ნონა ხიდეშელი:,,დაპირისპირებულობის განცდის გარეშე მთლიანობის განცდაც შეუძლებელია”

0
575

იუნგი აღნიშნავდა, რომ დაპირისპირებულობის განცდის გარეშე მთლიანობის განცდაც შეუძლებელია, სწორედ ამ მიზეზის გამოა ეკლესია ასე დაჟინებით რომ ამახვილებს ყურადღებას პირველ ცოდვასა და ადამიანის ცოდვილ ბუნებაზე, რათა თითოეულ ინდივიდში დაპირისპირებულობის უფსკრული  წარმოჩინდეს.

თვითდაკვირვების პროცესი, რაზეც გამუდმებით ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმის დანახვასა და გაგებას თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა ობიექტურ რეალობასა  და ჩვენს წარმოსახვაში არსებულ “რეალობას” შორის. შოპენჰაუერი თავის ნაშრომში, “სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა” ცდილობდა აეხსნა, რომ სამყაროს, რომელსაც ფილოსოფია ერთ მთლიანობაში მოიაზრებს, ორი ასპექტი აქვს, სამყარო _ როგორც წარმოდგენა, ანუ არა ისეთი როგორიც ის რეალურადაა, ობიექტურად, არამედ როგორიც წარმოუდგენია ის ადამიანს და სამყარო _ როგორც აბსოლუტურად თავისთავადი, ობიექტური, როგორიც იგი რეალურადაა და ამას იგი უწოდებს_ნებას.

მისი აზრით, ცნობიერება განპირობებულია რაღაც ყალიბისგან, რომელიც ობიექტურ სინამდვილეს ისეთ ფორმებს აძლევს, როგორი ფორმებიც მასში აპრიორულადაა მოცემული და შესაბამისად საგანი ან მოვლენა აღიქმება არა ისე, როგორც ის ობიექტურადაა, არამედ რისი აღქმაც   განპირობებულ გონებას შეუძლია.

საკუთარი თავის შეცნობის პროცესში, ხდება სწორედ იმ ილუზიებისა და წარმოსახვების აღმოჩენა და გაგება, რაც ასე ეღობებიან წინ სინამდვილის მიღებას და გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც შოფენჰაუერი ამბობდა, წმინდა სუბიექტურიდან წმინდა ობიექტურში გადასვლით და გაორების გადალახვით, ადამიანი ერთ მთლიან პიროვნებად იქცეს.  თვითშემეცნების გარეშე, შეუძლებელია ნამდვილი “მე”-ს აღმოჩენა, ისევე როგორც საკუთარი თავის “არჩევა” და ბუნებრივი განვითარების იმ ერთადერთი გზის პოვნა, რომელიც ადამიანს ჭეშმარიტად ინდივიდუალურ, თვითმყოფად არსებად აქცევს.

ინდივიდუალური _ ადამიანს შეიძლება მაშინ ეწოდოს, თუ იგი საკუთარი თავის გაუცხოებული მდგომარეობიდან, თავის თავთან დაბრუნებას შეძლებს. ასეთი ადამიანი, კირკეგორის თქმით, თავის “ზოგადადამიანურობას” განახორციელებს.  როგორც იგი აღნიშნავდა, ეს არის სინდისის საიდუმლო,  ინდივიდუალური ცხოვრების საიდუმლოება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ცხოვრება არის ერთსა და იმავე დროს ინდვიდუალურიც და ზოგადადამიანურიც.

ჩვენ თუ ნამდვილად გვსურს, ამ “ზოგადადამიანური”  ფასეულობების დამკვიდრება და არა მხოლოდ ლოზუნგების დონეზე მათი გამოყენება, რაც ხდება ზოგადად, თოთოეულმა ადამიანმა, ყოველმა პიროვნებამ ჯერ საკუთარი ცნობიერების ტრანსფორმაციისთვის უნდა იზრუნოს. სამყარო თავისთავად არც ცუდია და არც კარგი, ის ისეთია, როგორიც ჩვენ ის შევქმენით.

ცხოვრება არ არის რაღაც ზოგადი  ცნება, ის შედგება ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობებისა და დამოკიდებულებებისგან, ჩვენი ფიქრებისა და სურვილებისგან, ამბიციების, მისწრაფებების, ვნებებისა და კომპლექსებისგან, ის ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ სინამდვილეში ვართ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი