ნონა ხიდეშელი – გონის ფენომენოლოგიის მთავარი არსი

0
471

რევაზ   გორდეზიანმა,   კირკეგორის    “საკუთარი თავის არჩევა” ,  რამაც პრაქტიკულად საფუძველი დაუდო ექსისტენციალურ აზროვნებას, ასე ჩამოაყალიბა:

1)ადამიანი, ინდივიდი არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული “ასე-ყოფიერება”, იგი არის ექსისტენცი, რომლის არსებობას წინ არ უსწრებს მისი არსება. ადამიანი, ექსისტენცი, არის თავისუფალი ქმნადობა, იგი ხდება იმად, რაც ჯერ არ არის და უნდა იყოს ე.ი. რადაც უნდა იქცეს.

2)ადამიანის ყოფიერება მთავარი საკვლევი ობიექტია და ამ ყოფიერებაზე, როგორც დროულობაზე უნდა მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია.

3)ინდივიდის განვითარების გზაზე, არსებობს მისი ყოფიერების ისეთი სახეები, რომლებშიც შეიძლება მკვეთრად გამოვყოთ ინდივიდის ყოფნის სახე, როდესაც ადამიანს არა აქვს ნაპოვნი თავისი თავი და იმყოფება საკუთარი თავის არცოდნის მდგომარეობაში (ე.ი. როდესაც პიროვნებას ჯერ კიდევ არ მოუხდენია თავისი თავის “არჩევა”, შემეცნება)

4) ადამიანის ყოფიერების სახეებს შორის არსებობს ისეთი სახე, რომელშიც ადამიანი პოულობს, “ირჩევს”, შეიმეცნებს თავისთავს და რისთვისაც ძალა აქვს ტრადიციულ მოწოდებას: “ადამიანო, შეიცან თავი შენი!” რაც კირკეგორის ენაზე ნიშნავს, ადამიანო აირჩიე თავი შენი.

დიდმა დანიელმა მოაზროვნემ, ერთი საუკუნით ადრე, ვიდრე ევროპაში ექსისტენციალიზმი ჩამოყალიბდებოდა, პირველმა გაამახვილა ყურადღება ისეთ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე, როგორიცაა ექსისტენცის მარტოობა, სასოწარკვეთილება, თავისუფლება, შიში და ა.შ

იგი თვლიდა,  რომ ფილოსოფიური კვლევის ცენტრში უნდა დადგეს თითოეული ადამიანი, ინდივიდი, მისი არსი, მისი ყოფიერება, რომელსაც ჯერ ნაპოვნი არ ყავს საკუთარი თავი და შესაბამისად თავისი რეალური ცხოვრებით არ ცხოვრობს, ანუ საკუთარი არსების შესაბამისად. იგი განასხვავებს ადამიანის სულიერი განვითარების სამ ძირითად საფეხურს: ესთეტიკურს, ეთიკურს და რელიგიურს. ესაა ადამიანის განვითარების ერთგვარი ეტაპები, სადაც ესთეტიკურიწესი განვითარების შედარებით დაბალი სტადიაა- აქ ადამიანები ემორჩილებიან მხოლოდ ერთადერთ მიზანს- სიამოვნების მიღებას, ოღონდ ეს სიამოვნების საგანი იმყოფება პიროვნების გარეთ. ესაა ე.წ. გარეგანი ადამიანი, რომელიც ყველაფერს გარეთ  ეძ ებს, ბედნიერებას, სიამოვნებას, სიმშვიდეს. მას საკუთარი თავი ნაპოვნი არ ყავს და შესაბამისად არც ის აქვს გაცნობიერებული, რომ რეალური ბედნიერებისა და უსაფრთხოების პოვნა, მხოლოდ საკუთარ თავში შეიძლება. იგი ვერ ახერხებს თვითმყოფადად, ავტონომიურად განვითარებას და ვითარდება აუცილებლობის კანონის მიხედვით, არათავისუფლად, არაინდივიდუალურად. ესაა შეზღუდული ცნობიერების ადამიანი, რომლის ყურადღებაც მიპყრობილია ამაო, მიწიერი, წარმავალი სურვილების ასრულებაზე და არც კი ესმის, რომ ყველაზე ღირებული რამ, თავად მასშია, და არა სადმე სხვაგან. ამიტომაა სავსე მისი ცხოვრება პესიმიზმით, მელანქოლიით, ნოსტალგიით, უიმედობითა და ა.შ. მასში არ არის არავითარი მიდრეკილება ეძიოს  რაიმე უფრო ფასეული.

ეთიკური წესი, კირკეგორის აზრით, სწორედ ის საფეხურია, სადაც ხდება ცხადი და ნათელი გაცნობიერება იმის, რომ საყრდენი წერტილი, ადამიანის შიგნითაა და ისიც ნელ-ნელა აცნობიერებს საკუთარ არსებობას, შეიცნობას რა საკუთარ თავს, ხდება ის რაც არის, ანუ პოულობს თავის ნამდვილ “მე”-ს, იწყებს ჩამოყალიბებას ნამდვილ ინდივიდად, სრულიად თვითმყოფად და განუმეორებელ არსებად.

არჩევანი, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს ეთიკურ და ესთეტიკურ წესს შორის, ერთგვარი ნებელობის აქტია, ადამიანის კეთილი ნება და არა დროში გაწერილი რაღაც პროგრამა. პიროვნება თვითონ ირჩევს რა გზით წავა, იქნება მიბმული ამაოებაზე, საზღვრული ცნობიერების არეალში იცხოვრებს, როგორც გარეგანი სიამოვნებების მონა, რომელიც სულ დამძიმებულია გაუცნობიერებული სურვილებით, თუ აირჩევს თავის ნამდვილ გზას, რეალურ “მე”-ს არაილუზიურს, რომელიც წაიყვანს მას დიდი შინაგანი თავისუფლებისაკენ, რაც არის კიდეც წყარო  სიმშვიდისა და სიხარულის.

ცხადია, ესთეტიკური წესის მქონე ადამიანს, რომელსაც არც კი სჯერა, რომ მის სულში შეიძლება მართლაც არსებობდეს „ყველა განძზე უფორ დიდი განძი“ და მთელს ამ მსჯელობას სულიერებაზე, უსასრულოსა და მარადიულზე გულგრილად ისმენს, ვერანაირი რელიგირული თუ ფილოსოფიური მიმდინარეობები და სისტემები ვერ აიძულებს რაიმე იწამოს და ცხოვრების მიმართულება შეცვალოს, მაგრამ არსებობს ერთი უდაო სინამდვილე, რომ ასეთი ადამიანი მუდმივად დაუკმაყოფილებელია, იტანჯება, სტრესსა და ქაოსშია და რა სოციალური სტატუსიც არ უნდა ქონდეს,  რა სიმდიდრე და სახელიც არ უნდა მოიპოვოს, შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას მაინც ვერ აღწევს.

ჰეგელის გონის ფენომენოლოგიის მიხედვით, წარმოდგენილია განვითარების სამი ეტაპი, პირველი, ესაა რაიმეს დადგენა, ანუ დანახვა და აღმოჩენა, შემდეგ ამის უარყოფა და საბოლოოდ თვით უარყოფის უარყოფა, რაც არის განვითარების ერთი მთლიანი ციკლის დასასრული. ესაა დაპირისპირებულ მხარეთა ბრძოლისა და მათი ერთიანობის კანონი, სადაც ცნობიერების უმაღლეს საფეხურზე ქრება დაპირისპირება ცოდნის შინაარსსა და ფორმას შორის და ყოველივე მთლიანდება აბსოლუტურ გონში. სანამ არსებობს დაპირისპირება, მანამ ორი რამ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, ცნობიერება, როგორც მოვლენა, არსებული თავისთავად, ობიექტურად, და ცნობიერება, როგორც მკვლევარი, დამკვირვებელი, იგივე ფილოსოფიური ცნობიერება, ესაა პროცესი თვითდაკვირვების და მთავარი არსი გონის ფენომენოლოგიის _ საგნის მიღმა დაინახოს მისი ჭეშმარიტი ბუნება.

ეს იგივეა, რაც  ფსიქოლოგიაში ბრენტანოს ცნობილი შეხედულება პრიმატული და სეკუნდარული ცნობიერების შესახებ, სადაც პრიმატული ცნობიერება გვევლინება არაცნობიერ მოვლენად, სხვად, საგნად, რომელსაც შეიცნობს, აკვირდება სეკუნდარული ცნობიერება. პრიმატულ ცნობიერებას ამ შემთხვევაში არაფერი აქვს შესამეცნებელი, მას არა აქვს თავისი შინაარსი, ის მხოლოდ დასაკვირვებელი ობიექტია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი