არის თუ არა ჩვენი სამყარო კომპიუტერული სიმულაცია?

0
512

ფილოსოფოსები ჯერ კიდევ პლატონის დროიდან ეჭვობდნენ, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რეალური არაა. კომპიუტერების განვითარებასთან ერთად ეს იდეა ისევ გამოვიდა დღის სინათლეზე და ახალი მიმართულება შეიძინა. ამას ხელი შეუწყო ზოგიერთმა ფილმებმაც, როგორიცაა „დასაწყისი”, „ბნელი ქალაქი” და „მატრიცის” ტრილოგია. რამდენად შესაძლებელია, ჩვენ უბრალოდ კომპიუტერულ სიმულაციაში ვცხოვრობდეთ? წარმოგიდგენთ ამ მოსაზრების მხარდამჭერ არგუმენტებს.

● წინამორბედი სიმულაციები.

დღესდღეობით კომპიუტერები წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ინფორმაციებს ამუშავებენ და ყველაზე ძლიერი და პროდუქტიული სამუშაოების ნაწილი სიმულაციებს ეხება. სიმულაციები განიხილავენ მრავალჯერად ცვლადებს და ხელოვნური ინტელექტით ახდენენ მათ ანალიზს, შემდეგ კი შედეგებს აჯამებენ. ზოგიერთი სიმულაცია თამაშია, ზოგი – რეალური ცხოვრების სიმულაცია, ზოგიც ისტორიული.

ასეთია დღევანდელი სიმულაციები, მაგრამ კომპიუტერებს მუდმივად ემატებათ სიჩქარე და შესაძლებლობები. მურის კანონზომიერების მიხედვით, კომპიუტერის სიმძლავრე ყოველ 2 წელში ან 18 თვეში ორმაგდება, თუმცა რეალობაში ეს პერიოდი 1 წელზე ცოტათი მეტია. 50 წლის შემდგომ კომპიუტერები შესაძლოა ამჟამინდელებზე მილიარდჯერ ძლიერები იყვნენ. უკეთეს კომპიუტერებში შეიქმნება უფრო ფართო და სრულყოფილი სიმულაციები, მათ შორის ისტორიულიც. ზოგიერთი ისტორიული სიმულაცია კი ისეთი რეალური იქნება, მასში მყოფ თვითცნობიერების მქონე არსებებს წარმოდგენაც არ ექნებათ, რომ სიმულაციაში არიან. ან შესაძლოა, ამგვარი რამ უკვე განხორციელდა.

ფიქრობთ, რომ ასეთი მომავალი შორსაა? ჰარვარდის სუპერკომპიუტერ „ოდისეას” უკვე შეუძლია, რამდენიმე თვეში შექმნას 14 მილიარდი წლის ხანგრძლივობის სიმულაცია.

● თუ ვინმეს შეუძლია, გააკეთებს კიდეც.

უკვე ვიცით, რომ შესაძლებელია კომპიუტერში ახალი სამყაროს შექმნა. მაგრამ რამდენად მორალურია? ადამიანები კომპლექსური არსებები ვართ, გაგვაჩნია გრძნობები და ურთიერთობები. ნუთუ არაფერია ცუდი იმაში, რომ ვქმნით ყალბ სამყაროს, სადაც ასეთ არსებებს ვასახლებთ? განა ასეთ სამყაროში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ დაგვეკისრება?

ალბათ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რადგანაც ადამიანთა ნაწილისთვის ასეთი სიმულაციის შექმნა საკმაოდ მაცდური იდეა იქნებოდა. და თუნდაც რიგი მიზეზების გამო ისტორიული სიმულაციები აკრძალული ყოფილიყო, მის შექმნასა და მართვას მხოლოდ ერთი ადამიანი დაჭირდებოდა. ერთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ისე შეხედავდა, როგორც „The Sims”-ს.

ასევე შეიძლება, სიმულაციების შესაქმნელად კარგი მიზეზებიც ყოფილიყო, გარდა სიამოვნებისა. შეიძლება კაცობრიობა რაღაც საფრთხის მოლოდინში ყოფილიყო და მათი სამყაროს ანალოგი შეექმნათ, რათა გამოერკვიათ, რაში იყო პრობლემა და აღმოფხვრის გზები ეპოვათ.

● ხილული ხარვეზები.

თუკი დახვეწილ სიმულაციაში იმყოფებით, შეიძლება ამაზე წარმოდგენაც არ გქონდეთ. თუკი ტვინს ავზში მოვათავსებთ და მასზე სტიმულებით მოვახდენთ მანიპულირებას, ის ვერ გაიგებს, რომ ავზშია. მას ეგონება, რომ ცოცხალი, მსუნთქავი, აქტიური პიროვნებაა.

მაგრამ ყველაზე მოწინავე სიმულაციებსაც კი შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები. ეს იქნება გარკვეული არასრულყოფილებები, ანუ ხანმოკლე ჩავარდნები, როგორიც „მატრიცაშია”.

შესაძლოა, ასეთ ჩავარდნებს ყოველდღე ვხედავდეთ. „მატრიცაში” ის გამოიხატება დეჟა-ვუთი – რაიმე მოვლენა ცოტა ხანში ისევ მეორდება. ზებუნებრივი რამეები, როგორიცაა მოჩვენებები, სასწაულები, ვამპირები, მაქციები, ასევე შეიძლება ჩავარდნა იყოს. სიმულაციის ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანები მართლაც ხედავენ ასეთ რამეებს, მაგრამ ეს იმის გამოა, რომ სიმულაციის კოდში ხარვეზია.

● ცხოვრება მათემატიკას ეფუძნება.

სამყაროში ნებისმიერი რამ რაღაც ფორმით ექვემდებარება რაოდენობრივ განსაზღვრებას. ადამიანის გენომის პროექტი, რომელმაც ადამიანის დნმ-ის საშენი ბლოკების თანმიმდევრობა განსაზღვრა, ხორციელდებოდა კომპიუტერით. სამყაროს ყველა საიდუმლო ამოიხსნება მათემატიკის დახმარებით. უფრო მეტიც, სამყაროს ახსნა მათემატიკით უფრო უკეთ ხორციელდება, ვიდრე სიტყვებით.

თუკი ყველაფერი მათემატიკურია, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი რამის დაყვანა ბინარულ (ორობით) კოდებამდე. მაშ თუკი კომპიუტერი და მისი მონაცემები პროგრესირდება საკმარის დონეზე, შესაძლებელი იქნება გენომზე დაფუძნებით ადამიანის ფუნქციონირებადი ასლის შექმნა კომპიუტერში? და თუკი ეს მოხდება, განა მას არ დაჭირდება მთელი სამყარო, რომელშიც იარსებებს?

მეცნიერთა ნაწილი ეჭვობს, რომ ვიღაცამ შეიძლება უკვე გააკეთა ასეთი რამ და ჩვენი სამყარო შექმნა. იმის გასარკვევად, ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში, ისინი სერიოზული კვლევის ჩატარებას აპირებენ – გამოიკვლიონ სამყაროს მათემატიკა. თეორიულ ფიზიკაში ბევრი რამ უსასრულოა, კომპიუტერულ სიმულაციაში კი ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვრები.

● ანთროპული პრინციპი.

ადამიანის არსებობა საოცარი მოვლენაა. დედამიწაზე სიცოცხლის გასაჩენად საჭირო იყო, ბევრი რამ თავის ადგილას ყოფილიყო. მზისგან დაშორება იდეალურია, ატმოსფეროს ოპტიმალური შემადგენლობა აქვს, გრავიტაციის ძალაც დამაკმაყოფილებელია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს პირობებში შეიძლება სხვა მრავალი პლანეტა იყოს, სიცოცხლის არსებობა მაინც შთამბეჭდავია, თუკი სამყაროს მასშტაბით შევხედავთ. კოსმოსის ზოგი სუბსტანცია, მაგალითად ბნელი ენერგია, უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, სიცოცხლეს შეიძლება ვერ ეარსება არამარტო დედამიწაზე, არამედ სხვაგანაც.

ანთროპული პრინციპი სვამს კითხვას – რატომ? რატომ არის ეს პირობები ასე სრულყოფილად შეწყობილი?

ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ეს გამიზნულად მოხდა, რათა სიცოცხლეს ეარსება. ნებისმიერი ფაქტორი წინასწარ იყო დამუშავებული ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში. შემდეგ მოხდა მისი გაშვება სიმულაციაში, რამაც შექმნა შესაძლებლობა, ჩვენი პლანეტა და მასზე არსებული სიცოცხლე ამ ფორმით ჩამოყალიბებულიყო.

თუმცა ამ ყველაფრის დასკვნა ისაა, რომ სიმულაციის უკან შესაძლოა, სულაც არ იდგნენ ადამიანები. შესაძლოა, მას განსხვავებული ტიპის არსებები მართავენ და თავიანთ არსებობას გვიმალავენ. მათ იციან, როგორ მოახდინონ ამ კომპიუტერულ პროგრამაზე მანიპულაცია და თვითონ შეუმჩნეველი დარჩნენ.

● პარალელური სამყაროები.

პარალელური სამყაროების, იგივე მულტისამყაროს ჰიპოთეზა უშვებს უამრავი რაოდენობის რეალობის არსებობას. წარმოიდგინეთ მრავალსართულიანი შენობა. სამყაროები მულტისამყაროს შემადგენელი ნაწილები არიან, ისევე როგორც სართულები შენობისთვის – მათ საერთო განლაგება აქვთ, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან და განსხვავებულად მოწყობილი. ხორხე ლუის ბორხესი მულტისამყაროს ბიბლიოთეკას ადარებს. მასში უამრავი წიგნია, მაგრამ ზოგი მხოლოდ რამდენიმე სიტყვით განსხვავდება, ზოგიც რადიკალურად სხვა რამეა.

თუკი სამყაროების რიცხვი მართლაც დიდია, საიდან გაჩნდნენ ისინი? რატომ არიან ამდენი? თუკი ჩვენ სიმულაციაში ვართ, მაშინ თითოეული სამყარო ცალკეული სიმულაცია იქნება. თითოეულ მათგანს თავისი კანონები აქვს, რადგან მათი შემქმნელი სხვადასხვა სახის სცენარებს ახორციელებს და შედეგებს აკვირდება.

● ფერმის პარადოქსი.

ჩვენი პლანეტა ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებია. მზე კი ბევრ სხვა ვარსკვლავზე ახალგაზრდაა. აქედან გამომდინარე, ბევრი ლოგიკურად თვლის, ხელმისაწვდომი იყოს დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება – რიგ პლანეტებზე სიცოცხლე ჩვენზე გაცილებით ხნიერი უნდა იყოს და აქამდე მოღწევაც შეეძლოთ.

ადამიანები უკვე რამდენიმე ათეული წელია, ახლო კოსმოსში ნავარდობენ. მაშ რატომ არ ცდის იგივეს განვითარებული ცივილიზაცია სამყაროს გამოსაკვლევად? მილიარდობით სხვა გალაქტიკაში, რომელთაგან ზოგი ჩვენზე მილიარდობით წლებით ბებერია, რატომ არ აღმოჩნდა ერთი ცივილიზაცია მაინც, რომელიც აქამდე მოაღწევდა? დედამიწაზე საკმაოდ კარგი პირობებია და იმასაც კი უნდა ველოდოთ, რომ სტუმრები მის კოლონიზაციას ეცდებიან.

ამ მომენტისთვის დედამიწის მიღმა სიცოცხლის (მითუმეტეს ინტელექტუალურის) არსებობის მეცნიერული მტკიცებულება არ გაგვაჩნია. ფერმის პარადოქსი სვამს კითხვას: „სად არიან ისინი?” სიმულაციის ჰიპოთეზის ჭრილში თუ შევხედავთ, ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ ჩვენი სამყარო რეალური არაა. სიმულაციის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, მხოლოდ დედამიწაზე ყოფილიყო სიცოცხლე.

● ღმერთი პროგრამისტია.

კაცობრიობა დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდა ღმერთს, როგორც სამყაროს შემოქმედს. ზოგისთვის ის ცაში მყოფი, ადამიანებზე მეთვალყურე არსებაა, სიმულაციის ჰიპოთეზით კი «ღმერთი» უბრალოდ განსწავლული პროგრამისტია, რომელიც მძლავრ კომპიუტერთან ზის.

როგორც ზემოთ იყო ნახსენები, შესაძლებელია სიმულაციური სამყაროს შექმნა ბინარული კოდის დახმარებით. მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ მოინდომებს პროგრამისტი, რომ მასში მყოფმა არსებებმა თაყვანი სცენ მათ შემოქმედს, რაც მრავალი რელიგიის განუყოფელი ნაწილია?

ეს შეიძლება იყოს ან არც იყოს წინასწარ განზრახული. შეიძლება პროგრამისტს სურდეს, რომ ჩვენ ვიცოდეთ მისი არსებობის შესახებ და კოდის წერისას ჩვენში ჩადო იმის აღქმა, რომ შექმნილები ვართ. შეიძლება ეს არც განუზრახავს და მხოლოდ ადამიანებმა მოიგონეს.

● სამყაროს მიღმა.

რა არის სამყაროს იქით? არსებობს რაიმე მის გარდა? სიმულაციის ჰიპოთეზის მიხედვით, კი – მისი შემოქმედ(ებ)ი და კომპიუტერი. მაგრამ არსებობს უფრო გიჟური ვარიანტიც.

ის არსებები, რომლებიც სიმულაციას მართავენ, შეიძლება ისეთივე არარეალურები იყვნენ, როგორც ჩვენ. შეიძლება სიმულაციის რამდენიმე დონე არსებობდეს. ოქსფორდის პროფესორი ნიკ ბოსტრომი გვთავაზობს ვერსიას, რომ სიმულაციას მართავენ სიმულაციური არსებები და მათი შემქმნელებიც ასევე სიმულაციურები არიან. შესაძლოა, რეალობის უამრავი დონე არსებობს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. დაახლოებით ისე, „The Sims” რომ ითამაშოთ იქამდე, სანამ მისი პერსონაჟები თავიანთ სიმულაციურ თამაშს არ შექმნიან. რაღაც დროის შემდეგ მათი პერსონაჟებიც იგივეს იზამენ და ა.შ. თქვენ კი თქვენგან გაუცნობიერებლად უფრო ფართომასშტაბიანი სიმულაციის ნაწილი ხართ.

● არარეალური ადამიანები.

თუნდაც კომპიუტერები ძალიან გაძლიერდნენ, სამყარო მაინც ზედმეტად კომპლექსური ჩანს, რომ შექმნილი სიმულაცია იყოს. 7 მილიარდი ადამიანიდან ყველა დამოუკიდებელი და განსხვავებულია. ყველანი ერთად კი უსასრულოდ მცირე ნაწილი ვართ უზარმაზარი სამყაროსი, რომელიც მილიარდობით გალაქტიკას შეიცავს. წარმოუდგენლად რთული იქნება, თუ შეუძლებელი არა, ამდენი რამ კომპიუტერში განხორციელდეს.

თუმცა არაა აუცილებელი, სიმულაციური სამყარო ყველგან ერთნაირად კომპლექსური იყოს. საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე პუნქტის დეტალებში დაზუსტება და სათადარიგო მოთამაშეების შემოყვანა. წარმოიდგინეთ GTA-ს მსგავსი თამაშები, მათში ასობით ადამიანია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთან გაქვთ ურთიერთობა. შეიძლება აქაც ანალოგიურად იყოს – არსებობთ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები. მაგრამ სხვები, ვისაც ქუჩაში ხვდებით – არარეალურები არიან. ისინი იშვიათად ფიქრობენ და არ აქვთ ემოციები. ფაქტიურად, მხოლოდ დეკორაციის ფუნქცია გააჩნიათ.

გადავერთოთ ისევ ვიდეოთამაშების ანალოგიაზე. ისინი შეიცავენ ფართო მასშტაბის არეალებს, მაგრამ მხოლოდ მთავარი პერსონაჟის ლოკაციის ადგილზე ხდება რეალური მოქმედება. შეიძლება ჩვენი სამყაროც ასეთია. მხედველობის მიღმა არსებული ადგილები მეხსიერებაში ინახება და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ხდება გამოყენება. რას ვიტყვით იმ ადგილებზე, რომლებსაც ვერასდროს ეწვევით, მაგალითად შორეულ გალაქტიკებზე? სიმულაციას საერთოდ არ სჭირდება მათი მოქმედება. მათ მხოლოდ ჩვენების ფუნქცია აქვთ.

მაგრამ თავი რომ დავანებოთ ქუჩაში მოსიარულე ხალხსა და შორეულ კოსმოსურ ობიექტებს, რას იტყვით თქვენს თავზე? შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ რეალურად არსებობთ? თანაც იმ ფორმით, როგორადაც თავი წარმოგიდგენიათ? ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარსული მოხდა, რადგან მეხსიერება გვაქვს, ასევე არსებობს ფოტოები და წიგნები. მაგრამ იქნებ ეს ყველაფერი ახლად დაწერილი პროგრამული კოდია? იქნებ თქვენი სიცოცხლე მაშინ დაიწყო, როცა ბოლოს დაახამხამეთ?

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ყველაფერს ვერც დავამტკიცებთ და ვერც უარვყოფთ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი