კვლევა:არარელიგიური ბავშვები უფრო კეთილები არიან

0
700

ფაქტია, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ რელიგია იმისთვის, რათა მორალურად იცხოვრონ. თუმცა ნაკლებად აშკარაა, რელიგია ზრდის თუ ამცირებს კეთილშობილებას ადამიანებში, რადგან მორალისა და რელიგიის კავშირი რთული თემაა. ბევრმა მკვლევარმა სცადა, ამ კითხვისთვის ემპირიულ ნიადაგზე გაეცა პასუხი, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვიტეს.

ახალმა კვლევამ, რომელშიც დააკვირდნენ 1100 ბავშვს 6 სხვადასხვა ქვეყნიდან, დაადგინა, რომ არარელიგიურ ოჯახში აღზრდილი ბავშვები უფრო მეტად არიან გაზიარებისკენ მიდრეკილი, ვიდრე რელიგიურები. კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „Current Biology”. კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ბავშვების მორალური აღზრდა სეკულარულ გარემოში ზრდის მათ მიდრეკილებას კეთილშობილებისადმი.

ექსპერიმენტი

ეს კვლევა – რომელშიც დააკვირდნენ ამერიკელი, კანადელი, იორდანიელი, თურქი, სამხრეთაფრიკელი და ჩინელი ბავშვების ქცევას – ეფუძნებოდა თამაშს, რომელშიც ბავშვებს სთხოვდნენ, სტიკერები ეჩუქებინათ მათსავე სკოლაში მყოფი უცნობი ადამიანებისთვის.

რელიგიური მშობლები აცხადებდნენ, რომ მათი შვილებს უფრო მეტად ჰქონდათ განვითარებული თანაგრძნობის უნარი და სამართლიანობის გრძნობა. თუმცა ბავშვების რეალური დამოკიდებულება და ქცევები ეწინააღმდეგებოდა მშობლების მოლოდინს. არარელიგიური ბავშვები უფრო სულგრძელები აღმოჩნდნენ, ვიდრე მათი ღვთისმოსავი მეგობრები: ისინი უფრო ხალისით არიგებდნენ სტიკერებს თანატოლებთან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არარელიგიური ბავშვები ნაკლებად აღიქვამენ ხელის კვრას, დაჯახებას და სხვა მსგავს ზიანს ნეგატიურად, შესაბამისად ზიანის მიმყენებელსაც ნაკლებად თვლიდნენ დასჯის ღირსად.

ეს კვლევა მრავალმხრივ შთამბეჭდავია, თუნდაც იმიტომ, რომ მასში მონაწილეობდა 5-12 წლის ათასზე მეტი ბავშვი 6 სხვადასხვა ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ბავშვები მხოლოდ იმ ოჯახებიდან იყვნენ, რომლებიც იდენტიფიცირდებოდნენ ქრისტიანულად, ისლამურად ან არარელიგიურად. კვლევამ დასკვნა გააკეთა იმაზეც, რამდენად განსხვავდებოდნენ დასამსჯელო საკითხში ქრისტიანები და მუსლიმები: მუსლიმებს უფრო მეტად აქვთ დასჯისკენ მიდრეკილება, ვიდრე ქრისტიანებსა და არარელიგიურებს, რომლებიც ამ საკითხში ერთმანეთს ჰგავდნენ. თუმცა საინტერესო იქნებოდა იმის გაგებაც, როგორ შედეგს აჩვენებდნენ ჩინელი ბუდისტები ან ტაოისტები.

წინააღმდეგობრივი შედეგები

მაშ რატომ არ შეგვიძლია, დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ რელიგია სამყაროს მორალურად აუარესებს? კვლევა, რომელიც რელიგიურ და არარელიგიურ ადამიანებს ადარებს მორალური ქცევის საკითხში, სრულიად საკმარისია. როგორც აღმოჩნდა, ეს ბევრ ადამიანს უცდია, და ამ საკითხთან დაკავშირებული მტკიცებულებები საუკეთესო შემთხვევაში ორაზროვანია.

ერთი მხრივ, ვიცით, რომ რელიგიური ადამიანები ხშირად აცხადებენ მათ მიერ ჩადენილ ქველმოქმედებასა და მოხალისეობაზე. მეორე მხრივ, ახლახანს ჩატარებული კვლევა, რომელიც მონაწილეთა ქცევებს დააკვირდა 5 განსხვავებულ რეგიონში, ვერ პოულობს რელიგიურობასა და ყოველდღიურ მორალურ ქცევებთან კავშირს.

ამ შეუსაბამობამ უბიძგა ზოგ სოციალურ მეცნიერს დასკვნისკენ, რომ რელიგიური ადამიანები მიდრეკილი არიან მათ მიერ ჩადენილი სიკეთის გაზვიადებისკენ, რაც რელიგიურობისა და უპატიოსნობის კავშირზე უფრო მეტყველებს. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ რელიგიის გავლენა ამცირებს ტყუილისკენ მიდრეკილებას, თუმცა არც ყველა ტიპის მორწმუნეა არარელიგიურ ადამიანებზე უფრო პატიოსანი.

 

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ტიპის რელიგიური ადამიანები არსებობენ. არსებობს მრავალი სხვადასხვა რელიგია და რელიგიასთან დამოკიდებულებაც განსხვავდება, რაც თავის მხრივ აისახება რელიგიისა და მორალის კავშირის შესახებ დასმული კითხვების პასუხებში.

წინა კვლევა, რომელიც 67 ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენებს, რომ სხვადასხვა რელიგიური რწმენები განსხვავებულად მოქმედებენ დანაშაულის დონეზე: ჯოჯოხეთის შიში ასოცირებულია ნაკლებ დანაშაულთან, სამოთხის რწმენა კი – დანაშაულის მატებასთან. ასევე აღმოჩნდა, რომ მორალური გადაწყვეტილების მიღებამდე ადამიანების ქვეცნობიერად დატვირთვა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა „რელიგია” და „ღმერთი”, განსხვავებულ ეფექტებს ახდენს სულგრძელობაზე – სიტყვა „რელიგია” ზრდის სულგრძელობასა და ნდობას ნაცნობებისადმი, ხოლო „ღმერთი” აძლიერებს ამ დამოკიდებულებას უცხოებისადმი. კიდევ უფრო რომ გავაბუნდოვანოთ სიტუაცია, ისიც გავითვალისწინოთ, რომ რელიგიის გავლენა ხან ზრდის, ხანაც ამცირებს  რასობრივი და სექსუალური უმცირესობებისადმი ცრურწმენებს.

ეს ამ სფეროში ჩატარებული მხოლოდ ერთ-ერთი ბოლო კვლევაა, თუმცა ნათელია, რომ ჯერ კიდევ ვერ გავცემთ დაზუსტებულ პასუხს კითხვაზე, როგორ გავლენას ახდენს რელიგია მორალზე. ეს ნაწილობრივ იმის გამოა, რომ „რელიგია” ძალიან ფართო ცნებაა. თუმცა იგივე შეიძლება ითქვას „მორალზე”: ჩვენ ამ სტატიაში შევეხეთ სულგრძელობას, პატიოსნებას, ნდობასა და ცრურწმენას.

როგორ უნდა განვმარტოთ ახალი კვლევა? ავტორები შესაძლოა არ ცდებიან, როცა ამბობენ, რომ მათი აღმოჩენა ეწინააღმდეგება მოსაზრებას რელიგიის, როგორც მორალური განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტის შესახებ, თუმცა არის თუ არა სეკულარიზაცია კარგი „ადამიანური სიკეთისთვის”, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვმარტავთ „სიკეთეს”. ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ სტიკერების გაზიარება მორალურად კარგი საქციელია, თუმცა ადამიანისადმი მიყენებულ მსუბუქ ზიანთან დამოკიდებულებაში ამბივალენტურობა იგრძნობა.

სჯობს თუ არა, ასეთი ზიანის მიმყენებლები არ დავსაჯოთ (ან მსუბუქი დასჯა ვაკმაროთ)? რეალურად სტიკერების გაზიარების საკითხიც კი ინტერპრეტაციას ექვემდებარება. შესაძლოა, რელიგიური ბავშვები რომელიმე კატეგორიის ადამიანებს უფრო მეტად უზიარებენ, მაგალითად თავისნაირებს (ან გასაჭირში მყოფებს ან მათ, ვინც რამენაირად იმსახურებს ჩუქებას). ამ შემთხვევაში მათ ქცევას შეგვიძლია ლოიალური ან პატიოსანი ვუწოდოთ. განსხვავებული ღირებულებები და სიკეთის ფარდობითობა დავის საგანია და მათი დაიგნორება არ შეიძლება.

თუმცა ცხადია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ რელიგიასა და მორალზე ჩატარებული კვლევები უნაყოფოა. პირიქით. ეს ახალი კვლევა ერთგვარი გამოწვევაა ამ ორ საკითხზე საზოგადოებაში ძლიერად გამყარებული სტერეოტიპებისთვის, რაც მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს. თანაც გაირკვა განსხვავებები ორი რელიგიის მიმდევრებს შორის, რაც დამატებით კვლევად ღირს.

მომავალ კვლევებში საჭიროა უფრო განსხვავებული მიდგომა. მთავარი კითხვა უნდა იყოს არა „საჭიროა თუ არა რელიგია მორალისთვის?” და არც „არის თუ არა რელიგია ბოროტება?”, არამედ „რელიგიის რომელი ასპექტები ესადაგება მორალის რომელ ასპექტებს და რა ვითარებაში?”. დღევანდელი გადმოსახედიდან, ფსიქოლოგებსა და სხვა სოციალურ მეცნიერებს კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ.

IFLScience.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი