მეცნიერების წარუმატებელი წინასწარმეტყველებები

0
135

მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანი მუდამ ცდილობდა, მომავალი განეჭვრიტა. მეცნიერების განვითარებასთან ერთად წინასწარმეტყველებებმა რელიგიის გარდა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროებიც მოიცვა. თუმცა, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც მრავლადაა წარუმატებელი წინასწარმეტყველებები, რომელთა უმეტესობა დღეს ღიმილს იწვევს.

არანაირი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც მომავალში ადამიანები მოინდომებენ, სახლში ჰქონდეთ კომპიუტერი. 
კენ ოსლონი, ამერიკელი ინჟინერი, Digital Equipment Corporation-ის დამაარსებელი. 1977 წელი.

ჩვენ ვერასდროს შევქმნით 32 ბიტიან ოპერაციულ სისტემას, მაგრამ IBM მაინც ყოველთვის მეყვარება. 
ბილ გეიტსი, 1989 წელი.

ლი დე ფორესტმა მრავალჯერ განაცხადა, რომ მალე შესაძლებელი იქნება ადამიანის ხმა მოწყობილობების საშუალებით ატლანტის ოკეანის იქითაც გავრცელდეს. ამ თაღლითური და აბსურდული კამპანიის გამო ბევრი ადამიანი შეცდა და დაუჯერა მას.
ამერიკელი ადვოკატი, რომელიც სასამართლო პროცესზე ბრალს დებდა გამომგონებელ ლი დე ფორესტს უკაბელო ტელეფონების საკითხში. 1913 წელი.

პრაქტიკულად შანსი არაა, რომ ოდესმე ხელოვნური თანამგზავრები გამოყენებული იქნებიან ტელეფონის, ტელეგრაფის, სატელევიზიო ან რადიოკავშირგაბმულობის გასაუმჯობესებლად აშშ-ში.
ტუნის ავგუსტუს კრავენი, აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების რწმუნებული. 1961 წელი.


ადამიანების შეყვანა მრავალსაფეხურიან რაკეტაში, შემდეგ მთვარეზე გაშვება და იქ სამეცნიერო დაკვირვებების წარმოება, ცოცხლად გადარჩენა და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება ჟიულ ვერნისეულ ოცნებას წარმოადგენს. ვიქნები თამამი და ვიტყვი, რომ მსგავსი რამ არასდროს მოხდება, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება ტექნოლოგია მომავალში.
ლი დე ფორესტი, ამერიკელი მეცნიერ-გამომგონებელი. 1926 წელი.

რაკეტები ვერასდროს შეძლებენ, გავიდნენ ატმოსფეროს გარეთ.
New York Times, 1936 წელი

იმ მოწყობილობებით ფრენა, რომლებიც ჰაერზე მეტს იწონიან, არაპრაქტიკული და ნაკლებად მოსალოდნელი რამაა, თუ არა შეუძლებელი.
საიმონ ნიუკომბი, კანადელ-ამერიკელი ასტრონომი და მათემატიკოსი. 1902 წელი, 18 თვით ადრე ძმები რაიტების გაფრენამდე.

ჰაერზე მძიმე აპარატებით ფრენა შეუძლებელია.
ლორდ კელვინი, ირლანდიელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ინჟინერი, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი. 1895 წელი.

ბოინგ 247-ზე დიდ თვითმფრინავს ვერასდროს ააგებენ.
ბოინგის იმჟამინდელი ინჟინერი, 1933 წელი. ბოინგ 247 მხოლოდ 10 კაცს იტევდა.

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე მტვერსასრუტები 10 წელიწადში რეალობა იქნება.
ალექს ლოიტი, მტვერსასრუტების კომპანიის Lewyt Corp.-ის თავმჯდომარე. New York Times, 1955 წელი.

ყველაზე სულელური შეცდომა დავუშვით, ასეთი ბომბები მოქმედებაში არასდროს მოვლენ და ამას ვამბობ, როგორც აფეთქებების ექსპერტი. 
საზღვაო ადმირალი უილიამ ლიჰი, აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმანთან საუბრისას 1945 წელს ატომური ბომბის შესახებ.

ატომის გახლეჩით მიღებული ენერგია ძალიან მცირეა. ვინც იმედოვნებს, რომ ატომების ტრანსფორმაციით ენერგიის წყაროს მიიღებს, სულელურ აზრებსაა აყოლილი.
ერნესტ რუტერფორდი, 1917 წელი. მან პირველმა გახლიჩა ატომი.

ცხენი მუდამ იქნება ადამიანის სამსახურში, ავტომობილი კი რა არის – სიახლე, რომელიც მალევე მიეცემა დავიწყებას.
მიჩიგანის ბანკის პრეზიდენტი ჰენრი ფორდის ადვოკატთან საუბრისას, მას შემდეგ რაც Ford Motor Company-ში ინვესტირებაზე უარი უთხრა. 1903 წელი.

ამერიკელებს ტელეფონის მოთხოვნილება აქვთ, ჩვენ – არა. უამრავი ფოსტის მაცნე ბიჭი გვყავს.
სერ უილიამ პრისი, დიდი ბრიტანეთის ფოსტის მთავარი ინჟინერი, 1878 წელი.

ამ ‘ტელეფონს’ ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე აქვს საიმისოდ, რომ სერიოზულად ჩაითვალოს კომუნიკაციის საშუალებად. ამ მოწყობილობას არანაირი ღირებულება არ გააჩნია.
ულიამ ორტონი, Western Union-ის პრეზიდენტი, 1876 წელი, როცა ალექსანდრ გრაჰამ ბელი ცდილობდა, თავისი გამოგონება კომპანიისთვის მიეყიდა.

მსოფლიო ბაზრის პოტენციალი ასლის გადამღები მანქანებისთვის არის მაქსიმუმ 5000.
IBM-ის წარმომადგენლობა Xerox-ის დამფუძნებლებთან საუბრისას. 1959 წელი.

უნდა ვაღიარო, რომ ვერ წარმომიდგენია, რა სარგებელი უნდა მოიტანონ წყალქვეშა ნავებმა. მათი მცდელობა წყალქვეშ ჩასვლისა ეკიპაჟის დახრჩობითა და ფსკერზე ჩაძირვით დასრულდება.
ჰერბერტ ჯორჯ უელსი, ბრიტანელი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი, 1901 წელი.

მალე გაირკვევა, რომ რენტგენის X სხივები ფარსია და მეტი არაფერი.
ლორდ კელვინი, 1883 წელი

აზრი, რომ ეს რკინის ეტლები კავალერიას ჩაანაცვლებს, აბსურდია. შეიძლება ითქვას, ღალატიც.
ბრიტანელი ფელდმარშალი დუგლას ჰაიგი, ტანკების დემონსტრაციის ხილვისას, 1916 წელი.

როგორ, სერ, თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ შესაძლებელია გემმა ქარისა და დინების საწინააღმდეგოდ იცუროს გემბანის ქვეშ ცეცხლის დანთებით? ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ, მაგრამ ამ სისულელის მოსასმენად დრო არ მაქვს.
ნაპოლეონ ბონაპარტი რობერტ ფალტონთან თბომავალზე საუბრისას, 1800-იანი წლები.

ცვლად დენზე მუშაობა დროის ფუჭი ხარჯვაა, მას მაინც არასდროს არავინ გამოიყენებს.
ამერიკელი გამომგონებელი ტომას ედისონი, 1889 წელი.

სახლში ჩაწერა მუსიკას მოკლავს.
ბრიტანეთის ფონოგრაფიული ინდუსტრიის (BPI) სლოგანი 1980-იანებში. კომპანია ირწმუნებოდა, რომ რადიოდან კასეტაზე ჩაწერის ფუნქცია მუსიკალურ ინდუსტრიას ბოლოს მოუღებდა.

ტელევიზია მალე წარსულს ჩაბარდება.
მერი სომერვილი, მეცნიერი და სწავლული მრავალ სფეროში, ძირითადად მათემატიკასა და ასტრონომიაში. 1948 წელი.

ტელევიზია მალე დაკარგავს ძალაუფლებას ბაზარზე. ხალხი დაიღლება ყოველ საღამოს ამ ყუთის ყურებით.
დერილ ზანუკი, ჰოლივუდის პროდიუსერი, მწერალი, მსახიობი და რეჟისორი. 1946 წელი.

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო: ქვეყნის წყალგაყვანილობის სისტემას საფრთხე ემუქრება ტრანსპორტირების ახალი მეთოდით, რომელსაც ‘რკინიგზას’ უწოდებენ… როგორც მოგეხსენებათ, ვაგონები გადაადგილდებიან უზარმაზარი სიჩქარით – 25 კმ/სთ-ით, რაც საფრთხეში აგდებს მგზავრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ხოცავს გზაში შემხვედრ ცხოველებს, აშინებს ქალებსა და ბავშვებს. ღმერთს, ცხადია, არასდროს სურდა, ადამიანებს ასეთი საშინელი სიჩქარით ემოძრავათ.
მარტინ ვან ბურენი, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, 1830 წელი.

შეუძლებელია სარკინიგზო მატარებლის მაღალი სიჩქარით გადაადგილება, რადგან მგზავრები ვერ ისუნთქებენ და ასფიქსიით დაიხოცებიან.
დოქტორი დიონისის ლარდერი, ბუნების ფილოსოფიისა და ასტრონომიის პროფესორი, ლონდონის უნივერსიტეტი. 1830 წელი.

მართალია, თეორიულად და ტექნიკურად შესაძლებელია ტელევიზია შეიქმნას, მაგრამ მიმაჩნია, რომ კომერციულად და ფინანსურად განუხორციელებელი ოცნებაა, რომელზე ფიქრშიც დროს ტყუილად ვკარგავთ. 
ლი დეფორესტი, ამერიკელი რადიოინჟინერი. 1926 წელი

რადიოს მომავალი არ გააჩნია.
ლორდ კელვინი, 1897 წელი.

მუცლის ღრუ, მკერდი და ტვინი ყოველთვის მიუწვდომელი ადგილები იქნება ქირურგებისთვის და მათზე ოპერაციები არ განხორციელდება.
სერ ჯონ ერიკ ერიქსონი, ქირურგი. 1873 წელი.

ეს ვირუსი ვერაფერს დაგვაკლებს.
დოქტორი პიტერ დუსბერგი, ბერკლის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორი შიდსის ვირუსის შესახებ. 1988 წელი.

ჩემი თეორიები არავის რელიგიურ გრძნობებს არ შელახავს, რადგან ამის მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ.
ჩარლზ დარვინი, წიგნი “სახეობათა წარმოშობა”. 1859 წელი.

აინშტაინის ე.წ. თეორიები უბრალოდ ბოდვაა იმ ადამიანისა, რომელსაც გონება დაბინძურებული აქვს ლიბერალურ-დემოკრატიული სისულელეებით, ამიტომ ის სრულიად მიუღებელია გერმანული მეცნიერებისთვის.
დოქტორი ვოლტერ გროსი. 1940 წელი.

გათხრა ნავთობისთვის? გავთხაროთ მიწა იმისთვის, რომ იქ ნავთობი ვეძებოთ? თქვენ გიჟი ხართ!
მუშები ედვინ დრეიკთან საუბრისას, რომელთაც ამ უკანასკნელმა თავისი პროექტი წარუდგინა 1859 წელს.

ლუის პასტორის თეორია მიკრობებზე სასაცილო ზღაპარია.
პიერ პაშე, ტულუზას ფიზიოლოგიის პროფესორი. 1872 წელი.

რისი გამოგონებაც შეიძლებოდა, უკვე გამოვიგონეთ.
ჩარლზ დუელი, საგანგებო რწმუნებული აშშ-ის პატენტების სამსახურში. 1899 წელი.

რამდენიმე წელიწადში ავტომობილებს დასაკეცი ფრთები ექნებათ, რომელთა გაშლისას მანქანა გაფრინდება.
ედი რიკენბეიკერი, გაზეთი “Popular Science”. 1924 წლის ივლისი.

 


კარგი მაგრამ.. რაში შეიძლება ეს ოდესმე გამოგვადგეს?
რობერტ ლოიდი, IBM-ის აღმასრულებელი დირექტორი მიკროპროცესორის შესახებ საუბრისას. 1968 წელი.

დემოკრატია 1950 წლიდან არსებობას შეწყვეტს.
ჯონ ლენგდონ დევისი, წიგნი “A Short History of the Future”. 1936 წელი

წლების შემდეგ, ოღონდ არა ჩემს სიცოცხლეში, ქალებიც გახდებიან პრემიერ-მინისტრები.
მარგარეტ ტეტჩერი, მომავალი პრემიერ-მინისტრი. 1969 წლის 26 ოქტომბერი.

ავტომობილმა თავისი განვითარების პიკს მიაღწია და მისი გაუმჯობესება ან განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია.
გაზეთი “Scientific American”. 1909 წლის 2 იანვარი.

თვითმფრინავები საინტერესო სათამაშოებია, მაგრამ სამხედრო ღირებულება არ გააჩნიათ.
მარშალი ფერდინანდ ფოში, სტრატეგიის პროფესორი. 1911 წელი.

უმნიშვნელო იმედიც კი არ არსებობს, რომ ატომური ენერგია ოდესმე ხელმისაწვდომი იქნება.
ალბერტ აინშტაინი, 1932 წელი.

როცა პარიზის გამოფენა დაიხურება (1878 წ), მასთან ერთად დავიწყებას მიეცემა ელექტრული განათება და მალე აღარავის ეხსომება.
ოქსფორდის პროფესორი ერასმუს უილსონი. 1878 წელი.

საკითხში გაცნობიერებულ ხალხს კარგად მოეხსენება, რომ შეუძლებელია, ხმა გადაიცეს მავთულების საშუალებით. და გინდაც შესაძლებელი იყოს, პრაქტიკული ღირებულება არ ექნება.
გაზეთი “The Boston Post”. 1865 წელი.

ამერიკელებს ავტომობილებისა და მაცივრების წარმოება კარგად ეხერხებათ, მაგრამ ავიაციაში არაფერი გამოუვათ. ისინი უბრალოდ ცრუობენ.
ჰერმან გერინგი, ნაცისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის (Luftfahrt) მინისტრი, 1942 წელი.

charlius.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი