ნინო ყვირილიანი:,,თუ შინაგანი კომპლექსები და კონფლიქტები გაცნობიერებულია, გარეთაც სიმშვიდე ისადგურებს”

0
465

ავტორიტარულ რელიგიაში თავისუფლების პრინციპები ირღვევა, ადამიანის ბრმად დამორჩილება ხდება და ეს ძალიან საშიშია. ჩვენ დღეს ვხედავთ, რამხელა აგრესიით, ძალადობით გამოირჩევა გარკვეული რელიგიური დაჯგუფებები არა მარტო განსხვავებული ორიენტაციის, არამედ, ზოგადად, უმცირესობების მიმართ.

ყველა მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და ამას უნდა იცავდეს სახელმწიფო. დააკვირდით, როგორი ჰუმანისტური იდეებით იჭრებიან ადამიანები სხვის ცხოვრებაში და როგორ არის ეს შეფუთული კეთილშობილურად, სინამდვილეში ეს ხალხი არ იცნობს საკუთარ გონებას.

ადამიანმა საკუთარი ობსესიური შიშების გაცნობიერება უნდა დაიწყოს, რომ აღარ იტანჯებოდეს ამდენი ირაციონალური რწმენებით, აღარ მიაყენოს შეურაცხყოფა სხვას. არც ერთი კონფლიქტი არ ხდება გარეთ ადამიანის დამოუკიდებლად, ეს პროცესი რეალურად შიგნით მიდის, ადამიანში, რის პროეცირებასაც შემდგომ გარეთ ახდენს.

თუ შინაგანი კომპლექსები და კონფლიქტები გაცნობიერებულია, გარეთაც სიმშვიდე ისადგურებს. ომს ადამიანის შეზღუდული, ვიწროდ შემოფარგლული აზროვნება იწვევს. თუ ეს არ გაცნობიერდა, წალეკავს საკუთარი გონების თამაშები ცნობიერებას. იმდენად აქვს მორგებული ადამიანს ფსიქოლოგიური ნიღაბი, რომ ვეღარ გაურჩევია როდის არის გულწრფელი.

თავისი თავი ვერ იპოვა მან, ვინც ცდილობს მუდმივად სხვას უქადაგოს რომელი გზაა ჭეშმარიტი და უთითებს როგორი გახდეს. ეს არის სხვისი მიუღებლობა, რომელიც არანაირ კორელაციაში არაა უპირობო სიყვარულთან. ეს მოდის ,,ეგოდან” და მისი ქვეტექსტი ხშირად ამბობს, რომ თუ იქნები ასეთი მიგიღებ, თუ არა და დაიღუპები. ეს გაუცნობიერებელი დაპირისპირება და კატეგორიული აზროვნება სწორედ განპირობებულ გონებას ახასიათებს და ეს უნდა დაანგრიოს ადამიანმა.

ჯიდუ კრიშნამურტი ამბობს:,,ვინ ვართ ჩვენ, რომ ვწყვეტთ თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი? ვინ მოგვცა უფლება გამოვამწყვდიოთ იგი ჩვენი წარმოდგენებით შექმნილი იდეალის ჩარჩოში, ამოკითხული რაღაც წიგნებიდან და შობილი საკუთარი ამბიციებიდან, იმედებიდან თუ შიშებიდან.”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი