ოშო:,,ადამიანი ცხოვრებაში ბევრჯერ კარგავს ილუზიებს, მაგრამ ამ დაკარგვის დროს ახალ ილუზიებს იქმნის”

0
510

გონება ილუზიებში ცხოვრობს. ილუზიებში ცხოვრება კი ნიშნავს უბედურად ცხოვრებას, რადგანაც ისინი არ ასრულდება. შეგიძლია მათი ასრულების   იმედი გქონდეს , მაგრამ მაშინ მირაჟს შექმნი. მომენტში, როცა იმ ადგილს მიაღწევ, რომლისკენაც ასე ისწრაფვოდი, მირაჟი გაქრება, და შენ სრულ იმედგაცრუებაში აღმოჩნდები. იმედგაცრუებულს კი კვლავ იმედები გაგიჩნდება.

იმედი უბრალოდ ძალისხმევაა, რომელსაც შენ აკეთებ, რათა როგორღაც განაგრძო ცხოვრება. შენ კვლავ ილუზიას ქმნი. ეს თამაში უსასრულოა: შენ იმედგაცრუებაში აღმოჩნდები, და იმედგაცრუებული ილუზიას ქმნი; ილუზიას უფრო მეტ იმედგაცრუებამდე მიჰყავხარ, და კიდევ უფრო იმედგაცრუებული, კიდევ უფრო დიდ ილუზიას ქმნი. ასე მოძრაობ იმედგაცრუებიდან ილუზიისკენ, ილუზიიდან-  იმედგაცრუებისკენ. ამიტომაც აღარ გრჩება ენერგია რომ იზეიმო.  შენი ცხოვრება მუდმივად  დაძაბული ხდება მათ  შორის, რაც არის და რაც უნდა იყოს. შენ არ შეგიძლია, უბრალოდ იყო, შენ ძალიან ხარ დაკავებული იმით, რომ გახდე; რამედ გახდომის სურვილი ტანჯვაა, უბრალოდ ყოფნის უნარი –  ზეიმი.

ზეიმი ხდება არა იმიტომ, რომ რაიმე სურვილი ასრულდა.  არც ერთი სურვილი არასოდეს არ სრულდება. სურვილი, როგორც ასეთი, ვერ შესრულდება. სურვილი    აწმყო მომენტის თავიდან აცილების საშუალებაა. სურვილი მომავალს ქმნის და აწმყოსგან შორს მიჰყავხარ. სურვილი ნარკოტიკია; ის ბინდავს შენს ცნობიერებას და არ გაძლევსიმ რეალობის დანახვის  საშუალებას,  რაც არის აქ და ახლა.

ზეიმი არის უნარი, რომ გადავაგდოთ ვინმედ გახდომის სურვილი და ვიყოთ აქ და ახლა. როცა გაქრება ვინმედ გახდომის სურვილი, როცა გაქრება ვინმედ გახდომის ბურუსი, აინთება ყოფიერების ცეცხლი; სწორედ ამ ცეცხლის ალია ზეიმი.

ზეიმი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება. ზეიმი ხდება უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვარსებობთ. ჩვენ შექმნილი ვართ იმ ნივთიერებისგან, რომელსაც ეწოდება ზეიმი. ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, ისეთივე ბუნებრივი, როგორც ხისთვის  ყვავილობა, ჩიტებისთვის  გალობა, მდინარეებისთვის -ოკეანისკენ დინება. ზეიმი ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. მას არაფერი აქვს საერთო შენს სურვილებთან და მათ განხორციელებასთან, შენს იმედებთან და მათ ასრულებასთან. ისინი ყოველთვის ახდება. მაგრამ იმისთვის, რომ დაინახო ზეიმი, რომელიც უკვე არსებობს შენი არსების ყველაზე ღრმა ცენტრში, შენ უნდა გადააგდო ვინმედ გახდომის ძალისხმევა და გააცნობიერო ამ ძალისხმევის ამაოება.

შენს თავს რაღაც საოცრად მშვენიერი ხდება. ნება მიეცი ამას, რომ მოხდეს. დიახ, სწორედ ასეა: როცა დაკარგე ყველა ილუზია და ახალს არ ქმნი – სწორედ ესაა ილუზიების ბოლომდე დაკარგვა…  ადამიანი ცხოვრებაში ბევრჯერ კარგავს ილუზიებს, მაგრამ ამ დაკარგვის დროს ახალ ილუზიებს იქმნის. თქვენ არ შეგიძლიათ ილუზიების გარეშე ცხოვრება; ეს მრავალი ცხოვრების ჩვევად იქცა. თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ რეალობა ისეთად, როგორიც არის, – თქვენ ყოველთვის გინდათ, რომ ის რაღაც სხვანაირი იყოს, – მაგრამ რეალობა არაა ვალდებული შეიცვალოს თქვენი სურვილების შესაბამისად. და ეს ძალიან კარგია, რომ მას არ აღელვებს თქვენი სურვილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსი დაისადგურებდა, რადგანაც ამდენი ადამიანი ქმნის თავისი სურვილების პროექციებს.

რეალობა ისეთი რჩება, როგორიც სინამდვილეშია, და მას საერთოდ არ ეხება თქვენი სურვილები. ის ოდნავაც კი არ აქცევს ყურადღებას თქვენს სურვილებს. მაგრამ როცა ყველა ილუზია დაკაგეთ, – ანუ უკვე აღარ ქმნით ილუზიებს, თქვენ უბრალოდ რჩებით იმაში, რაც არის,  მაშინაც კი, თუ ეს იმედგაცრუებაა, თქვენ იღებთ მას. იმ მომენტში, როცა იმედგაცრუებას იღებთ, ის გაქრობას იწყებს, რადგანაც მას შეუძლია იარსებოს მხოლოდ როგორც იმედის ჩრდილმა; ის ვერ იარსებებს თავისთავად. ილუზიების გარეშე იმედგაცრუებაში ყოფნა  ისევე შეუძლებელია, როგორც გზაზე მიმავალი ჩრდილის დანახვა. თუ თქვენ მიდიხათ, გექნებათ ჩრდილი, მაგრამ თავისთავად, თქვენს გარეშე ჩრდილი ვერ იარსებებს. იმედგაცრუება  ილუზიის ჩრდილია. თუ ყველა ილუზია დაკარგეთ, იმედგაცრუება ქრება, და თქვენში ახალი ასაღი არსება იბადება, ხდება აღდგომა, და მაშინ ზეიმის დრო დგება.

ანირუდჰამ დაწერა თავის კითხვაში, რომ როდესაც აქ მოდიოდა, მას რაღაც განსაკუთრებულად, არაჩვეულებრივად, ექსტრაორდინალურად წარმოვედგინე. ახლა ის წერს: „აქ უკვე მრავალი დღის გატარების შემდეგ, მე დავინახე, რომ შენ ისეთივე ჩვეულებრივი ხარ, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი. და რატომ ქმნიან შენს გარშემო ამხელა ხმაურს?“

მე არ ვარ ვალდებული, რომ თქვენს წარმოდგენებს შევესაბამებოდე. ისეთი ვარ, როგორიც ვარ, სრულიად ჩვეულებრივი. ვარდი არის ვარდი, ქვა  – ქვაა, მდინარე – მდინარეა. რეალობა ძალიან ჩვეულებრივია, სრულიად ჩვეულებრივი. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მაშინ რა განსხვავებაა მე  და თქვენს შორის? განსხვავება იმაშია, რომ მე ვზეიმობ ჩემს ჩვეულებრივობას, თქვენ  – არა.  მე ვღებულობ ჩემს ჩვეულებრივობას, მე ვნეტარებ მასში, თქვენ –  არა. მე უბრალოდ ვარ, თქვენ კი გამუდმებით ვინმე ხდებით. სულ ესაა მთელი განსხვავება. და არა ის, რომ მე განსაკუთრებული ვარ, თქვენ კი ჩვეულებრივები, – ეს სისულელეა. თუ მე განსაკუთრებული ვარ, მაშინ ყველა განსაკუთრებული უნდა იყოს; თუ თქვენ ჩვეულებრივი ხართ, მაშნ მეც ჩვეულებრივი უნდა ვიყო. ჩვენ ერთ რეალობას ვეკუთვნით. მე სრულიად ჩვეულებრივი ვარ, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მე ვზეიმობ ამას:  არ ვწუწუნებ და არ ვცდილობ სხვად გახდომას. მე მივიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ:   აბსოლუტურად არაფერია, რისი შეცვლაც მენდომებოდა. და ამ რელაქსაციაში, ამ მიღებაში ზეიმი მოხდა.

ანირუდჰა ამბობს, რომ ის ახლა რთულ სიტუაციაშია. მაგრამ მან თავად შექმნა ეს სირთულე. მე არასოდეს არავისთვის მითქვამს, რომ განსაკუთრებული ვარ. ეს მისი იდეა  მისი პროექცია იყო.  რატომ ფიქრობდა ანირუდჰა, რომ განსაკუთრებული ვარ? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში თავად უნდოდა ყოფილიყო განსაკუთრებული, სწორედ ამიტომაც დარჩა აქ: „აი, განსაკუთრებული ადამიანი. ალბათ არსებობს რაღაც საიდუმლო, თუ როგორ გავხდე განსაკუთრებული. ისწავლე ამ ადამიანისგან, რომ შენც განსაკუთრებული გახდე, რომ აღარ იყო ჩვეულებრივი“.

ადამიანები ასე  განიკითხავენ ყველაფერ ჩვეულებრივს. მე პატივს ვცემ ჩვეულებრივს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი რეალურია. ღმერთი ყველაზე ჩვეულებრივი რამაა ყოფიერებაში . სხვანაირად ვერც იქნება. როგორ შეუძლია მას განსაკუთრებული იყოს?  განსაკუთრებული  რამეს ან ვინმეს მიმართ? მხოლოდ ის არსებობს. მას არ შეუძლია განსაკუთრებული იყოს. მას შეუძლია მხოლოდ ჩვეულებრივი იყოს , ისეთივე  ჩვეულებრივი, როგორციცაა :  ვარდი, ფარშევანგი,  არწივი, მდინარე,  ქვა,  ღრუბელი.

მაგრამ ანირუდჰას, როგორც ჩანს, გულის სიღრმეში განსაკუთრებულად ყოფნის სურვილი ჰქონდა. ადამიანები ეძებენ ოსტატებს, რომ განსაკუთრებული გახდნენ. ადამიანები ეძებენ ოსტატებს ეგოს მოთხოვნილების გამო. მაშინ მათი ძიება ეგოს ნამდვილი თამაშია. ბუნებრივია, ერთხელაც იმედი გაუცრუვდებათ. ეს შენი ილუზია იყო, მე მასთან არაფერი მაქვს საერთო. თუ რაიმეს პროეცირებას ახდენ ჩემზე, როგორ შემიძლია ამაზე პასუხისმგებელი ვიყო? პროექციას შენ აკეთებ, და ადრე თუ გვიან შენი პროექცია დაინგრევა. სინამდვილეში მე ყველა ძალისხმევას ვიხმარ იმისთვის, რომ ის დაინგრეს და  გაიფანტოს, იმისთვის  რომ ისეთად დამინახო, როგორიც ვარ, და რომ ერთხელ შენც დაინახო საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ.

მე მხოლოდ ერთს გასწავლით: მოისროლეთ ყველა  უსარგებლო ძალისხმევა იმისა, რომ განსაკუთრებული, ექსტრაორდინალური გახდეთ. დატკბით რეალობით, ვინც არ უნდა იყოთ და სადაც არ უნდა იყოთ. იზეიმეთ იგი! სწორედ ამას ვუწოდებ ლოცვას, რელიგიურობას –  საკუთარი არსებობის ზეიმის უნარს. ეს ღმერთისგან თქვენდამი საჩუქარია.  უბრალოდ ყოფნა უკვე იმაზე მეტია, ვიდრე შეგვიძლია ვითხოვოთ. უბრალოდ ყოფნა   უდიდესი სასწაულია. ნუთუ შესაძლებელია უფრო დიდი სასწაულის წარმოდგენა?

ვენუ გოპალ, შენ რაღაც მშვენიერისკენ მიემართები. აღარ წარმოშო მეტი ილუზია. გონება შეეცდება ამის გაკეთებას. არ მოუსმინო მას. დარჩი ბოლომდე იმედგაცრუებული. ეს სიკვდილს ემგვანება, რადგანაც აქამდე ილუზიებში ცხოვრობდი. ისინი  მხარს გიჭერდნენ.  შენ იგრძნობ, რომ თითქოს კვდები. მოკვდი,  – და ამ სიკვდილთან ერთად შენში ახალი სიცოცხლე დაიბადება, შენ აღსდგები. ნება მიეცი  სიკვდილს, რომ მოხდეს. ტოტალურად მიეცი ნება. არ მოკვდე ცოტ-ცოტათი, მოკვდი ტოტალურად, სრულყოფილად. ნება მიეცი სიკვდილს, რომ მოხდეს, და შემდეგ მომენტში  სიკვდილის წყალობით შენთან ახალი სიცოცხლე მოვა, რომელიც შენ არ გინახავს, მაგრამ რომელიც ყოველთვის შენში იყო, – შენ უბრალოდ არ იყავი საკმარისად გახსნილი, ეს რომ დაგენახა.

ანირუდჰასაც ვეტყოდი: ძალიან კარგი, ანირუდჰა. ახლა შენ ხედავ ჩემს რეალობას. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, და აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენც ჩვეულებრივი გაგხადოთ. მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმაროთ თქვენი ეგოს თამაშებიდან გამოსვლაში. მე აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმაროთ ამ გასაოცარი ჩვეულებრივობით ზეიმში. მხოლოდ მაშინ შეძლებთ, რომ ღმერთის მადლობელი იყოთ .

რისი მიღწევა გინდათ, როცა ვიღაც სხვად გახდომას ცდილობთ, როცა საკუთარი თავის შეფერადებას ცდილობთ? მთელი ეს შეფერადება ფალსიფიკაცია იქნება. შეუძლებელია ვინმე სხვად ყოფნა, შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი თავი იყოთ. ვარდი ვერ იქნება ლოტოსი, და პირიქით, ლოტოსი  ვერ იქნება ვარდი. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ის იყოთ, ვინც ხართ. თუ მისცემთ თავს ამის უფლებას, მაშნ თქვენ იზეიმებთ, რადგანაც მაშნ არ გექნებათ უბედურად ყოფნის შესაძლებლობა, და ენერგია, რომელიც ტანჯვად იქცევა, ზეიმი გახდება. თუ ნებას არ მისცემთ მას, რომ ტანჯვისკენ იმოძრაოს, სხვაგან  სად წავა ? ენერგიას, რომელიც თქვენში ცრემლად იქცეოდა, შეუძლია სიცილად იქცეს ;  იგივე ენერგიას, რომელიც თქვენში სიძულვილად იქცეოდა, შეუძლია სიყვარულად იქცეს;  იგივე ენერგიას, რომელიც ნგრევისკენ იყო მიმართული, შეუძლია შემოქმედებისკენ წარიმართოს. ეს იგივე ენერგიაა. მაგრამ თუ ეგოს თამაშებით ხართ გართული, რათა განსაკუთრებული გახდეთ, მაშინ მთელი თქვენი ცხოვრება სხვა არაფერი იქნება, თუ არა ხანგრძლივი ტრაგედია.

რა განსხვავებაა ალექსანდრე მაკედონელსა და ბუდას შორის? – ალექსანდრეს უნდა, რომ განსაკუთრებული იყოს, დაიპყროს მსოფილო და გახდეს გამონაკლისი . მაგრამ ბუდა? – ბუდას უბრალოდ უნდა, რომ საკუთარი თავი იყოს. ამისთვის მას არ სჭირდება სადმე წასვლა და ვინმედ გახდომა. ამისთვის არაა საჭირო მომავალი, ამისთვის დრო საერთოდნ არაა საჭირო: ბუდას სწორედ ამ მომენტში შეუძლია იმად ყოფნა  იყოს ,  ვინც უნდა რომ იყოს,  რადგანაც იგი უკვე  ის არის.  ალექსანდრეს მილიონობით ცხოვრებაც არ ეყოფა, ის ვერასოდეს მიაღწევს მიზანს,  ვერასოდეს დაასრულებს თავის მოგზაურობას. ეს მანკიერი წრეა: მას კვლავ და კვლავ ექნება იმედგაცრუებები, და ამ იმედგაცრუებებისგან კიდევ უფრო მეტი ილუზია დაიბადება. მას უფრო და უფრო მეტი ილუზია დასჭირდება.

ეს ნარკოტიკივითაა. თუ თქვენ ნარკოტიკს იღებთ, ნებისმიერი ნარკოტიკი, ადრე თუ გვიან შეჩვევას იწვევს. მაშინ უფრო მეტი დოზა გჭირდებათ, უფრო ხშირად და ა.შ. თქვენ უკვე აღარ გყოფნით მცირე ილუზიები; მათთან შეჩვევის შემდეგ დიდი ილუზიები გესაჭიროებათ.

სწორედ ასე გადადიან ადამიანები ჭკუიდან. გიჟი ისაა, ვისი ილუზიებიც სრულ წინააღმდეგობაშია რეალობასთან. ახლა ის მხოლოდ საკუთარ ილუზიებში ცხოვრობს,  მას პაუზებიც კი არ აქვს, რომ რეალობას ისეთად ხედავდეს, როგორიცაა სინამდვილეში. ჭეშმარიტების არც ერთი წამი. ის მთლიანად თავის ილუზიებში ცხოვრობს .  ის გიჟია. სხვები, შესაძლოა არ არიან საკმარისად შეშლილები, მაგრამ მაინც შეშლილები არიან. განსხვავება მხოლოდ რაოდენობაშია და არა ხარისხში. თუ არ ხართ მზად, რომ მოდუნდეთ თქვენს არსებაში, ისეთში, როგორიც ხართ, თქვენ შეშლილები ხართ.

მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, და ბუდაც ჩვეულებრივი ადამიანია. ყველა ბუდა ყოველთვის ჩვეულებრივი ადამიანი იყო. და ამაშია მათი უჩვეულობა, რადგანაც მსოფლიოში არავის უნდა რომ ჩვეულებრივი იყოს. ამაშია მათი ექსტრაორდინალურობა, რადგანაც მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვეულებრივი გახდნენ. ამაშია მათი უბრალოება. იესო ამბობს: „ნეტარ არიან უბრალონი, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. იგი გულისხმობს, რომ უბრალოდ ყოფნა  ნიშნავს ზუსტად ისეთად ყოფნას, როგორიც ღმერთმა შეგქმნა, არ ეცადო საკუთარი თავის გაუმჯობესებას და  რელაქსირებულმა იცხოვრო.

ძალიან კარგია, ანირუდჰა, რომ შენი ილუზია დანგრეულია. მადლობა გადამიხადე იმისთვის, რომ არანაირად არ შევუწყვე ხელი შენს ილუზიას. ის, რომ ამდენი თვე ტყვეობაში იყავი, მთლიანად შენი დამსახურებაა. მე არანაირად არ ვუწყობდი ამას ხელს. მაგრამ ახლა იგი თავის კითხვაში მწერს, რომ სირთულეები გაუჩნდა, რადგანაც გააცნობიერა, რომ მე ჩვეულებრივი ვარ. მაშინ რას აკეთებს აქ? მაშინ კვლავ უნდა ეძებოს ვინმე არაჩვეულებრივი. ახლა მისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა. თუკი გაიგებს რა, რომ მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სილამაზეს დაინახავს ამ ჩვეულებრიობაში, მასში ზეიმი დაიწყება. ხოლო თუ იმედგაცრუებული იქნება, თითქოს მე მოვატყუე – თითქოს თავი მოვაჩვენე, რომ განსაკუთრებული ვარ, და უცებ გაიგო ჩემი ჩვეულებრიობის შესახებ  , ის ახალი ილუზიებს შექმნის და  თავისი სურვილების კიდევ ვიღაც სხვაზე პროეცირებას დაიწყებს. ახალ ეკრანს იპოვნის და კვლავ იმედგაცრუებული დარჩება. უფრო და უფრო დიდი დოზა  დასჭირდება და ადრე თუ გვიან ვინმეს მსხვერპლი გახდება, ვინც თავს აჩვენებს და ადამიანების ექსპლუატაციას  მათი ილუზიების შესაბამისად ახდენს.

სწორედ ამიტომ ვარ სატია საი ბაბას წინააღმდეგ: ის ხელს უწყობს თქვენს პროექციებს. სწორედ ამისთვის ვაკრიტიკებ მას. იგი ცდილობს თქვენს პროექციებს შეესაბამებოდეს. ის არაა დამოუკიდებელი ადამიანი, ის თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ პროექციას ახდენთ, ის კი ცდილობს შეესაბამებოდეს მათ. მას შეუძლია თავი მოაჩვენოს, რომ თქვენ იმყოფებით ადამიანთან, ვინც სასწაულებს სჩადის : ჰაერიდან ახდენს საგნების მატერიალიზაციას.

ახლა ანირუდჰას შეუძლია ისეთი ადამიანის მსხვერპლი გახდეს, როგორიცაა საი ბაბა, რადგანაც ის განსაკუთრებული გვეჩვენება; ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ის აკეთებს. ეს სიმართლეა, მაგრამ ამას ჩვეულებრივი ფოკუსნიკებიც აკეთებენ. და ეს ტრიუკები  ძალიან სახიფათოა. ისინი თქვენს ექსპლუატაციას ახდენენ ძალიან ნატიფი მეთოდით. ანირუდჰას ადვილად შეუძლია ნებისმიერი შარლატანის და  მატყუარას მსხვერპლი გახდეს. ახლა მისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა. მან უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მზად ამ ჩვეულებრივ ადამიანთან საცხოვრებლად და ექსტრაორდინალურად გახდომის ყველა სურვილისა და ყველა თავისი პროექციის გადასაგდებად. არის თუ არა მზად, რომ გახდეს ჩვეულებრივი და ნება ნება მისცეს ზეიმს  მოსახდენად, თუ წავა და სხვა ადგილას მოახდენს თავისი ილუზიების პროექციას.

ასე შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს. თქვენ ასე აკეთებდით უკვე მრავალი ასწლეულის განმავლობაში. ასე იქცეოდით მრავალი ცხოვრების განმავლობაში: თქვენ უბრალოდ ცვლიდით ეკრანს, მაგრამ უარს არ ამბობდით პროექციაზე, თან ატარებდით საკუთარ პროექტორს ყველა ფილმით, რომლებიც იმედებისგან, ოცნებებისგან და სურვილებისგან შედგება. თქვენ უბრალოდ ეკრანმა გაგიცრუათ იმედი – „ეს ეკრანი არაა შესაფერისი“ – და თქვენ ახალს ეძებდით. როდის გადააგდებთ, ბოლოს და ბოლოს, თავად პროექტორს და ყველა მის ფილმს? როდის გადააგდებთ, ბოლოს და ბოლოს, ეგოს ამ თამაშებს? ზუსტად იმ მომენტში, თქვენ მოკვდებით. და აღსდგებით.

ვენუ გოპალ, შენ ამბობ: „მე უცნაური შეგრძნება მაქვს :  სიკვდილის და ამავდროულად სიცოცხლისკენ დაბრუნების“. თავიდან ასეც ხდება: შენ ცოტათი კვდები და ცოტათი იბადები. გაითავისე ეს გაკვეთილი: მოკვდი ტოტალურად, რომ ტოტალურად შეძლო დაბადება. მაშინ შენ გაიგებ: ყოველ მომენტში უნდა მოკვდე, რომ ყოველ მომენტში კვლავ დაიბადო  საღი და ახალგაზრდა. ეს შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში მოხდეს, და ნამდვილი ცხოვრება არის სიკვდილი-აღდგომა, სიკვდილი-აღდგომა. ეს ყოველ მომენტში ხდება. ყოველ მომენტში უნდა მოკვდე წარსულისთვის, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები გახსნილი აწმყოსთვის, მხოლოდ ამ შემთხვევაშია   შესაძლებელი ზეიმი, უდიდესი სიხარული და  ყვავილობა.

ოქროსფერი ყვავილი იფურჩქნება, თუ მზად ხართ, რომ მოკვდეთ წარსულისთვის, თუ ბოლომდე იმყოფებით აწმყოში. თქვენ კი შეგიძლიათ ბოლომდე იყოთ აწმყოში მხოლოდ მაშინ, თუ არ გაქვთ სადმე მომავალში ვინმედ გახდომის სურვილი. ამას ვუწოდებ მე გასხივოსნებას.

თარგმნა თორნიკე გურულმა

MAGMA

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი