როგორ ხდება, რომ ბოროტი რიტმებით ზოგი ნადგურდება, ზოგი პირიქით ძლიერდება?

0
357

მინდა შეგახსენოთ ფიზიკური სარკის (ჩვეულებრივი სარკე, ანუ გაპრიალებული ზედაპირი) ეფექტი. უფრო სწორად, განვიხილოთ საგანი და მისი სარკული გამოსახულება. ისინი ურთიერთშებრუნებულია, საწინაარმდეგოა. მაგ: თქვენი მარჯვენა ხელის სარკული გამოსახულება მარცხენაა. აქ ადგილი აქვს სიმეტრიას. სიმეტრია ბუნების, სიცოცხლის უეჭველი, განუყოფელი მახასიათებელია. სიმეტრიის ხილული, ნათელი მაგალითებია: ფოთოლი, თოვლის ფიფქი და სხვა. არსებობს შენიღბულიც – კეთილი და ბოროტი, დღე და ღამე, ზამთარი და ზაფხული, დადებითი და უარყოფითი და ა.შ. 

ახლა წარმოიდგინეთ ორი, აბსოლუტურად საპირისპირო, ანუ ორი “შებრუნებული” პასიონარი, ან ენტელექიური ადამიანი. ამ ორ პასიონარს შორის შენიღბული სიმეტრიის სიბრტყე არსებობს, ანუ შენიღბული “სარკე”. ეს “სარკე” პასიონარის მიერ გამოსხივებულ შინაგანი ენერგიის რიტმს აბსოლუტურად არეკლავს და უკან აბრუნებს, ე.ი. ფაქტიურად, მისგან ენერგიის გადინება არ ხდება. პასიონარი გამოიმუშავებს და ასხივებს ენერგიას და ის, ისევ უკან უბრუნდება. 

როგორც აღვნიშნეთ, ასეთი დამატებითი ენერგიის მიმღები, რეზერვუარი ჩვენი გონებაა, მაგრამ გონება ამ ენერგიას მაშინ იღებს, თუ მას ამ ენერგიის, ასე ვთქვათ, “მიღება-გადამუშავება” (ამაღლება) შეუძლია. სასტიკ ექსტრემალურ პირობებში შემოქმედება აზრს მოკლებულია (ვერავითარ მუსიკას ვერ შექმნის მოცარტი, თუ მას შუბლზე გახურებულ უთო აქვს მიდებული). ამ შემთხვევაში აურა უმტკიცესი ხდება, ირთვება მეორე უნიკალური, უძირო რეზერვი, რასაც ნებისყოფა ჰქვია.

ასეთი ადამიანის ფიზიკური განადგურება შეიძლება, მაგრამ მისი “გატეხვა”, დამარცხება შეუძლებელია.

და საერთოდ, თუ ადამიანი ხარ, ე.ი. დაუმარცხებელი ხარ.

“ადამიანი იმისთვის კი არაა გაჩენილი, რომ დამარცხდეს, მისი განადგურება შეიძლება, მაგრამ მასზე გამარჯვება, შეუძლებელია! (ერნესტ ჰემინგუეი, “მოხუცი და ზღვა”).
ასეთივე შენიღბული “სარკეა” ალპინისტისთვის – მყინვარი და მეზღვაურისთვის – ოკეანე. მათი უდრეკი ნებისყოფა გაოცებას იწვევს.

აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ჯორდანო ბრუნოს შინაგანი სასიცოცხლო ენერგია, ნებისყოფა მით უფრო ძლიერდებოდა, რაც უფრო მატულობდა მისადმი ზიზღით გაჟღენთილი ინკვიზიტორების აგრესია. 

როგორ გგონიათ, ბარბარა სტრეიზანდს, თითქოს, გარეგნობით არგამორჩეულ მსახიობს, მოშურნენი არ ჰყავს? მათთვის ხომ მისი ფინანსური მდგომარეობაც საკმარისია, რომ ის ბოროტი რიტმებით ჩაახშონ? ბარბარას ირგვლივ, ალბათ, უამრავი მოშურნე კოლეგა უნდა ტრიალებდეს, შესაბამისი უარყოფითი რიტმის ველიც, იქვე ჰოლივუდში, საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, მაშ როგორ შეუძლია ბარბარას ასეთი წარმატების მიღწევა?

როგორ ხდება, რომ ბოროტი რიტმებით ზოგი ნადგურდება, ზოგი პირიქით ძლიერდება?

აი, ესეც უნდა აიხსნას:

ჩვენი აზრით, აქ უმნიშვნელოვანესია დავიმახსოვროთ, რომ ველის გაძლირება შესაძლებელია ერთი მიზნით გაჟღენთილ ადამიანებში. 
აქ თავისთავად დაგებადებათ კითხვა – როგორ, თანამოაზრეთა შორის, განა შური არ არსებობს? 
და მართალიც იქნებით – რა თქმა უნდა, არსებობს; მაგრამ შეგახსენებთ, რომ ყველა ისინი ენტელექიურები არიან. 
მათთვის კი, როგორც განვმარტეთ, მიზანი უმთავრესია. 

ამიტომ მათში ყველაზე ძლიერია მიზნის შესაბამისი რიტმი (წინააღმდეგ შემთხვევაში ის ენტელექიური არ იქნებოდა). ამ რიტმთან შედარებით, ყველა სხვა რიტმი უსუსურია. 
მთავარია, თქვენი მიზნის შესაბამისი მიზნის მქონე ინდივიდის, ან ინდივიდთა ჯგუფის ველში მოხვდეთ და თქვენ უდიდეს ენერგიას შეიძენთ.

ჰოლივუდშიც ყველა ერთი მიზნის მისაღწევად იღწვის. ეს მიზანია პოპულარობა. ისინი მზად არიან პოპულარობისთვის სიცოცხლეც კი, გაწირონ. შესაბამისად, მათში ეს ყველაზე მძლავრი რიტმია და რაც უნდა შურდეთ ბარბარასი, მათი პოპულარობისკენ სწრაფვა ამ შურზე გაცილებით ძლიერია. ბარბარასთვისაც მნიშვნელოვანია პოპულარობის შესაბამისი რიტმი. ერთნაირი რიტმები (ერთი მიზანი), როგორც აღვნიშნეთ, ერთმანეთს აძლიერებენ. ამიტომაა ეს კინომატოგრაფიის ინსტიტუტი ყველაზე ძლიერი. 

მიუნჰენის უნივერსიტეტში, სადაც კვანტური ფიზიკა დაიბადა, მეცნიერები შეხმატკბილებულად არსებობდნენ? – არა, მაგრამ მათ ერთი მიზანი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, მიღწევაც უდიდესი იყო.

საერთო მიზანი ადამიანის ამაღლების უმძლავრესი საშუალებაა. 

ამაღლება კი, ბედნიერებისკენ მიმავალი ერთადერთი ძალაა. 
გამოვიყენოთ, რიტმული ველის თეორია ჩვენი და ჩვენი მომავლის ბედნიერებისთვის!
ჩვენი ერთადერთი მიზანი სამშობლოს შენარჩუნება-გაძლიერება უნდა იყოს. ამ იდეით უნდა გავერთიანდეთ და ეს მიზანი, ჩვენთვის სიცოცხლის ტოლფასი უნდა გახდეს. შესაბამისად, უძლიერესი იქნება ჩვენი ველი. 

მაგრამ თუ თქვენ, თქვენთვის საყვარელი ადამიანების, შვილების მომავლის ღალატის გარდა, აღარაფერი შეგიძლიათ, მაშინ ვერავითარი ველი ვეღარ გიშველით. 
პიროვნებაში ინტელექტუალური სიმარტოვის დამარცხების ერთადერთი საშუალება პალადიუმის რიტმია.

მარტოობა, ნებისმიერი ფორმით, ეს იქნება პროფესიული, ინტიმური, სულიერი, ინტელექტუალური, ალბათ, ავადმყოფობად ჯერ კიდევ არ ითვლება. სოციოლოგები ცივილიზებულ ქვეყნებში, ამ თემაზე ტრაქტატებს წერენ, ექიმები მარტოობის განკურნებას ფსიქოანალიზით ცდილობენ (ე.ი. მაინც ავადმყოფობაა!), პოეტები ლექსებს უძღვნიან ამ საშინელებას (გალაკტიონი, ტერენტი გრანელი). 

სიმართლის მაძიებელნი მარტოობას ებრძვიან, როგორც დონ კიხოტი ებრძოდა ქარის წისქვილებს, სკულპტორები – ძეგლებს უდგამენ. მარტოობის მრავალფეროვანი სახეებიდან სოციალურად საშიში ინტელექტუალური მარტოობაა. თქვენს გარშემო ხალხის სიმრავლე მარტოობის პრობლემას არ წყვეტს. 

ინტელექტუალური მარტოობის ჯანმრთელობაზე გავლენის კვლევის მონაცემებზე, ევროპული და ჩრდილო-ამერიკული სტატისტიკის პროცენტული მაჩვენებლები, საოცრად ემთხვევა ერთმანეთს. 

ფსიქიკის დარღვევა, დეპრესია და განსაკუთრებით კი, პერმანენტული, მონოტონური მარტოობის ზემოქმედება ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასაც კი, უწყობს ხელს. 
ფსიქიკის დარღვევის (ინტელექტუალური მარტოობიდან გამომდინარე) შედეგების გაანალიზებას, გააზრებას არავითარი სტატისტიკა არ სჭირდება, ეს ისედაც ნათელია. მთელი საშინელება იმაშია, რომ ასეთი სიმარტოვე შენიღბულია. ამიტომაა, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში საერთო ინტერესის მქონე ადამიანთა კლუბები (გოლფის, ოპერის მოყვარულთა, პოლიტიკური, სპორტული და ა.შ.) იქმნება.

გვერწმუნეთ, ინტელექტუალური ჯგუფის გაძლიერებულ რიტმში თქვენ ეს პრობლემა მოხსნილი გექნებათ. სხვა სიკეთესთან ერთად, თქვენ კომფორტულად იგრძნობთ თავს. 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში რიტმის, რხევის გავრცელების გარემოზე გავლენას “ველის” საშუალებით აღწერენ. უბრალოდ, ასე უფრო მოსახერხებელია. შევცვალოთ სიტყვა “რიტმი” _ ველით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ პალადინის რიტმი, ანუ ველი, უფრო ძლიერია, ვიდრე გულგრილი ადამიანის ველი. თუ ეს ასეა, ვაწყდებით დიდ წინააღმდეგობას: 

რატომ არის გულგრილობა, ან სიზარმაცე უფრო მეტად გადამდები – შემართებასა და შემოქმედებასთან შედარებით?

საქმე იმაშია, რომ შემართებას, ქმედებას სუბიექტის პოტენციალის მობილიზება სჭირდება, მაშინ, როდესაც წვრილმანის კეთებისა და უსაქმურობისას ენერგიის ხარჯვა თითქმის არ არის საჭირო. ასეთ დროს პასიური ადამიანის ველიც კი, ეფექტურად იმუშავებს – “ხარი ხართან დააბი . . . ” – პრინციპიდან გამომდინარე. ამ გენიალურ ხალხურ ანდაზაში იგულისხმება “ხარის” აქტიურობის დაქვეითება, რომელსაც თავისთავად ექნება ადგილი, თუ მათ ერთად დავაბამთ. სუბიექტის გააქტიურებას კი, საკმაოდ დიდი ენერგია, შესაბამისად, მძლავრი ველი სჭირდება.

შესაძლებელია თუ არა, ისეთი მძლავრი ველის შექმნა, რომ მან ადამიანი შეცვალოს?
აი, ესაა მთავარი პრობლემა.

დავუბრუნდეთ წინა თავებში განხილულ გულგრილ ადამიანებს – საშუალო რომაელს, არაბს, ინდუსს, საშუალო მოქალაქეს და ა.შ.

ზემოთ მოყვანილ ისტორიულ მაგალითებში განხილულია გულგრილი ადამიანისა და ენტელექიური ჯგუფის ველის ურთიერთქმედება.

სოციალურ გარემოში ტრანსცენდენტულ-ენტელექიურ-პასიონარული ველის მქონე ფენა ყოველთვის არსებობს. თავდაპირველად, მათში გამოიკვეთება უმაღლესი

ტრანსცენდენტული ველის მატარებელი პიროვნება – ქრისტე, მოსე, მუჰამედი, ბუდა; მაგრამ, რა ძლიერიც უნდა იყოს მათი ველი, ის სოციალურ გარემოს კარდინალურად ვერ შეცვლის. ამიტომ ვერ გამოიწვიეს შესაბამისი ცვლილება უმაღლესი მძლავრი პასიონარული ველით დაჯილდოვებულმა ადამიანებმა: ანტონ ტაინელმა, ჰერმეს სამჯერ დიდებულმა, ფილონ ალექსანდრიელმა და სხვა მრავალმა, რომელთა სახელებიც უცნობია.

რატომ იმარჯვებენ ერთნი ხოლო ზოგის სახელებიც კი, არ შემოინახა ისტორიამ? _ იმიტომ, რომ ისტორია სანაგვე არ არის. მხოლოდ მის გარშემო ყრია გაუფურჩქნავი ღმერთები, გათელილი კერპები, იდეების ნაგავი, ავტორიტარული წიდა – ისტორია უმაღლეს ტრანსცენდენტულს, საკუთარი ველის გამოუყენებლობას, მოყვასის უსიყვარულობას არ პატიობს. 

დაუშვებელია, ღმერთის ამ უდიდესი საჩუქრის, მხოლოდ საკუთარი განდიდებისთვის გამოყენება! 

მხოლოდ ენტელექიური ადამიანი ხვდება, რომ მოძმეთა ბედნიერებისთვის მისი შესაძლებლობა არასაკმარისია. იგი იკრებს თანამოაზრეებს და მთელ ენერგიას ჩანასახის ან მატრიცის შექმნას ახმარს. მხოლოდ ამის შემდეგ, ყველა ერთად აღწევს იმ უდიადეს მიზანს, რომლის შედეგი უკვე ისტორიის ცვლილებაა. 

ასეთი ჯგუფი, თავდაპირველად ერთი იდეის გარშემო ერთიანდება; ხდება მასში არსებული მრავალი რიტმიდან, იდეის შესაბამისი რიტმის გამოყოფა-გაძლიერება. ამგვარად, იდეით გაერთიანებული ინდივიდუალური ველები ერთმანეთს აძლიერებენ, პიროვნება ხდება რეზონატორი, ანუ ველის გამაძლიერებელი. 

პირველ ეტაპზე, ეს გაძლიერებული ველი, ჯგუფის ველის არეალში შემთხვევით, ან მიზნობრივად მოხვედრილ ახალ ინდივიდზე მოქმედებს. მისი რიტმი ორიენტირდება ჯგუფის ველის გავლენით და ის აძლიერებს უკვე არსებულს. იწყება ჩანასახის ან მატრიცის კრიტიკული ზომის გადალახვა. 

ანუ დგება მომენტი, როდესაც ველის სიძლიერე აღწევს კრიტიკულ მნიშვნელობას _ საკმარისია ერთი ასეთი პიროვნების დამატება, რომ ეს ველი კონცენტრირდება და მოხდება ლაზერული გამოსხივების მსგავსი გაბრწყინება. 

ეს უკვე ისეთი სიმძლავრეა, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება, ყველაფერი ორთქლდება, ატომებად იშლება, პლაზმურ მდგომარეობაში გადადის. 

ეს არ არის ლეგენდა, ეს არ არის საწერ მაგიდასთან გამოგონილი მითი – ეს ბუნების კანონია, რომელიც ბოროტებას გაანადგურებს.
არ გჯერათ?

ავტორი თამაზ ბითხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი