ფროიდი, კოკაინი და თავისუფლება

0
533

ამას წინათ The New York Review of Books-ში ფრედერიკ ქრუზის მეტად საინტერესო წერილი გამოქვეყნდა, სადაც ლაპარაკია ფროიდის მიერ 15 წლის განმავლობაში კოკაინის გამოყენებაზე. 

ამ წერილის თანახმად ფსიქოანალიზის მამა, ზიგმუნდ ფროიდი დაახლოებით 15 წლის განმავლობაში კოკაინის ადიქტი იყო. თავიდან მისი ეს გატაცება სრულებით პერსონალური მიზეზებით იყო განპირობებული – მას პიროვნული სექსუალური პრობლემები ჰქონდა და პარანოია აწუხებდა და კოკაინი მას გაუბედაობის გადაძლევაში ეხმარებოდა. ამ ნარკოტიკისაგან მიღებული ენერგიით ფროიდი არა მხოლოდ ფსიქოთერაპიულ სეანსებს ატარებდა, არამედ ახალი სამედიცინო პრეპარატის დამკვიდრებასაც ცდილობდა წლების განმავლობაში. ეს 1880-იან წლებში ხდებოდა. თავის კოლეგა ვილჰელმ ფლისთან ერთად ფროიდმა ლამისაა მოახერხა კოკაინის დაკანონება – თუმცა 1890 წლების დასაწყისში სამედიცინო კვლევებმა აჩვენეს რომ ეს ნარკოტიკი მავნე იყო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ფროიდმაც ეს თემა გვერდზე გადადო. თუმცა, მას არასდროს უთქვამს აქტიურად უარი კოკაინთან რომანტიულ ურთიერთობაზე – კონკრეტულად მის შემთხვევაში ამ დამანგრეველ ნივთიერებას უბედური შედეგი არ მოუტანია. ფსიქოანალიზის მამამ დიდხანს იცხოვრა და ცხოვრების ბოლოსათვის ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის მეცნიერებებში ერთგვარი კულტის სტატუსსაც კი მიაღწია.

ფროიდის სიკვდილის შემდეგ მისი ქალიშვილის, ანნა ფროიდის და მისი ბიოგრაფების მიერ მისი კოკაინთან ურთიერთობა კარგად იფუთებოდა და ხშირ შემთხვევაში საგულდაგულოდ იმალებოდა კიდეც. ეს იმისათვის იყო საჭირო რომ მითი ზიგმუნდ ფროიდის ემპირიული მეთოდის შესახებ არ დანგრეულიყო. მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ კონსერვატიული განწყობის საზოგადოება ნაკლებად მიიღებდა კოკაინის ადიქტის ფსიქოლოგიურ-მეცნიერულ დაკვირვებებს ემპირიულ საბუთად. ფროიდი სწორედ მისი სექსუალური სიზმრების ახსნის თუ დორას საქმის ანალიზის პერიოდში ,,იჯდა” კოკაინზე. ამიტომაც მისმა ბიოგრაფებმა ანნა ფროიდის დახმარებით მისი პირადი მიმოწერა 1884 წლიდან 1900 წლის ჩათვლით საიმედოდ და დიდი ხნით ჩაკეტეს. მითუმეტეს, მათი აზრით ფროიდი ამ ნარკოტიკულმა პერიოდმა სულაც არ დააზარალა. მან დიდხანს იცოცხლა ამის მერე და საბოლოოდ რამოდენიმე უძლიერესი თეორია შექმნა.

ჩემი მიზანი სულაც არ არის ფსიქოანალიზის თეორია ან კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო – ანაც მისი კიდევ ერთი აპოლოგეტი გავხდე. ფროიდს უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავს და ბოლო 30 წელში მას უამრავი უარმყოფელიც გამოუჩნდა, ფემინისტ გლორია სტაინემიდან დაწყებული ქრისტიან ფუნდამენტალისტ მშობელთა კავშირებით დამთავრებული (ასეთი მშობელთა კავშირები დასავლეთშიაც უხვადაა).

ქრუზის წერილი ამტკიცებს რომ ფროიდი ნარკოტიკის ზემოქმედებით საკუთარ სექსუალურ ენერგეტიკას იწევდა და მისი მდერდობითი სქესის პაციენტების მთავარი წამქეზებელი მათს პრევერსიულ ოცნებებზე ლაპარაკისას სწორედ ეს ნარკოტიკული ნივთიერება იყო. ამ აზრს ბევრი ფემინისტიც იზიარებს, როდესაც ფროიდს ბრალად ედება ქალების ნერვული სისტემებით მანიპულირება. ფროიდის ანალიტიკურ ნაშრომებში ეს, როგორც წესი ისე ჩანს როგორც ამ ქალების მიერ ამოხეთქილი სიმართლე, რომელიც მათ ქვეცნობიერში იმალებოდა.

მისი წერილების და არქივების გახსნის შემდეგ კი ცოტა არ იყოს სხვა სურათი ჩანს – გარდა იმისა რომ ფსიქოანალიზის მამა გათხოვილი თუ გაუთხოვარი ქალებისგან სექსუალურ ,,აღსარებებს” საკუთარი გონებრივი მანიპულაციებით იღებდა, ბევრი მისი ახალი ბიოგრაფი დიდი ალბათობით ასკვნის რომ ფროიდი მათთან სქესობრივ კავშირს თვითონაც ამყარებდა. ანუ, ის რასაც, ფემინისტები და ქრისტიანი ფუნდამენტალისტები დიდი ხანია გაიძახიან, რომ ფროიდი თვითონ იყო პირველ რიგში პერვერტი და მან ეს შემდგომ მთელს ცივილიზაციას მიაწერა, მთლად ტყუილი არ აღმოჩნდა.

ქრუზის წერილის თანახმად ფროიდი კოკაინს სწორედ დაბნეულობისა და ყოყმანის დასაძლევად იყენებდა. ის დარწმუნებული იყო რომ თავად გენიოსი იყო – და მისი პაციენტები მხოლოდ მისი ინსტრუმენტები – ის პირველ რიგში საკუთარი მეცნიერული მეთოდის დამტკიცებაზე და ამასთან საკუთარ სიამოვნებაზეც ზრუნავდა. წერილის ბოლოს ქრუზი ასკვნის რომ ფროიდი საკუთარი პიარის ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი აღმოჩნდა – მან მოახერხა კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მიღებული საკუთარი სუბიექტური გამოცდილებების გასაღება ემპირიულ დაკვირვებებად. ამისათვის, მან თვითონვე შექმნა მითი საკუთარი პერსონის შესახებ, რომელიც შემდეგ უკვე მისმა ქალიშვილმა, ბიოგრაფებმა და ერთგულმა მიმდევრებმა განამტკიცეს.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ემპირიული დაკვირვების მეთოდის ,,ობიექტურობა” შედარებითი ტერმინია. მეტაფიზიკურ გამოცდილებას თუ ინტუიციას არანაკლები მნიშვნელობა აქვს. წარმოვიდგინოთ რომ ეს მართლაც ასე იყო და იდენტობის პოლიტიკის სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლების მოსაზრება ფროიდის პიროვნული პერვერსიულობის და მისი ბიოგრაფიული უზუსტობების შესახებ ცამდე მართალია. ცვლის კი ეს მისი მეცნიერული მიგნებების მასშტაბს? ვფიქრობ რომ არა. ფროიდის ბევრი აღმოჩენა მაინც რელევანტურად დარჩა მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში – და არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ემპირიული მეთოდით არის მიღებული დაკვირვება ეგოს, იდის და სუპერეგოს ურთიერთობების შესახებ. ეს ისედაც ისეთი ინფორმაციაა, რომელიც მეტაფიზიკურად გადაიცემა. ბევრი რამ, რაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას გვაძლევს სწორედ მეტაფიზიკურია – და ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ემპირიული მონაცემებს და მშრალ სტატისტიკას ემყარებიან, ისეთივე ფუნდამენტალისტები არიან როგორც რობერტ ბენეტის ქრისტიან მშობელთა კავშირი. არისტოტელედან დაწყებული, ნიცშეთი და ანრი ბერგსონით გაგრძელებული უამრავი მეცნიერი სწორედაც რომ მეტაფიზიკური ინტუიტური საწყისის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს.

არ არის საჭირო ყველაფერი ემპირიულ და რაოდენობრივ კვლევას ეყრდნობოდეს – ცხადია რაოდენობრივ მონაცემებს საკუთარი ადგილი აქვს ცნობიერების სისტემაში – მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხარისხობრივი კვლევა სწორედ რომ მეტაფიზიკას ემყარება.

ფროიდის მატერიალისტური ფსიქოანალიზის ყველაზე ძლიერი კრიტიკა კი ჟილ დელიოზის და ფელიქს გატარის სრულებით გენიალურ და პოეტურ ნაშრომშია: ,,ანტი-ოიდიპოსი”. ამ ნაშრომში ავტორები ძალიან საფუძვლიანად ამტკიცებენ, რომ ფროიდს და მისი ბიზნესის მთავარ გამგრძელებელ, ანა ფროიდს, კარგად ესმოდათ კაპიტალისტური მომხმარებლობის არსი. ,,ოიდიპოსის კომპლექსი” ხომ საჩუქარია საბაზრო ეკონომიკისათვის. თუკი ადამიანი ისეთი გაუმაძღარია, რომ ის ვერაფრით დაიკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებებს, სანამ ინცესტსაც კი არ ჩაიდენს, მაშინ ჩვენ მას განუსაზღვრელი რაოდენობის ,,ნარკოტიკები” უნდა მივაწოდოთ მის ,,გასაბრუებლად”. ეს კი მომხმარებლური კაპიტალიზმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა – მაღაზიები გამოჭედილია სამომხმარებლო საგნებით.

მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ფროიდის თეორიაში და რაც არანაკლებ კარგად წარმოაჩინეს დელიოზმა და გატარიმ არის ის რომ ,,ოიდიპოსის კომპლექსის” არსებობისას ადამიანი უნდა შეეგუოს თავისი ბუნების ,,ბოროტებას” – ის ხომ უგარყვნილესი არსებაა – და მაშასადამე საჭიროა ძალმომრეობის აპარატი, რომელიც მას საშუალებას არ მისცემს რომ საკუთარი დედა გააუპატიუროს. ლიბერალური ცივილიზაცია ამ პრინციპს წარმატებულად იყენებს. და არა მარტო ლიბერალური. ნებისმიერი სისტემა, რომელიც ძალმომრეობას ემყარება, სწორედაც რომ ამ პრინციპს ატარებს ცხოვრებაში. ,,ადამიანი საშინელი ცხოველია – მაშასადამე საჭიროა რეპრესირების აპარატი” – ასე მოხდა რომ ფროიდის თითქოსდა განმათავისუფლებელი თეორია რეპრესიის აპარატის მოკავშირე გახდა. მოგვიანებით ფრანკფურტის სკოლამ, მარკუზეს, ჰორკჰაიმერის და სხვების წყალობით სცადა მისი თეორიის მარქსთან შეჯვარებით ,,გაკეთილშობილება”, მაგრამ ეს მცდელობაც წარუმატებლად დამთავრდა. საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ თავიდან ბოლომდე მატერიალისტები ვიქნებით, მაშინ ბურჟუა ეგოიზმი ჩვენთვის ყველაზე შესაფერი ცხოვრების სტილია. სხვა ადამიანზე ზრუნვა და სიყვარული თითქმის მთლიანად მეტაფიზიკური კატეგორიებია. აქედან გამომდინარე, ადამიანს ნამდვილ თავისუფლებას სწორედაც რომ სიყვარული ანიჭებს. თავისუფლება საკუთარ ინსტიქტებზე მაღლა დადგომაა – და ეს არის ურთულესი გამოწვევა ყველა ადამიანის ცხოვრებაში.

დღევანდელ პოსტმოდერნულ ინტელექტუალურ დისკურსში ჩვენ ორი უკიდურესობის მომსწრე ვარ – ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფუნდამენტალიზმის – ემპირიული და ფსევდო-სულიერი საწყისებიდან წამოსულის. ემპირიული ფუნდამენტალიზმი ისეთივე სიბნელის მომასწავებელია როგორც ფსევდო-სულიერი. არც ერთს აქვს რაიმე საერთო მეცნიერებასთან და არც მეორეს რელიგიასთან. ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელოვნება შოუ ბიზნესის ჩრდილში მოექცა – არადა ისტორიის მანძილზე ხელოვნებას ადამიანის სულიერების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ჰქონდა. ის არასდროს იყო ,,ბიზნესის” ნაწილი – ისევე როგორც ნამდვილი მეცნიერება და რელიგია, ისიც დამოუკიდებლად იდგა და სიმართლეს აწვდიდა სპექტატორს. ხელოვნება არის სწორედ მეტაფიზიკურის გამოვლენის საუკეთესო საშუალება.

ყველა დიდი მეცნიერიც და ყველა დიდი რელიგიური მოღვაწეც ხელოვანია თავისებურად – რადგანაც ყოველივე ახალის აღმოჩენას ძლიერი წარმოდგენის უნარი სჭირდება. ასეთი წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია ისეთი გარღვევის მოხდენა, როგორიც ფროიდმა მოახდინა – მიუხედავად იმისა რომ ის ,,კოკაინზე იჯდა”. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას რომ კოკაინი ჯანმრთელობისათვის კარგია – სულაც არა.

დიდი ფრანგი მოაზროვნე ანრი ბერგსონი ძალიან კარგად ამბობდა რომ სრულყოფილი აზროვნებისათვის არც მხოლოდ ემპირიული ,,რაციონალიზმია” საკმარისი და არც შიშველი ცრურწმენები. მეტაფიზიკური გამოცდილებაც აუცილებელია.
ფროიდის და კოკაინის მაგალითიც ამის დამადასტურებელია. ფსიქოანალიზის მამის მეტაფიზიკურმა წიაღსვლებმა საბოლოოდ ის სერიოზულ გარღვევამდე მიიყვანა – თუმცა მანამდე მან შესაძლოა პროფესიული ეთიკა ბევრჯერ უარყო.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ყველაზე ბუნებრივი გამოძახილი ასეთია:
-ძირს ფროიდი! გაუმარჯოს ფროიდს!’

და მაინც ყველაზე დიდი ძალა ისაა რომ ადამიანმა თავის თავში აღმოაჩინოს ანტი-ოიდიპოსი და საკუთარ ინსტიქტებზე ზემოთ დადგეს. ნამდვილ თავისუფლებას ჩვენ სწორედ ეს უნარი გვაძლევს.

ირაკლი კაკაბაძე

www.nybooks.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი