კარლ გუსტავ იუნგი:,,ფსიქოლოგია ვერასოდეს აუვა იმის ათვისებას, რაც მას უხსოვარ დროთა კულტურებისაგან ესწავლება”

0
445

განსაკუთრებული ცოდნა საშინელი ნაკლია – ადამიანი, რაღაცნაირად, მეტისმეტად შორს მიჰყავს, ისე შორს, რომ მას ახსნა-განმარტების მოცემა აღარ ძალუძს. ნება უნდა დამრთოთ, ერთი შეხედვით ელემენტარულ რამეებზე გესაუბროთ; და თუ ჩემს მსჯელობას სწორად მიიჩნევთ, მაშინ ალბათ გაიგებთ, თუ როგორ მივდივარ ამა თუ იმ დასკვნამდე.

მაგალითად, როდესაც სიზმრების შესახებ ვილაპარაკებ, თქვენს ხელთ ვარ, თავს სასწორზე ვაგდებ: ვაითუ ჭკუანაკლული გეგონოთ, – ხომ გამორიცხულია, ყველა ის ისტორიული საბუთი დავიმოწმო, ასეთ შეხედულებებამდე რომ მიმიყვანა; მაშინ ზედმიწევნით უნდა გადმომეცა მთელი ჩინური და ჰინდუს ლიტერატურა, შუასაუკუნეობრივი ტექსტები და მრავალი სხვა, რაც თქვენთვის უცნობია. ან საიდან უნდა გცოდნოდათ?! მე მეცნიერების სხვა სფეროთა წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობ და ისინი მეხმარებიან; მაგალითად, ჩემი განსვენებული მეგობარი, სინოლოგი პროფესორი ვილჰელმი; მასთან ვთანამშრომლობდი. მან ერთი დაოისტური ტექსტი თარგმნა და მოითხოვა, კომენტარი გამეკეთებინა, რაც მე ფსიქოლოგიური თავალსაზრისით შევასრულე კიდევაც.ოქროს ყვავილის საიდუმლოება (ჩინური ცხოვრების წიგნი; თარგმნილი და განმარტებული იქნა რიხარდ ვილჰელმის მიერ, დართული აქვს ..იუნგის ევროპული კომენტარი) 

მე რაღაც საოცრად უცხო ხილი ვარ სინოლოგისათვის. სამაგიეროდ, რასაც ის ამბობს, ჩვენ გვჭრის ყურს. ჩინელი ფიოლოსოფოსები სულელები როდი იყვნენ. ძველი ხალხები, ჩვენ რომ ბრიყვებად წარმოგვიდგენია, ჩვენსავით ჭკუათმყოფელნი იყვნენ, ის კი არა, იმდენად ჭკვიანები, ჩვენ რომ არც კი დაგვესიზმრება, და ფსიქოლოგია ვერასოდეს აუვა იმის ათვისებას, რაც მას უხსოვარ დროთა კულტურებისაგან ესწავლება, უწინარეს ყოვლისა – ინდური და ჩინური კულტურებისაგან. Brtish Antropological Society-ის უწინდელი პრეზიდენტი მეკითხებოდა ერთხელ, საკვირველია, ისეთი მაღალინტელიგენტური ერი, როგორიც ჩინელებია, ბუნებისმეტყველებას რატომ არ იცნობსო. ეს თქვენ არ გესმით, თორემ როგორ არ იცნობს-მეთქი, ვუთხარი, – ,,ოღონდაც მათი ბუნებისმეტყველება კაუზალობის პრინციპი ერთადერთი პრინციპი როდია; ის მხოლოდ ფარდობითია”.

ალბათ, მომაგებებთ: ,,რა სისულელეა იმის თქმა, კაუზალობის პრინციპი მხოლოდ და მხოლოდ ფარდობითიაო! განა ვერ ხედავთ თანამედროვე ფიზიკის მიღწევებს?! კი, მაგრამ აღმოსავლეთი აზროვნებისას და ფაქტთა შეფასებისას სხვა პრინციპის აღსანიშნავად. აღმოსავლეთში, რაღა ქმა უნდა, არის ასეთი სიტყვა, მაგრამ ჩვენთვის ის მართლაცდა ჩინურია. აღმოსავლეთში მას დაო ჰქვია. ჩემს მეგობარს მაკდაუგოლს ერთი ჩინელი სტუდენტი ჰყავს, რომელსაც მან ერთხელ ჰკითხა, მაინც, ზუსტად რომ ვთქვათ, რა იგულისხმება დაოშიო. ტიპიური დასავლური შეკითხვაა! ჩინელმა აუხსნა, თუ რა არის დაო, მან კი მიუგო, მაინც ვერ გავიგეო. მაშინ ჩინელი აივანზე გავიდა და ჰკითხა:

–         რას ხედავთ?

–         აგერ, იქ მაღლობია.

–         კიდევ?

–         ხეები.

–         კიდევ?

–         ქარი ქრის.

და ჩინელმა ხელები აღაპყრო და წარმოთქვა: ,,ესაა დაო”.

ხედავთ? დაო ყველაფერი შეიძლება იყოს. მე სხვა სიტყვას ვხმარობ ამის აღსანიშნავად, რომელიც საკმაოდ უბადრუკად ჟღერს – მე ამას სინქრონულობას ვუწოდებ. როდესაც აღმოსავლელის სული თანადროულად მიმდინარე ფაქტებს აკვირდება, იგი ამ ,,თანადროულობას” ისე ღებულობს, როგორც ის არის, დასავლური სული (გონი) კი მას ცალკეულ ნაწილებად ყოფს, ანაწევრებს. მაგალითად, ვინმეს ეს ჩვენი შეკრება რომ ეხილა, იკითხავდა: ,,საიდან გაჩნდა ეს ხალხი? აქ რისთვის შეკრებილა?” აღმოსავლურ სულს ეს სულ არ აინტერესებს. ის უფრო ასე იკითხავდა: ,,რას უნდა მოასწავებდეს, რომ ეს ხალხი აქ შეგროვებულა?” ეს პრობლემა კი, თავის მხრივ, დასავლურ სულს არ აწუხებს. თქვენ ის გაინტერესებთ, რამაც შეგყარათ და რასაც იქმთ. სულ სხვაა აღმოსავლელი; მისთვის მნიშვენლოვანია ერთად ყოფნა, როგორც ასეთი.

იქნებ, ეს ასე გამომეთქვა: დავუშვათ, ზღვის პირას დგახართ, და ტალღებმა გამორიყეს ნახმარი ქუდი, ძველი სკივრი, ცალი ფეხსაცმელი და მკვდარი თევზი, და ყოველივე ეს ახლა ნაპირზე ძევს. თქვენ იტყვით: ,,შემთხვევითობაა, სისულელეა!” ჩინური გონი (სული) კი იკითხავს: ,,რას ნიშნავს აქ ამ ნივთთა თავმოყრა?” ჩინელი სული ექსპერიმენტს ატარებს ერთად ყოფნასა და საჭირო მომენტში თავშეყრაზე, და მას ისეთი ექსპერიმენტული მეთოდი გააჩნია, რომელიც დასავლეთში უცნობია, აღმოსავლურ ფილოსოფიაში კი დიდ როლს ასრულებს.

ეს გახლავთ მოვლენათა შესაძლო განვითარების წინასწარმეტყველების მეთოდი, და მას დღესაც იყენებს იაპონელების მთავრობა პოლიტიკურ ვითარებათა განხილვისას. მაგალითად, მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. ეს მეთოდი ქრისტეს დაბადებამდე 1143 წელს იქნა ფორმირებული.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი