიაში

0
356

კარლ იუნგის ავტობიოგრაფიული წიგნი (Memories, dreams, reflections) თარგმნა გიორგი გელეიშვილმა – ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოცია

ბურგჰოლცლიში ყოფნის წლები ჩემი სწავლის წლებია. ჩემი მთავარი ინტერესი და კვლევის საგანი იყო მწვავე კითხვა – „სინამდვილეში რა ხდება ადამიანში, რომელსაც ფსიქიკური ავადმყოფობა აქვს?“ ეს იყო რაღაც, რაც იმ დროს მე არ მესმოდა და არც ჩემი კოლეგები იწუხებდნენ თავს ასეთი პრობლემებით. ფსიქიატრიის მასწავლებლები არ იყვნენ დაინტერესებული იმით თუ რა უნდა ეთქვათ პაციენტებს, არამედ მათ უფრო აინტერესებდათ თუ როგორ დაესვათ დიაგნოზი, როგორ აღეწერათ სიმპტომები ან შეედგინათ სტატისტიკა.

კლინიკური თვალსაზრისით, რომელიც იმ დროს პრევალირებდა, პაციენტი, როგორც ადამიანი და პიროვნება, მისი ინდივიდუალობა, სულაც არ იყო მნიშვნელოვანი. ექიმს უფრო საქმე ქონდა პაციენტ იქსთან, რომელსაც კარგად დამუშავებული დიაგნოზების დიდი სია და სიმპტომების დეტალური აღწერა ახლდა თან. პაციენტებს ეკერებოდათ იარლიყები, დიაგნოზი ბეჭდად ესმებოდათ და ძირითადად ამით გვარდებოდა ყველაფერი.

ფსიქიატრიული პაციენტის ფსიქოლოგია საერთოდ არ თამაშობდა რაიმე როლს. ამ დროს ფროიდი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით ისტერიისა და სიზმრების მისი ფუნდამენტური კვლევების გამო. მისმა შრომებმა მე დამანახა გზა თუ როგორ შემესწავლა და გამეგო უკეთესად ინდივიდუალური შემთხვევები. ფროიდმა, რომელიც თვითონ ნევროლოგი იყო, ფსიქოლოგია ფსიქიატრიაში შემოიტანა. 

ჯერ კიდევ კარგად მახსოვს შემთხვევა, რომელმაც მაშინ ძალიან დამაინტერესა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც „მელანქოლიით“ იტანჯებოდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. გამოკვლევა ჩვეული გულდასმით ჩატარდა: ანამნეზი, ანალიზები, ფიზიკური მდგომარეობის კვლევა და ა.შ. დიაგნოზი იყო შიზოფრენია ან „ნაადრევი ჭკუასუსტობა“, როგორც იმ დროს ეძახდნენ. პროგნოზი ცუდი იყო. 
ეს ქალი ჩემ განყოფილებაში მოხვდა. თავიდან მე ვერ გავბედე, რომ დიაგნოზი ეჭვქვეშ დამეყენებინა. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, დამწყები და სხვა აზრის გამოთქმის უფლებას თავს ვერ ვაძლევდი. მიუხედავად ამისა, ეს შემთხვევა თვალში მომხვდა როგორც უცნაური. მე ისეთი განცდა მქონდა, რომ საქმე ეხებოდა არა შიზოფრენიას, არამედ ჩვეულებრივ დეპრესიას და გადავწყვიტე ჩემი საკუთარი მეთოდის გამოყენება.

იმ დროს ბევრ დროს ვუთმობდი ასოციაციების კვლევას და ამ პაციენტთანაც ასოციაციური ექსპერიმენტი გამოვიყენე. ამასთანავე, მასთან ერთად მისი სიზმრები განვიხილე. ასე შევძელი ნათელი მომეფინა მისი წარსულის იმ დეტალებისთვის, რომელიც ანამნეზის შეგროვებისას უცნობი დარჩა. ინფორმაცია პირდაპირ არაცნობიერიდან მივიღე, ინფორმაცია, რომელმაც ბნელი და ტრაგიკული ამბავი ნათელყო. 

სანამ ქალი გათხოვდებოდა იგი იცნობდა ერთ კაცს, რომელიც მდიდარი მეწარმის შვილი იყო. ეს კაცი სამეზობლოში ყველა გოგოს აინტერესებდა. იმის გამო, რომ ჩემი პაციენტი ძალიან ლამაზი იყო, იგი ფიქრობდა, რომ ამ კაცის ყურადღების მიპყრობის კარგი შანსი ჰქონდა. თუმცა მისი მხრიდან ვერანაირი ყურადღება დაინახა და ამიტომ სხვა კაცზე გათხოვდა. 

ხუთი წლის შემდეგ ქალს ძველი მეგობარი ეწვია. ისინი ძველ დროს იხსენებდნენ. მეგობარმა ქალს უთხრა – „შენი გათხოვება მისთვის შოკი იყო“. გულისხმობდა მდიდარი მეწარმის შვილს. აი ეს მომენტი გახდა გარდამტეხი! მაშნ დაეწყო ქალს დეპრესია, რომელმაც რამოდენიმე კვირაში კატასტროფამდე მიიყვანა. ქალი თავის შვილებს აბანავებდა, ოთხი წლის გოგოსა და ორი წლის ბიჭს. იგი ცხოვრობდა ქვეყანაში, სადაც წყალი მთლად სუფთა არ იყო. სასმელად უნდა გამოეყენებინა წყაროს წყალი, ბანაობისა და რეცხვისთვის კი მდინარის წყალი. როცა ქალი თავის გოგოს ბანდა მან დაინახა, რომ ბავშვი ღრუბელს წუწნიდა, მაგრამ რატომღაც არ შეაჩერა იგი. მეტიც, მან თავის პატარა ვაჟს ჭიქით უსუფთაო წყალი დაალევინა. ბუნებრივია, ქალმა ეს გაუცნობიერებლად ან მხოლოდ ნაწილობრივ ცნობიერად გააკეთა, რადგან მისი ცნობიერება უკვე დაწყებული დეპრესიის ჩრდილ ქვეშ იყო. 

მალევე, საინკუბაციო პერიოდის გავლის შემდეგ, გოგოს დაემართა მუცლის ტიფი და ცხელება და გარდაიცვალა. ქალისთვის გოგო საყვარელი შვილი იყო. ბიჭი არ დაინფიცირებულა. ამ მომენტში დეპრესიამ თავისი სიმწვავის პიკს მიაღწია რის გამოც ქალი საავადმყოფოში მოთავსდა. 

ასოციაციური ტესტის მეშვეობით მე გავიგე, რომ იგი მკვლელი იყო. ჩემთვის ასევე ნათელი გახდა მისი საიდუმლოს ბევრი დეტალი. მაშინვე გახდა ცხადი, რომ ეს ყველაფერი საკმარისი მიზეზი იყო მისი დეპრესიის განვითარებისთვის. ეს იყო არსებითად ფსიქოგენური დარღვევა და არა შიზოფრენიის შემთხვევა. 

მე პრობლემის წინაშე დავდექი: მასთან ღიად უნდა მელაპარაკა თუ არა ამ ყველაფრის შესახებ რაც მე ასოციაციური ექსპერიმენტის მეშვეობით მის შესახებ გავიგე? ჩემთვის უპრეცედენტო სიმწვავის მოვალეობათა კონფლიქტის წინაშე აღმოვჩნდი. ძნელი იყო ისე გადამეჭრა საკითხი, რომ ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვყოფილიყავი. გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი მისაღები იყო. ჩემი კოლეგებისთვის, რომ რჩევა მეკითხა ისინი აუცილებლად მეტყოდნენ – „ღვთის გულისათვის, არ უთხრა ეს ყველაფერი საწყალ ქალს. ამით ის კიდევ უფრო მეტად შეიშლება ჭკუიდან“. ჩემი აზრით კი შედეგი საპირისპირო შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიაში არაორაზროვანი წესები თითქმის არ არსებობს. კითხვას ორივენაირად შეიძლება გაეცეს პასუხი, იმის და მიხედვით, ვითვალისწინებთ თუ არა არაცნობიერ ფაქტორებს. რა თქმა უნდა, ვიცოდი თუ რა რისკზე მივდიოდი: პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შავ დღეში ჩავვარდებოდი. 

მიუხედავად ყველაფრისა, მე გადავწყვიტე, მომესინჯა თერაპია, რომლის გამოსავალიც ბუნდოვანი იყო. მე პაციენტს ვუთხარი ყველაფერი, რისი აღმოჩენაც კი შევძელი ასოციაციური ტესტის მეშვეობით. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გამიჭირდა ამის გაკეთება. უბრალო რამ არაა ადამიანი პირდაპირ დაადანაშაულო მკვლელობაში. პაციენტისთვის ამ ყველაფრის მოსმენა და მიღება ტრაგიკული იყო. მაგრამ შედეგი ის იყო, რომ ორ კვირაში შესაძლებელი გახდა მისი კლინიკიდან გაწერა და მას შემდეგ იგი არასდროს მოხვედრილა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

სხვა მიზეზებიც მქონდა, რომელთა გამოც ჩემ კოლეგებს არაფერი ვუთხარი ამ შემთხვევის შესახებ. მეშინოდა, რომ ისინი წამოჭრიდნენ იურიდიულ საკითხებს. ცხადია შეუძლებელი იქნებოდა პაციენტისთვის რამის დამტკიცება, თუმცა ამ თემაზე დისკუსიას მასზე დამანგრეველი შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა. ბედმა იგი საკმარისად დასაჯა! ჩემთვის უფრო აზრიანი ჩანდა, რომ იგი დაბრუნებულიყო ცხოვრებაში და გამოესყიდა დანაშაული. როცა იგი გაეწერა, იგი თავისი ტვირთით დამძიმებული წავიდა. მას ეს ტვირთი უნდა ეტარებინა. ბავშვის სიკვდილი მისთვის შემაძრწუნებელი იყო. მონანიება მან მაშინ დაიწყო, როდესაც დეპრესია განუვითარდა და საავადმყოფოშ აღმოჩნდა. 

ხშირად, ფსიქიატრიაში, ჩვენთან მოსულ პაციენტს თავისი ისტორია აქვს, რომელიც არავისთვის უთქვამს და შესაბამისად რომელიც არავინ იცის. ჩემი აზრით, თერაპია სინამდვილეში მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ეს პირადი ისტორია ნათელი ხდება. პაციენტის საიდუმლო ის კლდეა, რომელზეც იგი იმსხვრევა. თუ მე ვიცი მისი საიდუმლო ამბავი, მაშინ მე ხელთ მიპყრია გასაღები მისი მკურნალობისათვის. ექიმის ამოცანაა მიაგნოს გზას თუ როგორ გაიგოს ეს დაფარული ისტორია. შემთხვევათა უმეტესობაში მხოლოდ ცნობიერი მასალის კვლევა ამ მიზნის მისაღწევად არასაკმარისია. ზოგჯერ ასოციაციური ტესტი გვიხსნის გზას, ისევე როგორც სიზმრების ინტერპრეტაცია ან ხანგრძლივი და მოთმინებით აღსავსე ადამიანური ურთიერთობა პაციენტთან.

თერაპიის დროს პრობლემა ყოველთვის მთელ პიროვნებაშია და არასდროს ცალკე სიმპტომში, შესაბამისად ჩვენი კითხვები მთლიანად ადამიანს უნდა ეხებოდეს.

1905 წელს მე დავიწყე ლექციების წაკითხვა ფსიქიატრიაში ციურიხის უნივერსიტეტში და იმავე წელს გავხდი უფროსი ექიმი ფსიქიატრიულ კლინიკაში. ოთხი წლის მანძილზე მეკავა ეს პოზიცია, სანამ 1909 წელს იძულებული არ გავხდი დამეტოვებინა თანამდებობა იმის გამო, რომ ვეღარ ავუდიოდი უამრავ საქმეს, რომელიც იმ დროს მქონდა. წლების მანძილზე ჩემი კერძო პრაქტიკა იმდენად გაიზარდა, რომ სხვა მოვალეობებს უკვე ვეღარ ავუდიოდი. მიუხედავად ამისა, მე გავაგრძელე პროფესორის თანამდებობაზე ყოფნა 1913 წლამდე. მე ლექციებს ვკითხულობდი ფსიქოპათოლოგიაზე და ბუნებრივია, ასევე ფროიდისეული ფსიქოანალიზის საფუძვლებსა და პრიმიტიული ტომების წარმომადგენელთა ფსიქოლოგიაზე. საწყის სემესტრებში ჩემი ლექციები ძირითადად ჰიპნოზს, ჟანესა და ფლორნოას ეხებოდა. მოგვიანებით ლექციები ეფუძნებოდა ფროიდის ფსიქოანალიზს.
ჰიპნოზზე საუბრისას მე ვინტერესდებოდი იმ პაციენტთა პირადი ისტორიით, რომელთაც წარვუდგენდი სტუდენტებს. ერთი შემთხვევა დღესაც კარგად მახსოვს. 

ერთხელ მოვიდა შუა ხნის, სავარაუდოდ, ძლიერ რელიგიური ქალი. იგი 58 წლისა იყო და ყავარჯნებით გადაადგილდებოდა, მოსამსახურის დახმარებით. 17 წლის მანძილზე იგი იტანჯებოდა მარცხენა ფეხის მტკივნეული პარალიზებით. მე იგი კომფორტულ სკამზე მოვათავსე და ვთხოვე მოეყოლა თავისი ისტორია. მან დაიწყო ვრცელი და დეტალური ამბის მოყოლა, რომშიც აღწერდა თუ რა საშინელება იყო მისი ავადმყოფობა. ბოლოს მე შევაწყვეტინე და ვუთხარი – „ჩვენ მეტი დრო აღარ გვაქვს ამდენი ლაპარაკისთვის, მე თქვენ ჰიპნოზი უნდა გაგიკეთოთ“. 

ძლივს მოვასწარი ამ სიტყვების თქმა და პაციენტმა თვალები დახუჭა და ღრმა ტრანსში გადავიდა – ყოველგვარი ჰიპნოზის გარეშე! კი გამიკვირდა, მაგრამ მისთვის ხელი არ შემიშლია. შეუჩერებლად ლაპარაკობდა და იხსენებდა შესანიშნავ სიზმრებს – იმ სიზმრებს, რომელიც მის ღრმად არაცნობიერ გამოცდილებას ასახავდა. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი თუ რაც ხდებოდა მაშინ. მაშინ კი მე ჩავთვალე, რომ ქალი დელირიუმის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა. სიტუაცია თანდათან უხერხულობას იძენდა ჩემთვის. იქვე იყო 20 სტუდენტი, რომლებისთვისაც მე ჰიპნოზის დემონსტრირება უნდა გამეკეთებინა. 
ნახევარი საათის შემდეგ მე გადავწყვიტე პაციენტის გამოღვიძება, მაგრამ ამაოდ. შემეშინდა, რადგან ვიფიქრე, რომ შემთხვევით ლატენტურ ფსიქოზს წავაწყდი. ათი წუთი დამჭირდა სანამ გამოვაღვიძებდი. მთელი ამ დროის მანძილზე ვცდილობდი, რომ სტუდენტებს არ შეემჩნიათ ჩემი ნერვიულობა. როდესაც ქალმა გამოიღვიძა, მას თავბრუ ესხმოდა და დაბნეული იყო. მე მას ვუთხარი – „მე ექიმი ვარ და ყველაფერი რიგზეა.“ უცებ მან დაიყვირა – „მე განვიკურნე!“ მაშინვე მოისროლა თავისი ყავარჯნები და გაიარა. შემცბარმა და გაწითლებულმა მე ვუთხარი სტუდენტებს – „აი, თქვენ ნახეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ჰიპნოზით!“ სინამდვილეშ ოდნავი წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ რამოხდა. 
ეს იყო ერთერთი იმ გამოცდილებათაგანი, რომელმაც მიბიძგა ჰიპნოზზე უარის თქმისკენ. მე ვერ ვიგებდი სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ ქალი მართლა განიკურნა და სახლში შესანიშნავ ხასიათზე წავიდა. მე ვთხოვე მოეწერა ჩემთვის თუ როგორ იქნებოდა, რადგან ჩემი გათვლით 24 საათში მაინც გაუმეორდებოდა სიმპტომები. მიუხედავად ჩემი სკეპტიკური განწყობისა, მისი ტკივილები აღარ დაბრუნებულა და მე უნდა მიმეღო ის ფაქტი, რომ იგი მართლა განიკურნა. 

შემდეგი წლის ზაფხულის სემესტრის პირველივე ლექციაზე ქალი კვლავ გამოჩნდა. ამჯერად მას აწუხებდა საშნელი ტკივილები ზურგის არეში, რომელიც მისი თქმით ცოტა ხნის წინ დაეწყო. ბუნებრივია, მე კითხვა გამიჩნდა, ხომ არ იყო ეს კავშირში ჩემი ლექციების განახლებასთან. ალბათ მან გაზეთში წაიკითხა განაცხადი ლექციის შესახებ. მე ვკითხე თუ როდის დაეწყო ეს ტკივილი და რასთან შეიძლებოდა ყოფილიყო იგი დაკავშირებული. იგი ვერ იხსენებდა თუ რა მოხდა ისეთი, რაც შეიძლებოდა ტკივილის დაწყების მიზეზი გამხდარიყო და ასევე ვერ აკონკრეტებდა დროს როცა პირველად აღენიშნა ჩივილები. ბოლოს მე გავარკვიე, რომ ზურგის ტკივილი მას იმ დღეს და იმავე საათს დაეწყო, როცა მან წაიკითხა გაზეთში ჩემი ლექციის შესახებ. ამან დაამტკიცა, რომ ჩემი ეჭვი მართალი იყო, თუმცა ჩემთვის ჯერ კიდევ აუხსნელი იყო სასწაულებრივი განკურნების მექანიზმი. მე კიდევ ერთხელ გავუკეთე მას ჰიპნოზი – რის შემდეგაც მას მოეხსნა ტკივილები. 

ამჯერად მე იგი დავტოვე ლექციის შემდეგ, რათა ცოტა მეტი გამეგო მისი ცხოვრების შესახებ. თურმე მას ყავდა გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე შვილი, რომელიც იმ დროს კლინიკაში, ჩემ განყოფილებაში იმყოფებოდა. მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, რადგან ქალს თავისი მეორე ქმრის გვარი აეღო, ხოლო მის შვილს დედამისის პირველი ქორწინების გვარი ჰქონდა. ეს მისი ერთადერთი შვილი იყო. ბუნებრივია, ქალს იმედი ჰქონდა, რომ მას ნიჭიერი და წარმატებული ვაჟი ეყოლებოდა და საშინელი დარტყმა იყო, როცა პატარაობიდანვე გამოჩნდა, რომ ბავშვი ფსიქიკურად ავად იყო. იმ დროს მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და ვასახიერებდი ყველაფერს რისი იმედიც ქალს ქონდა თავის შვილთან მიმართებაში. შესაბამისად, ქალის ამბიციური სურვილი, რომ გმირის დედა ყოფილიყო მე დამიკავშირდა. მან მე მიშვილა და ისე გააკეთა, რომ ამბავი ჩემ მიერ მოხდენილი სასწაულებრივი განკურნების შესახებ ყველას გაეგო. 

სინამდვილეში, ადგილობრივად სწორედ მან შემიქმნა გრძნეულის იმიჯი და რადგან ეს ამბავი ირგვლივ მალე გავრცელდა, სწორედ მას უნდა ვუმადლოდე ჩემი პირველი კერძო პაციენტების გამოჩენას. ჩემი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა იმით დაიწყო, რომ დედამ თავისი ფსიქიკურად ავადმყოფი შვილის მაგივრად მიმიღო! ეს ყველაფერი მე მას დაწვრილებით ავუხსენი. მან კარგად მომისმინა და შემდეგში მეტი გამწვავება აღარ ჰქონია. 

ჩემთვის ეს იყო პირველი ნამდვილი თერაპიული გამოცდილება – შეიძლება ითქვას: ჩემი პირველი ანალიზი. მე კარგად მახსოვს ჩემი საუბარი იმ ასაკოვან ქალთან. იგი გონიერი იყო და უაღრესად მადლიერი დარჩა იმ ფაქტით, რომ მე დავინტერესდი და სერიოზულად მოვეკიდე მისსა და მისი შვილის ბედს. ეს მას დაეხმარა.

თავიდან ჰიპნოზს ჩემ კერძო პრაქტიკაშიც ვიყენებდი, მაგრამ მალე მე მას თავი დავანებე, რადგან ამ მეთოდის გამოყენება სიბნელეში ხელის ცეცებით მოძრაობას გავდა. წინასწარ არასდროს იცი რამდენ ხანს გაგრძელდება ჰიპნოზით მიღწეული გაუმჯობესება და ასეთ გაურკვევლობაში ყოფნის გამო მე სულ სინდისის ქენჯნა მქონდა. ასევე არ მომწონდა, რომ მე უნდა გადამეწყვიტა თუ რა უნდა გაეკეთებინა პაციენტს. მე უფრო მაინტერესებდა, რომ თავად პაციენტისგან გამეგო თუ რა იყო მისი ბუნებრივი სწრაფვა. ამის გასაგებად კი სიზმრებისა და არაცნობიერის სხვა გამოვლინებების გულმოდგინე ანალიზი იყო საჭირო.

1904-1905 წლებში მე შევქმენი ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგიის ლაბორატორია, ფსიქიატრიულ კლინიკაში. იქ მე მყავდნენ სტუდენტები, რომელთან ერთადაც მე ვიკვლევდი ფსიქიკურ რეაქციებს, კერძოდ ასოციაციებს. ჩემი თანაშემწე იყო ფრანც რიკლინი. ლუდვიგ ბინსვანგერი იმ დროს წერდა თავის სადოქტორო დისერტაციას ასოციაციურ ექსპერიმენტში გამოვლენილი ფსიქო-გალვანური ეფექტის შესახებ, მე კი ვწერდი ნაშრომს „ფაქტების ფსიქოლოგიური დიაგნოზის შესახებ“ (On the psychological diagnosis of facts). იქ იყვნენ ამერიკელებიც, მათ შორის ფრედერიკ პეტერსონი და ჩარლზ რიქშერი. მათი შრომები ამერიკულ ჟურნალებში გამოქვეყნდა. სწორედ ამ ასოციაციური კვლევების დამსახურებით მივიღე მოწვევა კლარკის უნივერსიტეტში 1909 წელს; მე მთხოვეს, რომ ჩემი შრომების შესახებ წამეკითხა ლექციები. პარალელურად, ჩემგან დამოუკიდებლად, დაპატიჟეს ფროიდიც. ორივე დაგვასაჩუქრეს სამართლის დოქტორის საპატიო წოდებით. 

ამერიკაში ჩემი რეპუტაცია ძირითადად დაკავშირებული იყო ასოციაციურ ექსპერიმენტთან და ფსიქოგალვანურ ექსპერიმენტთან. მალე ბევრმა პაციენტმა დაიწყო ჩემთან ჩამოსვლა ამერიკიდან. კარგად მახსოვს ერთ-ერთი პირველ შემთხვევათაგანი. ამერიკელმა კოლეგამ გამომიგზავნა პაციენტი. დიაგნოზი, რომელიც თან ჩამოყვა იყო – „ალკოჰოლური ნევრასთენია.“ პროგნოზულად ითვლებოდა განუკურნებლად. ამიტომ ჩემმა კოლეგამ თავი დაიზღვია და პაციენტს ურჩია, რომ მას ასევე ენახა ერთი ბერლინელი ავტორიტეტი ნევროლოგიის დარგში, რადგან მისი მოლოდინი იყო, რომ ჩემთან თერაპია წარუმატებელი იქნებოდა. პაციენტი მოვიდა ჩემთან კონსულტაციაზე, ჩვენ ვილაპარაკეთ და მე დავინახე, რომ ამ კაცს ჩვეულებრივი ნევროზი ქონდა, რომლის ფსიქიკურ საფუძველზეც მას ოდნავი ეჭიც კი არ გააჩნდა.

მე მას გავუკეთე ასოციაციური ტესტი და გავიგე, რომ იგი იტანჯებოდა დედის ძლიერი კომპლექსისაგან. იგი მდიდარი და პატივცემული ოჯახიდან მოდიოდა, სანდომიანი ცოლი ყავდა და ზედაპირულად თუ შევხედავდით უზრუნველი ცხოვრება ქონდა. თუმცა ის მეტისმეტად ბევრს სვამდა. სმა იყო მისი ნარკოტიზაციის თავგანწირული მცდელობა, რათა დაევიწყებინა ის დამთრგუნველი ატმოსფერო, რომელშიც იგი იმყოფებოდა. ბუნებრივია, ეს მას არ შველოდა. 

დედამისი დიდი კომპანიის მფლობელი იყო, მისი უჩვეულოდ ნიჭერი ვაჟი კი ამ ფირმაში წამყვან პოზიციაზე მუშაობდა. მას დიდი ხნის წინ უნდა დაეღწია თავი დედის სუბორდინაციის ქვეშ ყოფნით გამოწვეული დამთრგუნველი მდგომარეობისთვის, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა, რადგან ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, რომ უარი ეთქვა იმ შესანიშნავ პოზიციაზე, რომელიც ფირმაში ეკავა. ამრიგად, იგი რჩებოდა თავის დედაზე მიჯაჭვული, რომელმაც ბიზნესში მისი ინსტალირება მოახდინა.

როდესაც იგი დედასთან იყო ან იძულებული იყო დამორჩილებოდა მისი მხრიდან საქმეში ჩარევას, იგი იწყებდა სმას რათა როგორმე დაეჩლუნგებინა ან გამოეთიშა თავისი ემოციები. მის ნაწილს სინამდვილეში არ უნდოდა თბილი და მყუდრო ბუდის დატოვება და საკუთარი ინსტინქტების საწინააღმდეგოდ სიმდიდრესა და კომფორტს საკუთარი თავის მონუსხვის საშუალებას აძლევდა. 

მოკლე მკურნალობის შედეგად მან შეწყვიტა დალევა და ჩათვალა, რომ განიკურნა. თუმცა, მე იგი გავაფრთხილე – „მე ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენ კვლავ არ დაიწყებთ დალევას თუ თქვენ ძველებურ მდგომარეობას დაუბრუნდებით.“ მან არ დამნიჯერა და ამერიკაში ჩასვლისთანავე თავის საამურ მდგომარეობას დაუბრუნდა. როგორც კი კვლავ აღმოჩნდა დედის ზეგავლენის ქვეშ, ალკოჰოლის მიღება განაახლა. ამის შემდეგ, დედამ, რომელიც შვეიცარიაშ ჩამოვიდა, მთხოვა ჩემთან კონსულტაციაზე მოსვლა. იგი გონიერი ქალი აღმოჩნდა, მაგრამ ნამდვილი „ძალაუფლების დემონის“ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მე დავინახე თუ რასთან უწევდა მის ვაჟს შებრძლოება და მივხვდი, რომ მას ამის სამყოფი ძალა არ ჰქონდა. ფიზიკურადაც კი, იგი დედამისზე უფრო სუსტი იყო. ამიტომ მე წავედი ერთგვარ ფორს მაჟორულ აქტზე. პაციენტის ზურგს უკან დედამისს მივეცი სამედიცინო ცნობა მასზედ, რომ მისი შვილი ალკოჰოლიზმის გამო ვერ შეძლებდა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას. მე ვურჩიე, რომ იგი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ქალმა გაითვალისწინა ჩემი რჩევა და შედეგად, რა თქმა უნდა, ჩემი პაციენტი ძალიან გაბრაზდა ჩემზე.  აქ მე ჩავიდინე რაღაც, რაც ექიმისთვის, ჩვეულებრივ, არაეთიკურ ქცევად ითვლება. მაგრამ მე ვიცოდი, რომ პაციენტის სასიკეთოდ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. 

როგორ წარიმართა მისი ცხოვრება? დედისაგან განცალკევების შემდეგ მის პიროვნებას საშუალება მიეცა საკუთარი თავი სრულად გამოევლინა. მან გაიკეთა ბრწყინვალე კარიერა, მიუხედავდ ჩემ მიერ მიცემული მწარე წამლისა ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, სწორედ მის გამო. მისი ცოლი ჩემი მადლიერი იყო, რადგან მისმა ქმარმა არა თუ შეწყვიტა ლოთობა, არამედ დაადგა თავის ინდივიდუალურ გზას ცხოვრებაში და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მიუხედავად ამისა, წლების მანძილზე დანაშაულის განცდა მქონდა ამ შემთხვევის გამო, რადგან პაციენტის თანხმობის გარეშე გავეცი ის სერტიფიკატი. და მაინც, დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ასეთი ქმედება გაათავისუფლებდა მას. და მართლაც, როგორც კი იგი გათავისუფლდა, იგი განიკურნა თავისი ნევროზისგან. 

ჩემ პრაქტიკაში მუდმივად შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე ის თუ როგორ რეაგირებს ფსიქიკა დანაშაულზე, რომელიც არაცნობიერად იქნა ჩადენილი. ის ახალგაზრდა ქალი ვერ აცნობიერებდა, რომ მან თავისი შვილი მოკლა. და მაინც, იგი ჩავარდა მდგომარეობაში, რომელიც ძალიან ჰგავდა დანაშაულის უკიდურეს განცდას.

ერთხელ მსგავსი შემთხვევა მქონდა, რომელიც არასდროს მავიწყდება. ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემ ოფისში. მან თავისი სახელი არ მითხრა, გამიცხადა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მას მხოლოდ ერთი კონსულტაცია სურდა ჩემთან. აშკარა იყო, რომ იგი მაღალ საზოგადოებას ეკუთვნოდა. მან მითხრა, რომ იგი ექიმი იყო. ჩემთან აღსარებისთვის მოვიდა; დაახლოებით ოცი წლის წინ მან ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობა ჩაიდინა. მან მოწამლა თავისი საუკეთესო მეგობარი, რადგან იმ მეგობრის ქმარზე უნდოდა გათხოვება. იგი ფიქრობდა, რომ თუ მკვლელობა გაუხსნელი დარჩებოდა მას არავინ და არაფერი შეაწუხებდა. მას იმ კაცზე გათხოვება უნდოდა და ამისთვის მეგობრის მოცილება იყო საჭირო. იგი თვლიდა, რომ მორალურ წარმოდგენებს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. რა შედეგები მოყვა მკვლელობას? იგი მართლა გათხოვდა იმ კაცზე, თუმცა ქმარი მალე გარდაიცვალა, შედარებით ახალგაზრდა ასაკში. ქალიშვილმა, რომელიც მას ამ ქორწინებიდან ეყოლა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დედისგან წასულიყო, როგორც კი სრულწლოვანი გახდა, ადრევე გათხოვდა და მალე საერთოდ გაქრა თვალსაწიერიდან. დედამ მასთან ყოველგვარი კონტაქტი დაკარგა. 

ჩემი პაციენტი გატაცებული იყო ცხენოსნობით, რამოდენიმე ცხენს ფლობდა და ძალიან უყვარდა ისინი. ერთ დღეს მან შეამჩნია, რომ ჯირითის დროს მისი ცხენები ნერვიულდებოდნენ. ერთხელ მისი საყვარელი ცხენიც კი დაფრთხა და იგი უნაგირიდან გადმოაგდო. ბოლოს იგი იძულებული გახდა, რომ ცხენოსნობისთვის თავი დაენებებინა. ამის მერე ქალი თავის ძაღლებზე გადაერთო. მას ყავდა უჩვეულოდ ლამაზი ნაგაზი, რომელთანაც ემოციური მიჯაჭვულობა ჰქონდა. მოულოდნელად ამ ძაღლს დამბლა განუვითარდა. ამით ქალის მოთმინების ფიალა აივსო. მან იგრძნო, რომ იგი მორალურად განადგურდა.

მას ჭირდებოდა აღსარების თქმა და ამისთვის იგი ჩემთან მოვიდა. ეს ქალი მკვლელი იყო, მაგრამ ამასთანავე მან საკუთარი თავის მოიკლა. რადგან ის ვინც ასეთ დანაშაულს ჩადის, საკუთარ სამშვინველს ანადგურებს. მკვლელმა საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა და ის დააპატიმრეს, იგი კანონის წინაშე აგებს პასუხს. მაგრამ თუ მან ეს დანაშაული საიდუმლოდ, მორალური განცდების გარეშე ჩაიდინა და მისი დანაშაული გაუხსნელი დარჩა, სასჯელი მაინც ეწვევა მას, როგორც ამ შემთხვევაში გამოჩნდა.

სასჯელის თავიდან აცილება შეუძლებელია. ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ცხოველებმა და ‘მცენარეებმაც’ კი იციან ეს კანონზომიერება. მკვლელობის შედეგად ქალი აუტანელ მარტოობაში ჩაიძირა. იგი ცხოველებისგან მიტოვებულიც კი აღმოჩნდა. სწორედ ამ მარტოობიდან თავის დასაღწევად დაჭირდა, რომ ჩემთვის გაეზიარებინა ის რაც მანამდე მხოლოდ მან იცოდა. მას უნდა ყოლოდა ვიღაც ვინც მკვლელი არ იყო და მისი საიდუმლო ეცოდინებოდა. მას სურდა მოენახა ადამიანი, რომელიც მიიღებდა მის აღსარებას და არ განსჯიდა მას, რადგან ასე მას კვლავ მოუხდებოდა რაღაც ადამიანურთან შეხება. ის ვინც მის აღსარებას მოისმენდა ექიმი უნდა ყოფილიყო და არა სასულიერო პირი. მისი აზრით თუ მღვდელი მოისმენდა ამ აღსარებას, იგი ვერ მიიღებდა ფაქტებს როგორც ასეთს, მორალური განსჯის გარეშე.

ქალმა დაინახა, რომ ადამიანები და ცხოველები მას ზურგს აქცევდნენ და მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ჩუმმა ვერდიქტმა, რომ მეტი სასჯელის ატანა ვეღარ შეძლო. 
მისი ვინაობა ვერასოდეს გავიგე, ასევე არ მაქვს არანაირი საბუთი, რომელიც მისი ისტორიის სინამდვილეს დაადასტურებდა. ზოგჯერ კითხვას ვუსვამდი ჩემ თავს, თუ რა ბედი ეწია მას. რადგან, რა თქმა უნდა ამით მისი ამბავი არ დასრულებულა. შეიძლება ის სუიციდამდეც კი მივიდა. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებდა ის ასეთ მარტოობაში ცხოვრებას. 

კლინიკური დიაგნოზები მნიშვნელოვანია, რადგან ის ექიმს გარკვეულ ორიენტაციას აძლევს; თუმცა ეს დიაგნოზები ვერაფერს შველის პაციენტს. მთავარი არის ადამიანის ისტორია. რადგან მხოლოდ ის გვაძლევს წარმოდგენას კონკრეტული ადამიანისა და მისი ტანჯვის შესახებ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძია თერაპიას რამე გააკეთოს. ერთმა შემთხვევამ ეს კარგად დამანახა. 

ეს ეხებოდა მოხუც პაციენტს ქალთა განყოფილებაში. იგი დაახლოებით სამოცდათხუთმეტი წლისა იყო და აქედან ორმოცი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. საავადმყოფოში იგი თითქმის ორმოცდაათი წლის წინ შემოვიდა და აღარავინ იყო დარჩენილი ვისაც ემახსოვრებოდა მისი სტაციონირება; ყველა ვინც ამის მომსწრე იყო გარდაცვლილი იყო. მხოლოდ ერთ მთავარ ექთანს, რომელიც ინსტიტუციაში ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე მუშაობდა, რაღაც ახსოვდა ამ ქალის ისტორიიდან. მოხუც ქალს ლაპარაკი არ შეეძლო და იღებდა მხოლოდ სითხეს ან ნახევრად თხევად საკვებს. იგი ხელით ჭამდა, თითებით ისხამდა საჭმელს პირში. ზოგჯერ თითქმის ორი საათი ჭირდებოდა იმისთვის, რომ ერთი ფინჯანი რძე მიეღო. როდესაც არ ჭამდა ხელებითა და თითებით უცნაურ რითმულ მოძრაობებს აკეთებდა.

მე ვერ ვიგებდი ამ მოძრაობების მნიშვნელობას. ჩემზე ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებდა ფსიქიკური ავადმყოფობით გამოწვეული დესტრუქციის ხარისხი, თუმცა ახსნას ვერ ვპოულობდი. ლექციების დროს მის შემთხვევას განიხილავდნენ, როგორც ნაადრევი ჭკუასუსტობის კატატონიურ ფორმას, მაგრამ ეს სახელი ჩემთვის არაფრის მთქმელი იყო, რადგან ის ოდნავადაც კი ვერ ხსნიდა იმ უცნაური მოძრაობების მნიშვნელობასა და წარმოშობას. 

შთაბეჭდილება, რომელიც ამ შემთხვევამ ჩემზე მოახდინა ასახავს ჩემ ტიპიურ რეაქციას იმ პერიოდის ფსიქიატრიაზე. როცა მე გავხდი ასისტენტი კლინიკაში, მე მქონდა განცდა, რომ არაფერი მესმოდა იმის შესახებ თუ რას გულისხმობდა ფსიქიატრია. ჩემი ხელმძღვანელისა და ჩემი კოლეგების გვერდით ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ისინი თავში დარწმუნებულობას ასხივებდნენ, მე კი თავგზააბნეული სიბნელეში ხელების ცეცებით ვმოძრაობდი. რადგან ჩემი აზრით ფსიქიატრიის მთავარი ამოცანა იმის გაგება იყო თუ რა ხდებოდა ავადმყოფი გონების შიგნით, მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.

მე ჩართული ვიყავი საქმიანობაში ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა საით მიდიოდა ჩემი გზა! ერთხელ გვიან საღამოს, როცა მე გავიარე განყოფილებაში, მე დავინახე მოხუცი ქალი, რომელიც კვლავ თავის ამოუცნობ მოძრაობებს აკეთებდა 3 Cf. The Psychogenesis of Mental Disease (CW 3), pp. 171-72. კვლავ ვკითხე საკუთარ თავს, „რას უნდა ნიშნავდეს ეს?“ ამის შემდეგ მე მივედი ჩვენ ასაკოვან უფროს ექთანთან და ვკითხე ჩვენი პაციენტი ყოველთვის ასე იქცეოდა თუ არა. „კი“, მიპაუხა მან, “მაგრამ ჩემმა წინამორბედმა მითხრა, რომ იგი ფეხსაცმელებს კერავდა ხოლმე“.

მაშინ მე კიდევ ერთხელ შევამოწმე პაციენტის სიძველისგან გაყვითლებული ავადმყოფობის ისტორია და მართლაც, იქ იყო ჩანაწერი, რომ მას ქონდა ჩვევა გაეკეთებინა მეწაღის მოძრაობები. წარსულში ფეხსაცმლის მკერავები ფეხსაცმელს მუხლებს შორის იჭერდნენ ხოლმე და სწორედ ასეთი მოძრაობით კერავდნენ ტყავს. (სოფლებში ჯერაც შეიძლება ნახოთ მეწაღე, რომელიც ასე მუშაობს). 

მალე პაციენტი გარდაიცვალა და მისი უფროსი ძმა ჩამოვიდა დაკრძალვაზე. „რამ გამოიწვია თქვენი დის ფსიქიკური ავადმყოფობა?“ ვკითხე მე მას. მან მითხრა, რომ იგი შეყვარებული იყო ერთ მეწაღეზე, რომელსაც რატომღაც არ უნდოდა მისი ცოლად შერთვა და როდესაც მან საბოლოოდ უარი მიიღო კაცისგან, მაშინ „შეიშალა ჭკუიდან“. მეწაღის მოძრაობები მიანიშნებდა პაციენტის თავის შეყვარებულთან იდენტიფიცირებაზე, რაც სიკვდილამდე გაგრძელდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელმაც გარკვეული წარმოდგენა შემიქმნა ნაადრევი ჭკუასუსტობის შესახებ. მას შემდეგ მთელი ყურადღება დავუთმე მნიშვნელობის მქონე კავშირების დადგენას ფსიქოზების დროს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი