ოშო:,,ჩვენ რწმენად მივიღეთ სხვების წარმოდგენები სულის, საკუთარი თავის, ეგოს შესახებ”

0
143

კითხვა: რატომ ცხოვრობ მეფესავით?

და რატომაც არა? მე ძველი ებრაელი ვარ! იცნობთ ებრაელებს? – ისინი კითხვაზე კითხვით პასუხობენ.

არსებობს ცნობილი ისტორია ერთ მეფეზე. მის ქვეშევრდომებს შორის მრავალი ებრაელი იყო, რადგანაც ისინი ყველაზე მდიდარი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მას ძალიან აღიზიანებდა მათი ჩვევა: რაც არ უნდა ეკითხა, კითხვაზე კითხვით პასუხობდნენ. ამისგან ისე დაიღალა, რომ დიდ ვეზირს ჰკითხა:

– რა მოვუხერხო ამ ხალხს? სასახლიდან ვერ გავაგდებ, მაგრამ საშინლად მაღიზიანებს ისინი. რაც არ უნდა ვკითხო, კითხვაზე კითხვით მპასუხობენ.

ვეზირმა უპასუხა:

– რაბინს უნდა ჰკითხოთ. მოიხმეთ რაბინი. ის ბებერი ბრძენია; დაგვეხმარება და აგვიხსნის თუ  რაშია ამ ებრაული ჩვევის მიზეზი.

რაბინი გამოიძახეს  და მეფემ ჰკითხა:

– რატომ პასუხობთ თქვენ, ებრაელები, კითხვაზე კითხვით?

– და რატომაც არა? – ასეთი იყო რაბინის პასუხი.

შენ მეკითხები: „რატომ ცხოვრობ მეფესავით?“

გასხივოსნების შემდეგ ოთხი შესაძლებლობა არსებობს. პირველი  ისაა, რომელსაც ჯანაკა და მარკუს ავრელიუსი მისდევდნენ: ისინი დაიბადნენ მეფეებად და გასხივოსნების შემდეგაც დარჩნენ მეფეებად.

მეორე შესაძლებლობა ისაა, რომელსაც იესო და კაბირი მიჰყვნენ: ისინი დაიბადნენ გლახაკებად და გასხივოსნების შემდეგაც დარჩნენ გლახაკებად.

ბუდამ და მაჰავირამ მესამე შესაძლებლობა აირჩიეს: ისინი დაიბადნენ მეფეებად, გასხივოსნების შემდეგ კი გლახაკებად იქცნენ.

მე დავიბადე გლახაკად. მაშინ ვიფიქრე, რომ მრავალფეროვნებისთვის… გადავწყვიტე მეფესავით მეცხოვრა. ეს მეოთხე და უკანასკნელი შესაძლებლობაა, და გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა. ვიღაცას უნდა გაეკეთებინა ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორია დაუსრულებელი აღმოჩნდებოდა.

ერთი ძენის ოსტატი კვდებოდა. სანამ უკანასკნელად ჩაისუნთქავდა, თვალები გაახილა და თავის მოსწავლეებს ჰკითხა:

– გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ სიკვდილის ალტერნატიული საშუალება ვიპოვნო.

– რას გულისხმობ? – გაუკვირდათ მოსწავლეებს.

– როგორ ჯობია რომ მოვკვდე – იკითხა ოსტატმა, – დაწოლილი, დამჯდარი თუ ფეხზე მდგომი? ოდესმე გსმენიათ, რომ ვინმე დამჯდარი მომკვდარიყოს?

მოსწავლეებმა უპასუხეს:

– დიახ, ჩვენ გვსმენია ასეთ ადამიანებზე. ასე კვდება მრავალი ბუდისტი ბერი: დასხდებიან  სიდჰასანაში, ლოტოსის პოზაში და კვდებიან. დიახ, ჩვენ ბევრი ვიცით, ვინც დამჯდარი მომკვდარა.

– და გსმენიათ, რომ ფეხზე მდგომი მომკვდარიყოს ვინმე? – იკითხა ოსტატმა.

– ეს დიდი იშვიათობაა, მაგრამ ჩვენ გვსმენია ისტორია ერთ ოსტატზე, რომელიც ფეხზე მდგომი მოკვდა.

– მაშინ სხვა გზა არ მრჩება. მე თავით დამდგარი მოვკვდები, – გადაწყვიტა ოსტატმა.

და ის თავზე მდგარი მოკვდა . ვიღაცამ უნდა სცადოს უკანასკნელი შესაძლებლობა. ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოცდილი.

კითხვა: ჩემი კითხვა ეხება კვანტურ ნახტომს. როგორ გადავხტეთ, სად უნდა გადავხტეთ, და ვინ ან რა აკეთებს ამ ნახტომს?

კვანტური ნახტომის არსი იმაშია, რომ შენს შიგნით არავინაა, ვინც გადახტომას შეძლებდა. არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება გადახტომა, და არ არსებობს არანაირი საშუალება ამ ნახტომის გაკეთებისთვის. ამაშია კვანტური ნახტომის არსი. კვანტური ნახტომი არ არის ნახტომი, ეს გაქრობაა. კვანტური ნახტომი კავშირის სრული გაწყვეტაა წარსულთან. თუ ეს არაა სრული გაწყვეტა, მაშინ ეს უბრალოდ ნახტომია, მაგრამ არა კვანტური. სწორედ ამაშია სიტყვა „კვანტურის“ არსი.

ამ მომენტამდე ვიღაც იყავი; თუ რაღაცას აკეთებ, შენ ინარჩუნებ კავშირს წარსულთან, რადგანაც კეთება წარსულია. თუ მკითხავ, როგორ უნდა გაკეთდეს კვანტური ნახტომი, ვინ გამოიყენებს ამ მეთოდს? – შენი წარსული, შენი ძველი, დაგროვებული გონება გამოიყენებს ამ მეთოდს. როგორ შეძლებ, რომ ახალი გახდე? შენი წარსული ცდილობს ახლად გახდომას. შეგიძლია ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა, ახალი სახე გაიკეთო, მაგრამ ისეთივედ,   წარსულის გაგრძელებად რჩები. კვანტური ნახტომი  ესაა მომენტი გაგებისა, რომ წარსული აღარ არსებობს, რომ ეს მხოლოდ მეხსიერებაა, წარმოსახვის ნაყოფი, მას არ გააჩნია რეალობა. ხოლო თუ წარსული აღარაა, ვინ ხარ შენ? – რადგანაც მხოლოდ წარსულისგან შედგები.

კრიშნამურტი ამბობდა: „აზროვნების პროცესი მოაზროვნეს წარმოშობს“. არა პირიქით, – ის სრულიად მართალია. ჩვეულებრივ თქვენ ფიქრობთ: „მე მოაზროვნე ვარ, და აქედანაა აზროვნების პროცესი“. ეს ასე არაა. თქვენში არაა მოაზროვნე, არის მხოლოდ აზროვნების პროცესი. მხოლოდ მაშინ, როცა აზროვნების პროცესზე ფიქრობთ და ერთ მთლიანობად აღიქვამთ მას, იბადება მოაზროვნე.

მოაზროვნე არ არსებობს. ნება მიეცი აზრებს გაქრნენ, და როცა აზრები გაქრებიან მოაზროვნეც გაქრება. თუ შიგნით არ არის აზრი, არ არის მოაზროვნეც. „მოაზროვნე“სხვა არაფერია, თუ არა სხვა დასახელება მთელი აზროვნების პროცესისთვის. როცა იმის გაგებას შეძლებ რომ წარსული სხვა არაფერია, თუ არა აზრები, – უეცრად დიდი სიცარიელე დაიბადება შენს შიგნით, უზარმაზარი უფსკრული. თქვენ არ არსებობთ. თქვენს შიგნით არავინ არ არსებობს. ესაა ის, რასაც ბუდა უწოდებს ,,ანატტას’’, „არა-მე“-ს, ეგოს არარსებობას. იმ მომენტში, როცა შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის პოვნა, ხდება კვანტური ნახტომი.

ჩინეთის იმპერატორმა ვუმ ბოდჰიდჰარმას ჰკითხა:

– ჩემი გონება გამუდმებულ შფოთვასა და დაძაბულობაშია. მე ყოველთვის ვგრძნობ მოუსვენრობას, მღელვარებას. არ შემიძლია სულიერი სიმშვიდის პოვნა. დამეხმარეთ, სერ.

ბოდჰიდჰარმამ მას თვალებში შეხედა. ეს უჩვეულო მზერა იყო – ბოდჰიდჰარმა ძალიან მზაკვარი ოსტატი იყო. მეფე მამაცი ადამიანი გახლდათ, მას მრავალ ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა და მრავალი გამარჯვებაც მოიპოვა. მაგრამ მან კანკალი დაიწყო, როცა ბოდჰიდჰარმამ შეხედა თვალებში და უთხრა:

– კარგი, დილით ადრე , ოთხ საათზე მოდი და შენი გონება მოიტანე . მე მას სამუდამოდ დავამშიდებ.

როცა მეფე კიბეებზე ეშვებოდა, ბოდჰიდჰარმამ კვლავ დაუყვირა:

– არ დაგავიწყდეს შენი გონების მოტანა! დილის ოთხ საათზე მოდი და შენი ჭკუა მოიტანე! მე მას სამუდამოდ დავამშვიდებ.

მეფე გაკვირვებული იყო. „რას გულისხმობს, როცა მეუბნება: „არ დაგავიწყდეს შენი გონების მოტანა!“? ნუთუ შემიძლია მის გარეშე მისვლა? მე ხომ განუყოფელი ვარ ჩემი გონებისგან. ეს ადამიანი შეშლილია! და როგორ შემომხედა, როგორი მზაკვრული თვალებით… ის მკვლელს ჰგავს! ამ გიჟთან წასვლა, დილით ადრე, მარტო, როცა ჯერ კიდევ ბნელა… არავინ იცის, რა მოუვა თავში, როგორ მომექცევა“.

მეფეს მთელი ღამე არ ეძინა. ბევრჯერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ წასულიყო, მაგრამ რაღაც მაინც იზიდავდა, როგორც დიდი მაგნიტი. ეს ადამიანი სასტიკი იყო, მაგრამ ასევე მის თვალებში დიდი სიყვარული იდგა. იქ ერთიც იყო და მეორეც – მისი თვალები მახვილს ჰგავდნენ, და ამავე დროს ლოტოსის სინაზეც იყო მათში. მას არ შეეძლო ამაზე უარის თქმა. საკუთარ თავს უთხრა: „მე უნდა გავრისკო“. და დილის ოთხ საათზე ოსტატთან წავიდა.

ბოდჰიდჰარმა ხელში დიდი ჯოხით. მან უთხრა მეფეს:

– დაჯექი ჩემს წინ. სადაა შენი გონება? ხომ გითხარი, რომ თან უნდა წამოგეღო!

– რა სისულელეს მეუბნები? – წამოიძახა მეფემ. – თუ მე აქ ვარ, ჩემი გონებაც აქაა. გონება ჩემს შიგნითაა. როგორ შემიძლია მისი დატოვება? როგორ შემიძლია მისი „მოტანა“?

ბოდჰიდჰარმამ უპასუხა:

– კარგი, ერთი რამ ზუსტად ვიცით: რომ გონება შენს შიგნითაა. დახუჭე თვალები, შედი სიღრმეში და სცადე მისი პოვნა. როცა დაიჭერ, მითხარი, და სამუდამოდ დავამშვიდებ. მაგრამ თავიდან უნდა დაიჭირო, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვუხერხებ რამეს.

მეფემ თვალები დახუჭა. ყველაფერი ძალიან სულელურად გამოიყურებოდა, მაგრამ უკანდასახევი გზა არ ჰქონდა და იძულებული იყო დამორჩილებოდა. თვალები დახუჭა. ოსტატი კი თავისი ჯოხით მის წინ იჯდა – იქნებ უცებ დაარტყას ან ცემოს? – ეს უჩვეულო სიტუაცია იყო. მას არ შეეძლო დაძინება. მას მთელი ღამე არ ეძინა – ის სულ ფიქრობდა, წასულიყო თუ არ წასულიყო ოსტატთან… ოსტატის სიახლოვე… და ტყის სიჩუმე… და ღამის სიბნელე… და მთელი ეს უცნაური სიტუაცია… ამ ადამიანს შეეძლო თავიც კი მოეჭრა მისთვის – ის ყურადღებით იყო! საფრთხე იმდენად დიდი იყო, რომ ის ძალიან დაკვირვებული გახდა. ცხოვრებაში პირველად, მან საკუთარ თავში ჩაიხედა.

როგორც „ოქროს ყვავილის საიდუმლოშია“ ნათქვამი, მან პირველად შემოატრიალა თავისი სინათლე და შიგნითკენ მიმართა: ჩაიხედა შიგნით, ძიება დაიწყო საკუთარი თავის სიღრმეში, – ის მართლა ეძებდა, ძალიან გულწრფელად და რაც უფრო მეტად ეძებდა, მით უფრო მეტად აცნობიერებდა, რომ გონება არ არის. შიგნით არავინაა. ეს სახლი ცარიელია, ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ ეს ასე არაა. ჩვენ რწმენად მივიღეთ სხვების წარმოდგენები სულის, საკუთარი თავის, ეგოს შესახებ. მაგრამ ჩვენ არასოდეს გაგვისინჯავს მართლა  ასეა თუ არა. და რაც უფრო მეტად ხვდებოდა, რომ შიგნით არავინაა, მით უფრო ბედნიერი და სიხარულით სავსე ხდებოდა. მისი სახე მოეშვა, და დიდ მადლს ასხივებდა. რამდენიმე საათი გავიდა, მაგრამ იგი დროს ვერ ამჩნევდა. იჯდა და განაგრძობდა ნეტარებით ტკბობას, რომელიც ცხოვრებაში პირველად იგრძნო. რაღაც საოცრად მშვენიერი ხდებოდა მის თავს.

ამომავალი მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე ბოდჰიდჰარმამ მიმართა მას:

– უკვე დროა. გაახილე თვალები. აბა, იპოვნე შენი თავი შიგნით თუ ვერა?

მეფემ თვალები გაახილა, ოსტატს შეხედა, სილამაზე დაინახა მის სისასტიკეში, დაინახა, რომ ეს თანაგრძნობით იყო გამოწვეული, დაინახა მისი სიყვარული, თაყვანი სცა და უთხრა:

– შენ სამუდამოდ დაამშვიდე იგი. ის იქ არაა. ახლა ვიცი, რომ უაზრო ხმაური ავტეხე იმის გამო, რაც საერთოდ არ არსებობს.

სწორედ ესაა კვანტური ნახტომი. თქვენ საკუთარ თავს შიგნით ეძებთ და ხედავთ, რომ ის არ არსებობს; მაშინ ქრება კითხვა: „როგორ“ და „სად“. ეს უკვე თავისით მოხდა.

მინდა გითხრა: ყოველდღე, რამდენიმე საათით დახუჭე თვალები და გახდი ისეთივე ყურადღებიანი, როგორც იმპერატორი ვუ; წარმომიდგინე პირდაპირ შენს წინ მახვილით ხელში, მზადმყოფი იმისთვის, რომ თავი მოგაჭრა, თუკი ჩაგეძინება. და შედი სიღრმეში. და ერთხელ კვანტური ნახტომი მოხდება. შენ გაიგებ მის შესახებ, მხოლოდ მაშინ, როცა ის უკვე მოხდება. შენ არ შეგიძლია მისი განხორციელება. ეს არაა შენს ძალაუფლებაში, ეს თავისთავად ხდება. შენ არ შეგიძლია მისი განხორციელება, რადგან სწორედ შენ ხარ წინააღმდეგობა ამისთვის. როგორ შეგიძლია ნახტომის შესრულება? გადასახტომი არსადაა, გადამხტომი არავინაა, გადახტომის საშუალება არაა. როცა ამ სამ რაღაცას გააცნობიერებ, აღმოჩნდება, რომ ეს უკვე მოხდა.

მაშინ შენ ცხოვრობ, როგორც სიცრიელე:  აბსოლუტურად ცარიელი და ამავდროულად აბსოლუტურად სავსე.

თარგმანი თორნიკე გურულის

MAGMA

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი