ნონა ხიდეშელი:,,ადამიანის ბედნიერება, დამოკიდებულია მისი აზროვნების სიღრმეზე და მისი ცნობიერების საზღვრების მასშტაბებზე”

0
1284

ჩვენი ნაციონალური გრძნობები, რაც მეტია ეთნიკური იდენტობის განცდა, მით დიდია დემარკაციის ხაზი და შესაბამისად მეტად შეზღუდულია ცნობიერებაც. აქ სისხლის ყივილი და გენეტიკური „ქართველობა“ ან „ფრანგობა“ არაფერ შუაშია.   ყოველი ადამიანი თავისებურად უნიკალური და განუმეორებელია.  სისხლის მომენტი ნაციონალობაში სავსებით ეფემერული და უმნიშვნელოა, წერდა კ. გამსახურდია,  აქ უმთავრესია ის პირობები ენობრივი, ტერიტორიული და ეკონომიკური ხასიათის, რომელიც ადუღაბებს ნაციონალობას. ბოლოს და ბოლოს თვით სუბიექტის ნებაყოფლობაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ნაციას, რომელ ნაციონალურ კულტურას მიაკუთვნებს თავს.

ადამიანის ბედნიერება, გნებვთ ხსნა და გადარჩენა, სრულიად დამოკიდებულია მისი აზროვნების სიღრმეზე და მისი ცნობიერების საზღვრების მასშტაბებზე. იგი უნდა მიხვდეს, რომ ის   მარტო არც  სუბიექტია და არც  ობიექტი, არამედ ამ ორის მთლიანობაა და მათი გადალახვით შეძლებს ერთ მთლიანობად ქცევას.

როგორც ავღნიშნეთ, ნებისმიერ ჩვენს ქმედებას გარკვეული განწყობა უდევს საფუძვლად და როგორც დ.უზნაძე აღნიშნავდა, განწყობას არც მარტო მოთხოვნილების მდგომარეობას ქმნის თავისთავად და არც მარტო ობიექტური სიტუაცია, იმისათვის,  რომ, განწყობა გაჩნდეს, მოთხოვნილება თავისი დაკმაყოფილების პორობების შემცველ ობიექტურ სიტუაციას უნდა შეხვდეს. ლევინი ერთ   მნიშვნელოვან ფაქტს აღნიშნავდა, წერს უზნაძე, როდესაც ადამიანს რაიმე მოთხოვნილება უჩნდება, ამ მოთხოვნილების შესატყვისი საგანი  მის მიმართ განსაკუთრებული ძალით აღიჭურვება, ის მას განსაზღვრული მიმართულებით მოქმედებას აიძულებს, გარკვეული ქცევისკენ იწვევს.

მაშასადამე ნებისმიერი საგნის მიზიდულობა, ხშირად განუსაზღვრელი ძალითაც, სინამდვილეში ჩვენი სურვილების მიერაა გამოწვეული. როდესაც რაიმე სურვილი ჩნდება, ის მაშინვე გვიბიძგებს ისეთი ქმედებისკენ, რაც მისი დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო. ცხადია, ადამიანი ყველა სხვა ცოცხალი არსებისგან განსხვავდება აზროვნების უნარით, რაც აიძულებს მას, სანამ რამეს მოიმოქმედებს, ჯერ კარგად გაიაზროს მისი შედეგები და შემდგომ იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად გვიწევს საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების შეკავება და ცნობიერიდან განდევნაც კი.ამით გარკვეულ გარეგნულ ჰარმონიას ვინარჩუნებთ, რადგანაც ხშირად ჩვენი სურვილები, ვაცნობიერებთ ამას თუ არა, სწორედ სხვა ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ რა  ხდება შინაგანად, ჩვენს ფსიქიკაში, ცხადია სურვილი სურვილად რჩება და ხშირად მისი არდაკმაყოფილება აგრესიასა და ნერვულ აშლილობას იწვევს . მაშასადამე, პრინციპულად  მნიშვნელოვანი სურვილის უკუგდება  კი არაა, არამედ იმის გაააზრებას, თუ საერთოდ საიდან მოდის ის, სად არის მისი სათავე.

ადამიანი ისტორიული არსებაა და მისი  მოთხოვნილებებიც სოციალურ ურთიერთობათა განვითარების ნიადაგზე იმყოფება და არა მარტო ძველი მოთხოვნილებები იცვლება, არამედ განუწყვეტლივ ჩნდება ახალიც, წერდა ვ კაკაბაძე

ა. მასლოუ საუბრობს მოთხოვნილებათა ე.წ. “ხუთ  „ ანსამბლეაზე” (მასლოუს პირამიდა), ესაა:

1.ფიზიოლოგიური მოთხოვნილება (საკვები, წყალი, სექსი, ძილი და ა.შ.)

2. უსაფრთხოება (სტაბილურობა, დაცვა, შიშისგან თავისუფლება და სხვა)

3. სიყვარული და კომუნიკაცია (სიმპათია, განწყობილება, მიკუთვნება, კონტაქტი, ინტიმურობა და სხვა)

4. ყურადღება (საკუთარი პიროვნების მაღალი შეფასება, თავის მხრივ და სხვების მხრივ, სიძლიერე, წარმატება, დაძლევა, პრესტიჟი, რეპუტაცია, სტატუსი, დიდება, აღიარება და სხვა)

5. თვითგანხორციელება (საკუთარი შესაძლებლობების აქტუალიზაციისა და განვითარების ტენდენცია, მოთხოვნა იმად გახდომისა, რისი უნარიც გაქვს)

ჩვენი ინტერესის სფეროა არა ფიზიოლოგიური, არამედ ისეთი მოთხოვნილებები, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას უკავშირდება, ეგოდან  მოდის და მუდმივად კონცენტრირებულია თავის პატარა, ეგოისტურ სამყაროზე, და წყაროა ჩვენი შინაგანი ფსიქოლოგიური გახლეჩვისა და მუდმივი ქაოსის.

სიღრმისეულად დავაკვირდეთ და გავიგოთ, საიდან მოდის მთელი ეს სურვილები, ოცნებები და მისწრაფებები.

ცხადია ისინი ჩნდებიან ჩვენს ცნობიერებაში, ფიქრისა და აზრის სახით, მაგალითად,  როდესაც  მინდა საკვები ან წყალი,  ამას დიდი ფიქრი არ სჭირდება, ეს არის მოთხოვნილება ფიზიოლოგიურ დონეზე,  რომელიც ყველა ცოცხალ არსებას აქვს, მაგრამ ის, რომ, მინდა ვიყო მინისტრი ან კინოვარსკვლავი, მქონდეს ბევრი ფული ან საზოგადოებრივი მდგომარეობა, ამას აზრის სახით მაწვდის გონება, ანუ ცნობიერი გონი.  ახლა ვნახოთ რას წარმოადგენს თავად ცნობიერება.

იუნგი წერდა: ცნობიერება ერთგვარად შეზღუდულია. ყოველ მოცემულ მომენტში, ის მხოლოდ მცირეოდენ თანადროულ შინაარსებს იტევს. ყველაფერი დანარჩენი ამ მომენტში არაცნობიერია. ამიტომ ცნობიერი სამყაროს უწყვეტი ერთიანობის წარმოდგენა, საყოველთაო ურთიერთკავშირის აღთქმა-გაგება, მხოლოდ ასეთ ცნობიერ “ნაწყვეტ-ნაწყვეტ” ასახვათა თანამიმდევრობის საფუძველზე გვეძლევა.  ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანობის ხილვა, ამისათვის ჩვენი ცნობიერება მეტისმეტად შეზღუდულია. ჩვენ საჭიროებისამებრ ვხედავთ მხოლოდ იმას, რასაც პროტექტორი მოცემულ მომენტში ანათებს. სამყაროს თითქოს ვიწრო ჭუჭრუტანიდან ვაკვირდებით, საიდანაც მისი მხოლოდ პატარა მონაკვეთი ჩანს. დანარჩენი ყველაფერი წყვდიადშია შთანთქმული და ჩვენი აღქმისთვის მიუწვდომელია. არაცნობიერის სამფლობელო თვალუწვდენელია და უწყვეტი, მაშინ როცა ცნობიერების სამეფო მარად ცვალებად, წამიერ წვდომათა შემოფარგლულ ველს წააგავს.

მაშასადამე, ცნობიერება ერთგვარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტრუქტურაა და როგორც  იუნგი განმარტავს, ენდოფსიქიკური და ექტოფსიქიკური ფუნქციებით ამყარებს კავშირს, როგორც გარესამყაროსთან, ისე ცნობიერების მიღმა არსებულ არაცნობიერ სფეროსთან, სადაც არსებობს ჩვენი პიროვნების ისეთი ნაწილები, რომელნიც ჯერ ისევ ქმნადობის პროცესში იმყოფებიან. “ჩვენ დაუმთავრებელნი ვართ, წერდა იუნგი, ვიზრდებით და ვიცვლებით, და მაინც, პიროვნება, რომელიც მომავალ წელს ვიქნებით, დღესვე არსებობს, ოღონდ დაჩრდილულია. “მე” ფილმზე მორგებული მოძრავი ჩარჩოსავითაა, მომავალი პიროვნება ჯერ არ ჩანს, მაგრამ ჩვენ მისკენ მიმავალ გზას ვადგავართ, და მომავალი არსება ერთბაშად აღმოჩნდება ჩვენი მხედველობის ველში. ეს შესაძლებლობები, რა თქმა უნდა “მე”-ს ბნელ მხარეს განეკუთვნება. ჩვენ ვიცით რანი ვართ და რანი ვიყავით, მაგრამ რანი ვიქნებით –გაურკვეველია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი