წმინდა სიცრუე

0
169

პირველ ათასწლეულში პიროვნების წმინდანად შერაცხვის ინიციატორი და შემოქმედი თვით მორწმუნე ერი და ადგილობრივი ეპისკოპოსები იყვნენ, კანონიზაციის უფლება მხოლოდ მოგვიანებით გადავიდა დასავლეთში პაპების, ხოლო აღმოსავლეთში პატრიარქების და სინოდების ხელში.

მინდანთა ნაწილების, რელიკვიების კულტი კი უფრო ადრეც არსებობდა, თანაც არა მარტო ქრისტიანთა შორის. მაგალითად, ბუდას სიკვდილის შემდეგ მიმდევართა შორის განაწილდა მისი ფერფლი, ძვლები, თმები, კბილები და კვერთხი. მუსლიმებიც ინახავდნენ მოჰამედის წვერის ბეწვებს. მხოლოდ იუდაიზმში არ არსებობდა რელიკვიების კულტი, რადგან ყოველი, ვინც კი გვამს შეეხებოდა, შვიდი დღის განმავლობაში უწმინდურად იყო მიჩნეული.

ანტიკურ სამყაროში არსებობდა წარმართული გმირების კულტი – მათ საფლავებზე მოდიოდნენ განკურნების იმედით, ინახავდნენ მათ ძვლებს, ზოგჯერ კი მდიდრულ ლუსკუმებში დებდნენ და ისე გამოჰქონდათ საზეიმო პროცესიით. მაგრამ ქრისტიანებისაგან განსხვავებით, წარმართები არ ანაწევრებდნენ რელიკვიებს და არ ვაჭრობდნენ წმინდა ნაწილებით. სწორედ ამ პირვანდელმა, ჯერ კიდევ წარმართულმა კულტმა განსაზღვრა წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის სახე და აქცია რელიკვიები ეკლესიის გავრცელებისა და განმტკიცების ერთ-ერთ ინსტრუმენტად.
წარმართთაგან განსხვავებით, ქრისტიან წმინდანთა ნაწილები ერთ ადგილს არ ინარჩუნებენ. მოწამის ნეშტის პირველი გადაადგილება მოხდა ანტიოქიაში 354 წელს, როცა მწინდა ბაბილას ცხედარი გადაასვენეს დაგნიში, რათა ჩაენაცვლებინათ აპოლონის ადგილობრივი კულტი. ამის შემდეგ კირილე ალექსანდრიელმა გადაატანინა სხვა ქალაქში ორი მოწამის ცხედარი, რათა იქაურებს დავიწყნოდათ იზიდას თაყვანისცემა. 386 წელს წმ. ამბროსი მედიოლანელმა აღმოაჩინა მოწამე გერვასისა და პროტასეს ძვლები და ყველა კუთხეში გააგზავნა მათი ფრაგმენტები.
ამის შემდეგ გავრცელდა წმინდა ნაწილების საკურთხეველში შენახვის წესი და ყველა ტაძარს სურდა მიეღო რომელიმე რელიკვია. ტრაპეზმაც თანდათანობით სარკოფაგის ფორმა მიიღო.
წმინდა ნაწილებზე დებდნენ ფიცსა და აღთქმას, თან მიჰქონდათ ომში. მათ დასაუფლებლად მართავდნენ ლაშქრობებს. XIII საუკუნემდე შესაძლებელი იყო წმინდა ნაწილებით თავისუფალი ვაჭრობა. დასავლეთის ეკლესია იმ დრომდე ვერ აკონტროლებდა ამ პროცესებს.
V საუკუნეში წმინდა თეოდორიტემ და მეექვშე საუკუნეში გრიგორი დიდმა (560-604) განაცხადეს,რომ ძვლის სულ მცირე ნატეხიც ისეთივე საღვთო ძალის მქონეა როგორც წმინდანის მთელი ჩონჩხი. ამის შემდეგ წარწყმედისაგან დასაცავად რელიკვიებს უკვე მიცვალებულებს ატანდნენ საფლავში, მაგრამ განსაკუთრებით გაიზარდა კომერციული საქმიანობა და დაიწყო რელიკვიების ფალსიფიცირება, როცა რელიკვიებად ასაღებდნენ არა მარტო ადამიანის, არამედ ცხოველთა ძვლებსაც.
ჯოვანი ბოკაჩოს ,,დეკამერონის” ერთ-ერთი პერსონაჟად გამოყვანილი ჰყავს რელიკვიების ვაჭარი. ის ცდილობს გაასაღოს ,,მთავარანგელოზ გაბრიელის ფრთა”, მაგრამ როდესაც ლუსკუმას გახსნის, აღმოაჩენს, რომ შიგ ჩადებული ფარშევანგის ფრთა ვიღაც მასავით თაღლითებმა ნახშირის ნატეხებით შეუცვალეს. ვაჭარი არ დაიბნევა და იქვე მანაცხადებს, რომ ეს იმ ცეცხლის ნარჩენია, რომელზედაც წმინდა ლავრენტი აწამეს.
მას შემდეგ, რაც 431 წელს, ეფესოს საეკლესიო კრებაზე დადგინდა ღვთისმშობლის დოგმატი, ქრისტიანთა სახლებში პირველად შევიდა წმინდა მარიამის გამოსახულებები, ხოლო VII საუკუნოდან ღვთისმშობელი გახდა ქრისტიანული შეიარაღებული ძალების მფარველი. V და VI საუკუნეებში აყვავდა ღვთისმშობელთან დაკავშირებული რელიკვიებით ვაჭრობა: გაჩნდა მრავალი სამოსი, რომელსაც მარიამის კუთვნილად აცხადებდნენ, მიუნჰენში კი გამოფენილი იყო ღვთისმშობლის სავარცხელი. მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ღვთისმშობლის რძე, რომლის ასეულობით ლიტრი მცირე ტევადობის ამპულებში დაფასოებული ჩამოჰქონდათ პალექსტინიდან ჯვაროსნებს. საინტერესოა ამ ტიპის რელიკვიის წარმოშობა: ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში არსებობდა ლეგენდა, რომლის მიხედვით, ჰეროდეს რისხვისაგან ეგვიპტედ ლტოლვისას წმინდა ოჯახმა თავი შეაფარა ერთ მცირე გამოქვაბულს. ყრმა იესოს შიოდა, წმინდა მარიამს კი მღელვარებისგან რძე დაუშრა. ღვთისმშობელმა ილოცა და ჩვილის გამოსაკვებად გამოქვაბულის კედლებიდან რძემ გამოჟონა. ახლო აღმოსავლეთში მართლაც არის კარსტული მღვიმეები, რომელთა კედლებიდან ჟონავს მინერალური მარილებით გაჯერებული მოთეთრო წყალი – სწორედ მას აგროვებდნენ ამპულებში ჯვაროსნები.
XVI საუკუნეში, რეფორმაციის დროს პროტესტანტებმა გააუქმეს რელიკვიათა თაყვანისცემა, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ, კათოლიკური ეკლესიის ტრიდენტის კრებამ ხელახლა დაამტკიცა რელიკვიების კულტი: წმინდა ნაწილთა თაყვანისცემასა და მასთან დაკავშირებული პილიგრიმობას საგრძნობი ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ პილიგრიმობა არ არის საკუთრივ ქრისტიანული ტრადიცია: ის ცნობილი იყო ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში, ასევე ანტიკურ საბერძნეთშიც. თუ დღეს დასავლეთის ქრისტიანები განკურნების იმედით საფრანგეთის ქალაქ ლურდში მიეშურებიან იქაურ წყალში განსაბანად, ანტიკურ სამყაროში იმავე როლს ასრულებდა პელოპონესის ქალაქი ეპიდავროსი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VII-V საუკუნეებში მართლაც რომ ანტიკური ლურდი იყო სამკურნალო აბაზანებითა და პილიგრიმების სასტუმროებით. მსგავსებას კიდევ უფრო აძლიერებდა ანტიკურ ქურუმთა სტრატეგია: რაც უფრო დიდია ტაძრისთვის შემოწირული მსხვერპლი, მით უფრო სარწმუნოა განკურნება.
ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნიდან ბალნეოლოგიური პილიგრიმობის ობიექტად იქცა ეგვიპტური სერაპისი, სადაც 42 ტაძარი და საავადმყოფო ააგეს. წმინდა პახომი, ქრისტიანული ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთი ფუძემდებელი მოქცევამდე ექიმი იყო და სერაპისს ემსახურებოდა.
იმპერატორ კონსტანტინეს რელიგიური რეფორმის შემდეგ წარმართი გმირების საფლავებზე მიმოსვლა შესუსტდა, სამაგიეროდ, იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ IV საუკუნეში დააფუძნა ქრისტიანული პილიგრიმობა და ტრადიციულ მოსალოც ადგილად აქცია იერუსალიმი. ამას მოგვიანებით დაემატა რომი.
ბევრს არ შეეძლო შორეულ და სახიფათო მოგზაურობაში გამგზავრება, ამიტომ პილიგრიმობის, ასე ვთქვათ, რეგიონულ ცენტრებს უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის რელიკვიები: ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვრის უამრავი და უმრავლესად ყალბი ფრაგმენტი უპირველესი იყო სათაყვანებელ საგანთა სიაში, რადგან სწორედ ჯვრის აღმოჩენა იყო დაკავშირებული წმინდა ელენეს იერუსალიმში მოგზაურობასთან. სწორედ IV საუკუნიდან იქცა ჯვარი ქრისტიანობის უმთავრეს სიმბოლოდ, მანამდე ამ ადგილზე იყო თევზი: უადრეს ქრისტიანულ გამოსახულებებში, სადაც თითქმის არ არის ჯვარი, უმთავრესი ადგილი სწორედ თევზს ეკუთვნის. ამ სიმბოლოს კვალი დღესაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, რადგან პაპის ტიარას თევზის თავის ფორმა აქვს. ამ თვალსაზრისით ისიც აღსანიშნავია, რომ ჯვარს პირველად გამოსახავდნენ არა როგორც წამების იარაღს, არამედ გამარჯვების ნიშანს, ამიტომაც ჯვარი იყო ოქროსი და ძვირფასი თვლებით შემკული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სიმბოლოს წარმოშობა იმპერიულ ძალაუფლებას უკავშირდება.
ამის შემდეგ გავრცელდა ქრისტეს სისხლისა და ჩუჩას თაყვანისცემა. ეს უკანასკნელიც საკმაოდ გავრცელებული რელიკვია იყო შუა საუკუნეებში (დღეს კათოლიკურ სამყაროში დაფიქსირებულ წმინდა ჩუჩათა რიცხვი რვამდე აღწევს) და 1426 წელს ქალაქ ანტვერპენში დაფიქსირებულია მისი სახელობის წმინდა ძმობაც კი. The Holy Foreskin of Jesus Christ

პალესტინის ბერებს შეეძლოთ პირდაპირ ეჩვენებინათ ნებისმიერი ადგილი, რომელიც კი მოხსენიებული იყო საღვთო წერილში. ბიბლიის ლათინურ ენაზე მთარგმნელს, წმინდა იერონიმეს სჯეროდა, რომ იქ შემონახული იყო იესო ქრისტეს ნაკვალევიც კი. შესაძლოა ამის გამო გავრცელდა ჯვაროსანთა დროს იერუსალიმიდან მიწის წამოღების ტრადიცია, რომელიც ისე გაძლიერდა, რომ ყველა წმინდა მაღლობს ვაკედ ქცევის საფრთხე დაემუქრა. ამ მხრივ საგულისხმოა XIX საუკუნის რუსი მწერლის, ვასილი როზანოვის მოგონება: მას დივეევოში, წმინდა სერაფიმე საროველის მონასტერში აჩვენეს ქვა, რომელზედაც, გადმოცემის თანახმად, ხანგრძლივად ულოცია წმინდანს; ორი წლის შემდეგ, როცა როზანოვი კვლავ დაბრუნდა დივეევოს, მას უკვე სხვა ქვა აჩვენეს, რადგან პირველი მორწმუნეებს გაეზიდათ ნაწილ-ნაწილ.
რელიკვიების დანაწევრება, რომელიც VI საუკუნეში თეოდორიტემ და გრიგორი დიდმა აკურთხეს, მანამდეც იყო გავრცელებული, მაგრამ ოფიციალური ხელისუფლება, როგორც საერო ასევე საეკლესიო, მას ეწინააღმდეგებოდა. სამაგიეროდ, მორწმუნე ერი დანაწევრების მომხრე იყო: როგორც კი ვინმე აღიარებული ასკეტი და წმინდა ცხოვრების კაცი გარდაიცვლებოდა, მაშინვე ცდილობდნენ მისი გვამის მოპარვას, რათა შემდეგ მცირე ნაწილებად დაეჭრათ და სახლებში წაეღოთ. როცა 459 წელს გარდაიცვალა მთელ საქრისტიანოში ცნობილი სასწაულმოქმედი სვიმონ მესვეტე, მის ცხედარს დაგლეჯისაგან იცავდა ექვსასი ანტიოქიელი ჯარისკაცი. და რადგან გვამის მოპოვება ძნელი იყო, ხალხი წმინდანთა სამყოფელის გარშემო მტვერს აგროვებდა. აღწერილია XIX საუკუნის მოსკოველი სალოსი ივან იაკოვლევიჩი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოების ყველა ფენაში: ივან იაკოვლევიჩი დღენიადაგ საცვლების ამარა ქვიშაზე იჯდა და საპირფარეშოში გასვლაზეც არ იწუხებდა თავს. მის შარდში არეული ქვიშა დიდგვაროვან მოსკოველ ქალებს შინ მიჰქონდათ და მცირე რაოდენობით საჭმელში ურევდნენ…
რა თქმა უნდა, მოსკოველი არისტოკრატია მუქთად არ იღებდა ესოდენ ძვირფას ძღვენს: ამის სანაცვლოდ სალოსის საცხოვრებელში მდიდრული შემოწირულობები გროვდებოდა. ასევე იყო ძველ დროშიც: ნეტარი ავგუსტინეს ნაწერებიდან ცნობილია, მაგალითად, წმინდა მენას რელიკვიები ეგვიპტეში. აქ წყლითა და ზეთით სავსე ამპულების ვაჭრობა იყო გაჩაღებული. თანდათანობით წმინდანის საფლავზე აგებული ტაძარი ისე გამდიდრდა, რომ იმპერატორმა ზენონმა მისი ყაჩაღებისაგან დასაცავად 1200 ჯარისკაცი გამოყო.
უკვე ვახსენეთ კირილე ალექსანდრიელის მიერ გადატანილი ორი წმინდანის ნაწილები. ეს მოვლენა IV საუკუნეში იმისათვის მოხდა, რომ ჩაენაცვლებინათ იზიდას კულტი, ასევე კონსტანტინოპოლში თაყვანს სცემდნენ ქრსიტიან მკურნალებს, კოზმასა და დამიანეს, რომლებმაც შეცვალეს კასტორისა და პოლუქსის წარმართული კულტი. მოგვიანებით მათი ნაწილები გადაიტანეს მიუნჰენში.
გარდა ძვლებისა და არტეფაქტების ფალსიფიკაციისა, ძველთაგანვე გავრცელებული იყო ტექსტების გაყალბებაც. ეს პრაქტიკა არსებობდა ანტიკურ საბერძნეთსა და რომში, ძველ ინდოეთსა და ეგვიპტეში, ნაწერებს აყალბებდნენ სპარსელები და ებრაელებიც. განსაკუთრებით ხშირი იყო ტექსტის ავტორად ცნობილი და აღიარებული პიროვნების დასახელება. ძნელი სათქმელია, განზრახ იქმოდნენ ამას, თუ უნებლიედ, შეგნებულად ცრუობდნენ, თუ ალალად მიაწერდნენ ავტორობას. როდესაც ფილოლოგიური მეთოდები არ არსებობს და კრიტიკული მიდგომა ჯერ შემუშავებული არ არის, ამგვარი კითხვების დასმა აზრს კარგავს.

მართალია, ძველ რომაელებს შორის ლიტერატურული ფალსიფიკაცია მაინცდამაინც გავრცელებული არ ყოფილა, ცნობილია, რომ სახელგანთქმულმა მკურნალმა, კლავდიუს გალენმა (129-199) აღმოაჩინა რამდენიმე ნაყალბევი ტექსტი, რომელიც მას მიეწერებოდა. 1583 წელს ვენეციაში აღმოაჩინეს თხზულებები, რომელთა ავტორად აღნიშნული იყო ციცერონი, ხოლო ძველი ათენის სახელგანთქმულ კანონმდებელსა და პოეტს, სოლონს ბრალად ედება ჰომეროსის ,,ილიადაში” ერთი სტრიქონის ჩამატება, რის შედეგად მის გვარს უჩნდებოდა პრეტენზია კუნძულ სალამინის მფლობელობაზე.
გაცილებით უფრო ხშირი იყო რელიგიური ტექსტების გაყალბება. რომაელი რიტორი, კვინტილიანე ამბობდა, რომ შეუძლებელია იმის უარყოფა, რაც არასოდეს არსებობდა და მხოლოდ რწმენის საგანია. ადამიანები ბოროტად იყენებდნენ ამ გარემოებას და აყალბებდნენ წინასწარმეტყველებებს, ორაკულებს, სასწაულებრივ მოწმობებს. ამ მხრივ, გასაგები ხდება, რატომ მიეწერება ელინიზმის ეპოქაში შექმნილი წიგნები ბიბლიურ მეფე სოლომონს. დღეს შეიძლება ბევრი გააკვირვოს იმან, რომ, მაგალითად, ,,ეკლესიასტე” ბიბლიურ კანონში მხოლოდ ახალი წელთაღრიცხვის 96 წელს შეიყვანეს. ასევე ელინიზმის ხანას ეკუთვნის სხვა ბიბლიური წიგნებიც. მაგალითად, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნს თანამედროვე ფილოლოგია ძველი წელთაღრიცხვის 164 წლით ათარიღებს, როცა იუდეაში ანტიოქე ეპიფანე მეფობდა, ხოლო თვით წინასწარმეტყველი დანიელი ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში ბაბილონის სამეფო კარზე. ცნობილი ქრისტიანი მწერალი, დიონისე ალექსანდრიელი, რომელიც 265 წელს გარდაიცვალა, უარყოფდა, რომ აპოკალიფსის ავტორი შეიძლებოდა ყოფილიყო მოციქული იოანე. ასევე საეჭვოა პავლე მოციქულის სახელით ცნობილი ეპისტოლეებიდან უმრავლესობის ავტორობა.
მართლაც მრავალფეროვან, რთულსა და ბოლომდე გაურკვეველ სურათს წარმოგვიდგენს ახალი აღთქმის ფილოლოგია. მართალია, ეს სირთულე და მრავალფეროვნება ვერაფერს დააკლებს სახარებათა ღვთივშთაგონებულობის რწმენას, რადგან არსად არაა ზუსტად განმარტებული, კონკრეტულად როგორ უნდა შეიქმნას ღვთივშთაგონებული ტექსტი. რატომ არ შეგვიძლია ვიწამოთ, რომ ამგვარი წიგნის შექმნას საუკუნეები და ავტორთა თაობები სჭირდება?
ტექსტების ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი იყო მათი ტირაჟირების ერთადერთი საშუალება – გადაწერა. ყოველი ასეთი პროცესი შეცდომათა დაგროვების მიზეზი ხდებოდა: ზოგჯერ გადამწერი განგებ ან უნებლიედ ტოვებდა რაიმე ნაწყვეტს, ან საკუთარ შენიშვნას ჩაურთავდა, რომელსაც შემოდგომი გადამწერი ორიგინალური ტექსტის ნაწილად მიიჩნევდა და საგანგებოდ აღარ გამოჰყოფდა. ცნობილია შემთხვევები, როცა მონასტრის ან ეპარქიის ქონების ან ავტორიტეტის გასაზრდელად არა მარტო ყალბ რელიკვიებს ქმნიდნენ, არამედ ყალბ ჰაგიოგრაფიასაც. მაგალითად, არსებობს ეგრეთ წოდებული ,,პილატეს ეპისტოლე”, რომელშიც იუდეის ყოფილი პროკურატორის, პონტიუს პილატეს სახელით დადასტურებულია ქრისტეს ჯვარცმა, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა. ამის გამო კოპტური ეკლესია პონტიუს პილატეს წმინდანად აღიარებს.

ძალიან გავრცელებული პრაქტიკა იყო ყალბი მარტიროლოგების, ანუ მოწამეთა ცხოვრებების შედგენა, სადაც ყოველი მოწამის სახელზე არსდებოდა საეპისკოპოსო კათედრა და, შესაბამისად, ყოველ საეპისკოპოსო კათედრას მიეწერებოდა მოციქულებრივი საწყისი. მაგალითად, გერმანიის ქალაქ ტრირში, სადაც დღეს ინახება იესო ქრისტეს კვართად წოდებული რელიკვია, გააყალბეს საეკლესიო კრების დადგენილებები, რათა ქალაქი კიოლნი არ გამხდარიყო სამიტროპოლიტო კათედრა. საერთოდ, ეპისკოპოსთა სიები საკმაოდ დიდი გაურკვევლობის საბაბია: რომის ეპისკოპოსთა სახელები საეჭვოა 235 წლამდე, რაც შეეხება კონსტანტინოპოლს, აქ IX საუკუნეში იქნა გამოცხადებული პირველ ეპისკოპოსად წმინდა ანდრია პირველწოდებული.
ამავე მიმართულებით მართლაც ურიცხვია მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მაინც უპასუხოდ დარჩება მთავარი შეკითხვა: რას ამტკიცებს სიყალბის ამდენი მოწმობა? მიუკერძოებელი განსჯით, არაფერს არსებითს: მხოლოდ იმას, რომ საკაცობრიო ისტორიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ისე წარიმართა, რომ საგნის ან ტექსტის ავთენტურობას ღირებულების მნიშვნელობა არ მინიჭებია. ეს მხოლოდ ახალი დროის, დასავლური ინდივიდუალიზმის განვითარების ნაყოფია.
XIV საუკუნეში შეიძლება გვეთქვა, რომ ორივე ერთნაირად გულწრფელი ქრისტიანი იყო: ის, ვინც გამვლელი თაღლითისაგან მამასისხლად ყიდულობდა ,,მთავარანგელოზ გაბრიელის ფრთას” და ისიც, ვინც გულიანად იცინოდა ,,დეკამერონში” აღწერილ ამ ამბავზე. მაგრამ XIX საუკუნისთვის უკვე საშინელ სულიერ ძალადობად შეიძლება განვიხილოთ ის გარემოება, რომ იტალიის განათლებულ ოჯახებში ეკლესიის ,,ხათრით” დეკამერონის წიგნი მორცხვად იმალებოდა კარლო კოლოდის ,,პინოქიოს თავგადასავლის” ყდაში და ისე იდგა თაროზე, რომ სახლის საკურთხებლად შემოსული პადრე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო.
და თუ შუა საუკუნეების ადამიანს, თუნდაც გენიალურსა და საუკუნეების მეხსიერებაში შემორჩენილს, არ უნდა ვუსაყვედუროთ გულუბრყვილობა, არ უნდა დავაბრალოთ თაღლითობა, დღევანდელ თუნდაც უბრალო და არაფრით გამორჩეულ მოკვდავს, უკვე აღარ ეპატიება არც მიამიტობა და არც კრიტიკული აზროვნების დეფიციტი. რადგან თუ რეგულარული და ლოკალური სასწაულების რწმენა ქრისტიანობის გუშინდელი დღეა, საყოველთაო განათლება და სულიერი თავისუფლება მის მომავალს წარმოადგენს.

The National Library of Georgia

ჟუნრალი არჩევანი 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი