ოშო:,,ნამდვილი ისტორია – ეს ისაა, რაც მუდამ არსებობს”

0
540

გარკვეული გმირები გარკვეულ სიტუაციაში ჩნდებიან. მაგალითად, მაჰატმა განდი ბრიტანული იმპერიის არსებობის პირობებში გამოჩნდა. მის ფიგურას მნიშვნელობა მხოლოდ ბრიტანული იმპერიის არსებობასთან კონტექსტში ჰქონდა. როგორც კი ბრიტანული იმპერია დაინგრა, მისმა ფიგურამ აზრი დაკარგა. თუ კონტექსტი აღარ არსებობს, როგორღა შენარჩუნდება მნიშვნელობა? როგორც კი კონტექსტი იცვლება, გმირები უსარგებლო ტვირთებად იქცევიან.

ლენინი ტვირთი გახდა მათთვის, ვინც ხელისუფლების სათავეში მოვიდა; განდი ტვირთი გახდა მათთვის, ვინც მთავრობაში მოვიდა; ჯეიპრაკაში ტვირთი გახდა მათთვის, ვინც ახლა მოვიდა ხელისუფლებაში. ასეთია ისტორიის სახე. აქ ფუნდამენტური კანონი მუშაობს: ნებისმიერი განვითარებადი სისტემის განუყოფელი თვისებაა, რომ გმირები, რომლებიც მასში ჩნდებიან, გმირებს მხოლოდ იმ კონტექსტში წარმოადგენენ, რომელიც მათი  გამოჩენის პროვოცირებას ახდენს.

პოლიტიკური ლიდერები – ეს დროებითი ლიდერები არიან. ისინი განსაზღვრულ კონტექსტში არსებობენ. როცა კონტექსტი ქრება, ისინიც ქრებიან. ბუდები ძალიან განსხვავდებიან მათგან: მათი კონტექსტი – მთელი მარადისობაა. მათი კონტექსტი არ წარმოადგენს დროის ნაწილს. იესო, ზარატუსტრა, ლაო-ძი მარადიულ მნიშვნელობას ინარჩუნებენ, რადგანაც არ წარმოადგენენ დროის ნაწილს, მათი გზავნილი მარადისობას ეკუთვნის. მათი გზავნილი ადამიანური ტანჯვის, ადამიანური უმეცრების კონტექსტში არსებობს. ბუდა არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას მანამ, სანამ ყველა არსება გასხივოსნებული არ გახდება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკური ლიდერები მოდიან და მიდიან, ისინი სცენაზე მხოლოდ მცირე ხნით რჩებიან. მუდამ მხოლოდ სულიერი არსებები რჩებიან. ბუდას კვლავინდებურად აქვს მნიშვნელობა და ყოველთვის  ექნება მნიშვნელობა, რადგანაც გასხივოსნების საჭიროება ყოველთვის არსებობს.

სინამდვილეში, პოლიტიკოსები არ ქმნიან კაცობრიობის ისტორიას, ისინი მხოლოდ ხმაურს ქმნიან. ნამდვილი ისტორია – ეს ისაა, რაც მუდამ არსებობს, როგორც ფონი; ნამდვილი ისტორია ჯერ არ დაწერილა, რადგანაც ჩვენ ძალიან გავხდით ჩაფლულები დროებით მოვლენებში. ჩვენ ძალიან გავერთეთ იმ გაზეთების კითხვით, რომლებსაც მნიშვნელობა მხოლოდ დღეს გააჩნიათ, ხვალ კი უაზრობად იქცევიან. თუ თვალები გაქვთ, დაინახეთ ეს და დაინტერესდით მარადიულით.

ძველი, უძველესი კულტურები არ იყვნენ დაინტერესებულნი ყოველდღიურით. მათ გაცილებით უფრო ღრმა ინტერესები ჰქონდათ. ისინი არ იზრდებოდნენ გაზეთებით, რადიოთი და ტელევიზიით. ისინი იმეორებდნენ ყურანს, მედიტირებდნენ გიტაზე, მღეროდნენ ლექსებს ვედებიდან, ჭვრეტდნენ ბუდას და მაჰავირას ქანდაკებებს. ეს ყველაფერი მარადიული მოვლენებია.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყოველდღიურად მომხდარი მოვლენები თითქმის უაზრობაა: ისინი მყისვე ქრებიან, რადგანაც კონტექსტი მაშინვე იცვლება. პოლიტიკური რევოლუციები ხდებოდნენ და ქრებოდნენ: ეს უბრალოდ ბუშტებია, საპნის ბუშტები. შესაძლოა, რაღაც დროით, ისინი მშვენივრად გამოიყურებიან, მაგრამ ეს არაა მარადიული ბრილიანტები.

მარადიული ბრილიანტი – ეს შინაგანი რევოლუციაა. მაგრამ შინაგანი რევოლუცია რთულია, რადგანაც იგი შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. გარეგანი რევოლუცია დამანგრეველ მიდგომას მოითხოვს. სიძულვილი ადვილია, სიყვარული ძნელია. დანგრევა ადვილია. იმისთვის, რომ ტაჯ-მაჰალი ააშენო, წლებია საჭირო. ტაჯ-მაჰალის მშენებლობა ორმოცი წელი გრძელდებოდა, მის შექმნაზე ყოველდღიურად მუშაობდა ორმოცდაათი ათასი ადამიანი. რამდენი დღე იქნება საჭირო მის დასანგრევად? აიღეთ ბულდოზერი, და ერთი დღის შემდეგ იგი გაქრება. დანგრევა ძალიან ადვილია, ამიტომაც ადამიანები ნგრევით ინტერესდებიან, ისინი თვლიან, რომ ეს ყველაზე მოკლე გზაა. შექმნა ძალიან ძნელია.

მე კვლავ გახსენებთ, რომ რადგანაც ყველა პოლიტიკური რევოლუცია დამანგრეველია, რადგანაც რევოლუციონერებმა მხოლოდ ნგრევა იციან, მათ ადვილად შეუძლიათ ნგრევისკენ უბიძგონ ხალხს, და ხალხიც ადვილად გაჰყვება მათ, რადგანაც ისინი იმედგაცრუებულნი არიან, იტანჯებიან; შესაძლებელია მათი პროვოცირება ნებისმიერ ბუნტზე. როგორც კი ყველაფერი დანგრეული აღმოჩნდება, ჩნდება კითხვა: „ახლა რა ვქნათ“? მათ არ იციან შექმნა, ამიტომაც თქვენმა ეგრეთ წოდებულმა რევოლუციონერებმა არ იციან, რა გააკეთონ ახლა. ყველა გაურკვევლობაშია. ტანჯვა გრძელდება, ხანდახან უფრო ძლიერიც ხდება. რამდენიმე წლის შემდეგ კი ადამიანებს კვლავ ავიწყდებათ ეს და კვლავ რევოლუციის ტერმნიებით იწყებენ მსჯელობას, – და ყოველთვის გამოჩნდება პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მზადაა გიბიძგოთ დამანგრეველი ქმედებებისკენ.

ჩემი სამუშაო შემოქმედებითია. მე არ გიბიძგებთ არანაირი დამანგრეველი ქმედებებისკენ. მე არ გთავაზობთ, რომ საკუთარ უბედურებებში სხვები დაადანაშაულოთ. მე გეუბნებით, რომ პასუხისმგებლობას თქვენ ატარებთ, ამიტომ ჩემთან ყოფნა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც ვაჟკაცობა ეყოფა, რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. სწორედ ესაა ნამდვილი რევოლუცია. თუ თქვენ აიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, შეძლებთ მის შეცვლას. ეს ცვლილებები ნელა მოხდება; მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეხვალთ სინათლისა და კრისტალიზაციის სამყაროში. მაგრამ როგორც კი კრისტალიზაცია მოხდება, თქვენ მიხვდებით, რას ნიშნავს ნამდვილი რევოლუცია. მაშინ გაუზიარეთ საკუთარი რევოლუცია სხვებს. იგი სწორედ ასე უნდა გადაეცეს – გულიდან გულში.

მთავრობები, სოციალური სტრუქტურები არაერთხელ შეცვლილა, მაგრამ მეტწილად ეს არაფერს ცვლიდა. ზუსტად იგივე მეორდებოდა. იმისთვის, რომ განსხვავებას გავუსვა ხაზი, ჩემს სანიასებს რევოლუციონერების ნაცვლად მეამბოხეებს ვუწოდებ. რევოლუციის გაგება ძალიანაა შებილწული სოციალური წარმოდგენებით. ამბოხი ინდივიდუალურია.

გახდით მეამბოხე! აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. გადააგდეთ ყველა სისულელე, რაც თავს მოგახვიეს. გადააგდეთ ყველაფერი, რაც გასწავლეს, და კვლავ ანა-ბანადან დაიწყეთ სწავლა. ეს რთული მოგზაურობაა.

კიდევ ერთი გახსოვდეთ: სისტემები და მთავრობები, რომლებიც ძველების ნაცვლად მოდიან, იწყებიან როგორც სასარგებლონი, მაგრამ თანდათანობით კონტრპროდუქტიულები ხდებიან. ასეთია თავად ევოლუციური პროცესის ბუნება. ყველაფერი, რაც გარეთ ხდება, თავიდან შესაძლოა ძალიან პროდუქტიულად მოგვეჩვენოს, მაგრამ მალე კონტრპროდუქტიული ხდება, რადგანაც ცხოვრება განუწყვეტლივ იცვლება. ცხოვრება გამუდმებით უცნობისკენ მიემართება, და თქვენი სტრუქტურები ყოველთვის უკან რჩება. ყოველი სტრუქტურა დროთა განმავლობაში საფლავად იქცევა. კვლავ ხდება საჭირო მისი დანგრევა.

მე კი გეუბნებით თქვენ: არ არის აუცილებელი, რომ რაიმე სტრუქტურა შექმნათ თქვენში. ცნობიერებას შეუძლია არასტრუქტურირებული დარჩეს. სწორედ ამაშია სიტყვა „თავისუფლების“ არსი. ცნობიერებას არ სჭირდება არანაირი სტრუქტურა და არანაირი ხასიათი. ცნობიერებას შეუძლია იცხოვროს მომენტიდან მომენტამდე ყოველგვარი სტრუქტურის გარეშე, ყოველგვარი მორალის გარეშე, ყოველგვარი ხასიათის გარეშე, რადგანაც თავად ცნობიერება უკვე საკმარისია. თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ, გამოეხმაუროთ, და თქვენი გამოხმაურება სწორი და სასიკეთო იქნება, რადგანაც თქვენ ცნობიერად ეხმაურებით.

იცხოვრეთ ცნობიერად, ყოველგვარი სტრუქტურის გარეშე, რათა უკვე აღარასოდეს აღმოჩნდეთ კონტრპროდუქტიული სისტემის ხაფანგში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ რაღაც ისწავლეთ, და ეს მშვენიერია, მაგრამ მშვენიერია მხოლოდ რამდენიმე დღით. დროთა განმავლობაშ ეს ჩვევად იქცევა, და თქვენ კვლავ აღმოაჩენთ, რომ ჩვევის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი