ოშო:,,თქვენ გინდათ ცვლილებები. ეს ნიშნავს, რომ რაღაც შეზღუდულობას გრძნობთ”

0
489

იცხოვრო ნამდვილად – ნიშნავს იცხოვრო ჩვევების გარეშე. თქვენთვის არაერთხელ უთქვამთ: „გადააგდეთ მავნე ჩვევები“. მე კი გეუბნებით: გადააგდეთ ჩვევები, როგორც ასეთი! არ არსებობს კარგი ან ცუდი ჩვევები, ყველა ჩვევა ცუდია. დარჩით ჩვევების გარეშე, იცხოვრეთ ჩვევების გარეშე, მაშინ შეძლებთ, რომ თავისუფლად იცხოვროთ, მომენტიდან მომენტამდე. სწორედ ესაა რევოლუციონერის ცხოვრება.

გახსოვდეთ ასევე შემდეგი: როცა თავისუფლდებით რაღაც პროგრამისგან, ნუ დაადანაშაულებთ მას კონტრპროდუქტიულობაში, ადრე ხომ იგი აუცილებელი იყო. შიგნით წესრიგის დამყარება დანაშაულის გრძნობის გარეშე უნდა ხდებოდეს. თქვენ იშორებთ რაღაც პროგრამას, როცა ის უკვე აღარ შეესაბამება თქვენს განვითარებად გეშტალტს. ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იქნებით მკაცრნი იმ პროგრამებთან მიმართებაში, რომლებზეც უარი თქვით, რადგანაც ისინი იმ გზის აუცილებელი ეტაპები იყვნენ, რომელმაც ამჟამინდელ წერტილამდე მოგიყვანათ. გიყვარდეთ ისინი ამის გამო, წაართვით მას ის ძალაუფლება, რომელიც წარსულში ჰქონდათ თქვენზე და მომავლისთვის გამოანთავისუფლეთ ეს ენერგია.

რაც არ უნდა აკეთოთ, ადრე თუ გვიან ეს ჩვევად იქცევა. როგორც კი ხვდებით, რომ ეს ჩვევად იქცა, მოიშორეთ იგი, – ახლა ის კონტრპროდუქტიულია, ახლა ის კონტრრევოლუციურია. იგი წარსულისკენ დაგაბრუნებთ, საშუალებას არ მოგცემთ, რომ წინ იაროთ. იგი ეცდება, რომ ცნობილის სფეროშ გამყოფოთ, და საშუალებას არ მოგცემთ, რომ გამოუცნობისკენ, განუსაზღვრელისკენ იმოძრაოთ. ამიტომ, ჩვევისგან განთავისუფლებისას, თავი აარიდეთ დანაშაულის გრძნობას: „შიგნით წესრიგის დამყარება დანაშაულის გრძნობის გარეშე უნდა მოხდეს“. ასევე ნუ იქნებით მკაცრი და სასტიკი. რაც არ უნდა კარგი იყოს ჩვევა, მისგან განთავისუფლებისას თავი აარიდეთ დანაშაულის გრძნობას. არაა საჭირო იფიქროთ: „მე ეს დედამ მასწავლა. თუ უარს ვიტყვი ამაზე, ვუღალატებ მას“.

ადამიანები თავის წერილებში მწერენ: „როგორ შემიძლია მივიღო სანიასა? მშობლებმა მასწავლეს, რომ კათოლიკე ვყოფილიყავი. ნუთუ, სანიასას მიღებით, არ ვუღალატებ მათ?“ ან: „მე მუსულმანურ ოჯახში გავიზარდე. ნუთუ სანიასას მიღება ღალატი არ იქნება იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ასეთი სიყვარულით, ასე მზრუნველად მასწავლიდნენ მუსულმანად ყოფნას?“ ჩნდება დანაშაულის გრძნობა.

თუ კათოლიკე ხართ და თავისუფლად გრძნობთ თავს, მაშინ არაფრის შეცვლა არა საჭირო. მაგრამ თქვენ გინდათ ცვლილებები. ეს ნიშნავს, რომ რაღაც შეზღუდულობას გრძნობთ. დიახ, თქვენმა დედამ ის გასწავლათ, რაც თვითონ იცოდა, რაც, როგორც თვითონ გრძნობდა, კარგი იქნებოდა თქვენთვის, მაგრამ კონტექსტი შეიცვალა. თქვენ სრულიად სხვა ცხოვრებით ცხოვრობთ, ვიდრე დედათქვენი. როგორ შეუძლია მას, რომ სამუდამოდ თქვენს მასწავლებლად დარჩეს?

პროგრამის გადაგდებისას ნუ შეგიპყრობთ დანაშაულის გრძნობა და არც მკაცრი გახდეთ, – რადგანაც ეს ორი უკიდურესობაა. ადამიანებს ან დანაშაულის გრძნობა იპყრობს, ან რისხვაში ვარდებიან და სიხისტეს ავლენენ. ნუ გაბრაზდებით, რადგან საწყალმა მოხუცმა ის გასწავლათ, რაც თავად იცოდა და თქვენთვის სასარგებლოდ თვლიდა. ამ პროგრამის დანიშნულება შესრულებულია. სინამდვილეში, ვინ იცის? – თქვენ რომ კათოლიკე არ ყოფილიყავით, შესაძლოა ჩემთან არც მოსულიყავით. თქვენმა კათოლიკობამ მოგიყვანათ ჩემამდე. ამიტომ, რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში, ეს აუცილებელი ეტაპი იყო: იგრძენით მადლიერება ამისთვის. ნუ შეგიპყრობთ დანაშაულის გრძNობა, და ასევე ნუ გამოავლენთ სისასტიკეს.

პროგრამისგან განთავისუფლებისას, განთავისუფლდით მისგან ისე, როგორც ტანსაცმლისგან. როცა იზრდებით, თქვენი ტანსაცმელი ვიწრო ხდება. თქვენ ხომ არ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, როცა განთავისუფლდებით იმ ღამის პერანგისგან, რომელიც დედამ გაჩუქათ, და რომელიც დაგივიწროვდათ. თქვენ ვერ დაიტოვებთ მას! და თქვენ არ ბრაზობთ ამის გამო. თქვენ არ ცდილობთ მის დახევას, მასზე ბენზინის გადასხმას და დაწვას. თქვენ არ გჭირდებათ დიდი ხმაურის მოწყობა ამ საკითხის გამო. არ აკეთებთ ამას, რადგანაც გესმით, რომ ამ პერანგის დანიშნულება შესრულებულია.

ადამიანი – ეს მზარდი გეშტალტია. ყოველდღე რაღაც ახალი ხდება, ყოველდღე რაღაც ახლის შესრუტვა გიხდებათ. იმისთვის, რომ ახლისთვის გამოანთავისუფლოთ ადგილი, ძველისგან უნდა განთავისუფლდეთ, უნდა დაემშვიდობოთ ძველს – დაემშვიდობოთ მადლიერებით. თუ შეგიძლიათ გახსოვდეთ, რომ ძველი პროგრამისგან განთავისუფლებისას არ უნდა განიცადოთ დანაშაულის გრძნობა და ასევე არ უნდა გამოავლინოთ სისასტიკე, მაშინ სწორედ იმ რევოლუციის მიმართულებით იმოძრავებთ, რომლის აზრიც მინდა თქვენამდე მოვიტანო.

რევოლუციონერს არავის მიმართ არ აქვს რისხვა. რისთვის უნდა განრისხდეს? ამისთვის არ არსებობს არანაირი მიზეზი. ყველაფერი, რისი გაკეთებაც თქვენ მშობლებს შეეძლოთ, მათ უკვე გააკეთეს, და გააკეთეს საუკეთესო განზრახვით. სხვა საქმეა, რომ რაც გააკეთეს უსარგებლო იყო და თავისუფლებას არ გაძლევდათ. მაგრამ ეს არ იყო მათი განზრახვა. მათ კარგი ზრახვები ჰქონდათ და არ შეეძლოთ სხვაგვარად მოქცევა. ისინი სხვა სამყაროშ ცხოვრობდნენ.

თქვენი შვილების გაზრდისას გახსოვდეთ: არაა საჭირო, რომ მათ პროგრამები მოახვიოთ თავს, მხოლოდ თქვენი გაგება უნდა გაუზიაროთ. ნუ მოახვევთ თავს მზა წესებს, მიეცით გაგება, რომ დანახვა შეძლონ და თავად შექმნან თავიანთი წესები. ნუ მისცემთ მათ ცოდნას, მიეცით გაცნობიერებულობა. მე მინდა, რომ თავის შვილებს ჩემმა სანიასებმა გაცნობიერებულობა გაუზიარონ, ისე, რომ სადაც და როდესაც არ უნდა აღმოჩნდნენ… გახსოვდეთ: ისინი არ იცხოვრებენ იმავე სამყაროში, რომელშიც თქვენ ცხოვრობდით და ახლაც ცხოვრობთ. მათ თავისი საკუთარი სამყარო ექნებათ: თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მას. ისინი არასოდეს გაიმეორებენ იგივე ცხოვრების მოდელს, რაც თქვენ. მათ ცხოვრების თავიანთი სტილი ექნებათ.

მიეცით მათ გაცნობიერებულობა ისე, რომ სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთი გზის მონახვა შეძლონ. მიეცით მათ სინათლე, მიეცით მათ თვალები, რათა შეძლონ დანახვა, გაგება, მიეცით მათ თავისუფლად ყოფნის სიმამაცე. ხელი შეუწყვეთ იმაში, რომ თუ რაღაც არასწორს აღმოაჩენენ თავიანთ პროგრამაში, შეძლონ მისი გადაგდება, შეუძლონ მასზე უარის თქმა. სწორედ ესაა სიყვარული.

არ მოახვიოთ თავს არანაირი პროგრამა, არანაირი ცხოვრების წესი. ისინი სრულიად სხვა სამყაროში იცხოვრებენ, ამიტომ აჩუქეთ თქვენი სიყვარული, მაგრამ არ გადასცეთ თქვენი ცოდნა. სამყარო ისე ჩქარა იცვლება, რომ ყველაფერი, რასაც მათ გადასცემთ, მალე მოძველდება და ტვირთი გახდება მათთვის; თუ გადაგდება მოუწევთ, დანაშაულის გრძნობას განიცდიან ამის გამო. თუ ძალიან მოუნდებათ ამის გადაგდება, მოუწევთ რომ თქვენზე გაბრაზდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ იქნება კარგი, ამიტომ ნუ შექმნით საკუთარი შვილებისთვის მსგავს სიტუაციას.

იცხოვრეთ რევოლუციურად და გაუზიარეთ რევოლუციურობა თქვენს შვილებს, ყველას, ვინც გიყვართ. მხოლოდ ასეთი რევოლუცია არ განიცდის მარცხს… მაგრამ ასეთი რევოლუციის მოხდენა ჯერ არავის უცდია.

იესო საუბრობდა ამის შესახებ, მაგრამ არავის უცდია ამ რევოლუციის მოხდენა. ბუდა საუბრობდა ამაზე, მაგრამ არავის უცდია ამ რევოლუციის მოხდენა. მე ვსაუბრობ ამაზე, და ეცდებით თუ არა ამ რევოლუციის მოხდენას, თქვენზეა დამოკიდებული. მსგავსი რევოლუციის მოწყობა, რომელიც გაიმარჯვებდა, არავის უცდია; ხოლო რევოლუციებმა, რომლებიც უკვე მოხდა, მარცხი განიცადეს.

თარგმანი თორნიკე გურულის

MAGMA.GE

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი