კარლ გუსტავ იუნგი – ,,მე” კომპლექსი

0
9713

კომპლექსი ასოციაციათა აგლომერაციაა (ეს მეტად თუ ნაკლებად რთული ფსიქოლოგიური ბუნების მქონე სურათია), რომელიც ხან ტრავმატული, ხან კი – მხოლოდ მტკივნეული და ძლიერ დაძაბული ხასიათისაა.

ყოველივე ისეთთან, რაც მაღალი დაძაბულობის ქვეშაა, მიდგომა ჭირს. მაგალითად, თუ ჩემთვის რამე ძალიან მნიშვნელოვანია, მერყეობას ვიწყებ, როდესაც მას ვუახლოვდები. ალბათ, შეამჩნევდით, რომ თუ თქვენ ძნელ კითხვას მისვამთ, მაშინვე კი ვერ გპასუხობთ; ეს იმიტომ, რომ ეს თემა ჩემთვის მნიშვნელოვანია, და რეაქციის დრო გადიდებული მაქვს. ვბორძიკობ, მივედ-მოვედები; მეხსიერება მყისვე როდი მაწვდის საჭირო მასალას. ასეთი დარღვევები კომპლექსებთანაა კავშირში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის, რასაც ვამბობ, ჩემს პიროვნულ კომპლექსს არ ეხება. უბრალოდ, ეს რაღაცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, და ყოველივე ისეთთან, რასაც მაღალი გრძნობითი ღირებლება გააჩნია, მიდგომა ძნელია, რადგან ასეთი შინაარსები როგორღაც ფიზიოლოგიურ მოვლენებს უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, გულის ცემა, სისხლძარღვთა ტონუსი, კუჭ-ნაწლავში მიმდინარე პროცესები, სუნთქვა და კანის ინერვაცია. ასეთ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ამ კომპლექსს საკუთარი სხეული ჰქონდეს და ჩვენს სხეულში ბუდობდეს, – ამიტომაც იწვევს ასეთ დარღვევას;

ის, რაც ჩემს სხეულს აღიზიანებს, იოლად მოსაშორებელი არაა; მას ფესვები გაუდგამს ჩემს სხეულში და ჩემს ნერვებზე მოქმედებს. ცოტათი დაძაბული და მცირე გრძნობითი ღირებულების მქონე რაცაა, იმას ადვილად გავუმკლავდებით, – ფესვები არა აქვს და ვერ ჩამოგვეკიდება, ვერ მოგვეკრობა. ამას ძალზე მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ, სახელდობრ, იმ ფაქტამდე, რომ კომპლექსს თავისი მოცემული დაძაბულობითურთ ანუ ენერგიის მარაგითურთ ტენდენცია აქვს პატარა კერძო პიროვნებად იქცეს.

მას გააჩნია ერთგვარი სხეული და გარკვეული საკუთარი ფსიქოლოგია. მას შეუძლია კუჭი აგვიშალოს, დააბრკოლოს სუნთქვა, გულის მუშაობა, – მოკლედ, ნაწილობრივ პიროვნებასავით იქცევა.

მაგალითად, თუკი რაიმეს თქმა გნებავთ და, საუბედუროდ, ეს განზრახვა კომპლექსს შეეჯახა, მაშინ სულ სხვა რამეს იტყვით და არა იმას, რაც ენაზე გადგათ, – უბრალოდ, სათქმელს შუაზე გაწყვეტინებენ; საუკეთესო განზრახვას კომპლექსი სწორედ ისევე გვიმსხვრევს, როგორც ადამიანური არსება ან გარემო პირობები შეგვიშლიდა ხელს.

ამიტომ სხვა რა დაგვრჩენია, – ისე უნდა ვილაპარაკოთ კომპლექსთა ტენდენციების შესახებ, თითქოს ისინი რაღაც საკუთარი ნებით იყვნენ აღჭურვილნი. ნებელობა რაკი ვახსენეთ, ბუნებრივია, „მე“ გაგვახსენდება. კი მაგრამ, სადღაა კომპლექსის „მე“? – მის გარეშე ხომ ნებელობა წარმოუდგენელია.

ჩვენ ვიცნობთ საკუთარ „მე“-კომპლექსს, და გვგონია, რომ სხეული მისი მონა-მორჩილია. უნდა ითქვას, რომ ვცდებით, მაგრამ მაინც დავუშვათ, რომ ის არის ცენტრი, რომელსაც სხეული უსიტყვოდ ემორჩილება, რომ არსებობს ასეთი პუნქტი, ფოკუსი, რომელსაც „მე“-ს ვუწოდებთ, და რომ ამ „მე“-ს საკუთარი ნება გააჩნია და შეუძლია თავის კომპონენტებს თვითონ მოუაროს. „მე“-ც მაღალი დაძაბულობის მქონე შინაარსთა გროვაა, ისე რომ, პრინციპში „მე“-კომპლექსსა და ნებისმიერ სხვა კომპლექსს შორის განსხვავება არაა.

რაკიღა კომპლექსებს რაღაც ნებელობა, ერთგვარი „მე“ გააჩნიათ, ამიტომ შიზოფრენულ მდგომარეობაში მათ შეიძლება აიწყვიტონ და ისე გაუთამამდნენ ცნობიერ კონტროლს, რომ შესაძლებელი გახდეს მათი დანახვა და მოსმენა. ისინი მოჩვენებებად გვეცხადებიან, ისეთი ხმით ლაპარაკობენ, რომ მავან პირთა ხმები გეგონება. კომპლექსთა ასეთ პერსონიფიკაციას ჯერ კიდევ აუცილებელი არაა პათოლოგიური ვუწოდოთ.

სიზმრებში, მაგალითად, ჩვენი კომპლექსები ხშირად პერსონიფიცირებული სახით გვევლინებიან. შესაძლებელია ისე გავვარჯიშდეთ, რომ სიფხიზლეშიც ვუყუროთ და ვუსმინოთ მათ. გარკვეული სახის იოგას ვარჯიშების მიზანი სწორედ ცნობიერების მის შემადგენელ კომპონენტებად გახლეჩვაში მდგომარეობს, რომელთაგან თითოეული ცალკეულ პიროვნებად იჩენს თავს.

ჩვენი არაცნობიერის ფსიქოლოგიაში არსებობენ ტიპიური ფიგურები, რომელნიც სრულიად განსაზღვრული საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. ყოველივე ეს იმ გარემოებით აიხსნება, რომ ცნობიერების ე. წ. მთლიანობა ილუზიაა; ფაქტიურად ეს მთლიანობა ლამაზი სიზმარია და სხვა არაფერი. სიამეს გვგვრის, ვიფიქროთ, რომ ერთიანი ვართ, მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ასე არაა. გამოდის, საკუთარ სახლში ბატონ-პატრონები არა ვყოფილვართ; კი, ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო განცდაა, როცა გვწამს ჩვენი ნებისყოფისა, ენერგიისა და ყოველივე იმის, რისი განხორციელებაც მიზნად დაგვისახავს; მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ირკვევა, რომ რაც გუნებაში გვქონდა, იმის მხოლოდ მცირედი ნაწილისთვის შეგვისხამს ფრთა, რადგან ხელი შეგვიშალეს იმ პატარა ეშმაკუნებმა, – კომპლექსებმა.

კომპლექსები ასოციაციათა ავტონომიური ჯგუფებია, რომელთაც ტენდენცია აქვთ, დამოუკიდებლად იმოქმედონ, თავის გემოზე იცხოვრონ, ჩვენს განზრახვებს კი ჩირადაც არ აგდებენ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი