ნონა ხიდეშელი – უკიდურესად სუბიექტური მეხსიერება

0
461

იუნგამდე ერთი საუკუნით ადრე, კირკეგორი ამბობდა, რომ ადამიანს საკუთარი თავის შემეცნება ანუ “არჩევა”, რაც შემდგომ ექსისტენციალიზმის მთავარ დებულებად იქცა, მხოლოდ საკუთარი თავიდან შეუძლია და რომ ექსისტენცი არის თავისუფალი ქმნადობა და იგი ხდება იმად, რაც ჯერ არ არის და უნდა იყოს.

ენდოფსიქიკური ფუნქციის მთავარი კომპონენტი არის მეხსიერება, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია ცნობიერსა და არაცნობიერ სფეროში მოგროვილ მოგონებებსა  თუ შთაბეჭდილებებს შორის (ცხადია იგულისხმება პიროვნული არაცნობიერი). გონება, მეხსიერების სახით ინახავს ყველაფერს, რაც კი ადამიანის ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა, ყველა შთაბეჭდილება, ემოცია თუ განცდა, ხშირად ხელუხლებლად ინახება და საკმარისია რაიმე მიზეზით ცნობიერების არეალში მოხვდეს, მაშინვე აქტიურდება და მთელი სიცხადით იჩენს თავს. ამიტომაა, რომ ხანდახან წლების წინ მომხდარი რაიმე მოვლენა, თუ ამოტივტივდა მეხსიერებაში, მაშინვე ის განწყობა გვეუფლება, რაც ამ მოვლენას ახლდა თან.

მეხსირების საცავში შემონახულია მოგონებები და შთაბეჭდილებები ადრეული ბავშვობიდან, ასევე, სკოლაში, თუ, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული ცოდნა, ის იდეალები თუ იდეოლოგიები, რითიც გვზრდიდნენ და გვასწავლიდნენ კარგისა და ცუდის, კეთილისა და ბოროტის გარჩევას, მთელი ის  თეორიები, რაც ხშირად, მთლიანად განაპირობებს ადამიანის მომავალ განვითარებას. დამოკიდებულებებს არა მარტო ადამიანებთან, არამედ ბუნებასთან,საგნებთან, და თვით ღმერთთანაც კი. აქ ინახება ჩვენი ნაციონალური და რელიგიური გრძნობები, ჩამოყალიბებული იმისდა მიხედვით, თუ რომელ აღმსარებლობას ან ეთნოსს აკუთვნებდა თავს ოჯახი, სადაც დავიბადეთ და ვიზრდებოდით, პატივისცემა იმ  ფასეულობების, რაც მიღებული და აღიარებულია საზოგადების მიერ და ა.შ.

ჩვენი სურვილები, მისწრაფებები და ოცნებები სწორედ აქ, ამ მოძველებულ და სტერეოტიპულ საწყობში ინახება და მართავს ცნობიერებას. ჩვენი შეფასება, აღთქმა და ზოგადად მიღება სამყაროსი, ჩვენი შეხედულება სიკეთესა და ბოროტებაზე, ჭეშმარიტსა და არაჭეშმარიტზე, მთლიანად მომდინარეობს მეხსირების ამ რეზერვუარიდან და უკიდურესად სუბიექტურია. ყოველდღიურ გამოწვევებს, სიახლეს, ყოველგვარ ახალს ვიღებთ და ვპასუხობთ ასეთი განპირობებული გონებით და თან ეჭვიც არ გვეპარება საკუთარ სიმართლეში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი