ოშო:,,ჩემი გაგება მხოლოდ ახალ ადამიანს შეუძლია, ადამიანს, რომელმაც გააცნობიერა ყოფიერების ტოტალურობა”

0
336

შენ ცნობილი ხარ მთელ მსოფლიოში როგორც ტანტრას ოსტატი ან სექს-გურუ, თუმცა იმ სამი წლის განმავლობაში, რომელიც შენს აშრამში გავატარე, მე არა მხოლოდ ყველაზე ნაკლებად მქონდა სექსი, ვიდრე ოდესმე ცხოვრებაში, არამედ ყველაზე ნაკლებსაც ვფიქრობდი და გარშემომყოფებისგანაც ნაკლებად მესმოდა ამის შესახებ. შეგიძლია აგვიხსნა ეს წინააღმდეგობა?

სწორედ რამდენიმე დღის წინ ჟურნალ „სინე ბლიცში“ სათაურს წავაწყდი, რომელიც ამბობდა, რომ მე სულიერი სამყაროს ჰიუ ჰეფნერი* ჟურნალ „პლეიბოის“ დამფუძნებელი ვარ. რისი თქმა უნდათ მათ?

დიახ, მე გასწავლით, როგორ შეხვიდეთ ღრმად სიყვარულში. მე ასევე გასწავლით, როგორ შეხვიდეთ ღრმად სექსში, რადგანაც ეს მის საზღვრებს მიღმა გასვლის ერთადერთი საშუალებაა. მასში გავლა – მისი საზღვრების გადალახვის ერთადერთი საშუალებაა. და ჩემი მიზანია – გაგიყვანოთ საზღვრებიდან. პრობლემა იმაშია, რომ ჩემი კვლავ და კვლავ არასწორად ესმით მთელს მსოფლიოში.

ადამიანები მიეჩვივნენ წარმოდგენას, რომ თუ თქვენ რელიგიური ხართ, სექსის წინააღმდეგ უნდა იყოთ. თუ სექსის წინააღმდეგ არ ხართ, როგორ შეგიძლიათ იყოთ რელიგიური? ეს წარმოდგენა მყარად გაჯდა ადამიანთა გონებაში. მე ვანგრევ ყველა ამ წარმოდგენას და არ ველოდები, რომ სამყარო მყისვე უარს იტყვის ამ ღრმად ფესვგადგმულ იდეებზე. ამიტომაც არ ველოდები, რომ გამიგებენ. როცა არასწორად ესმით ჩემი, მშვენივრად მესმის, რატომ ხდება ეს. მე არ მაქვს უსაფუძვლო იმედები, წლები ან საუკუნეები გავა, სანამ მე გამიგებენ. ასე ხდება ყოველთვის.

მე ცხოვრების ახალ ხედვას ვქმნი. ეს ხედვა ისეთი ახალია, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ კატეგორია, რომელსაც მას მიაკუთვნებდნენ, ამიტომაც ყველა შფოთავს. მაჰატმა მორარჯი დესაი შფოთავს, რადგანაც იგი სექსუალურად დათრგუნულია, უმაღლეს დონეზე დათრგუნული, მას არანაირი გაგება არ გააჩნია. ის უბრალოდ თრგუნავს თავის სექსუალობას.

მისი ისტორია ასეთია, რომ როდესაც ახალგაზრდა იყო, – ახალგაზრდა კი სამოცი წლის წინ იწყო, – ერთმა მამაკაცმა მის სოფელში თავისი და გააუპატიურა. ამან დიდი შოკი გამოიწვია მასში და გადაწყვიტა, რომ ასეთი საშინელი დანაშაულის მიზეზს სექსი წარმოადგენს. სინამდვილეშ მიზეზი უმეტესწილდ დათრგუნვაა; წინააღმდეგ შემთხვევაშ ვის მოუვა თავში საკუთარი დის გაუპატიურება? დების მიმართ, როგორც წესი, არ გრძნობენ ლტოლვას. მასთან გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთ სახლშ იზრდებიან. თუ ადამიანი სექსუალობას არ თრგუნავს, საკუთარი დისადმი ლტოლვა ძნელია, თითქმის შეუძლებელია.

სიყვარული ყოველთვის არანაცნობთან, გამოუცნობთან ჩნდება. ნაცნობი მობეზრებას, მოყირჭებას იწვევს. როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი და? მაგრამ ეს ადამიანი, როგორც ჩანს ღრმა დათრგუნვით ცხოვრობდა; შესაძლოა მას ერთი ქალიც კი არ ჰყოლია ცხოვრებაში. როგორც ჩანს, იგი სასოწარკვეთილი იყო. მაგრამ დასკვნა, რომელიც მორარჯიმ გამოიტანა, ასეთი იყო: სექსი – ნებისმიერი დანაშაულის მთავარი მიზეზია. თუ იგი იმდენად შლის ადამიანს ჭკუიდან, რომ მას საკუთარი დის გაუპატიურებაც კი შეუძლია, ეს ნიშნავს, რომ იგი ნებისმიერი დანაშაულის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მან გადაწყვიტა, რომ არასოდეს ჰქონოდა სექსი – არა რელიგიური მიზეზების გამო, არა სულიერი მიზეზების გამო – და მას შემდეგ იგი თრგუნავდა და თრგუნავს სექსს.

იგივე დაემართა მის გურუს, მაჰატმა განდის. მისი ცელიბატიც ტრამვით იყო გამოწვეული. როცა მისი მამა კვდებოდა, ფეხების მასაჟს უკეთებდა , და ექიმებმა თქვეს, რომ სავარაუდოდ ეს ბოლო ღამე იყო, რომ მამამისი განთიადს ვეღარ შეხვდებოდა. თუმცაღა შუაღამისას, როცა მამამ დაიძინა, მაჰატმა თავის ოთახში შევიდა და სექსი ჰქონდა ცოლთან. პროცესის შუაში ვიღაცამ კარზე დაუკაკუნა და უთხრა: „რას აკეთებ? სად ხარ? მამაშენი მკვდარია“.

ამან შოკში ჩააგდო იგი, ტრამვა მიაყენა, და ამ დიდმა ტრამვამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა – მაგრამ უარესობისკენ და არა უკეთესობისკენ. იგი დანაშაულის გრძნობამ შეიპყრო. მან გამოიტანა დასკვნა, რომ სწორედ ვნებამ, სექსუალობამ აიძულა იგი, ბოლო მომენტში მიეტოვებინა საკუთარი მამა. მან ცოდვა ჩაიდინა, დანაშაული ჩაიდინა. ვერ შეძლო, რომ ეპატიებინა საკუთარი თავისთვის, ამიტომაც უარი თქვა სექსზე და მთელი ცხოვრება თრგუნავდა მას. უკვე ბოლოში, სიცოცხლის ბოლო წლებში, მან გააცნობიერა ეს დათრგუნვა, რადგანაც სექსუალური ფანტაზიები თავს არ ანბებდნენ. მაშინ მან ექსპერიმენტები დაიწყო ტანტრისტული ტექნიკებით, რათა სიკვდილის წინ მაინც განთავისუფლებულიყო სექსისგან, – მაგრამ ძალიან გვიანი იყო.

ამ ხალხს არ შეუძლია გაგება. ისინი თვლიან, რომ მე სექს-გურუ ვარ, რომ მე სექსის აყოლას გასწავლით. ამ ხალხს არ ესმის. ჰიუ ჰეფნერსაც არ ესმის. ისი იკითხავს, რატომ ვლაპარაკობ მედიტაციაზე, რატომ ვლაპარაკობ სულიერებაზე? მას ისეთი მოვლენები, როგორიცაა სულიერება, მედიტაცია, სამადჰი, უაზრობად მოეჩვენება. ამიტომაც მორარჯი დესაიც და ჰიუ ჰეფნერიც არასწორად გამიგებენ. არასწორად გამიგებენ ეგრეთ წოდებული სულიერი ადამიანებიც და ეგრეთ წოდებული მატერიალისტებიც. მაგრამ მე მესმის: ასეთია ჩემი ბედი.

ჩემი გაგება მხოლოდ ახალ ადამიანს შეუძლია, ადამიანს, რომელმაც გააცნობიერა ყოფიერების ტოტალურობა, რომელმაც გააცნობიერა, რომ ადამიანი – ეს სხეულიცაა და სულიც, რომ ცხოვრება მხოლოდ გამოცდილების წყალობით მწიფდება.

შესაძლოა სექსი აუცილებელი ეტაპი გახდეს სამადჰის გზაზე. თუ ღრმად გაიგებთ, ღრმად გამოცდით მას, მაშინ განთავისუფლდებით მისგან. მაგრამ ეს სრულიად სხვა ხარისხის თავისუფლება იქნება: ეს არ იქნება დათრგუნული სექსი. დათრგუნული სექსი ყოველთვის არსებობს სადღაც შიგნით, როგორც ფონი, განუწყვეტლივ გრძელდება თქვენს ქვეცნობიერში და მთელ თქვენს ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას.

მე მსმენია…

ერთხელ მდიდარმა ხანშიშესულმა რელიგიურმა ლედიმ თავის აპარტამენტებში ქურდს შეუსწრო. მთელი თავისი ცხოვრება მან უბიწოებაში გაატარა, თითქმის როგორც მონაზონმა.

– მომისმინეთ ლედი, თუ ჩუმად იჯდებით, არაფერს დაგიშავებთ. უბრალოდ გვითხარით, სადაა თქვენი ბრილიანტები.

მან უპასუხა:

– მე სახლში არ ვინახავ მათ. ბანკში ვინახავ – სეიფში.

– მაშინ სადაა თქვენი ვერცხლეული?

– მაპატიეთ, მაგრამ სწორედ ახლახანს ჩავაბარე გასაწმენდად.

– მაშინ ფული მოგვეცით.

– გეუბნებით, – გაიმეორა ლედიმ, – მე სახლში არ ვინახავ ნაღდ ფულს.

– მომისმინეთ ლედი, გაფრთხილებთ – მომეცით ფული, თორემ შემოგახევთ ამ ყველაფერს.

და ტანზე ხელის ფათური დაუწყო.

– გეუბნებით, – თქვა ქალმა, – აქ არ მაქვს ნაღდი ფული, მაგრამ თუ ამას კვლავ გაიმეორებთ, ჩეკს გამოგიწერთ.

კიდევ ერთი ისტორია ვიცი… შესაძლოა იმავე ქურდზე!

შუაღამისას პოლიციის განყოფილებაში სატელეფონო ზარი გაისმა. სასწრაფოდ ითხოვდნენ შველას. სასოწარკვეთიული ხმით ვიღაც ყურმილში ყვიროდა:

– მალე მოდით, დაუყოვნებლივ მოდით! ხანშიშესული ქალის ოთახში მძარცველია დაკავებული!

მორიგე ინსპექტორმა უთხრა:

– ხუთ წუთში ადგილზე ვიქნები. ვინაა ხაზზე?

ხმამ ყურმილში უპასუხა:

– მძარცველი.

თუ თქვენ დათრგუნავთ, მაშინ მთელი ცხოვრება ატარებთ ჭრილობას და ვერასოდეს განკურნავთ მას. დათრგუნვა არასწორი – არასწორი გზაა.

კარდინალური ცვლილებები გაგებასთან ერთად მოდის, ხოლო გაგება გამოცდილებასთან ერთად. ამიტომაც მე გთავაზობთ სრულ თავისუფლებას, რომ მიიღოთ ნებისმიერი გამოცდილება, რომელიც თქვენს გონებას და სხეულს ჭირდება, მხოლოდ ერთი პირობით: იყავით დაკვირვებული, ყურადღებიანი, გაცნობიერებული.

თუ შეძლებთ, რომ გაცნობიერებულად დაკავდეთ სექსით, გაოცდებით: სექსში სამადჰის ყველა გასაღებია. თუ ღრმად ჩაიძრებით სიყვარულში მთელი თქვენი გაცნობიერებულობით, დაინახავთ, რომ თქვენ გიზიდავთ არა სიყვარული, არამედ ის, რომ სიყვარულის უმაღლეს პიკზე, ორგაზმული აფეთქებისას თქვენი გონება ქრება, აზრები ჩერდება, და თქვენ ნექტარი გავსებთ. სინამდვილეში სექსი არ გაძლევთ ამ მშვენიერ განცდას. სექსი უბრალოდ გეხმარებათ, რომ ბუნებრივად მიუახლოვდეთ იმ წერტილს, სადაც გონება ქრება, – რა თქმა უნდა, მხოლოდ წამით. ღრუბლები იფანტება და მზეს ხედავთ. შემდეგ ღრუბლები ისევ ჩნდება, მზე ქრება, და თქვენ ისევ გიჩნდებათ სექსუალური ფანტაზიები. თუ გაუცნობიერებელი გახდებით, კვლავ და კვლავ გაუშვებთ ხელიდან ამ საიდუმლოს. სექსი კი არ გაჯაჭვავთ ამ სამყაროსთან, არამედ გაუცნობიერებლობა!

ამიტომ საქმე იმაში არაა, როგორ გადააგდოთ სექსი. საქმე იმაშია, როგორ გადააგდოთ გაუცნობიერებლობა. იყავით გაცნობიერებულნი და ნება მიეცით თქვენს ბუნებრიობას, რომ თავისუფლად იდინოს. სექსი ბუნებრივია: თქვენ იბადებით სექსისგან, თქვენი სხეულის ყოველი უჯრედი – სექსუალური უჯრედია. სექსის დათრგუნვა არაბუნებრივია.

ტრანსცენდენცია – ეს სრულიად სხვა მოვლენაა, ვიდრე დათრგუნვა. თუ შეძლებთ, რომ ყურადღებიანი და გაცნობიერებული იყოთ ორგაზმის მომენტში, დაინახავთ, რომ დრო ქრება, რომ რაღაც მომენტში დრო აღარ არსებობს – არც წარსული, არც მომავალი – თქვენ ბოლომდე აქ და ახლა იმყოფებით. სწორედ ამაშია სექსის სილამაზე. სწორედ ამის გამო გრძნობთ, რომ თქვენზე ამხელა სიხარული, ამხელა წყალობა იღვრება.

აუცილებელია ამ ორი საიდუმლოს გაგება: პირველი – გონების გაქრობა რაღაც წამები, მეორე – დროის გაქრობა. ეს ერთი მოვლენის ორი ასპექტია: მისი ერთი ასპექტი – დროა, მეორე კი – გონება. როცა ერთიც და მეორეც ქრება, თქვენ სრულ ნეტარებაში აღმოჩნდებით, ღმერთში აღმოჩნდებით. მედიტაცია ერთსაც ეხმარება და მეორესაც, რომ სექსში ჩაძირვის გარეშე გაქრეს.

თუ მედიტაციით ხართ დაკავებული, მაშინ ერთხელაც აღიარებთ იმ ფაქტს, რომ ეს მედიტაციაშიც ხდება – ქრება გონება, ქრება დრო. ეს დღედიდი გამობრწყინების დღე იქნება. ამ დღეს თქვენ მიხვდებით, რატომ გაინტერესებდათ ასე სექსი. იმავე დღეს მთელი ინტერესი სექსისადმი გაქრება. თქვენ არ დაგჭირდებათ მისი გადაგდება ნების ძალის დაძაბვით, ის თავისთავად გაქრება, მსგავსად იმისა, როგორც დილით, მზის სხივების გამოჩენისას ქრებიან ცვარის წვეთები – კვალის დატოვების გარეშე, ჭრილობების დატოვების გარეშე. აქამდე მედიტაციის გზით მისვლა გაცილებით უფრო იოლია, რადგანაც შეგიძლიათ მარტომ მიაღწიოთ ამას, არ გჭირდებათ სხვა ადამიანი, არ გჭირდებათ რომ დამოკიდებული იყოთ ვინმეზე.

მეორე, თუ შეგიძლიათ რომ მედიტატიური სექსი გქონდეთ, ენერგია არ დაიკარგება. პირიქით, თქვენში მეტი სიცოცხლე იქნება, რადგანაც ენერგია შენარჩუნდება.

მესამეც, თუ შეგიძლიათ რომ მედიტატიური სექსი გქონდეთ, მაშინ შეძლებთ რომ იმდენ ხანს იყოთ მასშ, რამდენ ხანსაც გსურთ, და ის არ იქნება ერთმომენტიანი მოვლენა. თანდათანობით ისწავლით, როგორ გაჩერდეთ მასში უწყვეტად, მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ბუდა ორგაზმულ მდგომარეობაში იმყოფება ყოველდღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში. მისი გასხივოსნების დღიდან სიკვდილის დღემდე ორმოცდაორი წელი გავიდა. ამ ორმოცდაორი წლის განმავლობაშ იგი უწყვეტად იმყოფებოდა ორგაზმულ მდგომარეობაში. უბრალოდ წარმოიდგინეთ! ორგაზმის ის მომენტებიო, რომლებიც თქვენ გემართებათ, არაფერია ბუდას ორგაზმულ მდგომარეობასთან შედარებით.

მე ახალ სინთეზს გასწავლით. მე მთლიანად ვარ ტრანსცენდენციის მომხრე, რომელსაც ბუდაობისკენ მიჰყავხართ. მაგრამ ეს სწორედ ტრანსცენდენციაა და არა დათრგუნვა. ტრანსცენდენცია არასოდეს მიიღწევა დათრგუნვის გზით. დათრგუნვის შედეგად ჩაკეტილ წრეზე განაგრძობთ სიარულს. თუ თრგუნავთ, მაშინ ყოველდღე გიწევთ დათრგუნვა. მაშინ სექსი სიკვდილამდე, ყველაზე უკანასკნელ მომენტამდე თან დაგდევთ. თუ ნამდვილად გინდათ მისგან განთავისუფლება… მე კი მინდა, რომ მისგან განთავისუფლდეთ! მაგრამ მე არ ვარ სექსის წინააღმდეგი, რადგანაც ისინი, ვინც სექსის წინააღმდეგ არიან, ვერ განთავისუფლდებიან მისგან. აქედან მოდის ჩემი სწავლების პარადოქსულობა.

ამას მხოლოდ მზადმყოფნი აგაიგებენ; სხვები არასწორად გამიგებენ. ხალხის ძირითადი მასა, ბრბო, არასწორად გამიგებს. მაგრამ მე არც ველოდები მათგან გაგებას. მე მეცოდება ისინი. არ მაქვს მათგან მოლოდინი, ამიტომაც წყენასაც არასოდეს ვგრძნობ. მე ვიცი, რომ ეს სწავლება იმდენად ახალია, რომ საუკუნეები იქნება საჭირო, რომ მისი შეფასების კრიტერიუმები გაჩნდეს. ეს კრიტერიუმები ჯერ არ არსებობს.

ამბობენ, რომ ნამდვილად დიდი პოეტის ლექსების გაგება შეუძლებელია, რადგანაც ისინი მთელი ძველი პოეზიისგან განსხვავდებიან. დიდ პოეტს თავისი კრიტერიუმების შექმნა უწევს, რომლითაც მისი ლექსების შეფასება იქნება შესაძლებელი. იგივე ემართება დიდ მხატვარსაც: შეუძლებელია მისი შეფასება ძველ მხატვრებთან, ძველ ნაწარმოებებთან შედარებით. მისი გზავნილი იმდენად ახალია, რომ ვერანაირი ძველი კრიტერიუმები ვერ გამოდგება, ამიტომაც უწევს ახალი კრიტერიუმების, ახალი ღირებულებების შექმნა. ამას დრო სჭირდება. თუ ასე ხდება პოეზიასთან და ფერწერასთან მიმართებაში, მაშინ რა უნდა ვილაპარაკოთ გასხივოსნებაზე? ეს უდიდესი ხელოვნებაა. ხელოვნებათა ხელოვნება. ასეთ ხელოვნებას საუკუნეები სჭირდება.

თარგმანი თორნიკე გურულის

MAGMA.GE

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი