ნონა ხიდეშელი:,,უცნობი,  ესაა მძაფრი გაცნობიერება რეალობისა”

0
322

რა არის სინამდვილე, ან რა არის ღმერთი, ამბობს  კრიშნამურტი. ღმერთი არ არის მარტო სიტყვა. რომ გაიგო რა არის აღუწერელი და მიუწვდომელი, რომელიც დროის მიღმაა, თავადაც თავისუფალი უნდა იყო დროისგან, რაც გულისხმობს, გონების გათავისუფლებას ღმერთის შესახებ არსებული ყველა აზრისა და იდეისგან, რაც ვიცით დღეს ღმერთისა და ჭეშმარიტების შესახებ, არის ვერბალურად გადმოცემული სხვა ადამიანების გამოცდილებები და განცდები. ის რეალურად უცნობია ჩვენთვის და უცნობის მიღება და განჭვრეტა არსებული გონებით შეუძლებელია. მისი განცდა შესაძლებელია მხოლოდ აბსოლუტურად წყნარ და მშვიდ გონებაში, ხოლო გონების დამშვიდება შეუძლებელია რაღაც წესებისა და დისციპლინის მიყოლით, ერთ წერტილზე კონცენტრაციით და ა.შ. ჭეშმარიტი სიჩუმე მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც თავისუფალი ხარ წარსულისგან, ცოდნისგან, როგორც ცნობიერ, ისე არაცნობიერ დონეზე არსებული მეხსიერებისგან. როდესაც გონება მშვიდდება ყოველგვარი იძულების გარეშე, მხოლოდ მაშინ შეიძლება განიცადო უსასრულო და მარადიული.

მამარდაშვილი ამბობდა, რომ უცნობი  ესაა მძაფრი გაცნობიერება რეალობისა, ისეთის, რაც ყოველთვის სხვაა, რასაც არავითარი საერთო არა აქვს, არაფრით ჰგავს იმას, რაც ვიცით, რასაც მივეჩვიეთ და ა.შ  ჩვენ  შეიძლება უცნობის ვნებით, პათოსით  ვიყოთ დააავადებული. როგორც პრუსტი ამბობდა ”არაფერია იმაზე მწარე, ვიდრე უსასრულობის ნესტარი” რეალობის ნესტარი, ან შეუცნობლის გაცნობიერება არის კიდეც უსასრულობის ნესტარი.

საჭიროა ერთი  რამის კარგად გააზრება, რომ  ჩვენი არსებობის გამომხატველი ორი სივრცე არსებობს, ვერბალური და არავერბალური, შეიძლება ითქვას რეალური და ილუზიური, ჩვენი წარმოსხვებით აღსავსე. ეს იგივეა, რასაც შოპენჰაუერი “ნებას და წარმოდგენას” უწოდებს . არსებობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიტყვები, მაგ. სიყვარული, სიკეთე, სიწმინდე და ა.შ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ მათზე ყოველდღიურად. როდესაც ადამიანი ამბობს ან ფიქრობს, რომ, მას ვიღაც უყვარს, დარწმუნებულია, რომ სიყვარული სწორედ ის გრძნობაა, რა შინაარსიც მან  ჩადო. რელიგიური ადამიანი გვიმტკიცებს, რომ მას ღმერთის შეწევნით  მთელი სამყარო შეუყვარდა და რა გრძნობაც ადამიანებთან მიმართებაში გააჩნია, სწორედ ესაა სიყვარული. ჩვენი მორალური და ზნეობრივი ღირებულებებიდან გამომდინარე, სიწმინდედ მივიჩნევთ ამ ფასეულობათა ზედმიწევნით დაცვას, კეთილს ვუწოდებთ  ყველა იმ ადამიანს, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს და ჩვენს მოთხოვნილებებს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს.

ეს არის სიტყვები, რასაც მუდამ ვიმეორებთ, ისე, რომ არც კი ვუფიქრდებით მათ  შინაარსს და არსებობს კიდევ სივრცე, აზრობრივი რა თქმა უნდა,    სადაც რეალურად განვიცდით რაღაცას.

მაშასადამე, არსებობს სიტყვები: სიყვარული, სიწმინდე და ის კონკრეტული ადამიანისთვის ისეთ განცდებთან ასოცირდება, რა შინაარსსაც დებს მასში და არსებობს მდგომარეობა “სიყვარული” ან “სიწმინდე”, აბსოლუტურად ობიექტურად, როგორც თავისთავადად არსებული,  და როგორ უნდა განიცადოს სუბიექტმა ეს ობიექტურად არსებული მდგომარეობა, ისე, როგორიც ის სინამდვილეშია, თუ მასში აპრიორულად, იდეის სახითაა მოცემული უკვე  ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით რა არის სიყვარული რეალურად, თუმცა ყოველ ადამიანს  შეუძლია მასზე საუბარი, ფიქრი, ოცნება, ამაზე წერენ ყველგან წიგნებში, ჟურნალებში, გაზეთებში, იღებენ ფილმებს

იმ უამრავ  ადამიანს შორის, ვინც ჩვენს ირგვლივ არსებობს, ვის ვეძახით შეყვარებულს, ანუ ვინ გვიყვარდება? ის, ვინც ყველაზე მეტად გვანიჭებს სიამოვნებას, აკმაყოფილებს ჩვენს ყველა ახირებას (მეტ-ნაკლებად რა თქმა უნდა), გვიქმნის კომფორტს, ზრუნავს ჩვენზე და ა.შ. ან ის, ვისშიც ვახდენთ საკუთარი სუბიექტური ღირებულებების პროექციას, და გვეჩვენება, რომ, ამ კონკრეტულ ადამიანზე ვართ შეყვარებული, მას ვუკავშირებთ წარმოსახვაში მთელ  ჩვენს სამომავლო გეგმებს, ბედნიერებას, სიხარულს, სიმშვიდეს და როგორც წესი საბოლოოდ იმედგაცრუებული ვრჩებით.

საინტერესოა რატომ ხდება მუდამ ასე, იქნებ იმიტომ, რომ ვცხოვრობთ მხოლოდ ვერბალურ სივრცეში, სადაც არსებობს  სიტყვა  “სიყვარული”, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია და მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში ესხმება ხორცი, იმის მიხედვით, თუ რა იდეა გვაქვს “სიყვარულზე”. რეალურად კი სიყვარული  არც გრძნობაა და არც რაიმე სიამოვნება, ესაა ცნობიერების მდგომარეობა,  სრულიად  თავისთავადი, რეალური,  რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ჩვენს წარმოსახვაში არსებულ სიყვარულის იდეასთან. ის ან არსებობს ჩვენთვის, როგორც  კრიშნამურტი ამბობს: ,,ერთი ადამიანის შეყვარება თუ შესძელი, მთელს სამყაროს შეიყვარებო – ან არ არსებობს საერთოდ”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი