შფოთვა

0
267

შფოთვა არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ავტონომიური (ვეგეტატიური) ნერვული სისტემის მომატებული აქტივობით, კერძოდ, სიმპათტიკური ნერვული სისტემის აქტივაციითა (სუნთქვის გახშირება, გულის ცემის (პულსის), სისხლის წნევის, და კუნთური ტონუსის მომატება) და დაძაბულობის, ცუდი წინათგრძნობის, ღელვისა და მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური შეგრძნებებით.

ორი ძირითადი კონსტრუქტი, რომლეთანაც დაკავშირებულია შფოთვა, არის შიში და ფობია. ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება ერთმანეთის ნაცვლად, თუმცა მათ შორის კონცეპტუალური სხვაობაა. შიში განისაზღვრება, როგორც საპასუხო რეაქცია საფრთხეზე, რომელიც ცალსახად იდენტიფიცირებულია. ხოლო შფოთვა არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხესა და საშიშროებაზე, რომელიც არაა იდენტიფიცირებული. ასევე, შიშის რეაქციის ინტენსივობა ობიექტური საფრთხის პროპორციულია, ხოლო შფოთვის შემთხვევაში საპასუხო რეაქციები ხშირად  მოსალოდნელზე გაცილებით ინტენსიურია (თუმცა ყველა თეორეტიკოსი არ ეთანხმება ამ განსხვავებას შიშსა და შფოთვას შორის). ფობია გადაჭარბებული შფოთვა ან შიშია, რომელიც აღმოცენდება ცალკეული სტიმულების საპასუხოდ. ფობიები იყოფა სამ კატეგორიად: სპეციფიკური ფობიებისოციალური ფობიები და აგორაფობიები.

შფოთვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და კოგნიციაზე. ზომიერი აღგზნების შემთხვევაში ის თავისი არსით ადაპტურია და ხელს უწყობს მიზანმიმართული ქცევის განხორციელებას. ადაპტური და არაადაპტური შფოთვის ერთმანეთისაგან განსხვავების ერთი გზა არის მისი „გონივრულობა/მართებულობის“ გათვალისწინება.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ შფოთვის ორ სახეს: მდგომარეობისა (State) და პიროვნულ (trait) შფოთვას. მდგომარეობის შფოთვა თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანი  აწყდება სიტუაციას, რომელსაც იგი საფრთხედ აფასებს და საფრთხის შემცველი ეპიზოდის დასრულების შემთხვევაში შფოთვის სიმპტომატიკაც ქრება. ანუ მდგომარეობის შფოთვა არის დროის მოცემულ მომენტში კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული გარდამავალი შეგრძნებები (მაგალითად, შეგრძნებები, როცა პირველად ვმგზავრობთ თვითმფრინავით).

პიროვნული შფოთვა, ისევე როგორც მდგომარეობის შფოთვა, მოსალოდნელ საფრთხეზე საპასუხო რეაქციაა, თუმცა ის განსხვავდება თავისი ინტენსივობით, ხანგრძლივობით და იმ სიტუაციების დიაპაზონით, რომლებშიც თავს იჩენს. პიროვნული შფოთვა ასახავს განსხვავებას ადამიანებს შორის იმის მიხედვით, თუ როგორია მათი მიდრეკილება მდგომარეობის შოთვისადმი საფრთხის მოლოდინის საპასუხოდ. პიროვნული შფოთვა უფრო ინდივიდის მახასიათებელია, ვიდრე დროებითი ემოციური მდგომარეობის.

შიში

რაციონალური რეაქცია ობიექტურად იდენტიფიცირებულ გარეგან საფრთხეზე, რამაც შეიძლება აიძულოს ადამიანი, რომ გაიქცეს ან გადავიდეს შეტევაზე, თავდაცვის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ სტიმული, რომელიც შიშის აღმოცენებას იწვევს ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სახეობისთვის, თავდაცვის ნეირობიოლოგიური სქემა ფილოგენეტურად ძველი და მსგავსია ხერხემლიანებისათვის. კროსკულტურული კვლევები მოწმობს, რომ ადამიანები ერთნაირად რეაგირებენ საფრთხის მომცველ სტიმულზე. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ საპასუხო სისტემა, რომელიც შიშისა და თავდაცვის რეაქციაზეა პასუხისმგებელი ისე მყარად არის ჩანერგილი, რომ ადამიანებს არ უწევთ „ისწავლონ“, საფრთხის დროს როგორ გაზარდონ სისხლის წნევა, გულის ცემის სიხშირე და ა.შ. აღსანიშნავია გასაოცარი კულტურული უნივერსალიზმი (Ekman, P. 1987) – ადამიანები განსხვავებული  კულტურიდან ცნობენ შიშის ემოციის გამომეტყველებას სახეზე.

გარკვეულ სტიმულებზე შიშის რეაქციათა უმრავლესობა დასწავლის გზით არის განპირობებული. არსებობს სტიმულების გარკვეული კატეგორია, რომელიც თავდაცვის სისტემის ამოქმედებას იწვევს მანამდე არსებული ავერსიული გამოცდილების არარსებობის ფონზეც (მაგ., ბავშვი ამჟღავნებს შიშის რეაქციას მოულოდნელ ხმამაღალ ხმაურზე ანდა ობიექტზე, რომელიც ძალიან სწრაფად უახლოვდება მას). უფრო მეტიც, ხშირად სტიმული, რომელიც მოლოდინს არ შეესაბამება, შიშის გამომწვევის როლს ასრულებს. ადამიანები ავერსიული გამოცდილების არქონის მიუხედავად, ხშირად განიცდიან შიშს სიმაღლის, გველების ან სხვა სიტუაციების მიმართ. ამგვარი შიშების სიხშირემ მკვლევრებს აფიქრებინა, რომ ადამიანებს ბიოლოგიური მზაობა აქვთ გარკვეული სტიმულის მიმართ, რომლებიც ევოლუციური ისტორიის მანძილზე სახეობისთვის საფრთხის მომცველი იყო. შიშის გარკვეული რეაქციები განვითარების თვალსაზრისით, ნორმალურად ითვლება („უცხოს მიმართ შიში“; სიმაღლის, სიღრმის – ვიზუალური მიმნიშნებლების მიმართ შიში; მზრუნველთან ან დედასთან დაშორების შიში; სიახლის შიში). მაგრამ სპეციფიკური ობიექტის, აქტივობის ან სიტუაციის მდგრად და ირაციონალურ შიშს, რომელიც მოჭარბებულობითა და უმიზეზობით ხასიათდება და რომელიც რეალობას საფრთხის მომტანად აღაქმევინებს ადამიანს, ფობია ეწოდება. 

ავტორი:ხათუნა მარცხვიშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი