რენე დეკარტი: შრომები-პიროვნება-ნააზრევი

0
274

რენე დეკარტმა (1596 წ.- სტოკჰოლმი, 1650 წ.) განათლება ლა ფლეშის იეზუიტთა სახელგანთქმულ კოლეჯში მიიღო, სადაც, იმდროინდელი სასწავლო პროგრამების შესაბამისად, ფილოსოფიისა და მათემატიკის საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა, თუმცა, გვიანდელი აღიარებით, ამ ცოდნით უკმაყოფილო დარჩა.

1617-1629 წლებში იმოგზაურა ევროპის ქალაქებში, თავდაპირველად მაურიციო დი ნასოს და შემდეგ ბავარიის თავადის ლაშქრის შემადგენლობაში. სწორედ ბავარიაში ყოფნისას, 1619 წელს, გააკეთა მან, საკუთარი განცხადებით, ,,გასაოცარი აღმოჩენა”, რაც მათემატიკური სიცხადის მისაღებად ფილოსოფიაში მათემატიკური მეთოდის გამოყენებაში მდგომარეობს. საფრანგეთის დედაქალაქის ცდუნებათაგან თავის დაღწევის მიზნით დეკარტმა საცხოვრებლად ჰოლანდია აირჩია და იქ გაატარა ოცი წელი (1629 – 1649). აქ ის განაგრძობდა შრომების გამოცემასა და მიმოწერას თავისი დროის გამოჩენილ სწავლულებთან, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია მამა მერსენი, მცირეთა ორდენის წარმომადგენელი. 1649 წელს შვედეთის დედოფალმა კრისტინამ დეკარტი სტოკჰოლმში მიიწვია, რათა პირადად მისგან მოესმინა მისი ფილოსოფიის პრინციპების განმარტება, მაგრამ მოაზროვნემ ვერ აიტანა ჩრდილოეთის მკაცრი კლიმატი და 1650 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა.

შრომები

დეკარტის პირველი შრომა Regulae ad directionem ingenii 1626 წელს იქნა შედგენილი, მაგრამ მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოიცა. 1633 წელს დეკარტმა დაასრულა მუშაობა შრომაზე ტრაქტატი ,,სამყაროს (ანუ, სინათლის) შესახებ” და შესავლის სახით მას ,,მეთოდზე” მსჯელობა დაურთო. 1632 წელს შემდგარი გალილეის სასამართლო პროცესის შემდეგ დეკარტმა გადაიფიქრა კოპერნიკის სწავლების მხარდამჭერი ნაწარმოების გამოქვეყნება, ამიტომაც ტრაქტატის შესავალი, ანუ ,,მეთოდზე მსჯელობა” მან ცალკე გამოსცა. ასევე ცალკე გამოქვეყნდა რამდენიმე მოკლე გამოკვლევა (diottrica, Meteore, geometria), რომლებიც თავდაპირველად ხსენებული ტრაქტატის შემადგენელ ნაწილებად იყო ჩაფიქრებული.

ამავე დროს დეკარტმა ღმერთის, სამყაროსა და ადამიანის პრობლემათა შესახებ მეტაფიზიკური ტრაქტატი შეიმუშავა, რომელიც მამა მერსენმა ნაყოფიერი კამათის გამოწვევის მიზნით იმდროინდელ სწავლულებს გაუგზავნა. ეს შრომა 1641 წელს გამოიცა სათაურით Meditationes de prima philosophia. მას თან ერთვოდა მოწინააღმდეგეთა შენიშვნები (კატერუსი, ჰობსი, არნო, გასენდი, ბურდენი და ორი სხვა სწავლული) და მათზე ავტორის პასუხები. 1644 წელს გამოქვეყნდა Principia philosophiae ოთხ წიგნად, 1649 წელს-ნაშრომი სამშვინველის ვნებათა შესახებ. დეკარტის ფილოსოფიური პრობლემის გასაგებად და მისი სწავლების მიმართულებათა გასაცნობად მნიშვნელოვან მასალას გვაწვდის ,,ეპისტოლარიუმი”.

პიროვნება

დეკარტი თავაზიანი პიროვნება და მოკამათეა, თუმცა სრულად აცნობიერებს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და, აქედან გამომდინარე-საკუთარ მიგნებათა ღირებულებას, რითაც ამაყობს. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვეთაგან მისთვის მნიშვნელოვანნი მხოლოდ ისინი იყვნენ, ვინც მის იდეებზე კამათობდნენ. დეკარტს არ უყვარდა იმ მოაზროვნეთა დასახელება, რომელთა იდეებიც მისთვის დოქტრინების ჩამოყალიბებისა და შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. არ სცემდა პატივს გალილეის და უგულებელყოფდა ევროპაში კამპანელას არსებობას. გამოჩენილი მათემატიკოსი, მაგრამ საშუალო ფიზიკოსი, დღევანდელი განსაზღვრებით, დეკარტი ,,ინტროვერტია”, ანუ მთლიანად საკუთარ იდეებზე, პრობლემებზე, გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული. ის ტიპური თანამედროვე მოაზროვნეა, რომელიც რეალობის ხედვაში ორიგინალობას ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მას ძლიერი ინდივიდუალობა (ინდივიდუალიზმი) და თვითანალიზის (სუბიექტივიზმი) მტკიცე ნდობა ახასიათებს. ინდივიდუალიზმი და სუბიექტივიზმი დეკარტში პიონერობის, მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობის სიამაყეს ბადებს. აქედან მომდინარეობს მისი გულგრილი დამოკიდებულება ისტორიისა და ტრადიციისადმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმდროინდელ აზროვნებაში გავრცელებულ მიმართულებებს (ოკამიზმი, სუარესის ფილოსოფია, მეცნიერული სული, პროტესტანტული თავისუფალი შეფასება) – საერთოდ არ მოუხდენია მასზე გავლენა. ყველა ამ გავლენის გათვალისწინებით დეკარტი ახლისკენ მიმართული რეფორმატორია. ნაშრომში ,,მეთოდზე მსჯელობა” ის აცხადებს, რომ, როგორც მშენებლობაშია სასურველი ახალი სახლის აგება, ძველის გადაკეთებისა და განახლების ნაცვლად, ასევე ფილოსოფიაშიც უკეთესია სრულიად ახალი მიმართულების ჩამოყალიბება, ვიდრე არსებულის შესწორება.

ნააზრევი

ეჭვი და თვითცნობიერება

ახალი ფილოსოფიის შესაქმნელად დეკარტი უეჭველობამდე მისასვლელად ეჭვს იღებს ამოსავალ წერტილად (საუბარია არა სკეპტიკურ, არამედ მეთოდურ ეჭვზე) და სხვადასხვა მიზეზი მოჰყავს ეჭვის გასამართლებლად.

Cogito

სწორედ უეჭველობათა სიცარიელეს მოაქვს ძირეული უეჭველობა, რომლის წინაშეც ყოველი წინააღმდეგობა უძლურია. და ბნელი ნათლად იქცევა. ეჭვის განცდისას ადამიანი აუცილებლად გრძნობს ამ მდგომარეობას. ვერავინ უარყოფს, რომ ეჭვის განცდისას ადამიანს ეჭვის შეგნება აქვს. ეჭვის შეგნებას დეკარტი ,,აზროვნებას” (cogitare) უწოდებს. ამ დროს ეჭვის რადიკალურ სიცარიელეში ბრწყინდება აზრი, ეჭვის შეგნება. აზრის უეჭველობა ყოველი პოზიციის უბი ცონსისტამ, ანუ ურყევი საფუძველია. და შეცნობილი რეალობის საერთო დაცემაში ეს უეჭველობა ნამდვილად მყარი რეალობაა. აზროვნების უეჭველობა რეალობის უეჭველობაა: Cogito, ergo sum.

თანამედროვეთა ბრალდებების საწინააღმდეგოდ, აზროვნება (Cogito) სილოგიზმი კი არა, ინტუიციაა. ინტუიციაზე დამყარებული თვითცნობიერების თეზისი დეკარტის ფილოსოფიაში იდეისთვის ცენტრალური როლის მიკუთვნებას უკავშირდება.

აზროვნება, როგორც ინტუიცია

ერთი შეხედვით, Cogito თავისი ფორმით ენტიმემა, ანუ შემოკლებული სილოგიზმია (ვინც აზროვნებს, არსებობს; მე ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ). ამიტომაც ზოგი მოწინააღმდეგე დეკარტს საყვედურობდა petitio principii-ს, ანუ ისეთი მსჯელობის გამოყენებას, რომლითაც რეალურად წინაპირობის სახით არსებულის დამტკიცებას ცდილობენ. როდესაც ვამბობთ, ,,მე ვაზროვნებ”, ვგულისხმობთ ,,მე აზროვნების უნარი მაქვს”, ან ,,მე ვარსებობ და ახლა ვაზროვნებ” და ამ წინაპირობაში უკვე არის დასკვნა – ,,მე ვარ”). დეკარტი ენერგიულად უარყოფდა იმას, რომ Cogito სილოგიზმია. მისთვის ყოველივე ინტუიციის, ანუ მყისეული წვდომის ობიექტია, თუმცა მის გამოთქმებში ერთგვარი დასკვნა თუ მსჯელობა შეიმჩნევა, რადგანაც, ფილოსოფოსის მტკიცებით, მისთვის ცხადი იყო: რომ იაზროვნო, საჭიროა, არსებობდე. ზემოთ მოცემულ ფორმულაში ,,მაშასადამე” (ergo) წინაპირობათაგან მომდინარე დასკვნას კი არ გამოხატავს, არამედ ubi consistam-ის (ანუ ყველა უეჭველობის დაცემის შემდეგ მყარი საფუძვლის) პოვნის კმაყოფილებას. Cogito ergo sum ამ უფრო გრძელ ფორმულას უტოლდება: ,,ვეჭვობ… და ვერცერთი რეალობა ვერ გადარჩება; გადარჩება მხოლოდ ეჭვის შეგნება, აზრი; აი, ბოლოსდაბოლოს (=მაშასადამე) რეალობა, რომელიც არსებობს”. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ,,ვფიქრობ და, აი, ვარსებობ”. ლათინურად: ,,cogito, ecce sum”.

აზრის ცენტრალურობა

ყოველივე ზემოთქმული ნიშნავს, რომ დეკარტისთვის ახლანდელი და საინტერესო რეალობა აზრია. ,,მე, ვინც თავს მოაზროვნედ ვგრძნობ, სწორედაც ვარ მოაზროვნე რეალობა, ანუ რეალობა, რომელშიც ყოფნა და აზრი ერთმანეთს ემთხვევა. მე, ადამიანი,-განაგრძობს დეკარტი,-ვარსებობ, და ვარსებობ, რადგანაც ვაზროვნებ. მაშასადამე, ჩემი ადამიანურობის საწყისი, სამშვინველი, აზრია – ის, რაც აზროვნებს, რადგანაც აზრისგან შედგება: res cogitans ანუ cogitatio”.

ამგვარად, ეჭვი თვითცნობიერების მიერ დაიძლევა, რომელიც თვით ეჭვის იმანენტური, შემადგენელი შინაგანი ნაწილია: ეჭვის დაშვებით თვითცნობიერებას ვუშვებთ, რაც თვითცნობიერების სრულ დაურღვევლობას გვაძლევს.

თვითცნობიერება და სამშვინველი, როგორც აზრი

დეკარტის ფილოსოფიაში თვითცნობიერებას რეალობა აზრამდე დაჰყავს, რამდენადაც ერთადერთი უეჭველი რეალობა არის აზრი, როგორც ეჭვის შეგნება. ადამიანი უფრო სამშვინველია, სამშვინველი კი უფრო აზრია, რომელიც ვერაფერს ხედავს (=არ შეიგრძნობს ინტუიციით), საკუთარი თავის გარდა. Cogito ინტუიციაა, კერძოდ, საკუთარი თავის ინტუიცია.

მეთოდი და მათემატიზმი

მოპოვებული ჭეშმარიტება ,,მე ვარ მოაზროვნე სუბსტანცია” დეკარტისთვის ,,ცხადი და გარკვეული იდეა” იყო, რაც ნიშნავს, რომ დამკვირვებლისთვის ნათელი იყო ამ წარმოდგენის იდენტობა და რაიმე სხვისგან მისი განსხვავება. აქედან დეკარტს გამოჰყავს აქსიომა: ჭეშმარიტია ყველაფერი, რასაც ცხადად და გარკვევით ვხედავ. აქედანვე გამომდინარეობს დეკარტის მეთოდიც: მთელი ფილოსოფია მხოლოდ ცხადი და გარკვეული იდეებით უნდა მოქმედებდეს, ამგვარად იქცევა ის სარწმუნო მეცნიერებად. ფილოსოფიაში გეომეტრიის მსგავსი მეთოდი უნდა დაინერგოს, სადაც არსებობს მარტივი სიდიდეები, რომელთა კომბინირება, თვლა და მათემატიკურ ტოლობამდე დაყვანაა შესაძლებელი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ სულს მარტივი, პირველადი, ცხადი და გარკვეული წარმოდგენები გააჩნია. დეკარტის მტკიცებით, სულს ამგვარი წარმოდგენები ნამდვილად გააჩნია და ეს ,,თანშობილი” იდეებია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სამი იდეა: იდეა უსასრულო სუბსტანციის, ანუ სრულყოფილი ყოფნის შესახებ, რომელიც თავისთავად არსებობს და რომელსაც ღმერთი ეწოდება; განფენილობის, ანუ სხეულისა და არაგანფენილის, ანუ მოაზროვნე სუბსტანციის, ცნობიერების იდეა. მაგრამ არსებობს ასევე სხვა თანშობილი იდეებიც: რიცხვი, დრო, ადგილი, მოძრაობა, ფიგურა, უპირველეს ყოვლისა, ის, რაც მათემატიკური ტერმინოლოგიით გაიაზრება და ,,სიმარტივემდე” შეიძლება იქნას დაყვანილი. შემეცნებას რაც შეეხება, დეკარტს მიაჩნია, რომ სარწმუნო და ყოფნის პირველადი თვისებაა ყველა ის შეგრძნება, რომელიც რაიმე მათემატიკურად გააზრებადს შეიცავს განფენილობის, ფიგურისა და რიცხვის მეშვეობით. როდესაც ეს შეუძლებელია, მაგალითად, როგორც ფერთა, ბგერათა, მწარისა და ტკბილის, ცხელისა და ცივის შეგრძნებისას, ასეთ შემთხვევებში მეორად ცნებებზეა საუბარი. ეს ცნებები ცრუ არ არის, მათაც შეესაბამება ,,რაღაც მართალი”, მაგრამ ისინი საგნებს არსებული სახით არ წარმოგვიდგენენ. ეს ცნებები მხოლოდ სუბიექტურია, პირველადები კი ობიექტური ცნებებია.

თანშობილობა და იდეათა კლასები

,,მე”-ს, როგორც აზრის, ცნება გულისხმობს, რომ აზროვნება სამშვინველის შინაგანი, იმანენტური თვისებაა. ასეთ შემთხვევაში ყოველი იდეა თანშობილი უნდა იყოს. მართლაც, დეკარტი ნატივიზმისკენ იხრება, თუმცა ის მაინც განასხვავებს იდეებს, ანუ საგანთა წარმოდგენებს და მათ თანშობილთა, შეძენილთა და ფიქტიურთა (ანუ, რთულ ხატებათა, მაგ. იპოგრიფი) ჯგუფებად ყოფს. ძირითადი იდეები, რომელთა შესახებაც ფილოსოფია და მეცნირებანი საუბრობენ, თანშობილია და განსჯის საგანს წარმოადგენს.

დეკარტმა ჩამოაყალიბა ოთხი ძირითადი წესი, რომელთა მიხედვითაც უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება:

ა) სიაშკარავე. არასოდეს ჩათვალოთ ჭეშმარიტად რაიმე (დებულება), თუ მასთან დაკავშირებული ცხადი და გარკვეული იდეის სიაშკარავეს არ გრძნობთ. ეს სიაშკარავის წესია.

ბ) ანალიზი. ცოდნა მის საწყის შემადგენელ ელემენტებად უნდა დაიშალოს, რათა მთლიანობა ცხადი და გარკვეული გახდეს მისი შემადგენელი ელემენტების მეშვეობით. ეს ანალიზის წესია.

გ) სინთეზი. კვლავ ერთად შეკრიბეთ საწყისი ელემენტები ისე, რომ ისეთივე აშკარა მთლიანობა მიიღოთ. ეს სინთეზის წესია.

დ) ჩამოთვლა. ჩამოთვალეთ პროცესების შემადგენელი ელემენტები და მომენტები, რათა უკეთ გამოიკვლიოთ ისინი სიაშკარავის მისაღწევად. ეს ჩამოთვლის წესია.

შეცდომა

სიაშკარავის პრინციპი დეკარტს შეცდომის შესახებ თავისი თეორიის ჩამოსაყალიბებლად სჭირდება. შეცდომა არ შეიძლება ინტელექტიდან მომდინარეობდეს, რადგანაც მას ცხადი და გარკვეული იდეები გააჩნია. შეცდომა ბუნდოვანი და გაურკვეველი ცნებების არსებობით აიხსნება, რომლებიც მსჯელობათა შედგენაში მონაწილეობენ. ბუნდოვანი და გაურკვეველი ცნებებისაგან შემდგარ მსჯელობებში კი ნებაც მონაწილეობს. ინტელექტის (რომელიც მხოლოდ ცხად და გარკვეულ იდეას ექვემდებარება) გადაწყვეტილების არქონის შემთხვევში მის ადგილს სურვილის გადაწყვეტილება იკავებს, რომელსაც შეუზღუდავი მიდრეკილებები აქვს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი