პალადიუმის რიტმი

0
404

განსაკუთრებული ყურადღებით განვიხილოთ კიდევ ერთი, თითქოს არაფრით გამორჩეული მოვლენა: თუ რა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემო, არამედ ინდივიდის, ან ერთნაირი რიტმის მქონე ინდივიდთა ჯგუფის საერთო რიტმი, პიროვნებაზე.

ჯგუფის ინდივიდთა უამრავი ვიბრაციებიდან შეიძლება გამოიკვეთოს ერთი რომელიმე რიტმი, რომელიც, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, ყველაზე მეტი ინტენსივობით გამოირჩევა. ეს მაშინ ხდება, როცა ჯგუფის წევრები საერთო მიზნით, ერთი პროცესით, ერთი ინტერესით არიან დაკავშირებულნი.

ჯგუფის ამ რიტმს იგრძნობთ ეკლესიაში, სინაგოგაში, მეჩეთში, სამეცნიერო კონფერენციაზე და ა.შ. 

ჩვენ მხედველობაში არ გვაქვს ის მიზნობრივად მიმართული რიტმი, რომელიც საკურთხევლიდან, მომხსენებლის კათედრიდან, სცენიდან მოდის. 
არა – ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ რიტმზე, რომელიც ახასიათებს ერთი კონკრეტული მოვლენის აღქმით დაკავებულ ინდივიდთაA ჯგუფს, ე.ი. მლოცველებს, სემინარის მსმენელებს და ა.შ.

გაცილებით მოხერხებულია იმ კონკრეტული სიტუაციის განხილვა, სადაც მიზნობრივი რიტმი (მღვდელი, მომხსენებელი) მკვეთრად არაა გამოხატული. 

განვიხილოთ, საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი, სადაც არც საკურთხეველია (თუ წიგნებს არ მივიღებთ მხედველობაში) და არც სცენა. იქ მყოფი ინდივიდები დაკავებულნი არიან შემეცნებით, შესაბამისად, დარბაზი გაჟღენთილია შემეცნებისთვის დამახასიათებელი რიტმით. იქ, შემთხვევით მოხვედრილ სუბიექტს, უჩნდება ბუნდოვანი, მისთვის ბოლომდე გაუთვითცნობიერებელი სურვილი, რაღაც წაიკითხოს, რაღაც გაიგოს, რა თქმა უნდა, თუ მას ოდნავი ინტელექტი მაინც გააჩნია, თუ არა, რიტმის მოქმედების შედეგს მაინც შევამჩნევთ. ის მოკრძალებულად იქცევა, ხმადაბლა ლაპარაკობს, ფრთხილად გადაადგილდება და აზრადაც არ მოსდის, რომ ის უკვე იმ უხილავ რიტმს ემორჩილება, რომელიც მკითხველთა ჯგუფიდან მოდის.

ასევე მიაქციეთ ყურადღება, როგორ იქცევა ეკლესიაში შემთხვევით მოხვედრილი სუბიექტი, როცა იქ არავინაა და როცა იქ მლოცველები არიან. პირველ შემთხვევაში მისი ქცევა შედარებით თავისუფალია, იგი თამამად გადაადგილდება, ნივთებს წონას უსინჯავს და ა.შ. მეორე შემთხვევაში მის ქცევას მლოცველთა რიტმი კორექტირებას უკეთებს. ის მოწიწებით იხედება აქეთ-იქით, შეიძლება პირჯვარიც კი გადაიწეროს.
აღწერილი შემთხვევის განხილვას, ერთი შეხედვით, არც თუ ისე უცნაურ დასკვნამდე მივყავართ:

ერთნაირი აზრით, ქმედებით ორიენტირებული ჯგუფის საერთო რიტმს შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს სუბიექტზე – ანუ მისი რიტმი, დროებით მაინც, შეცვალოს. 
ჯგუფური რიტმი გაცილებით ძლიერია ერთი ინდივიდის რიტმზე. 

მართლაც, დაუკვირდით, როგორ იქცევა სუბიექტი, როდესაც ამაღლებული რიტმის არეში ხვდება და არა აქვს მნიშვნელობა, ეს რიტმი პასიონარულია, პასიონარულ-ენტელექიური თუ ტრანსცენდენტული. სუბიექტი მის რიტმს ემორჩილება მიუხედევად იმისა, მაგ. პასიონარს, პირადად იცნობს თუ არა. 

არა აქვს მნიშვნელობა პასიონარი დიდი მეცნიერია თუ კრიმინალური ჯგუფის ლიდერი. განსხვავება იმაშია, რომ პოზიტიური პასიონარიზმის რიტმი _ ცნობიერებაზე მოქმედებს, ნეგატიური კი – ინსტიქტებზე (“კომპლიმენტარული” პრინციპი).
ჩვენ მხოლოდ პირველ შემთხვევას განვიხილავთ.

პასიონარულ-ენტელექიურ რიტმს საკმაოდ საინტერესო თვისება აქვს – შეიძლება მისი დაფიქსირება, შენახვა, გადაცემა. 

დაუკვირდით, მრავალი საუკუნის წინ მოაზროვნეთა შემოქმედებაში გადასული პასიონარული რიტმი, სუბიექტზე დღესაც მოქმედებს. ეს რიტმი იგრძნობა ლეონარდო და ვინჩის, ვივალდის, ვაჟას, გალაკტიონის შემოქმედებიდან. ამიტომაა, რომ სუბიექტის ქცევაზე გავლენას ახდენს არა მარტო სამკითხველო დარბაზში მყოფი პირი, არამედ მუზეუმიცა და საგამოფენო დარბაზიც. 

დარბაზში გამოფენილ ტრანსცენდენტული შემოქმედების მახასიათებელი რიტმები ერთმანეთს აძლიერებენ და მნახველზე შთამბეჭდავ გავლენას ახდენენ, ანუ მის რიტმს ცვლიან, შესაბამისად, იცვლება სუბიექტი.

უფრო ნათლად გავარჩიოთ პასიონარულ-ენტელექიური ჯგუფის ძლიერი რიტმის გავლენა პიროვნების შინაგან ენერგიასა და აურაზე. 

როგორც აღვნიშნეთ, ადამიანს ღვთისგან ჭარბად აქვს მინიჭებული ყველაფერი ის, რაც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია. აქ იგულისხმება შინაგანი სასიცოცხლო ენერგიაც და ამ ენერგიის მართვის მექანიზმი – ფსიკიქის სიმძლავრეც. 

ზოგიერთ ადამიანში შინაგანი ენერგიის აკუმულირება, ანუ დაგროვება ვერ ხერხდება. მისი ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობა, შესაბამისად, ექსტრემარულ პირობებში სამუშაოდ მზად არ არის. ამ ენერგიის დასაგროვებლად მას ძილისა და დასვენებისთვის გამოყოფილი დრო არ ჰყოფნის. ის კარგავს აქტიურობას, შესაბამისად, მას რაიმე მნიშვნელოვანის შექმნის უნარი არ გააჩნია. ასეთი ადამიანი დეპრესიულ მდგომარეობაში გადადის, ყველაფრის მიმართ გულგრილი ხდება. ეს იმ დროს, როდესაც ადამიანების გარკვეული ნაწილი ყველაფერს ახერხებს, ფულის შოვნიდან დაწყებული, ფარდობითობის თეორიის შექმნით დამთავრებული. 

ჩვენი აზრით, ადამიანის შინაგანი ენერგიის გადინება, დაკარგვა დამოკიდებულია იმ თხელი ფენის სიმტკიცის ხარისხზე, რომელიც მას გარს აკრავს _ აურა. აურა უნდა იცავდეს მას, ყველა არასასურველი გარეშე რიტმისგან და როგორც ფილტრი, მხოლოდ კეთილ რიტმს უნდა ატარებს, დაწყებული ბიოლოგიური განვითარებისთვის საჭირო მზის ენერგიის რიტმიდან (სინათლე), დამთავრებული თქვენდამი კეთილად განწყობილი ადამიანის გამოსხივებული რიტმით. 

დიდი ხანია ცნობილია, რომ ყველა ბიოლოგიური ობიექტი და რა თქმა უნდა, ადამიანიც, “პატარა სიცოცხლეების”, ანუ უჯრედების უსაზღვრო რაოდენობას შეიცავს. აგრეთვე _ ის, რომ უჯრედში ცვლილებები ელექტრული მოვლენების თანხლებით მიმდინარეობს. ისიც ცნობილია, რა უნიკალური წყობით არის განლაგებული ეს ბიოლოგიური უჯრედები და რა ორგანიზებულად მუშაობს მთელი ეს ურთულესი სისტემა. 

ადამიანის მსგავსად, უჯრედები იბადებიან, ვითარდებიან, მრავლდებიან, იღუპებიან. მათაც აქვთ ფიზიკა-ბიოლოგიური მახსოვრობა (დნმ) და რაც მთავარია, “ის”, რაც ჩვენი ცნობიერების მიღმაა. 

ჩვენი ცნობიერება ჭრილობას _ ტკივილით, ნერვული სისტემის მეშვეობით, აღიქვამს. უჯრედები იმ წუთშივე გრძნობენ, რომ ტრამვის მიღებისას, უჯრედების რაოდენობა შემცირდა და გამრავლების პროცესებს აჩქარებს, ცდილობს ქსოვილი საწყისი მდგომარეობის მიღწევამდე აღადგინოს. 

ფიზიკური მახსოვრობის დაზიანება უჯრედის სიკვდილს იწვევს. თუ დავაზიანებთ “ფიზიკურ მახსოვრობას” _ მას “შიზოფრენიკად” ვაქცევთ (ასეთი შიზოფრენიკების მომრავლების შედეგია მაგ. ონკოლოგიური დაავადება). ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა. როგორც აღვნიშნეთ, მთელი ეს პროცესები რიტმის თანხლებით მიმდინარეობს.
მსგავსი პროცესის მიმდინარეობას შეიძლება სოციოლოგიაშიც ჰქონდეს ადგილი, ამას ჩვენ სოციალური სისტემის მოშლას ვუწოდებთ. როდესაც არამართვადი წრებრუნვა იკიდებს ფეხს, სოციუმში სწორედ მაშინ იწყება მთელის ნაწილებად დაშლა. დაშლის მამოძრავებელ ძალას კი, ასინქრონული ნაწილების ინდივიდუალური ენერგიების ზრდა წარმოადგენს. რომელიმე ნაწილის ენერგიის მკვეთრი ზრდა კავშირის გაწყვეტას იწვევს. ამ ნაგლეჯის თავისუფალი ენერგია კავშირის გაწყვეტაზე იხარჯება, და შესაბამისად, მცირდება. მიიღება მრავალი ნაწილისგან შემდგარი ნანგრევების გროვა _ ქაოსი.

უჯრედი შეკრული, დამოუკიდებელი ელემენტია, მას ქმედების მექანიზმის საკუთარი კანონები აქვს, ანუ ის ჩვენი ცნობიერებისგან გამიჯნულია. ისინი მუდმივ მოძრაობაში არიან – ერთიანდებიან, იშლებიან, “კეთილ სიცოცხლეში” ნეგატიური – “ბოროტი სიცოცხლის” შეჭრას (ვირუსებს) ებრძვიან. უჯრედი – ეს ის მასალაა, რომლითაც ნებისმიერი ჩვენთაგანია აწყობილი. ამიტომ, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვგავდეთ. მიუხედავად ამისა, ზოგი ადამიანი აქტიურია, ზოგი – არა, ზოგი გენიოსია, ზოგი კი, ამის მსგავსს არაფერს ამჟღავნებს. ეს იმ დროს, როცა “სიჭარბის პრინციპიდან” გამომდინარე, ყველა ჩვენთაგანი დაჯილდოვებულია შინაგანი ენერგიის უსაზღვრო შესაძლებლობით, პოტენციალით.

მეცნიერებაში ისიც ცნობილია, რომ ორი ნაწილაკი ერთმანეთს უშუალოდ არ ეხება. ისინი ველის რიტმის საშუალებით ამყარებენ ურთიერთკავშირს. შესაბამისად, ადამიანი შედგება უამრავი ნაწილაკისგან და იმ ველის რიტმისგან, რომელიც ამ ნაწილაკებს აკავშირებს, ე.ი. აზრობრივად ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ ორმაგი ფორმით. პირველი – იდეალურად დალაგებული ნაწილაკების სისტემა და მეორე – ადამიანის ის რიტმული ველი, რომელიც როგორც არქიტექტორი, ამ ნაწილაკებისგან ადამიანს ქმნის. ეს რიტმი მათ უნიკალურ, იდეალურ მუშაობას უწევს ორგანიზაციას, ე.ი. გვაქვს ნაწილაკობრივი ადამიანი და მისი ორეული _ ველის, ანუ რიტმის ადამიანი. 

ამ ველის შესახებ ჩვენ, ფიზიკოსებმა და ბიოლოგებმა, ბევრი რამ ვიცით, მაგრამ უსაზღვროა ის, რაც ჩვენი ცნობიერების მიღმაა. ადამიანი ბიოლოგიური სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ენერგიის ნაწილს მზისგან იღებს. მზის ენერგია გროვდება ფაუნასა და ფლორაშიც, რასაც ჩვენ საკვების სახით ვითვისებთ. ენერგიის ნაწილი ადამიანში პირდაპირ, მზის გამოსხივების სახით აღწევს (მაგ., სითბო), ხოლო ენერგიის დანარჩენ ნაწილს, რომელიც ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, გარემომცველი პიროვნებებისგან ვიღებთ.
სწორედ ეს, ველის, რიტმის ადამიანის ორეულია ჩვენთვის საინტერესო. ჩვენი ასეთი ორეული _ რიტმული ადამიანი, ენერგიას, ველის, რიტმის სახით, არა მარტო იღებს, არამედ ასხივებს კიდეც; ამრიგად, ადგილი აქვს ენერგეტიკულ ბალანსს.

ალბათ, ჩვენი შინაგანი ენერგიის, რიტმის იმ ნაწილს, რომელიც ჩვენი ცნობიერების მიღმაა და რომლითაც გაჟღენთილია მთელი სამყარო, ინდუსები აღიქვამენ, როგორც “ჯივა”-ს, სიცოცხლის კვანტებს. სწორედ ის ღვივის ჩვენშიც. ალბათ, ეს იგულისხმება ძველებრაულ წმინდა წერილებში, როცა აღწერენ “სიცოცხლის სუნთქვას” იმას, რაც ღმერთმა ადამს შთაბერა. 

თავისთავად ცხადია, რათა ადამიანისგან ენერგიის გადინება, გაფრქვევა არ მოხდეს, საჭიროა ამ ენერგიის დაცვა. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს აურა. შესაძლებელია, რომ მისი მოვალეობაა “ბოროტი რიტმების”, შეძლებისდაგვარად არეკვლა (შეკავება) და “კეთილი რიტმების” შეშვება ადამიანში, ე.ი. ის ორმაგი, სეპარაციული ფილტრის როლს უნდა ასრულებდეს. სწორედ ამ ფილტრზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლის ქმედითუნარიანობა, ტრანსცენდენტულობა, ენტელექიურობა, პასიონარიზმი და რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედია _ გულგრილობა. 

მართლაც, დაუკვირდით, თუ აურა “დაზიანებულია”, ანუ მისი, როგორც ფილტრის უნარი, დაქვეითებული, მაშინ შესაძლოა ადამიანში გარედან შემოიჭრას “ბოროტი რიტმები”, ხოლო შიგნიდან გაედინოს “კეთილი”, ანუ სიცოცხლის აქტივობის ენერგია. ასეთ ადამიანს აქტივობა შემცირებული აქვს. მას ყველაფერი და პირველ რიგში აზროვნება, უჭირს, ეზარება. 

კონფუძის აზრით, ასეთი უკვე ბოროტი, ანუ გულგრილი ადამიანია; 
ასეთი ადამიანი გულგრილია არა მარტო სხვის მიმართ, არამედ საკუთარი შემოქმედებს უნარის მიმართაც. 

როგორ გავხდეთ აქტიური, შემოქმედი, ანუ როგორ შეიძლება აურის გაძლიერება? 

აი, ეს არის ურთულესი საკითხი და ჩვენც შევეცდებით, ამ კითხვას როგორმე პასუხი გავცეთ.
ბუნებამ ჩვენ უკვე გაგვანდო აურის, როგორც ურთულესი სისტემის საიდუმლო. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს ელექტრული ველი და მეცნიერებმა ის გაზომეს. ისიც ვიცით, რომ აურის შემადგენელი ნაწილია წყლის ორთქლი, რომლის უშრეტი წყაროც ადამიანის კანია. სწორედ ეს, წყლის ორთქლის მოლეკულები, რომელთა კონცენტრაცია ადამიანის ზედაპირის უკიდურეს მახლობლობაში მაქსიმალურია, აკავებს მზის გამოსხივების სიცოცხლისთვის საშიშ “ბოროტ” რიტმს _ ძლიერი ულტრაიისფერი ნაწილი, და კარგად ატარებს მზის “კეთილ” გამოსხივებას _ ხილულ ნაწილს, რიტმს. 

ისიც ცხადია, რომ, რაც უფრო მკვრივია აურა, ის ფილტრის ფუნქციას მით უფრო კარგად უნდა ასრულებდეს. 

მაშასადამე, ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გავზარდოთ აურის სიმკვრივე, როგორ გავხადოთ ის “ფოლადივით”‘ მტკიცე.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის აურა არამტკიცეა. ცხადია, ის გარეშე ბოროტი რიტმებისგან დაცული არ იქნება. მასზე უარყოფითად იმოქმედებს გარემოს რხევები: ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, ამინდი, გარემოს ტემპერატურაც და აგრეთვე, მის გარშემო მყოფი სხვა ინდივიდების არაკეთილი ზრახვების რიტმი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი უარყოფითი მხარე – ესაა ადამიანისგან სასიცოცხლო რიტმის გადინება. ამ შემთხვევაში მისი აქტიურობა, როგორც აღვნიშნეთ, მინიმუმამდე ეცემა. ხანდახან აურა იმ დონემდე სუსტდება, რომ ფიზიკური ნაწილაკობრივი წყობაც ირღვევა, ე.ი. ბიოლოგიურ დეგრადაციას აქვს ადგილი; კერძოდ, ქვეითდება ჯანმრთელობა, ფსიქიკა და ა.შ. აქტიურობის დაქვეითება მაშინაც კი ხდება, როდესაც ადამიანი მზის ენერგიას, ანუ საკვების საკმაო რაოდენობას იღებს. საკვები აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი, ე.ი. ადამიანს აკლდება ის ენერგია, ის რიტმი, რაც ჩვენს მიერ ბოლომდე შეცნობილი არაა. სწორედ ესაა ჩვენი განსახილველი პრობლემა. 

საკმარისია, დაქვეითებული აქტივობის ადამიანი ამაღლებული პალადინის ველში მოხვდეს, რომ იწყება საოცრება. როგორც აღვნიშნეთ, ენერგია ასეთ ადამიანში ზომაზე მეტია. ის ამ ჭარბ ენერგიას მუდმივად ასხივებს (მისი სურვილის მიუხედავად). თუ დაქვეითებული აქტივობის ადამიანის რიტმი ფაზაში ემთხვევა პალადინის რიტმს (მიზანი საერთოა), ის ითვისებს ამ რიტმის ენერგიას და მისი შინაგანი ენერგია იმატებს; თუ მის გარშემო ერთი კი არა, მრავალი პალადინია, მაშინ მან შეიძლება მიიღოს ისეთი რაოდენობის რიტმები, რომლებიც გადააჭარბებს ბიოლოგიური არსებობისთვის საჭირო რაოდენობას და აქ იწყება ყველაზე საინტერესო – სად უნდა წავიდეს ეს ენერგია? 

არის თუ არა ადამიანში ისეთი რეზერვი, რომელიც მიიღებს არსებობისთვის საჭიროზე მეტ რიტმს? _ არის. ეს ის უდიდესი რაოდენობის რეზერვია, როგორიცაა თხუთმეტმილიარდიანი ნეირონების მასა. აი, სწორედ ეს რეზერვი ირთვება და იწყება შემოქმედება – ადამიანის ამაღლება. 

ფიზიკაში (და არა მარტო ფიზიკაში) ასეთი რეზერვის ამუშავების ნათელი მაგალითია ცნობილი მეცნიერი ავოგადრო (ავოგადროს რიცხვი). ის პროფესიით ფიზიკოსი არ იყო. ის იურისტი გახლდათ. ავოგადრო შემთხვევით მოხვდა ტრანსცენდენტულ-ენტელექიური ფიზიკოსების მძლავრ რიტმულ ველში, მიიღო საჭიროზე მეტი რიტმი და უმოკლეს დროში, შექმნა ისეთი შედევრი, რომელიც კვანტური ფიზიკის განვითარებას დაედო საფუძვლად. 
ასევე, გოგენი პროფესიით მხატვარი როდი იყო, მაგრამ იმპრესიონისტების რიტმმა ისე იმოქმედა მასზე, რომ ის უდიადეს მხატვრად აქცია. 

ჩვენი აზრით, დასკვნა ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: 

პალადინის რიტმის გავლენა ადამიანის შინაგან ენერგიას ზრდის. ეს ენერგია, თუ შეიძლება ასე ითქვას, “შიგნიდან” აწვება აურას, ზრდის მის სიმკვრივეს, ანუ სიმტკიცეს. ამრიგად, იზრდება აურის, კეთილი რიტმების მიღება-შეკავების, უმნიშვნელოვანესი თვისება და იზრდება ენერგიის დაგროვების ალბათობაც. აქედან გამომდინარე, შემდგომში კვლავ მეტად იზრდება კეთილი რიტმების მიღება და დგება ისეთი მომენტი, როდესაც ის ჩვენს რეზერვს ავსებს. ირთვება ის მექანიზმი, რაც ქმნის უნიკალურ შემოქმედებას, რაც ქმნის “ფაუსტს”, სვეტიცხოვლის ტაძარს.

ეს, რაც შეეხება პალადინის რიტმებს.

ახლა მოკლედ შევეხოთ გულგრილ ადამიანებს.

გულგრილთა რიტმის ქმედებაც ისევე შეიძლება დახასიათდეს, როგორც პალადინის რიტმების ქმედება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათ ამაღლებული მიზანი არ გააჩნიათ. 
სამწუხაროდ, ჩვენ ვიმყოფებით განვითარების იმ ეტაპზე, სადაც საერთო სურვილით გაერთიანება უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი აზრის გარშემო გაერთიანება და ეს სურვილია მატერიალური ფასეულობების მოპოვება. 

შესაბამისად, ადგილი აქვს სურვილის გაორებას: პირველი, როგორც აღვნიშნეთ, სიმდიდრის მოპოვება, და მეორე, უფრო ძლიერი სურვილი – მოპოვებულის გადანაწილება. ეს უკანასკნელი იმდენად ძლიერია, რომ მეორე მიზნის მისაღწევად ისინი ერთმანეთის განადგურებასაც არ ერიდებიან.

გაორებული მიზანი დამარცხებაა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, ადამიანთა ის ჯგუფი, რომლის აურა მინიმუმამდეა დასუსტებული. მათ სასიცოცხლო პოტენციალის შესავსებად, სუსტი აურის ადამიანებისგან, ენერგიის მიღება მუდმივად სჭირდებათ. ხშირად მათ ენერგოვამპირებს უწოდებენ. 
იმისთვის, რომ ენერგოვამპირმა ენერგია ვერ წაგვართვას, საჭიროა ჩვენი აურის გაძლიერება. პალადინის ველში ენერგოვამპირი თავს ცუდად გრძნობს, რადგან პალადინებს მტკიცე აურა აქვთ და მათ ენერგიას ვერ წაართმევენ. 
შესაბამისად, პალადიუმში გულგრილთა ადგილი არ არის.

ცხადია, პალადინს შინაგანი ენერგიის დიდი პოტენციალი “ნეგატიური სიცოცხლის” წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას აძლევს. 

ჩვენი ორგანიზმი დაუსრულებლად აფრქვევს “სიცოცხლის” პორციებს _ კვანტებს, რომელიც ბუნებას ერწყმის და ან აძლიერებს, ან ასუსტებს მას. ამ ზემოქმედების შედეგს ჩვენს მიერ გამოსხივებული სიცოცხლისა და გამოსხივების მიმღები ობიექტის არსი განაპირობებს. 
შესაბამისად, თუ გამოსხივებული “სიცოცხლის” რიტმი, გამოსხივების მიმღები ობიექტის რიტმს ემთხვევა, მიმღები ობიექტის სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად იზრდება: “კეთილი სიცოცხლე” აძლიერებს პოზიტიურს, “ბოროტი სიცოცხლე” _ ნეგატიურს.
ცხადია, თქვენდამი კეთილად განწყობილი ადამიანის რიტმი თქვენი დადებითი ემოციების რიტმს აძლიერებს. ეს კი, ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ალბათ, მარტივად შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ უარყოფითად მოქმედებს თქვენზე თქვენდამი ბოროტად განწყობილი ნაცნობი თუ უცნობი, ინდივიდის ველი. ერთი ასეთი სუბიექტის შორიდან შემოხედვაც კი, საკმარისია, რომ ხასიათი მთელი დღით გაქვთ გაფუჭებული და იმ დღეს არაფერი გამოგდით. 

ეს მოვლენა, შეიძლება, აურისა და გარე ველის (რიტმის) ურთიერთქმედებით აიხსნას. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის აურა შესუსტებულია, ის ბოროტ, არასასურველ რიტმს წინააღმდეგობას ვერ უწევს. ასეთი რიტმის ნაწილი, თქვენს აურაში გავლას ახერხებს და იწყება შინაგანი ველის დასუსტება. ეს შეიძლება მოხდეს ორი გზით: ან დაზიანებული აურიდან თქვენი შინაგანი ენერგიის გადინებით, ან თქვენში შემოსული უარყოფითი ველის ურთიერთქმედებით თქვენს სასიცოცხლო შინაგან ველთან.

უმთავრესია როგორ შევინარჩუნოთ ძლიერი აურა, შესაბამისად, ის შინაგანი ენერგია, რომლის გარეშეც, ბედნიერებამდე მისვლა გამორიცხულია. ამ დროს, როგორც აღვნიშნეთ, განმარტოვება, დასვენება, ან ძილი, აურის გაძლიერებისთვის არასაკმარისია. რჩება ერთადერთი გზა _ შინაგანი სასიცოცხლო ენერგიის, ანუ ტრანსცენდენტულ-ენტელექიურ-პასიონარული თვისებების ამაღლება. ის შიგნიდან ეხმარება აურას და ფოლადივით მტკიცედ აქცევს მას. 

მართლაც, დაუკვირდით, განა პალადიუმის თვისებების მქონე ადამიანები ბოროტი ადამიანების რიტმებით არ არიან გარემოცული? _ დიახ, რა თქმა უნდა. რადგან აქტიურ ადამიანს უფრო მეტი მოშურნე ჰყავს, ვიდრე გულგრილს და რატომღაც, ბოროტი რიტმი მასზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. 

ადამიანთა შორის დამოკიდებულებაში, ექსტრემალურ პირობებში, თავს იჩენს ერთობ საინტერესო მოვლენა, რომელიც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. 
მაგალითად განვიხილოთ ორი დაპირისპირებული პოზიტიური და ნეგატიური რიტმების კონფლიქტი, რომლის დროსაც მაგ. პასიონარის შინაგანი ენერგია, ნებისყოფა თითქმის უსაზღვროდ იზრდება. გავიხსენოთ ჯალათისა და მისი მსხვერპლის (ინკვიზიცია და ჯორდანო ბრუნო) ან კიდევ, გესტაპოსა და “შშ”-ის ხელში ჩავარდნილ პასიონარ ადამიანებს შორის დამოკიდებულება. ხშირად, აქ ისეთი ეფექტი ხდებოდა, რომლის აღწერა თითქმის შეუძლებელია. თითქოს, არაფრით განსხვავბული, პიროვნების ნებისყოფა იმდენად ძლიერდებოდა, რომ ის არაადამიანურ ტანჯვას უძლებდა (თუ წამების რა მეთოდები ჰქონდა ინკვიზიციას და როგორ დაიხვეწა ის ფაშისტურ გერმანიასა და რუსეთში, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ). ტანჯული ადამიანი ფოლადზე მტკიცე ხდებოდა. 

ავტორი:თამაზ ბუთხუზი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი