ქრონიკული სტრესი

0
344

ქრონიკული სტრესი არის მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გარემოს მოთხოვნილებების  და ინდივიდის მიერ რესურსების შეუსაბამობის აღქმით. ასევე, ეს არის მუდმივი დაძაბულობის განცდა, რადგან ინდივიდი გარემოს მოთხოვნილებებს აღიქვამს, როგორც საკუთრი რესურსებისათვის შეუფერებლად  მაღალს.

ქრონიკული სტრესი განსხვავდება ყოველდღიური სტრესისაგან. ეს უკანასკნელი შესაძლებელია, დაიძლიოს კონკრეტული ქცევითი გზებით, თუმცა როდესაც სტრესის მოქმედების ხანგრძლივობა იზრდება, ყალიბდება ქრონიკული სტრესი, რაც იწვევს გულის დაავადებებს, ინსომნიას, დეპრესიას, შფოთვით აშლილობებს და სხვა.

პირველი თანამედროვე მკვლევარი, რომელმაც სხეულზე ხანგრძლივი, ძლიერი სტრესის მოქმედების ეფექტები იკვლია, კანადელი ენდოკრინოლოგი ჰანს სელიე (Hans Selye) იყო. 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან სელიე აღწერდა ლაბორატორიული ცხოველების რთულ რეაქციებს ისეთ მავნე აგენტებზე, როგორებიცაა: ბაქტერიული ინფექციები, ტოქსინები, ტრავმა, მოძრაობის შეზღუდვა, სიცხე, სიცივე და ა.შ.

სელიეს სტრესის თეორიის თანახმად, მრავალ სხვადასხვა სახის სტრესორს შეუძლია ერთნაირი რეაქციის ანუ ზოგადი სხეულებრივი რეაქციის გამოწვევა. ყოველი სტრესორი მოითხოვს ადაპტაციას:  ორგანიზმმა უნდა შეინარჩუნოს ან აღიდგინოს  ინტეგრირებულობა და ჯანმრთელობა.

სტრესორებზე რეაქცია სელიემ აღწერა როგორც ზოგადი ადაპტაციური სინდრომი (ზას), რომელიც მოიცავს სამ სტადიას: განგაშის რეაქციას, წინააღმდეგობის სტადიასა და გამოფიტვის სტადიას (Selye, 1976ა, 19976ბ). თუ სტრესორი საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიურია, ხდება სხეულის რესურსების ამოწურვა და ორგანიზმი გამოფიტვის სტადიაზე გადადის.

იმ ექიმების გასაკვირად, რომლებიც სტრესს არასდროს მიიჩნევდნენ დაავადების მიზეზად, სელიემ დაადგინა, რომ როცა სხეული ქრონიკულად სტრესის მდგომარეობაშია, “სტრესის ჰორმონების” ჭარბი გამომუშავება საფრთხეს უქმნის იმუნური სისტემის ინტეგრირებულობას. დასკვნა ასეთია, რომ ის, რაც კარგად ემსახურება სხეულს მწვავე სტრესთან შესაგუებლად, ასუსტებს ქრონიკულ სტრესზე სხეულის რეაქციას.

ქრონიკული სტრესის მაგალითებია ქრონიკული სტრესის გავრცელებული წყაროები: ფინანსური პრობლემები, სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური პრობლემები და ა.შ.

ინსომნია

ინსომნია ძილთან დაკავშირებულ სირთულეებს ეწოდება, რაც შეიძლება გამოიხატოს ნორმალურად დაძინების ქრონიკულ უუნარობაში, ჩაძინების სირთულეში, ხშირი გაღვიძება, დილით გაღვიძება და ა.შ. ხანგრძლივი ინსომნია მნიშვნელოვნად აუარესებს პიროვნების ფუნქციონირებას და ძლიერი უარყოფითი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე. ნორმალური ძილის პატერნის მქონე ინდივიდებისგან განსხვავებით, ინსომნიის მქონე ადამიანები უფრო ხშირად უჩივიან ჯანმრთელობის, მეხსიერებისა  და გუნება-განწყობილების გაუარესებას. პრობლემები ჩნდება კონცენტრაციის უნარში და ეცემა სამუშაოს შესრულების ხარისხი.

ინსომნიის გამომწვევი მიზეზები

ინსომნია ბევრმა სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს,  მათ შორის: ბიოლოგიური რიტმის აშლილობამ, სტრესმა, ცუდმა საძილე პირობებმა, ფსიქოპათოლოგიამ, სუსტმა ძილის უნარმა, ფიზიკურმა პრობლემებმა და სხვადასხვა მედიკამენტმა.

ბიოლოგიური რიტმის აშლილობა დღის მანძილზე ცირკადული ძილ-ღვიძილის რიტმის მოშლაში გამოიხატება. ინსომნიის საწყის ეტაპზე მყოფ ინდივიდებს ნორმიდან გადახრილი რიტმი აქვთ.

სტრესით გამოწვეული ინსომნია მაშინ იჩენს თავს, როცა პიროვნებას მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებთან გამკლავება უჭირს. სტრესი, თავის მხრივ, ასოცირებულია დაღლილობასთან, ფიზიკურ გადაღლილობასთან და ა.შ. რაც გავლენას ახდენს ძილის ხარისხზეც.

ცუდი საძილე პირობები მოიცავს ძილისათვის შეუფერებელ ტემპერატურას, ხმაურს, გაზიარებულ/საერთო ოთახს და ა.შ. მაგალითისათვის, ხმაური აფერხებს ღრმა ძილს და ზრდის ძილის დროს სხეულის მოძრაობის სიხირეს.

დაძინების ცუდი უნარები გულისხმობს არეულ დღის რეჟიმს, დაურეგულირებელ ძილის განრიგს, საწოლიდან გვიან წამოდგომას და ძილის წინ ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელიც ხელს უშლის ჩაძინებას.

ფსიქოპათოლოგიასა და ინსომნიას შორის კავშირზე მრავალი კვლევა მეტყველებს. მაგალითად, ინსომნია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია კლინიკური დეპრესიის შემთხვევაში. ასევე ხშირად გვხვდება ძილის პრობლემები ისეთ აშლილობებში როგორიც არის შიზოფრენია, პანიკური აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ა.შ.

ინსომნია შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფიზიკურმა პრობლემებმაც როგორებიცაა ართრიტი, წელის ტკივილი, ფიბრომიალგია, თავის ტკივილი ან ქრონიკულმი დაავადებები. ასევე კიბომ, კარდიოვასკულარულმა დაავადებებმა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა და სხვა.

რაც შეეხება მედიკამენტებს, ინსომნიის მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც გამოწერილი, ასევე თვითნებურად მიღებული მედიკამენტებიც. აქ იგულისხმება საძილე პრეპარატებიც, რომლებიც ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ხშირად საპირისპირო ეფექტს ახდენენ და ხელს უწყობენ უძილობის შენარჩუნებას. 

ავტორი:ია აფთარაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი