პრაქტიკული რეკომენდაციები მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად

0
273

შესასრულებელი საქმეების ჩამონათვალი – ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა
შეადგინოთ და არ გადადოთ ,,ხვალისათვის”. შემოგთავაზებთ პატარა ინსტრუქციას,
რომელზეც დაგეხარჯებათ მხოლოდ 30 წუთი და გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს
ოცნებების ახდენისაკენ.
ჩამოწერეთ ყველა ის საქმე, რომელიც აუცილებლად დასამთავრებელია.
განსაზღვრეთ შესრულების პერიოდი, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გადახედეთ
ჩამონათვალს. დაფიქრდით, სად შეიძლება იყოს სირთულეები, რომელი ამოცანის
შესრულებისას? იზრუნეთ მათი გადაწყვეტის გზებზე.

პრიორიტეტები – ჩამოწერილი საქმეებიდან უნდა გადახაზოთ ნაკლებად მნიშვნელოვანი პუნქტები. შემდეგ კი დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით.
სამუდამოდ ჩაიბეჭდეთ და დაიმახსოვრეთ ორი წუთის წესი. დროის მენეჯმენტში
არის ერთი ძალიან კარგი წესი – თუ სამუშაოს შესრულებას სჭირდება 2-5 წუთი არ
გადადოთ შემდგომისათვის, შეასრულეთ და სიიდანაც მალავე ამოშალეთ.
დავუშვათ, გინდათ შეისწავლოთ ინგლისური ენა და ერთ-ერთ პუნქტში გიწერიათ
სახელმძღვანელოს მოპოვება, აუდიო კურსების მოძიება, ინგლისურენოვანი
ფილმების ჩამოტვირთვა. ყველაფერი ეს სრულდება სწრაფად. გააკეთეთ და
გადადით შემდეგზე. ამგვარად ერთი საათის განმავლობაში შეძლებთ დაახლოებით
20 ამოცანის შესრულებას.
იცით ფრანგები ბაყაყებს რომ მიირთმევენ? მაშ ასე, თქვენს ჩამონათვალში მწვანე
ფერით გამოყავით ყველაზე არასასურველი ამოცანები, რომელთა შესრულება
გეზარებათ. ასეთ ამოცანებს ,,ბაყაყებს” უწოდებენ. მათი შესრულება უმჯობესია
დაიწყოთ დილიდან, როდესაც განწყობა ამაღლებულია და მუშაობის დიდი სურვილიც ერთვის. შეასრულეთ, გადახაზეთ და დღის დარჩენილი ნაწილი დაუთმეთ სასიამოვნო საქმეებს.

აქციეთ ოცნებები რეალობად: 

ისწავლეთ ,,სპილოს” დაყოფა. სპილოს უწოდებენ დიდ საქმეებს, რომელთა დაყოფაც მრავალ ნაწილადაა შესაძლებელი. გახსოვთ ფრაზა – ,,დაყავი და იბატონე?” ამ პრინციპს ჩვენ ჩვენებურად გამოვიყენებთ, ასე რომ დაყავი და შეასრულე.

ყველა შესრულებული მიზნის ბოლოს შეაქეთ საკუთარი თავი. დიახ, სწორად გაიგეთ. უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავის დაჯილდოვება, შექება და პატარ-პატარა გამარჯვებების აღნიშვნა.

შედეგების შეჯამება – ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ოცნებების ასრულების გზაზე. დანერგეთ წესი, რომ კვირაში, ან თვეში ერთხელ (პერიოდს ირჩევთ სურვილისამებრ) გადახედოთ ამოცანების ჩამონათვალს, შეაჯამოთ, განსაზღვროთ სამომავლო საქმეები. დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ დასრულებული საქმეების უმრავლესობა არასასურველია, ,,ბაყაყები“ შეჭმულია, გიგანტური ,,სპილოებისგან” კი აღარაფერია დარჩენილი.

და ბოლოს, არასდროს დაკმაყოფილდეთ მიღწეულით, შეავსეთ ჩამონათვალი ახალი ამოცანებით და გადადგით კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი თქვენი ოცნებების ასრულების გზაზე, რადგან წარმატების ნამდვილი საიდუმლო მუდმივ ძიების პროცესშია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი