რამდენად ზრდის ფინანსური კეთილდღეობა თვითშეფასებას?

0
300

გიოცნებიათ იმაზე, რომ გქონოდათ ბევრი ფული? ყოფილიყავით შეძლებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი, წარმატებული? ერთხელ მაინც ხომ გიფიქრიათ? და ამ ფიქრის დროს, ხომ გაგბადრვიათ სახე? გამართულხართ მხრებში? თითქოს მხნეობა და გამბედაობა მოგმატებიათ? იმაზეც ხომ გიფიქრიათ, რას შეიძენდით, რამდენ პრობლემას მოაგვარებდით, სად წახვიდოდით და ა.შ.

ერთი შეხედვით, თითქოს ფულშია ბედნიერება, ფული გვგვრის კმაყოფილებას და მაღალ თვითშეფასებას, რწმენას საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. რა არის თვითშეფასება? – წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, როგორ ვხედავ ჩემს თავს, ჩემს უნარებს, ჩემს ცოდნას, ძლიერ და სუსტ მხარეებს.

საკუთარი თავის რწმენა ჩვენს თვითშეფასებაზეა დამოკიდებული. კარგია, როდესაც თვითშეფასება ჩვენი შესაძლებლობების ადეკვატურია. ამ დროს რეალობასთან თანხვედრაში ვართ და შესაბამისად, გარესამყაროსთანაც რაციონალურად ვურთიერთობთ. თვითშეფასება ჩვენს ბავშვობაში ყალიბდება და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უპირობოდ გვიღებდნენ ჩვენი მშობლები. თვითშეფასების ჩამოყალიბება მაშინ ხდება, როდესაც საკუთარი თავი ფაქტობრივად არ გვახსოვს. თუკი ფუნდამენტი სწორად ჩაისახა, გარანტია იმისა, რომ ადეკვატურად ვხედავდეთ საკუთარ თავს, პოზიტიური შინაგანი მონოლოგი გვქონდეს საკუთარ თავთან, რაციონალური რწმენა-წარმოდგენები გვქონდეს საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ, მეტად გვაქვს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვობიდან გარკვეულ პირობებს გვიყენებდნენ. ეს პირობები უბრალოდ ლამაზად არის ხოლმე მშობლების მხრიდან შეფუთული, სინამდვილეში კი ასე ჟღერს: „ უნდა იყო კარგი, წარმატებული, ბეჯითი, დაუზარელი, დამჯერი, შრომისმოყვარე – და მაშინ ბედნიერება, ანუ ჩვენი სიყვარული გარანტირებული გაქვს“. ასეთი პირობები უამრავია. ერთ-ერთი ასევე გაბატონებული პირობაა – „უნდა იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი, შემდგარი, იმისთვის რომ კეთილდღეობა გარანტირებული გქონდეს“. ეს ფრაზა ყველგან ისმის – სკოლაში, უნივერსიტეტში, სახლში, ქუჩაში, მედია იმიჯებსა და კამპანიებში. ყველგან უნდა იყო ფინანსურად შემდგარი, თუმცა რას ნიშნავს „ფინანსურად შემდგარი/უზრუნველყოფილი“ – განმარტება არ ხდება, ამიტომ ყველა თავისებურად იგებს, ინტერპრეტაციას აკეთებს და ირგებს ან ვერ ირგებს. თუმცა უმეტესობა მაინც ერთ კოგნიტურ სქემას ითვისებს – ფინანსური კეთილდღეობა/სიმდიდრე – ემოციური კეთილდღეობა/მაღალი თვითშეფასების გარანტიაა. ეს სქემა საკმაოდ მყარად ჯდება ჩვენს გონებაში და თუკი თავად არ გავაალანიზეთ ეს სქემა, შესაძლოა მის ტყვეობაშიც ავღმოვჩნდეთ.

ფინანსური კეთილდღეობა მაღალი თვითშეფასების გარანტიაა?

კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები სიღარიბის ზღვარს მიღმა საკმაოდ დაბალი თვითშეფასებით ხასიათდებიან და უფულობას ძალიან დიდი გავლენა აქვს მათ თვითშეფასებასა და საკუთარი თავის მიმართ ნეგატიურ წარმოდგენაზე.განსაკუთარებით მამაკაცების შემთხვევაში, ფინანსურ მდგომარეობასა და თვითშეფასებას შორის ძალიან მჭიდრო კავშირია.  სოციო-კულტურულ კონტექსტში რომ განვიხილოთ ეს ფაქტი, მარტივად გასაგები ხდება, თუ რატომ შეიძლება დაბალი ფინანსური მდგომარეობა უფრო დიდ გავლენას ახდენდეს მამაკაცზე, ვიდრე ქალზე. ჩვენი კულტურით განპირობებული გენდერული სეგრეგაცია, მამაკაცს აკისრებს ოჯახში „შემომტანის“ ფუნქციას და შესაბამისად კაციც, რომელიც ამ როლს ვერ ასრულებს, ან ცუდად ასრულებს, განწირულია ნეგატიური თვითაღქმისკენ.

თუმცა, კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც პირველადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ფინანსური სტაბილურობა მიღწეული, შემოსავალი გასავალზე მეტია და ა.შ. ფულსა და თვითშეფასება/ბედნიერებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმდენად მყარი აღარაა. უფრო ზუსტად – მაღალი შემოსავალი ყოველთვის არც ბედნიერებას და არც მაღალ თვითშეფასებას არ უზრუნველყოფს.

ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა – მე იმაზე მეტი ვარ, ვიდრე ჩემს მიერ გამომუშავებული ფული. მე ბევრად მეტი ცოდნა, ღირებულება, უნარი და ა.შ. მაქვს, როგორც პიროვნებას და შესაბამისად ჩემს საფულეში არსებული ფული რეალურად ვერ ასახავს იმას, თუ ვინ ვარ მე, როგორია ჩემი პიროვნება და ა.შ.

თუმცა ყოველთვის გვახსოვს ეს ჭეშმარიტება? არა. და თუკი არ გვახსოვს და ჩვენს წარმოდგენას საკუთარი თავის შესახებ ჩვენს საფულეში არსებული თანხის მიხედვით ვზომავთ, მაშინ საბოლოო ჯამში აუცილებლად მოწყვლადები ვხდებით და განწირულები ვართ, ვერ მივაღწიოთ რეალურ, ჭეშმარიტ თვითრეალიზაციას, რომელიც ადეკვატური თვითშეფასების გარანტიაა.

ბუფალოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ადამიანები, ვინც საკუთარ წარმატებას და პოზიტიურ თვითშეფასებას ფინანსური წარმატებით ზომავენ, განწირული არიან, მუდმივად შეადარონ საკუთარი თავი სხვებს.[1]

ასეთ ადამიანებს უჭირთ საკუთარ მიღწევებში დაინახონ ნამდვილი ემოციური სარგებელი და არა მხოლოდ მატერიალური ან სოციალური. არადა, რეალურად სწორედ ეს ემოციური თვითკმაყოფილებაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ თავი კარგად ვიგრძნოთ, საკუთარი მიღწევა ადეკვატურად დავაფასოთ, სიამოვნება შევიგრძნოთ საკუთარი რესურსის გახარჯვის შედეგად და საბოლოოდ ამან ჩვენს თვითშეფასებაზე, ანუ საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენაზე იმოქმედოს დადებითად. გარდა ამისა, თუკი ჩვენს თავს ფულის რაოდენობით ვზომავთ და აგრეთვე ჩვენს შემოსავალს სხვისას ვადარებთ, საბოლოო ჯამში ვკარგავთ ავტონომიურობას და კონტროლს საკუთარ თავზე;

ფული გვმართავს და ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ შესაძლოა სულ არ გვქონდეს ფული – და მაინც ვიმართებოდეთ. მაგალითად, გვერდით გადავდოთ ჩვენი ნამდვილი სურვილები და მიზნები და ფულის გამო ვიბრძოლოთ არაავთენტური მიზნების მისაღწევად. შესაძლოა, მივაღწიოთ კიდეც ამ მიზნებს, მაგრამ შედეგად სიამოვნება, კმაყოფილება და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა ვერ მივიღოთ. რატომ? იმიტომ, რომ რეალურად ეს ჩვენ არ გვსურდა, რეალური „დრაივი“ არ გვქონდა, მხოლოდ მატერიალური ჯილდო მივიღეთ, რომელიც, სამწუხაროდ, ხანმოკლე სტიმულატორია.

და რაც მთავარია, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შედეგად, ჩვენ შესაძლოა ძალიან ძლიერი იდენტობის კრიზისი დაგვეწყოს. რაც უფრო ნაკლები იქნება ფული – მით უფრო ნაკლები იქნება ჩვენი, როგორც პიროვნების ღირებულება, მით უფრო დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, უიმედობა და სერიოზული პიროვნული კრიზისი.

სად არის გამოსავალი?

არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს ბლოგი ფინანსური კეთილდღეობის წინააღმდეგ არის მიმართული, ან სიმდიდრეს და მაღალანაზღაურებად სამსახურს ვაკრიტიკებ. პირიქით, ფინანსური კეთილდღეობა ადამიანის რეალიზების ფუნდამენტური ელემენტია. ამ ბლოგის მიზანი არის ის, რომ დავფიქრდეთ – არის თუ არა მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა საკმარისი ან ერთადერთი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ საკუთარი თავი პოზიტიურად აღვიქვათ.

შესაძლოა შემომედავოთ და მითხრათ – ფულის შოვნა ჩემზეა დამოკიდებული, რა რესურსს და ძალისხმევასაც ვხარჯავ, ის შემოსავალი მაქვს. თუ მაქვს სურვილი „ვიშოვო“ მეტი, აუცილებლად ვიშოვი. ნაწილობრივ ეს მოსაზრებაც მართალია, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან არ უნდა გამოგვრჩეს კონტექსტი, გარე ფაქტორები, ყველა ის ცვლადი, რომელიც მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. და ზუსტად ეს ცვლადები ახდენს გავლენას იმაზე თუ სად ვარ მე და რამდენი ფული მიდევს ჯიბეშიმაგრამ არ უნდა ახდენდეს გავლენას იმაზე, თუ ვინ ვარ მე. ამიტომ გამოსავალი ამ ორი განსხვავებული მოვლენის გამიჯვნასა და გააზრებაშია. 

სად ვარ და არა ვინ ვარ!

მე არასდროს მქონია მაღალი შემოსავალი. მეტიც, იყო დრო, როდესაც ჩემს მიერ ჩემი დაუღალავი შრომის მიუხედავად ჩემი საფულე თითქმის სულ ცარიელი იყო. ვმუშაობდი, თავს არ ვზოგავდი და რაც დრო გადიოდა, ვუკვირდებოდი, რომ საკუთარ თავთან ძალიან უსიამოვნო, ზოგჯერ შეუბრალებელი მონოლოგებიც კი მქონდა. პერმანენტულად ვადანაშაულებდი თავს იმაში, რომ ჩემი გასავალი ორჯერ აღემატებოდა შემოსავალს. საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას სხვებისას ვადარებდი, და რაც მეტად ვადარებდი, მით ნაკლებ სიამოვნებას განვიცდიდი, მქონდა დაბალი თვითშეფასება და უსაზღვროდ დიდი უკმაყოფილება.

გამიმართლა და რაღაც დროის შემდეგ, ნელ-ნელა დავაქუცმაცე ის კოგნიტური სქემა, რომელიც ჩემს აზროვნებას მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობაზე აფოკუსირებდა. დავფიქრდი – ვინ ვარ და აღმოვაჩინე, რომ ბევრი ვარ. ბევრს ვაკეთებ. დავფიქრდი, რას ნიშნავს მიზნისკენ სწრაფვა – მხოლოდ ფინანსებს? და აღმოვაჩინე, რომ ბევრად მეტს. გავაანალიზე, რა მჭირდება რეალიზაციისთვის, თვითკმაყოფილებისთვის, საკუთარი თავის პატივისცემისთვის – მაღალი შემოსავალი? „კარგ“ სამსახურში მუშაობა? იქნებ საყვარელი საქმის კეთება? რათქმაუნდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაღალი შემოსავალი, ოჯახის უზრუნველყოფა, საკუთარი მიზნების რეალიზება და ა.შ. საუკეთესოა, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ერთდროულად არ გვეძლევა. ამის გამო საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულობა არასწორია და თან მავნეც, რადგან ნეგატიური თვითხატით, საკუთარი თავის მიმართ ურწმუნობით, კიდევ უფრო რთულდება კეთილდღეობის მიღწევა – როგორც მატერიალურის, ისე ემოციურის.

შედეგად გამოსავალი ერთია – მე ისევ იქ ვარ სადაც ვიყავი, იმავე სამსახურში, ზოგჯერ ცარიელი საფულეთი. მაგრამ კითხვაზე თუ ვინ ვარ, პასუხი ცალსახაა – ბევრად მეტი, ვიდრე ჩემი ზოგჯერ ცარიელი და ზოგჯერ სავსე საფულე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი