მერაბ მამარდაშვილი: საბჭოთა კავშირზე

0
208

საბჭოთა კავშირში, რომლის მკვიდრნიც ჩვენ ვართ. ჩვენი ცხოვრების სათავეები იქ ძევს. სამოქალაქო ომი საკუთარ ტყავზეა გამოცდილი – ჩვენ ვართ ამ ძალადობით დაავადებულნი. ეს წლები ისტორიული ხანგრძლივობაა. ამიტომაც ჩვენ ვართ არა მხოლოდ მსხვერპლნი ძალადობისა, არამედ – მატარებელნიც. ჩვენ ჩვენშივე ვატარებთ ამ დაავადების ნარჩენებს. შემიძლია ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალ ერთა უმრავლესობა ისევე მძიმედაა დაავადებული, როგორც თითოეული ინდივიდი შეიძლება იყოს უბრალოდ ავად, იმის მიუხედავად, კეთილია ის, თუ – ბოროტი, კარგი, თუ ავი განზრახვის მქონეა და ა.შ… ასე დავიბადეთ ჩვენ და შეუძლებელია, არ ვატარებდეთ ამგვარი დაავადების კვალსა და წყლულებს; ჩვენ დავიბადეთ ჭუჭყსა და სისხლში, სწორედ ამიტომ, არ შეგვიძლია და არც შეგვეძლო ვყოფილიყავით სხვაგვარნი. ამჟამად ტოტალიტარული სახელმწიფოს მიერ დამკვიდრებული ძალადობის მონოპოლიის, თითქოსდა, გაუჩინარების პროცესში, ძალადობის სენით დაავადებულებმა აიწყვიტეს, ზედაპირზე ამოცვივდნენ, თითოეულ მათგანს შეუძლია, გამოავლინოს თავისი დასნებოვნებული ბუნება. მათ შეუძლიათ თავისუფალ დინებაზე მიუშვან რისკი და საფრთხე, ლტოლვა ძალადობისაკენ. ეს, როგორც ვთქვით, ახასიათებს დაავადებულ სახელმწიფოსა და ერს.

ეს პროცესი ვლინდება ყოველდღიურობაში. ყოფილი საბჭოთა ადამიანები გაბოროტებულნი, გაავებულნი არიან. ამიტომაც, იზრდება დამნაშავეობის პროცენტი. ჯარში რაც ხდება, ისტორიულად ავადმყოფი ადამიანის ზნეთა გამოვლინებაა. მე არ ვლაპარაკობ იმ დაავადებებზე, რომლებიც შეიძლება დაადგინოთ სამედიცინო გამოკვლევით, ან ინდივიდუალურად, სხეულის მდგომარეობის მიხედვით, მე ვლაპარაკობ სოციალური ცნობიერების, კულტურისა და ადამიანების, როგორც გარკვეული კულტურისა და სოციალური ცხოვრების ფორმების, გარკვეული პრაქტიკის სუბიექტების დაავადებაზე. ეს ავადმყოფური მდგომარეობა მოიცავს ძალადობის საწყისებს, – თავისუფალს სახელმწიფოს ძალაუფლებისა და იძულებისაგან. ეს სახელმწიფო თავად იყო უკანონო, მაგრამ აკანონებდა ძალადობას. რა დაუპირისპირდა სამართლებრივ სახელმწიფოს? ძალადობა. საკითხი ასე დგას: ვცხოვრობთ კანონებით, ან – თავაწყვეტილი ძალადობით. ახლა თითოეულს შეუძლია, ეწეოდეს ძალადობას საკუთარი რისკისა და საფრთხის გათვალისწინებით. ჩნდება კანონის გარეგანი ნიშნები. ფორმალურად ვლინდებიან დამნაშავეებიც. მაგრამ შეხედეთ კავკასიის რეალობას. ხდება ძალადობები, რომლებზეც იურიდიული ნორმები არ ვრცელდება; არ არსებობს სათანადო იურისდიქცია, რომელიც გამოიყენებდა სამართლებრივ ნორმებს იმის მიმართ, რაც დღეს იქ ხდება.

დავუბრუნდეთ საწყის წერტილს. ისევ კავკასიის თემას შევეხები. გახდება თუ არა კავკასია ბარბაროსული? – საჭიროა, კარგად ჩავიბეჭდოთ თავში, რომ აქ ადგილი აქვს მოდერნულობის პრობლემას, რაც ფუძნდება და მყარდება პოსტ-ტოტალიტარიზმის გარემოში. მოდერნულობა ხანგრძლივი დროის საქმეა, მცდელობა კი, რომელიც თავს გვეხვევა, არის რეფორმა ბრძოლის გზით. შესაძლოა, დაადგნენ იმ გზას, რომელიც არ არის პრე-მოდერნულ ეროვნულ სახელმწიფოდ გახდომის გზა, მაგრამ არის გზა ეროვნულ სახელმწიფოსი, რომელიც ცხოვრობს ერში, მოდერნულობაში. ე.ი. ერი-სახელმწიფო, რომელიც იქნება მოდერნულობის ბირთვის გარშემო: ერი გამოიკვეთება ინდივიდთა შორის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის საფუძვლებში, ინდივიდის, როგორც ისტორიული და სოციალური კატეგორიის გამოვლინების, თავისუფალი მწარმოებლისა და ისეთი სტრუქტურის გამოკვეთის საფუძველზე, რომელიც ნაკარნახევია საზოგადოებრივ ხელშეკრულებათა ძალითა და ბიძგით. კონფლიქტებისა და შიშების თავიდან აცილების გზა გადის კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე. საჭიროა, მოქალაქის მოქმედება ექვემდებარებოდეს კანონს ე.ი. საჭიროა ResPublica. ეს არის ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება თანდათან შექმნას თანამედროვე ერები, ე.ი. ერები, რომლებიც შედგებიან მოქალაქე-ინდივიდებისაგან. ამით, მართლაც, შესაძლებელია ასატანი გახდეს ფორმა იმ სწრაფვებისა, რასაც იწვევს სამოქალაქო საზოგადოება ადამიანთა ნებაში. ეს სწრაფვა არის ისტორია, – ჭეშმარიტების ისტორია, როგორც ზოგიერთები უწოდებენ მას.

აი, ეს უნდა იყოს საქართველოს რესპუბლიკის არსებობისა გზა და ეს უნდა იყოს ერთადერთი გზა. იგი უნდა იყოს მხოლოდ საკონსტიტუციო ანუ კანონიერი კანონებით აღჭურვილი, ე.ი. რომლის სათავეც არის ხალხის, ინდივიდთა დამოუკიდებელი ჯგუფის ძალაუფლება – სუვერენიტეტი. ადამიანის უფლებათა განხორციელებით მიღწეული ერთადერთი სუვერენიტეტი, რაც შეიძლება წარმოდგენილი იყოს სახელმწიფოს დონეზე, არის ხალხის სუვერენიტეტი. ამ მიმართებით, იყო სუვერენული, ნიშნავს სუვერენულად ყოფნის ცოდნას. საჭიროა უნარი, რომ ეს იცოდე. ეს არის კულტურა, ეს ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც ძალისხმევას საჭიროებს. ამრიგად, ერთი მხრივ, საჭიროა კონსტიტუციის შექმნა ძალაუფლების არტიკულაციითა და კაცობრიობისათვის მისაღები საკონსტიტუციო სახელმწიფოს კლასიკური დაყოფით და, მეორე მხრივ, – და ეს მხარე ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ამას ისტორია მოწმობს, – ერთგვარი ონტოლოგიური სიმეტრიის საფუძველზე საკუთარი თავის ჩამოყალიბება უკვე შექმნილი კონსტიტუციის მეშვეობით. კონსტიტუციის შექმნით ჩვენ ვქმნით დუღაბს, რომლითაც ვაშენებთ და ვქმნით საკუთარ თავს. ადამიანები ქმნიან კონსტიტუციას და კონსტიტუცია ქმნის ადამიანებს. ეს არის ონტოლოგიური სიცხადე თავად ისტორიისა, ისტორიის სტრუქტურისა და ადამიანისა, ადამიანური სულისა და არსებობისა. კონსტიტუცია ჩვენ გვესაჭიროება არა მხოლოდ, როგორც ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ნორმათა და კანონთა სფერო, არამედ როგორც სიცოცხლისუნარიანი ორგანო, რომელიც მოქალაქეებსაც მიანიჭებს სიცოცხლეს. უნდა დაიბადო კონსტიტუციის წიაღში. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შეძლებენ აფხაზეთის, ოსეთის და, რომელიც გნებავთ იმ ეთნოსის პრობლემის მოგვარებას, რომელიც თავისი დასაბამით დაბუნებით, ფარული თუ აშკარა აზრით, გაბატონებული ეთნოსის, ე.ი. ქართული ეთნოსის, მოკავშირე ეთნოსია. მაგალითად, ტერიტორიები, სადაც აფხაზები და ოსები სახლობენ, არ გახლავთ ქართული სამხედრო ექსპანსიის შედეგად მოპოვებული, რამდენადაც შესაძლებელია ამის გახსენება საქართველოს ისტორიის რამდენიმე ათასწლოვანი არსებობის მანძილზე.

კონსტიტუცია თავიდან უნდა დაიწეროს, ან ხელახლა გადამუშავდეს იმ მიმართულებით, რომ ჩამოყალიბდეს ერთმნიშვნელოვანი უფლებები ადამიანისა და მოქალაქისა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის შექმნით ჩვენ თავადაც ვყალიბდებით არსებებად, რომელთაც შესწევთ უნარი კონსტიტუციური ცხოვრებისა, იმგვარად ცხოვრებისა, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციაში ან კონსტიტუციით. ამავე დროს, შესაძლოა, დაადგინონ ამ გზის ალტერნატივა, რომელიც რეალურად არც არის ალტერნატივა, რადგან საერთოდ არ არსებობს სიცოცხლის ალტერნატივა, მაგრამ სიკვდილს მაინც აქვს ერთი ალტერნატივა! ის აქ არ არის, რადგან ადამიანები ყოველ წამს ცოცხლობენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „სიკვდილი“, ვგულისხმობ რეალობას, რომელიც, თითქოს, სიკვდილის სახით ძევს ჩვენი სოციალური, ფსიქოლოგიური, ლინგვისტური თუ კულტურული რეალობის სიღრმეებში; ისაა სათავე ბევრი რამისა, მათ შორის, დაუმთავრებელი სამოქალაქო ომებისაც. სამოქალაქო ომი არ დასრულებულა 1922 წელს. სამოქალაქო ომის გადაგვარებულ შედეგებში, იმ უფსკრულში, რომელიც ჩნდება სამოქალაქო ომის კვალდაკვალ ფიქციური ცნებების რიდეთი, არის ისეთი კოაგულაციები, რომლებიც ერთიანდებიან და თავიანთი შეუქცევადობით იძენენ კანონთა მნიშვნელობას. მათი საერთო ნიშანი არის ცხოვრების ფანტომურობა – სამოქალაქო ომში სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ერთგვარი სახე. თუ არ შევაშველებთ აღქმის გამახვილებულ უნარს ან ინტუიციას ცხოვრების ამ ფანტომური ხასიათის რაციონალურ აღწერას, რასაც რუსეთს გარედან სთავაზობენ და რაც შეადგენს ევროპული ინტელექტუალური საშუალებების ერთობლიობას, ვერაფერს გაუგებენ საბჭოთა რეალობას; ეს შეუძლებელია ფართო ტრადიციული ევროპული პრაგმატიზმის გარეშე. აღნიშნულ საშუალებებს აქვთ საგანგებო კონცეპტები, რომლებსაც ზემოთ ნახსენებ ფანტომურ თვისებებს უმატებენ, რათა საბჭოთა სოციალური და ისტორიული ტოტალურობის, როგორც მოვლენის, გაგება გახდეს შესაძლებელი; საჭიროა გაცხადდეს მოჩვენებითობა და აბსურდულობა კონცეპტუალურ მეტყველებაში, სპეციალურად რომ შეიქმნა ამ შემთხვევისათვის. მასში კანონი არის თანხმობის შეუძლებლობა, სიცოცხლე დაფარულია სიცოცხლის ფიქციებით ან იმიტაციებით, – იმ იმიტაციებით, რომლებიც არარსებულ სიცოცხლეს ბაძავენ მიმიკით, ეს არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. გაუჩინარებული სიცოცხლის ადგილზე ხელახლა იქმნება ახალი სიცოცხლე, როგორც მოჩვენება. მაგრამ ადამიანები ფიზიკურად მაინც სიცოცხლეში რჩებიან და, როდესაც სხვა გზა არა აქვთ, ფანტომების განდევნას იწყებენ, ეს არის სიცოცხლის ნარჩენი სიკვდილის შემდეგ, დაკნინებული და დამახინჯებული სიცოცხლე, რომელიც ზედაპირულად არის გარდაქმნილი, ეს არის ისტორიული უკანდახევა, რომელიც იწვევს მხოლოდ ზედაპირულ გარდაქმნას. ეს ყველაზე არქაული ისტორიული უკანდახევაა. ეს სრულებითაც არ გახლავთ ბარბაროსობა, როგორც ასეთი, რადგან ბუნებრივად შეუძლებელია ბარბაროსობა ცივილიზაციის შემდგომ, როგორც შეუძლებელია, მთელი სიცოცხლე სიცოცხლის იმიტაცია იყოს. უკანდახევა სიცოცხლისა, რეალური უკანდახევა სიცოცხლის ნაწილებისა ჩნდება მაშინ, როდესაც გარეგანი ჯაჭვები წყდება და ყველაზე არქაულ, ბრმა და მძაფ რლტოლვებს ეძლევათ ფართო გასაქანი. ეს განახლებული ლტოლვები, როგორც ბორხესი ამბობდა, მიწის, სისხლისა და გრძნობის კერპები, ხელახლა დაფარავს ჭეშმარიტების იდუმალ და გამჭვირვალე გზებს. ეს არის, მე ვიტყოდი, ყველაზე ბნელი ბუნება ადამიანისა, რომელიც, თითქოს, გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩა და მხოლოდ თავს გვაჩვენებს სხვაგვარად; ამას ემატება ტოტალიტარულ სახელმწიფოში (ამაზე უკვე ვისაუბრე) ძალადობის მონოპოლიისა და უკანონობის და კანონების რღვევაც.

აი, ასე მიიღებთ ბენზინის ფეთქებად კასრს. ეს არის კავკასიის ლიბანიზაციის საფრთხის რეალობა. ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანელებმა და სომხებმა, – სასიკვდილოდ გადაწნულ-გადახლართულებმა, – უკვე მრავალი ნაბიჯი გადადგეს კავკასიის ლიბანიზაციის უფსკრულისაკენ მიმავალ დაღმართზე. ვიღებთ აბსოლუტურად გადაუჭრელ პრობლემათა ისეთ კვანძს, როცა ყველა მართალია და ყველა შავ დღეშია.

თითოეულ ცალკე აღებულ პროტესტს თავისი რაციონალური გამართლება აქვს, ერთობლიობაში კი გამოუვალი და უგუნური ფსიქოზია. მათ შეუძლიათ ამ ციცაბოზე ჩაითრიონ კავკასიის სხვა ხალხებიც, – გენოციდისა და სიკვდილის ხატით მონუსხულები. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ისეთი მოვლენაა, რომელმაც ჩვენში უნდა გამოაცოცხლოს პასუხისმგებლობის გრძნობა, აღადგინოს საქართველოს ისტორიული და გეოპოლიტიკური მოწოდება, – იყოს მშვიდობის დამამყარებელი და შუამავალი ძალა კავკასიის ეთნოსებსა და სახელმწიფოებს შორის. კავკასია, როგორც ახლახან გითხარით, ეს არის მთელი ცალკე სამყარო, რომელსაც არ მიესადაგება რუსი დემოკრატების ნალოლიავები სქემები; მე ამ სქემებს რუსული „მატრიოშ კის პრინციპს“ ვუწოდებ. კავკასიის პრობლემების გადასაჭრელად ამ პრინციპების გამოყენება იქნებოდა პროვოკაციული მოქმედების ნაღმი, რომელიც გამოიწვევდა ორგანულად ერთმანეთთან დაკავშირებული სამყაროს, კავკასიის, აფეთქებასა და ნგრევას. ამ სამყაროში სხვაგვარი სიბრძნე, სხვა სქემა, სხვა პრინციპი მოქმედებს. არსებობს მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური გამოცდილებაც და არ არის საჭირო კავკასიის ამ შიდა, ინტიმური რეალობის ხელყოფა; არ კმარა აბსტრაქტული პრინციპების, ადამიანის უფლებების ქონა, საჭიროა, გაგაჩნდეს კონკრეტული რეალობის ინტუიციაც და კავკასიისათვის დამახასიათებელი მულტინაციონალიზმის, კოსმოპოლიტიზმისა და გენეტიკური უნარის დალექილი შრეების ნდობა და მაშინ იქ, სადაც უკიდურესი საშიშროება ჩნდება, იქნებ, ხსნის გზაც გამოჩნდეს. იმედი მაქვს, ეს სიტუაცია გამოაღვიძებს ქართველებში მათი ისტორიული და გეოპოლიტიკური დანიშნულების შეგნებას, – იმას, რაც გენეტიკურად ძევს ჩვენში – ვიყოთ კავკასიის ხალხებისათვის მშვიდობის მომტანი შუამავალი; ეს არის ის მოწოდება, რომლითაც უნდა გამოფხიზლდეს ქართული სახელმწიფო, როგორც კავკასიის გასაღები. ვინც ფლობს საქართველოს, კავკასიასაც ფლობს.

ამჟამად საქართველო არის მთელი ამიერ და იმიერ კავკასიური სამყაროს სტაბილურობის საყრდენი, მშვიდობის გასაღები, კავკასიის ხალხთა ერთად ცხოვრების გასაღები. საჭიროა, ამას დაემატოს რელიგიური შემწყნარებლობა, რაც ასე ტრადიციულია ქართული სახელმწიფოსათვის. ქართულ კულტურასა და ზნეში ყოველთვის არის ადგილი გარკვეული სახის ეკუმენიზმისათვის. ჩვენ, ქართველებს, გაგვივლია მუსულმანებთან ერთად ცხოვრების გზა, უფრო მეტიც, – ჩვენ ჩვენი საკუთარი ქართველი მუსულმანები გვყავს. ეს მხოლოდ ახლა, როცა ცნობიერება სოვიეტიზმით დეფორმირებულია, გვეშინია ჩვენივე საკუთარი მუსულმანი ძმებისა; ესენი არიან მესხები, მათი სპეციფიკურობის პრობლემა არასდროს მდგარა ქართველების წინაშე, ამჟამად, საჭიროა, საკუთარ თავზე ავიღოთ ქართველი ხალხის ამ ნაწილზე პასუხისმგებლობა.

იგივე ითქმის აფხაზეთზე, რომელიც არის, და ეს არავის უნდა დაავიწყდეს, ლინგვისტურ და სიმბოლურ სიბრტყეზე, თვით საქართველოს, როგორც ისტორიული სახელმწიფოს, სინონიმი. არც ერთ ქართველს არ შეუძლია, გამოეთიშოს სიტყვა „აფხაზს“. ყველა ქართველისათვის მიუღებელია ვარაუდი – შეიძლება, აფხაზეთი ტერიტორიულად ჩამოცილდეს საქართველოს; ამგვარ დაშვებას არავითარი საერთო არა აქვს აფხაზების, როგორც ეთნიკური, სოციალური და კულტურული ჯგუფის ავტონომიის პრობლემასთან. ავტონომიურობის პრობლემა საპარლამენტო და საკონსტიტუციო გზით არის გადასაწყვეტი, როგორც ცხოვრების ნებისმიერი სხვა პრობლემა ადამიანთა ეთნიკური ერთობის შესახებ. ეს უნდა მოხდეს სამართლებრივ საზოგადოებაში, რომლის შექმნას ვესწრაფვით. საჭიროა საპარლამენტო და სამართლებრივი გზებით გადავუკეტოთ გზა კორპორაციულ ინტერესებს კავკასიის სანაპიროს მიმართ; საჭიროა, საწარმოები, საკურორტო ადგილები და მეურნეობები, რომლებიც ეკუთვნის ცენტრალურ ხელისუფლებას, გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების იურისდიქციას. ეს იქნება როგორც, საზოგადოდ, სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი აფხაზური სინამდვილის განვითარების გზაც. აფხაზი ხალხის პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად საჭიროა, დაიშალოს მონოპოლიებისა და კორპორაციების სისტემა, რაც აფხაზთა საგარეო რეალობის უკან მალავს მოსკოვს. ეს ჩვენ გვაბრუნებს კონსტიტუციის პრობლემასთან, რომელიც უკვე განვიხილეთ. ახლა, მინდა განვსაზღვრო, რას ვგულისხმობ ნაციონალურ დამოუკიდებლობაში. აქ მე არ გამოვიყენებ სიტყვას ნაციონალიზმი ან ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ საქართველოში არა გვაქვს ნაციონალური მოძრაობა, სამაგიეროდ, გვაქვს ბრძოლის გამომხატველი სიტყვები, გამოთქმები, როგორც ანაბეჭდი სიტყვებისა, რომლებიც ახასიათებენ ნამდვილ ნაციონალურ ბრძოლებს. ეს სიტყვები შესაძლებელია განვიხილო მხოლოდ მოძრაობის შიგნით, სადაც მე შემიძლია მოძრაობის მონაწილეები წარმოვადგინო ნაციონალისტებად. ეს შესაძლებელია მაშინ, თუ ამაში ვგულისხმობთ რეალური პრობლემების გარკვეულ კონცეფციას. მაგრამ აღნიშნული სიტყვები არ შეიძლება გარედან მიესადაგოს მთლიანი მოძრაობის განსაზღვრას და რეალურ პრობლემატიკას. თავად მოძრაობის შიგნით არიან მაქსიმალისტები, რომლებიც იკვებებიან საკუთარი ნაციონალური განსაკუთრებულობის გრძნობით, მაგრამ არიან, ასევე, კონსტიტუციონალისტები, რომლებიც უფრო ახლოს არიან რეალურ პრობლემებთან. ფაქტი, რომ ქართული მოძრაობა, სინამდვილეში, არ არის ნაციონალისტური მოძრაობა, დასტურდება მისი მიმართებით რუსეთისადმი ინდივიდუალურ, ყოფითსა და კულტურულ დონეზე. საქართველოში არ არსებობს ანტირუსული გრძნობა; ადამიანები მხოლოდ ადამიანური, სამოქალაქო თავისუფლებისათვის ბრძოლის აზრით არიან პოლიტიკურად ანტი-საბჭოურები, ე.ი. რუსების მიერ თავს მოხვეული ძალაუფლების წინააღმდეგნი.

იმ სიტუაციაში, როდესაც ორი განსხვავებული – ერი-სახელმწიფოს და მოდერნულობის – პრობლემა ჩნდება, როცა ეს ორი პრობლემა ერთმანეთის მიმართ დისჰარმონიულ ურთიერთობაშია და თითქმის გამოუვალი მდგომარეობაა შექმნილი, ძირითადი რგოლი, საიდანაც აიგება მთელი ჯაჭვი, უნდა იყოს შემდეგი: მონახოს დამოუკიდებელი ქცევებისა და უნარების მაგალითები და რეალურად განხორციელდეს საქმეში. აი, ეს იქნება თავისუფლება, არა როგორც რაღაც გარეგანი საბოძვარი, არამედ – შინაგანი ნიჭი, უნარი, რაც თავისთავად დამკვიდრდება თითოეულის სულსა და ხორცში.

საჭიროა, იცოდე დამოუკიდებლობის პრაქტიკულად გამოყენება ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ საქმეებში. ეს გულისხმობს ქართველი პოლიტიკური კლასის ჩვევებისა და ადათების ამოძირკვას, კლასისა, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, როგორც მოსკოვის მონა. მე ვიმეორებ, საჭიროა, შეიქმნას დამოუკიდებელი ცხოვრების რეალური სივრცე, ხოლო რა დაერქმევა ამ დამოუკიდებლობას, არა აქვს მნიშვნელობა; სიტყვების, სახელდებების მიღმა უნდა შეიქმნას თავისუფალი საქართველო. შესაძლოა, ჩვენ გამოვიდეთ საბჭოთა კავშირიდან, თუ თავად რუსეთი არ დაადგება კონსტიტუციისა და დემოკრატიის გზას. ვნახოთ! არ შეგვიძლია ჩვენი სული და ნიჭი დავიმახინჯოთ სიტყვების გამო ბრძოლით. ყოველგვარი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელახალი ფორმულირების საფუძველი, იქნება ეს ფედერალური თუ კონფედერალური ხელშეკრულება, არის რესპუბლიკის მიერ საქმეში განხორციელებული თავისუფლება. დიდ თეორიებს აქ არა აქვს მნიშვნელობა. არც იმაზე ვინაღვლებთ, რას დაგვიძახებენ! რაკი გვეცოდინება დამოუკიდებლად ცხოვრება, ვიქნებით თავისუფალი ადამიანები და ადამიანურ ურთიერთობებს დავამყარებთ მთელ სამყაროსთან, ვნახავთ, როგორ აღსრულდება ეროვნული თავმოყვარეობითა და სიამაყით ნაკარნახევი ჩვენი სურვილები.

საჭიროა, მთელი ნაციონალური ცხოვრება, – ქალაქებისა თუ სოფლების მშენებლობა, განათლება, ჯანმრთელობის სამსახური, კულტურული მოღვაწეობა და ა.შ. – წარიმართოს ერთი მოვლენის კვალდაკვალ – ეს არის თავისუფალი შრომა. ეს იმასაც გულისხმობს, რომ უნდა ვისწავლოთ მუშაობა, შრომა მოდერნული ანუ თანამედროვე მსოფლიოს დონეზე. ამისათვის საჭიროა, ხელახლა მოვიპოვოთ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება – უფლება, და არა მოვალეობა შრომისა. ესაა – ინდივიდუალური და შრომაში სხვებთან დადგენილი წესით თანამშრომლობა – შრომის უფლება, რაც გამომდინარეობს თავისუფლად გასაკეთებელი ნივთიდან. პოლიტიკურ დონეზე ამგვარი შრომისათვის დაშვებულია მოხერხება, მანევრირება, თვალთმაქცობა, კომპრომისი და სიმარჯვე პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან იქნება ეს, თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას. ეს ყოველივე საჭიროა, თუ სურთ, მოიპოვონ გამარჯვება, რაც ყოველთვის არის ბრძოლის ერთადერთი მიზანი. ბრძოლა არავის სჭირდება ბრძოლისათვის, ბრძოლაში გამარჯვებისათვის ებმებიან. უშუალოდ ბრძოლის წარმოებისას საჭირო არ არის გორბაჩოვის შინაგანი მენტალიტეტის გამოცნობა, საკმარისია, დადგინდეს სიტუაცია, გორბაჩოვის მოქმედებათა შედეგები და ისინი გამოყენებულ იქნას საკუთარ მოქმედებაში. ეს ერთგვარი საფეხურებია, რომელთაც შემიძლია დავეყრდნო ჩემს გზაზე სვლისას. მაგალითად, მე შემიძლია დავადგინო, რომ მისი ქმედებანი საფუძველს ქმნიან იმისათვის, რომ ჩვენი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდეს.

ჩვენ არ შეგვიძლია, წარმატებით განვსაზღვროთ ჩვენი საჭირო ენერგია ჩვენსავე ბრძოლაში, იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა, ან არ გვჯერა, ვხვდებით ან ვერ ვხვდებით ისეთი ადამიანების ფსიქოლოგიას, როგორებიც არიან გორბაჩოვი, ელცინი და სხვანი. მაგალითად, მე არ მჭირდება გორბაჩოვის რწმენა, – ისევე, როგორც, სხვათა შორის, ქართველი ეროვნული გმირებისა. მისი უმალ მადლიერი ვარ იმ ფიზიკური, მატერიალური ფაქტების გამო, რომლებიც მე საკუთარ მოქმედებას მიადვილებენ. მე მაინტერესებს მხოლოდ ის, რომ გორბაჩოვმა და მისმა ელიტამ გაიცნობიერონ მათ წინაშე არსებული ისტორიული მომენტი, – ეს არის საპრეზიდენტო მომენტი. ცხადია, თუ ხვდებიან, თუ ესმით, პარტიულობისა და მისი იდეოლოგიის გარეშე არსებული საპრეზიდენტო ძალაუფლების ახალი ტიპი, რომლის ბუნებრივი მოკავშირეებიც იქნებიან რესპუბლიკები, საკონსტიტუციო პროცესები რესპუბლიკებში და არაფორმალური მომენტები მასების ცხოვრებისა, როგორიცაა მუშათა კლასისა და კოოპერატივების პროფკავშირული მოძრაობები. ასეთ დროს ძირითადი ამოცანა გახლავთ შუალედური კორპუსის დანგრევა პრეზიდენტს, როგორც ხალხის მსახურის სიმბოლოსა, და ხალხს შორის. ამგვარივე შუალედური რგოლების დამსხვრევაა საჭირო რესპუბლიკებთან და ხალხთა მოძრაობასთან – ნომენკლატურის, პარტიის ძალაუფლების, იდეოკრატიული ძალაუფლების, მმართველი საბჭოთა კლასის გარეშე. ამ ურთიერთქმედებისას იქმნება არტიკულაციისა და დიფერენციაციის გზაც, ერთობ ხელსაყრელი სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

ანტი-რუსული ლოზუნგები, სინამდვილეში, მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგებია, ანუ ისინი მიმართულია რუსული პოლიტიკური ძალაუფლების წინააღმდეგ. ჩვენში არასდროს ყოფილა ეთნიკური სიძულვილის გამომხატველი ლოზუნგები. არასდროს ყოფილა რუსული მოსახლეობის დარბევის მცირედი ნიშანიც კი, თვით ცხრა აპრილის ტრაგიკური კონფლიქტის შემდეგაც კი. ყოველდღიურობის თვალსაზრისით (ქუჩაში, ქალაქსა თუ დაბაში) რუსების მიმართ, რომლებიც იმ დროისათვის საქართველოში ტურისტებად იმყოფებოდნენ, არავითარი ნიშანი მტრობისა, ანდა ძალადობისა არ გამოვლენილა. ქუჩებში არც ერთი რუსისათვის „თავ-პირი არ დაუმტვრევიათ“. მაგრამ არის ერთი რამ, რაც რუსებმა უთუოდ უნდა გაიგონ და თანაც შეეგუონ: ქართველებს სურთ დამოუკიდებლობა. ქართველს, როგორც ქართველს, შეუძლებელია, არ სურდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. არ შეიძლება, იგი არ ისწრაფვოდეს ამისაკენ. ეს არის თავისთავადი მოცემულობა, ეს არის ისტორიული ლტოლვა, რომელიც ძალზე შორიდან მოდის, რომელიც ძევს გენეტიკაში და რომელიც შეუქცევადია. ეს ის ბასრი ისარია, უხსოვარი დროიდან რომ გამოტყორცნილა და დღეს აღარ შეუძლია ფრენის მდგომარეობაში დარჩენა; იგი არაა მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, იგი არავის უმიზნებს, მას არა აქვს ასეთი განზრახვა – იგი მხოლოდ და მხოლოდ ფრენის მდგომარეობაშია; ეს არის ის, რაც რუსებმა უთუოდ უნდა გაიგონ და ამაში არ უნდა დაინახონ ცუდი ზრახვები, უმადურობა, ინტრიგები და ა.შ. ეს ის ყვავილია ტროტუარის საფარს რომ გააპობს და მაინც ამოვა. მტრულად რად უნდა შეხვდნენ ამ ყვავილის გაშლას?! მისი ამოსვლა ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენ სიამოვნება ან უსიამოვნება მოგვანიჭოს, არამედ – სიცოცხლის დაუძლეველი ძალის წადილით. ყვავილის თავისთავადობა, დამოუკიდებლობა ღირსეული მოვლენაა ყველა ჩვენი სიამოვნების გამომხატველი რეაქციების მიუხედავად, ზრახვათა გამოვლინების მიუხედავად, ყოველივე იმის მიუხედავად, რაც ხდება ჩვენ თავში, როდესაც ყვავილს ვუყურებთ. ამრიგად, დიახ, ასეთი რამ პრობლემას უქმნის ყველას, ვინც არ არის საკმარისად განვითარებული და მომწიფებული, საკუთარი თავის გვერდით აიტანოს ამგვარი ავტონომია, ამგვარი მიზანსწრაფულობა, – დაფუძნებული მხოლოდ საკუთარ კანონებზე.

ახლა მე მივმართავ რუსებს და მე მათ ვუბიძგებ კულტურისაკენ, ე.ი. ვაჟკაცობისაკენ, ცოდნისა და იმის უნარისაკენ, შეიცნონ ავტონომიურ მოვლენათა სირთულე მრავალფეროვან პირობებში. ეს მათ არ სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ, წაშალონ ეს ყოველივე ადამიანურ შესაძლებლობათა რუკიდან. ჩვენს ირგვლივ ავტონომიური მოვლენებია, რომლებიც აღმოცენდნენ საკუთარ საფუძველზე და საკუთარი კანონის ძალით. ამიტომ საჭიროა, იცოდე მათთან მეზობლობა და იქონიო მათთან ურთიერთობა. ამისათვის თავად უნდა იყო მომზადებული, მრავალმხრივი და ჩამოყალიბებული. თუ თავად არ გაგაჩნია საკმაო ვაჟკაცობა, საკმაო ძალა, რათა აიტანო შენს ირგვლივ დამოუკიდებელი მოვლენები, ზემოთ რომ განვსაზღვრეთ, ან გაგიჟდები, ან იქცევი სასტიკ მკვლელად. ყოველთვის დაეჭვდები, რომ მტრებს მიზნად მხოლოდ შენი განადგურება აქვთ. აქედან, როგორც აფეთქებული ატომიდან, წამოვა შიში და აგრესია იმ მარტივი მიზეზით, რომ შენ არა ხარ მრავალმხრივი და რთული ელემენტების ერთობლიობა, შენ მოკლებული ხარ საკმაო სიმხნევესა და გონების სინათლეს. ამ აზრით, რუსულ სოციალურ კულტურასა და პოლიტიკაში არის გარკვეული უკმარისობა. ამის გამო რუსები არსებულ ავტონომიურ მოვლენებში ბოროტ ზრახვებს ჭვრეტენ. მათ ეჩვენებათ მხოლოდ უფსკრული, სადაც დემონები იმალებიან. უდავოდ, ეს განწყობა ერთვის ძალადობის, სადიზმის და სიბრმავის კაპიტალს, რაც უკვე ძევს საბჭოთა ხალხთა სულებში იმ ატმოსფეროს წყალობით, რომელშიც სუნთქავდნენ ათეულობით წლების განმავლობაში. მათში განსაკუთრებით დალექილია კრისტალები სამოქალაქო ომისა, არასდროს რომ არ დამთავრებულა ადამიანთა ზნეში, ადათ-წესებში, ცნობიერებასა და კოლექტიური თანაცხოვრების კულტურაში.

საჭიროა ბრძოლა ყოველივე ამის წინააღმდეგ, ე.ი. რუსების ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, ამ ისტორიული და გენეტიკური მემკვიდრეობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ რეაქციული სტრუქტურის წინააღმდეგ, მათ სულში რომ არის ჩაკირული ყოველგვარი უცხო, ავტონომიური და რთული მოვლენის მიმართ. მე ვლაპარაკობ პოლიტიკური კულტურის უნარზე. ნახავენ, როგორი იქნება ხელშეკრულება იმ ხალხებს შორის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში რომ არიან. ეს მოხდება მას შემდეგ, როცა ყველა ხალხი, და, განსაკუთრებით, რუსი ხალხი, თავად გაივლის კულტურული, საკონსტიტუციო და საპარლამენტო ფორმაციის ღია პროცესს. ამაზე ყველამ ბევრი უნდა იფიქროს და არ უნდა ჩამოეკიდონ ლოზუნგებს, რაოდენ მიმზიდველადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ისინი ეროვნულ თავმოყვარეობასა და სულის კვეთებას.

_____________

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი