ნონა ხიდეშელი – რა ხდება ჩვენს რეალურ ყოფიერებაში

0
515

მარსელ პრუსტი წერდა “დღითიდღე სულ უფრო და უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ გონებას, დღითიდღე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მხოლოდ გონების ჩაურევლად შეუძლია მწერალს, რაიმე მოიხელთოს ჩვენი შთაბეჭდილებებიდან”, ე.ი. ჩასწვდეს რაღაც საკუთარს, ხელოვნების ერთადერთ საგანს.

მართლაც, როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა, რაიმე ახლის, თვითმყოფადის შექმნა, თუ ყველა მისი მოტივი და მისწრაფება, მეხსიერების რეზერვუარიდან იქნება ნაკარნახევი, სადაც სტერეოტიპებისა და იდეების სახითაა ყველაფერი მოცემული და მხოლოდ გადმოკოპირება თუ შეიძლება. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ, ჩვენ, ჩვენი საკუთარი,  ცოცხალი განცდებითა და გამოცდილებებით  კი არ ვცხოვრობთ, არამედ მივყვებით რაღაც სისტემას, რაც ავტორიტეტების მიერაა მოცემული და დაუფიქრებლად ვიმეორებ იმის რწმენით,  რომ  ჭეშმარიტების გზაზე ვდგავართ.

ჩვენი ყოველდღიური სურვილები და მოთხოვნილებები, გნებავთ სწრაფვა რაღაც იდეალებისკენ, ასეთივე  სტერეოტიპულია, მოქცეული რაღაც ჩარჩოში, სორტირებული და მარკირებულია არაცნობიერ სფეროში. არავითარი ინტერესი, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული აღმოვაჩინოთ და დავინახოთ.   როგორია ჩვენი ყოველდღიური სურვილებიდა მოთხოვნილებები, ის,  რაც, ქმედებისკენ გვიბიძგებს, მაგალითად,  თუ წარსულში მაწყენინეს, დამამცირეს ან უსამართლოდ მომექცნენ, ახლა რევანშის სურვილით ვცხოვრობ, პირიქით, თუ კარგი და სასიამოვნო მოვლენები ხდებოდა, ახლა მათი ნოსტალგია მაწუხებს და ვცდილობ იგივე მდგომარეობა დავიბრუნო. ვინმეს თუ ძვირფასი ნივთი აქვს, ან მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა, ვოცნებობ იგივე ან უფრო უკეთესი მქონდეს, თუ გმირებისა და იდეალების სტერეოტიპებით ვარ სავსე, ახლა ვცდილობ მეც საგმირო რამ ჩავიდინო, თუ  ძალაუფლების ამბიცია მაწუხებს, მაშინ რაიმე პოლიტიკურ პარტიას შევუერთდები ან სასულიერო იერარქიაზე ვიფიქრებ და ა.შ

ცხადია, ეს არასრული ჩამონათვალია მთელი იმ სურვილებისა და მისწრაფებების, რაც თითოეულ ჩვენგანს ამოძრავებს და კონკრეტული ქმედებისკენ უბიძგებს, ხშირად დიდ დაპირისპირებასა და ბრძოლაშიც გვითრევს, პრობლემებს გვიქმნის ყოველდღიურ ურთიერთობებში, მშვიდი და წყნარი ცხოვრება სადღაც ქრება, ჩნდება ე.წ. მტრის ხატი მეორე ადამიანის სახით, იწყება სტრესი, დეპრესია, მოწყენილობა, უიმედობა, შიში, სიძულვილი და ქაოსი. გამუდმებით ცუდად ვართ და ვეღარ ვხვდებით საიდან დაიწყო ყველაფერი, სად დავუშვით შეცდომა, სად დავკარგეთ საკუთარი ცხოვრება და ვინ არის ამ ქაოსში დამნაშავე.

სურვილებისა და მოთხოვნილებებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა მათი გაცნობიერებაა.  გავიგოთ,   რა ხდება ჩვენს რეალურ ყოფიერებაში, ვინ ვართ, როგორები ვართ, რა არასრულფასოვნებაა ჩვენში  სინამდვლეში და რა ფასეულობები გაგვაჩნია, რასთან გვაქვს  იდენტიფიკაცია ცნობიერად თუ არაცნობიერად.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი