ფრენსის ბეკონი სიკვდილის შესახებ

0
187

ფრენსის ბეკონი (1561-1626) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ახალი დროის მატერიალიზმისა და ექსპერიმენტული მეცნიერების ფუძემდებელი. მეფე იაკობ I-ის დროს მიაღწია მაღალ თანამდებობას სახელმწიფოში, გახდა ლორდ-კანცლერი. ბეკონს ეკუთვნის ცნობილი ტრაქტატი „ახალი ორგანონი“ (1620 წ.), რომელშიც განავითარა მეცნიერების ამოცანების ახალი გაგება და მეცნიერული ინდუქციის საფუძვლები. გამოაცხადა, რომ ცოდნა მიზანს მიაღწევს, თუ მეცნიერება შეძლებს გააძლიეროს ადამიანის ბატონობა ბუნებაზე. ამასთან, ბეკონი თვლიდა, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალუძს მხოლოდ იმ მეცნიერებას, რომელსაც შეუძლია მოვლენათა ჭეშმარიტი მიზეზების წვდომა, ამიტომაც იგი გამოდიოდა სქოლასტიკის წინააღმდეგ.

ხალხს ისე ეშინია სიკვდილის, როგორც პატარა ბავშვებს სიბნელის და როგორც ბავშვებს უძლიერდებათ ეს თანდაყოლილი შიში ზღაპრებით, ზუსტად ასევეა სიკვდილის შიშიც. ცხადია, ფიქრი სიკვდილზე როგორც ცოდვებისათვის სასჯელზე და სხვა სამყაროში გადასვლაზე ღვთისმოშიშურია. მაგრამ, შიში სიკვდილისა როგორც ბუნების გარდაუვალი ხარკისა არის სისუსტე. თუმცა კი, ღვთისმოსაობაში სიკვდილზე ფიქრი გარკვეულწილად ამაოებასა და ცრურწმენაში ირევა. ზოგიერთი ბერმონაზვნის თხზულებებში მოკვდავთა ტანჯვის შესახებ ჩვენ მოგვაგონებენ თუ როგორია ტკივილი, რომელსაც შეიგრძნობს ადამიანი თუნდაც მისი თითის წვერის წვალებისას და როგორი იქნება, შესაბამისად, სიკვდილის ტანჯვა, როცა ინგრევა მთელი სხეული. სხვათა შორის, სიკვდილი ხშირად უფრო ნაკლებად მტანჯველია, ვიდრე სხეულის ერთი ნაწილის დაზიანება, რამდენადაც სიცოცხლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები არ არიან ყველაზე მგრძნობიარენი. „სიკვდილის ატრიბუტები სიკვდილზე უფრო გვაშინებენ“ — ეს სიტყვები თავის თავში გულისხმობენ როგორც ფილოსოფიურ, ისე ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას. კვნესა, კრუნჩხვა, ფერმკრთალი სახე, მეგობართა ცრემლები, გლოვა, ძაძები, დაკრძალვა და სხვა — აი, რისგან გარდაიქმნება სიკვდილი საშინელებად.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ადამიანის სულში არ არის ისეთი თუნდაც ყველაზე სუსტი ვნება, რომელიც ვერ დაამარცხებდა სიკვდილის შიშს, შესაბამისად, სიკვდილი არ შეიძლება იყოს ესოდენ საშიში მტერი, რამდენადაც ადამიანს ჰყავს მთელი ლაშქარი, რომელსაც ძალუძს მისი დამარცხება. შურისძიება იმარჯვებს სიკვდილზე, სიყვარულს ეზიზღება ის, დიდება იხმობს მას, მწუხარება მასში ეძებს თავშესაფარს, შიში წინ უსწრებს მას. ხოლო, როდესაც იმპერატორმა ოტონმა თავი მოიკლა, სიბრალულმა — გრძნობათაგან ყველაზე სუსტმა — სიკვდილისკენ უბიძგა მრავალ ადამიანს იმპერატორისადმი თანაგრძნობისა და ერთგულების ნიშნად. აქვე სენეკა უმატებს ახირებულობასა და მოყირჭებას: „გაიხსენე, რამდენი ხანი აკეთებდი ერთსა და იმავეს; არა მხოლოდ მამაცებსა და უბედურებს სურთ სიკვდილი, არამედ ახირებულებსაც“. აკი არსებობს სიკვდილისთვის მზადმყოფი ადამიანი, თუმცა არა იმიტომ, რომ მამაცია ან უბედური, არამედ იმიტომ, რომ ერთფეროვნებამ თავი მოაბეზრა. შენიშნეთ ასევე ისიც, თუ რა უმნიშვნელოდ მოქმედებს სიკვდილის მოახლოვება ძლიერ სულებზე, რამდენადაც თითოეული მათგანი ბოლომდე რჩება ისეთი, როგორიც იყო. კეისარი ავგუსტუსი ქათინაურის თქმისას მოკვდა: „ლივია, გახსოვდეს თუ როგორ ვცხოვრობდით ერთად, მშვიდობით!“; ტიბერიუსი — ფარისევლობისას; როგორც ტაციტუსი ამბობს:  „ტიბერიუსის სხეული მიატოვეს ფიზიკურმა და სასიცოცხლო ძალებმა, თუმცა ვერა და ვერ მიატოვა ფარისევლობამ“; ვესპასიანე — ხუმრობისას, სკამზე მჯდარი:„როგორც ჩანს, მე ვხდები ღმერთი“; გალბა — სიტყვის წარმოთქმისას, როცა მკვლელს კისერს უშვერდა: „მოკვეთე, თუ რომაელ ხალხს ასე ჭირდება“; სეპტიმუს სევერუსი — ფაციფუცისას:„მომიახლოვდი თუ რამე დამრჩება გასაკეთებელი“ და სხვ.

უდავოა, რომ სტოიკოსები გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობდნენ სიკვდილს და მისთვის განსაკუთრებული მზადებით კიდევ უფრო საშიშს ხდიდნენ მას. მე უფრო მომწონს ის, „ვინც მიიჩნევს სიკვდილს როგორც ბუნების ერთ-ერთ საჩუქარს“. სიკვდილი ისევე ბუნებრივია, როგორც დაბადება; ხოლო ჩვილისთვის, შესაძლოა, პირველი ისევე მტკივნეულია, როგორც მეორე. ის, ვინც განსაკუთრებული საქმისთვის კვდება ფიცხელ ბრძოლაში დაჭრილს ჰგავს, რომელიც დასაწყისში ძლივს გრძნობს ტკივილს. ამიტომაც, ვინც შთანთქმულია კეთილი ზრახვებით, ის ჭეშმარიტად თავისუფალია სიკვდილის ტანჯვისაგან. თუმცა, დამერწმუნეთ, ყველაზე საამურად ჟღერს ჰიმნი „აწ განუტევებ“, როდესაც ადამიანმა მიაღწია ღირსეულ მიზანს და გაამართლა მოლოდინი. სიკვდილს კიდევ ერთი რამ გააჩნია — ის აღებს დიდების კარს და აცხრობს მოშურნეს: „მხოლოდ სიკვდილს ურიგდება შური“..

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი