ნონა ხიდეშელი:,,თავისუფლება არ არის იდეა, თავისუფლება – ცნობიერების მდგომარეობაა”

0
542

მერაბ მამარდაშვილი, დროის შესაბამისად ცხოვრებაზე მსჯელობისას, საუბრობდა ოცნების-რეალობისგან  და სიცოცხლის-სიკვდილისგან გარჩევის უნარზე, რომ, აუცლებელი არაა ფიზიკურად იყო მკვდარი,   არსებობს სულიერი, ფსიქოლოგიური სიკვდილიც, როდესაც ზომბივით ცხოვრობ და თუ, ზომბის ხასიათი  ცხოვრების წესად იქცა, რაციონალური კრიტიკით მისი დანგრევა შეუძლებელია. თუ პიროვნებებს არ შესწევთ  უნარი, წინ სარკე დაიდგან და საკუთარ ანარეკლს გულის რევამდე უყურონ, საკუთარ თავში ვერ აღმოაჩენენ აუცილებელ შინაგან ძალას რაიმე ცვლილებისთვის, და კვლავ გააგრძელებენ ცხოვრებას ლანდების სამყაროში, რომელიც სისხლით საზრდოობს.

აუცილებელია საკუთარი აზროვნებით აზროვნება, როცა ფლობ შინაგან უნარს და სხვისი დახმარების გარეშე უძღვები საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას. ადამიანამა უნდა მოიკრიბოს ძალა და ის მოცემული წამი დაიჭიროს, სადაც თვითრეალიზაციაა შესაძლებელი და თვითრეალიზაცი მხოლოდ მარადიულ აწმყოში ხდება . აუცილებელია ვისწავლოთ სწავლის გარეშე ამბობდა იგი, შიშვლად, უბრალოდ და უშუალოდ, როგორც ამას ჭეშმარიტად მოაზროვნე ხალხი აკეთებს, ვინც გაბედა და გამოვიდა თავისი ნაჭუჭიდან და შეიცნო სიცოცხლის საფრთხე. მათ ისწავლეს სამყაროს წიგნიდან და არა იმ წიგნებიდან, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ადამიანი _ არის დროში შეჩერებული, დროში დაკიდებული ძალისხმევა, მუდმივი შენელებული მცდელობა, ადამიანად გახდომისა.

ადამიანად გახდომა შეუძლებელია სხვისი მიბაძვით, ნიმუშებისა და სტერეოტიპების მიხედვით ცხოვრებით, დისციპლინით, იდეალებისა და იდეოლოგიების შექმნით, რადგანაც იყო ადამიანი, ნიშნავს იყო საკუთარი აზროვნებით მოაზროვნე არსება, რომელიც საკუთარ თავს შინაგანი წყაროებიდან ქმნის, თავისი შრომით, თავის თავთან ბრძოლით, პირადი გამოცდილებითა და განცდებით და არა უსიცოცხლო კერპების თაყვანისცემით.

ადამიანად ყოფნისთვის უმნიშვნელოვანესი  შინაგანი თავისუფლებაა  და რა არის თავისუფლება, თუ არა გათავისუფლება ყველაფრისგან, რაც მე არ მეკუთვნის და რაც ჩემგან არ ამოიზარდა, უპირველეს ყოვლისა სტერეოტიპული ცოდნისგან, რაც მიღებულია არა სამყაროს წიგნიდან, არამედ შექმნილია საუკუნეების მანძილზე არსებული საგანმანათლებლო, იდეოლოგიური თუ სისტემური მეთოდებისგან, ტრადიციებისგან, რაც წარსულიდან მოდის, დროთა განმავლობაში არაცნობიერ სფეროში ილექება და ნელ-ნელა ჩვენს ცნობიერებას თავის ყალიბსა და ფორმას აძლევს, ზღუდავს,  ჩარჩოებში აქცევს . “ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, ამბობდა ფილოსოფოსი, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში, ცოდნაში რომ დაგროვდა, საბჭოურად დაპატარავებულებმა, ენერგიადაშრეტილებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში”

თავისუფლება არ არის იდეა, თავისუფლება _ არის ცნობიერების მდგომარეობა, როდესაც უარყოფ ყველა იდეას, სთერეოტიფს, იდეალსა და ნიმუშს, თავისუფლდები ყველა ტიპის იდენტობისა  და ფსიქოლოგიური მიჯაჭვისგან, რაც წყაროა ყველანაირი ტკივილის, წუხილის, არეულობისა და ქაოსის.

ზედაპირული ურთიერთობები და დამოკიდებულებები, ზოგადად ზედაპირული აზროვნება, რაც ასე თვალშისაცემია, სწორედ თავისუფლების არარსებობის შედეგია, რადგანაც ზედაპირულ აზროვნებას, უპირველს ყოვლისა იწვევს სხვაზე დამოკიდებულება და მოლოდინი, რომ ვიღაც ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს პრობლემებს.

რელიგიური ადამიანი დამოკიდებულია რელიგიურ სისტემაზე, მის დოგმატიკაზე, წესებსა და რიტულებზე, რაც სხვა ადამიანებმა შექმნეს და მისი საზრუნავი მხოლოდ ამ წესების ზედმიწევნით  შესრულებაა.   პოლიტიკური პარტიის წევრი, მოქმედებს პარტიული წესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სისტემისა და იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანი, შემოფარგლულია ძირითადად  ამ სისტემისა და იდეოლოგიის ქვეშ არსებული რეალობით და თავს სრულიად კომფორტულად გრძნობს, რადგანაც კოლექტიური არსებობა თავისებურად უსაფრთხოების გარანტია. მერე რა, რომ ინდივიდი დაკარგულია, რომ პიროვნება ვეღარ იზრდება და ვითარდება თავისი  ინდივიდუალური  გზით, მთავარი მატერიალური  კმაყოფილება და უსაფრთხოებაა..

საბჭოთა ადამიანი ამის კლასიკური ნიმუშია, მას საკუთარი, დამოუკიდებელი აზროვნება არაფერში სჭირდებოდა, მის მაგივრად “პარტია” ფიქრობდა და აზროვნებდა,  რაღაც ზეადამიანური და მაგიური ორგანო,   რომლის იდეოლოგიური  მამები, საბჭოთა ადამიანისთვის ერთგვარი უნივერსლური არსებები  იყვნენ, ყველა იდეალური თვისებით შემკული.

დღეს, საბჭოეთის დანგრევიდან ოცი წლის შემდეგ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ აზროვნება ისწავლეს, თავისუფლება მოიპოვეს და თავი  დააღწიეს იდეოლოგიურ მონსტრს, მათი სულებით რომ იკვებებოდა. ესეც  მორიგი ილუზია, რომელსაც ზედაპირული გონება გვთავაზობს. იდეოლოგიები, იდეები და სტერეოტიპები, ისე ღრმად იჭრება ადამიანის ფსიქიკაში, ისე ღრმად იდგავს ფესვებს, რომ მათგან გათავისუფლება უდიდეს შინაგან შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

უპირველს ყოვლისა,  უნდა ვაღიაროთ მათი არსებობა, უნდა დავინახოთ და გავაცნობიეროთ ჩვენი ცნობიერების შეზღუდული და ფრიად სავალალო მდგომარეობა. იდეოლოგიამ, ამბობდა მამარდაშვილი, თავისი შინაგანი კანონების თანახმად, უნდა მიაღწიოს ისეთ წერტილს, სადაც მისი ეფექტი გაიზომება არა იმით, თუ რას დააჯერებს იგი ადამიანს, არამედ იმით, თუ რას არ აფიქრებინებს მას.

აუცილებელია საკუთარ თავთან დარჩენა,  სიღრმისეული დაკვირვება და გააზრება თუ რა ხდება ჩვენს გონებაში, როგორია ჩვენი ფიქრები, აზრები, დამოკიდებულებები როგორც ადამიანებთან, ისე ნივთებთან, იდეებთან, საზოგადოებრივ აზრთან, ღირებულებებთან და ა. შ.

ჩვენ კვლავ აღმოვჩნდით ვერბალურად ტრანსფორმირებულ სივრცეში, სადაც მხოლოდ სიტყვები, იდეები და ლოზუნგები შეიცვალა ემპირიულად, შინაგანად კი  ჩვენს ცნობიერებაში არაფერი შეცვლილა, უპრობლემოთ მოვირგეთ სხვა, უფრო ჰუმანური ნიღაბი და მშვიდად გავაგრძელეთ   მთვლემარე ცხოვრება.

მოდერნული აზროვნების რაციონალობა ნიშნავს იმას, რომ, სუბიექტის წინაშე მდგარ ყველა საკითხთან მიმართებით თავად სუბიექტს  შეუძლია შექმნას ხელახლა “ცოდნა”,  ამბობდა მამარდაშვილი, როგორც ძალა, როგორც ძალაუფლება. ე.ი. მას შეუძლია შექმნას საკუთარი პიროვნული არავერბალური არსებობა, აქტიური ყოფიერება და არც ერთი წერტილი, არ არის რომელიმე სხვა მთლიანობის შემადგენელი ნაწილი.

ხელახალი ცოდნა, რაზეც ფილოსოფოსი საუბრობს, არის ცოდნა, რომელიც პირადი გამოცდილებით იქმნება მარადიულ აწმყოში, ანუ ახლა. არც ხვალ და არც ზეგ რეალურად არაფერი ხდება, სიცოცხლე არსებობს მარადიულ “ახლა”-ში, იმ მომენტში სადაც ცნობიერად იმყოფები, სადაც შეგიძლია შეიგრძნო საკუთარი არსებობა, დაინახო და გააცნობიერო როგორც შინაგანი, ისე გარე სამყარო. როგორც ფილოსოფოსი ამბობდა, თუკი აღდგები_მხოლოდ ამ სიცოცხლეში და თუკი არ აღდგები ამ ცხოვრებაში, მაშინ არასოდეს აღდგები, _ თუკი ამ განგრძობით აქტში   ცოცხალი მდგომარეობები არ აღადგინე,  სხვა ცხოვრება ამ ცხოვრების  შემდეგ კი არაა, არამედ ამ ცხოვრების მიღმაა.

ეს არის სამყაროს ხედვის ერთგვარი უნარი, როდესაც აცნობიერებ რომ, თუ არსებობ ახლა, ამწუთს, ე.ი. ნამდვილად არსებობ და ეს არსებობა მარადიულობაა. ეს არის აზროვნების სივრცე, საიდანაც სარკმელს უსასრულობაში გაყავხარ და ეს მარადიულობა სხვა ცხოვრებაში ან სიკვდილი მერე კი არ  დგება, არამედ ცნობიერების მიღმაა, და იქ ან “ახლა” მოხვდები,  ან არასოდეს. ესაა ჩვენი არსებობის არავერბალური სივრცე, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ჩვენს რწმენა-წარმოდგენებთან, ჩვენს იდეებთან და სისტემებთან, ჩვენს წარსულთან და მომავალთან, წესებთან და ტრადიციებთან.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი