რენე დეკარტი – სუბსტანცია დეკარტის მიხედვით

0
81

პოლემიკა დეკარტის ,,მანკიერი წრის” გარშემო

მოწინააღმდეგეები დეკარტს ,,მანკიერი წრის” შექმნას საყვედურობდნენ, რადგანაც ის ღმერთის არსებობის უეჭველობას ცხად და გარკვეულ იდეაზე ამყარებდა, შემდეგ კი ცხადი და გარკვეული იდეის გარანტიას ამყარებდა შემოქმედი და ჭეშმარიტი ღმერთის უეჭველობაზე. პასუხად მოაზროვნემ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ცხადი და გარკვეული იდეა საკმარისი იყო თეზისის დასასაბუთებლად; ღმერთს ის ცხადი და გარკვეული იდეისთვის რადიკალური საფუძვლის განსამტკიცებლად იშველიებდა, უფრო ზუსტად, მტკიცებულებათა მთლიანობისა (რომელსაც მეხსიერება მართავს) და იდეასა და გარე რეალობას შორის კავშირისთვის გარანტიის უზრუნველსაყოფად. ფილოსოფოსის მტკიცებით, სასრული აზრი არ შეიძლება არ იყოს დაკავშირებული მოაზროვნე და შემოქმედ უსასრულოსთან. მეტიც, სასრულის მთელი არსებობა გამუდმებით შემოქმედებით პროცესში მყოფი უსასრულოს ძალაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ღმერთია სრულიად თვითსაკმარისი, მხოლოდ ის განმარტავს თავისით საკუთარ თავს.

სასრული და უსასრულო

დეკარტის ფილოსოფიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასრულის დამოკიდებულებას უსასრულოზე. ღმერთი აუცილებელია სასრულისთვის, რათა მან იარსებოს, განაგრძოს არსებობა (შენარჩუნება, როგორც განგრძობითი შემოქმედება), რათა გარანტირებული იყოს კავშირი მსჯელობათა შორის, რათა სარწმუნო იყოს კავშირი აზრსა და გარე რეალობას შორის. მაგრამ ესეც არ კმარა. უსასრულობის აბსოლუტური ტრანსცენდენტალურობისა და მისი შეუზღუდავი ძალაუფლების გავლენით დეკარტი ჩვენი ცოდნის ჭეშმარიტების ღირებულებასაც ასევე ყოვლისშემძლე ღვთაებრივ ნებას უქვემდებარებს. ვიღებთ ერთგვარ პარალელიზმს ადამიანური ნების უსასრულო სწრაფვასა და ღვთაებრივი ნების უსასრულო ძალას შორის. დეკარტის მიხედვით, უილიამ ოკამის მსგავსად, ღვთაებრივი ნება თვითნებურად მართავს თვით ჩვენს მსჯელობათა შინაარსსაც: მართალია, 2+2=4, მაგრამ ღმერთს რომ სურდეს, ჯამი შეიძლება 5-ის ტოლი ყოფილიყო (თეოლოგიური არბიტრარიზმი).

რელიგია და რწმენა

უსასრულოსა და სასრულს შორის ამგვარ ურთიერთობაში რელიგიას ძირეული როლი ენიჭება და დეკარტი რელიგიის ასეთი როლის მართებულობას აღიარებს. ფაქტობრივად, მას ყოველთვის სურდა, წინაპართა რწმენის გულწრფელი მიმდევარი ყოფილიყო. შეხედულებათა თუ ხელსაყრელი შესაძლებლობის გავლენით დეკარტმა მეთოდური ეჭვიდან რწმენის ჭეშმარიტებები გამორიცხა და ეჭვისა და რადიკალური ფილოსოფიური რეკონსტრუქციის მეთოდურ პერიოდში დროებითი ზნეობის კოდექსი ჩამოაყალიბა, რომელსაც ზედმიწევნით მისდევდა. დეკარტის გადაჭრბებულმა მათემატიზმმა და რაციონალიზმმა განაპირობა ის ფაქტი, რომ მას არ შეუმუშავებია მნიშვნელოვანი თეორიები რელიგიის სფეროში. ამითვე აიხსნება ისიც, რომ მოაზროვნემ სასრულისა და უსასრულოს დამოკიდებულების რელიგიური შედეგების სურათი არ წარმოგვიდგინა. ღმერთი მისთვის შემეცნების პროცესებისა და სამყაროს მანქანის მოქმედების გარანტი უნდა ყოფილიყო.

სამყარო

სუბსტანცია დეკარტის მიხედვით

თვითცნობიერებამ გვაჩვენა, რომ სამშვინველი არსებითად აზრია: cogitatio, res cogitans. დეკარტისთვის ,,res” სუბსტანციაზე, ანუ არსებულ რეალობაზე საუბრის საბაბია, ამ სუბსტანციას ის შემდეგნაირად განსაზღვრავს: ,,საგანი, რომელიც იმგვარად არსებობს, რომ არსებობისთვის სხვა საგანს არ საჭიროებს”. ეს განსაზღვრება გაურკვეველია, ტერმინოლოგიის თვალსაზრისით მაინც: თუ იგულისხმება, რომ სუბსტანციას არ ესაჭიროება სუბსტრატი, ანუ subiectum-ი, რომელზეც არის დამოკიდებული მისი არსებობა (res in se e non in alio), მაშინ ეს განსაზღვრება დეკარტის წინამორბედი ტრადიციის განსაზღვრებას ემთხვევა. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი ის, რაც არ არის დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებულების სუბიექტია, სუბსტანციაა. თუ იგულისხმება, რომ სუბსტანცია აბსოლუტურ დამოუკიდებლობას გამოხატავს ან არავითარ გავლენას არ განიცდის იმისათვის, რომ იარსებოს (res a se, e non ab alio), დეკარტის დოქტრინაში ეს განსაზღვრება მხოლოდ ღმერთს შეიძლება მიემართოს. ფილოსოფოსის პოზიცია ორ აზრს შორის მერყეობს: ავტორი პირველი მათგანისკენ იხრება, განსაზღვრება კი – მეორისკენ.

– სხეული, როგორც res extensa

ყოველივე ის, რაც არ არის აზრი, ანუ res cogitans, დეკარტისთვის მატერიაა, ანუ მოძრაობის უნარის მქონე სხეული. სხეული, იგივე სხეულებრივი რეალობა მისთვის განფენილობაა. ასეთად წარმოუდგენს დეკარტს სხეულს მის შესახებ ცხადი და გარკვეული იდეა. არ არსებობს ცხადი და გარკვეული იდეები ფერის, სითბოს თუ ბგერის შესახებ; სხეულებრივ რეალობასთან მიმართებაში სიცხადე და გარკვეულობა მხოლოდ განფენილობასა და განფენილობასთან დაკავშირებულ თვისებებშია (ფორმა, რაოდენობა, უძრაობა და მოძრაობა). მაშასადამე, სხეულებრივი რეალობა არის res extensa. სხვაგვარად რომ ვთქვათ: როგორც სულიერი რეალობის არსია cogitatio, სხეულებრივი რეალობის არსი extensio-ა. სახეზეა res cogitans-ისა და res extensa-ს რადიკალური დუალიზმი.

– სხეულთა თვისებები

აქედან გამომდინარე, დეკარტი სხეულთა თვისებების ორ კლასს აყალიბებს: ეს პირველადი და მეორადი თვისებებია.

ა) პირველად თვისებებს პირველადებს უწოდებენ, რადგანაც ეს თვისებები სხეულებში რეალური ან ობიექტურად არსებულია, განფენილობასთან არის დაკავშირებული. ანუ ეს არის ფორმა და რიცხვი, უძრაობა და მოძრაობა, როგორც რეალობის გეომეტრიულ-მექანიკური აღქმის ელემენტები.

ბ) მეორადი თვისებები საგანთა ჩვენეულ აღქმაზე დამოკიდებული ცვლილებებია. ეს თვისებები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ფერი, სითბო, გემო, სუნი.

– მექანიციზმი

სამშვინველს გარეთ არსებული მთელი რეალობა მხოლოდ მანქანაა (განფენილობა და მოძრაობა): მანქანებია ცალკეული სხეულები, მცენარეები, ცხოველები, მთელი სამყარო. ღმერთმა შექმნა მატერია და მოძრაობაში მოიყვანა ის; და კოსმიურმა მანქანამ განაგრძო მოძრაობა ერთადერთი პირობით, რომ შენარჩუნებული (გამუდმებით ხელახლა შექმნილი) იქნებოდა ღმერთის მიერ. ამ საფუძველზე, მათემატიკური და, მაშასადამე, უფრო დედუქტიური, ვიდრე ფიზიკურ-ექსპერიმენტული მეთოდით აყალიბებს დეკარტი სამყაროს კანონებს.

ადამიანი

– დუალიზმი ადამიანის სტრუქტურაში

ადამიანის სტრუქტურა res cogitans-ისა და res extensa-ს ზოგადი დუალიზმის შემთხვევაა: სამშვინველი არის res cogitans, სხეული კი-res extensa. cogitatio-სა და extensio-ს შორის დუალიზმის (ან პარალელიზმის, როგორც არსებითი დაშორების) პირობებში ადამიანის მთლიანობაში სამშვინველისა და სხეულის კავშირის პრობლემა რთულად ისახება. დეკარტი უარყოფს მესაჭისა და ნავის პლატონისტურ გადაწყვეტას (სხეული ნავია, სამშვინველი კი-მესაჭე), ამტკიცებს სამშვინველისა და სხეულის შინაგანი კავშირის არსებობას, მაგრამ ამ კავშირის საკითხის გაღრმავებისას სხეულში სამშვინველის განსაკუთრებული სამყოფელის ცნებას იშველიებს. ეს არის glandula pinealis (დღეს მას epiphisys cerebri ეწოდება), ანუ ტვინის ქსოვილის ნაწილაკი, რომელიც ნათხემის ქვემოთ მდებარეობს. დეკარტის აზრით, სამშვინველი ამ წერტილიდან მართავს სხეულის მოძრაობებს.

დუალიზმი და ზნეობრივი ცხოვრება

დეკარტის მიერ წარმოდგენილი სამშვინველსა და სხეულს შორის ურთიერთობა ადამიანის ცხოვრების ზნეობრივ და გრძნობით სფეროებზეც ახდენს გავლენას. სამშვინველის ვნებათა შესახებ ტრაქტატში დეკარტი მოქმედებებსა და ვნებებს განასხვავებს: მოქმედებები მომდინარეობს ნებიდან, რომელიც თავისუფლად ირჩევს, ვნებები კი გრძნობები, ანუ ემოციებია, რომლებსაც სამშვინველი მაცოცხლებელი სულებისაგან, ანუ სხეულში მოქმედი ძალებისგან იღებს. ვნებები თავისთავად კეთილი ბუნებისაა, ბოროტება მათი ბოროტად გამოყენებიდან მომდინარეობს. ადამიანმა უნდა ალაგმოს მოუწესრიგებელი ვნებები, რათა ბრძენკაცის წონასწორობას მიაღწიოს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი