რენე დეკარტი – უსასრულოს იდეა და ღმერთი

0
244

ცოდნის გარანტად ღმერთის მოშველიება

ის ფაქტი, რომ ადამიანი ხშირად უშვებს შეცდომას და არასწორად მსჯელობს, შემდეგზე მიუთითებს: ჩვენი ცოდნის (რაშიც მეხსიერებაც მონაწილეობს) სრულად ნდობა რომ შევძლოთ, ჩვენს უნარ-შესაძლებლობებს მყარი საფუძველი უნდა მოვუძებნოთ. თვითცნობიერება მთლიანად არ გამორიცხავს ვარაუდს ეშმაკი გენიის შესახებ (ეჭვის მომენტში). მეორე მხრივ, ვერც იდეა (რომელზეც ჩერდება ცოდნა), ვერც შემმეცნებელ სუბიექტს გარეთ არსებული რეალობა (რომელსაც ადამიანის ცოდნა პირდაპირ არ ეხება) ვერ უზრუნველყოფს შესაბამის თანხმობას. იდეა და გარე საგანი (=ობიექტური არსებობა და ფორმალური არსებობა) ორი პარალელის ან მდინარის ორი ნაპირის მსგავსია, ისინი ერთნაირადაა დაშორებული ერთმანეთისგან და ურთიერთშეხება არ გააჩნიათ. ამგვარად, საჭიროა ხიდი იდეისა და საგნის ორ ნაპირს შორის და ასევე საჭიროა იდეებს შორის კავშირი; ანუ საჭიროა კრიტერიუმი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს იდეასა და გარე რეალობას შორის და თვით იდეების დამაკავშირებელი ძაფი. ერთი სიტყვით, დეკარტი თვითცნობიერებისა და მასთან ერთად სიაშკარავის პრინციპის მიღწევის შემდეგაც არ არის კმაყოფილი. ჯერ კიდევ მოსაძებნია შეცდომის, ჩვენს მსჯელობათა სირთულისა და იდეასა და გარეგნულ რეალობას შორის არსებული მანძილის წინაშე უეჭველობის გარანტია. ნებისმიერ საკითხში წინ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცოდნის უზრუნველყოფას, გარანტიას მოითხოვს. ეს გარანტია კი მხოლოდ შემმეცნებელ და განმსჯელ ადამიანზე აღმატებულ რეალობაში შეიძლება მოვიპოვოთ. აქედან გამომდინარე, თვითცნობიერების მიღწევისთანავე დეკარტისთვის ღმერთის პრობლემა წამოიჭრება. მათემატიზმი (მათემატისტური ინტუიციონიზმი) და სუბიექტივიზმი (ფსიქოლოგიური ინტუიციონიზმი) მას თვითგარანტიას ვერ აძლევენ.

ინტელექტის აქტივობისათვის აუცილებელი ცხადი და გარკვეული იდეის პრინციპიდან გამომდინარე, დეკარტი შეცდომას ნების ზეგავლენით ხსნის. იდეებს შორის და გარეგან საგნებსა და ცოდნას შორის კავშირის უზრუნველსაყოფად დეკარტი ღმერთს, ადამიანის უნარ-შესაძლებლობათა შემოქმედს მიმართავს.

ღმერთი და რელიგია

თვითცნობიერებაში გამოხატული სიაშკარავის პრინციპი კარტეზიუსს ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად სჭირდება. ამისთვის ის უსასრულოს იდეას ეყრდნობა, რომელიც დეკარტის სამ მტკიცებულებას მართავს:

უსასრულოს იდეა და ღმერთი

ა) ყველა სრულყოფილებით შემკული რეალობის გამომხატველი უსასრულოს იდეა: მაქვს ცხადი და გარკვეული იდეა უსასრულოს, როგორც ყველა სრულყოფილებით შემკული რეალობის შესახებ. სრულყოფილებათა შორისაა ასევე არსებობაც, ანუ უსასრულო არსებობს. როგორც ვხედავთ, უსასრულოზე ფიქრიდან არსებულ უსასრულოზე გადასვლით დეკარტი წმ. ანსელმის ონტოლოგიურ არგუმენტს იმეორებს, თუმცა წმ. ანსელმისთვის ამოსავალი წერტილი იყო რწმენის უეჭველობა, როგორც ღმერთის-უზენაესი არსების-შესახებ იდეის ფლობა.

ბ) უსასრულოს იდეა, როგორც სუბიექტის წარმოდგენა: მაქვს იდეა უსასრულოს შესახებ, მაგრამ ასეთი იდეა სასრულიდან, შეზღუდულიდან ვერ აიღებს სათავეს, მაშასადამე ის უსასრულოდან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც არსებობს. ამ მტკიცებულებაში უსასრულოს იდეა განიხილება, როგორც ფაქტი ან შედეგი, რომელსაც მიზეზი უნდა მოეძებნოს. ანუ ამოსავალი წერტილი იდეა – საგანია, რომლისთვისაც შესაბამის მიზეზს ვეძებთ.

გ) უსასრულოს იდეა სუბიექტის შეზღუდულობასთან კავშირში: მე მაქვს იდეა უსასრულოს შესახებ და საკუთარ თავს შეზღუდულად და არასრულყოფილად ვგრძნობ, ამიტომაც საკუთარი თავის მიზეზი ვერ ვიქნები. საკუთარი თავის მიზეზი რომ ვყოფილიყავი, ჩემს თავს ყველა სრულყოფილებით შევამკობდი. მაშასადამე, მე, სასრული და შეზღუდული, უსასრულოდან მოვმდინარეობ, რომელიც ნამდვილად არსებობს.

ღმერთი, როგორც ცოდნის გარანტია

ღმერთის უსასრულოდ წარმოდგენის შედეგად მას ყველა სრულყოფილება მიეწერება: სიბრძნე, სიკეთე, სამართლიანობა და ა.შ. მეტიც: თუ მე, სასრული, ვფლობ თვითცნობიერებას, უსასრულო ღმერთსაც აქვს თვითცნობიერება, რომელშიც ყოფნა და აზრი აბსოლუტურად თანხვედრია. თუ მე, სასრული, შექმნილი ვარ უსასრულოს, აბსოლუტური თვითცნობიერებისა და სამართლიანობის მიერ, ჩემს უნარ-შესაძლებლობათა გარანტია უნდა გამაჩნდეს. ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც ჩემი შესაძლებლობები შექმნა, არ დაუშვებს, რომ მათ მიმტყუნონ. ამიტომაც: ჩემი შესაძლებლობები ნამდვილია, მე შემიძლია ღირებული მტკიცებულებების ჩამოყალიბება, ყველაფერი შემიძლია ვამტკიცო ჩემს გარე რეალობაზე, თუკი ის ამ რეალობის შესახებ ცხადი და გარკვეული იდეის სახით წარმომიდგება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი