კარლ გუსტავ იუნგი – ადამიანის ბნელით მოცული მხარე

0
431

როგორ შეგვიძლია მივუდგეთ ადამიანის ბნელით მოცულ მხარეს?

ამისათვის სამგვარი ანალიზური მეთოდი არსებობს: ასოციაციის ექსპერიმენტი, სიზმრის ანალიზი და აქტიური წარმოსახვა.

ჯერ მინდა მცირეოდენი რამ ასოციაციის ექსპერიმენტის შესახებ მოგითხროთ. მრავალ თქვენგანს ეს იქნებ მოძველებურადაც კი ეჩვენოს, მაგრამ რამდენადაც ასოციაციის ექსპერიმენტი ჯერაც ტარდება, ვალდებული ვარ განვიხილო. მე თვითონ მას პაციენტებთან არ ვიყენებ, სამაგიეროდ, კრიმინალურ შემთხვევებში – კი.

ექსპერიმენტისათვის საჭიროა სია, შემდგარი, დავუშვათ ასი სიტყვისგან. ცდის პირს სთხოვენ, რაც შეიძლება სწრაფად თქვას პირველივე სიტყვა, რომელიც თავში მოუვა, როგორც კი სიტყვა-გამღიზიანებელს გაიგონებს და გაიგებს. როდესაც დავრწმუნდებით, რომ ცდის პირმა ზუსტად გაიგო, რაც მოეთხოვება, შეგვიძლია საქმეს შევუდგეთ.

რეაქციის დრო წამზომით აღირიცხება. ასი სიტყვა რომ ჩათავდება, შემდეგი ნაბიჯის ჯერი დგება: სიტყვა-გამღიზიანებლებს ვიმეორებთ და ცდის პირმა თავისი ადრინდელი პასუხები უნდა გაიმეოროს. ზოგჯერ მეხსიერება ღალატობს და მტკიცედ ვერ იმეორებს ან პასუხი მცდარია. ასეთი შეცდომები მნიშვნელოვანია. ეს ექსპერიმენტი თავდაპირველად სულ სხვა მიზნებისთვის დაინერგა. მისი საშუალებით იდეათა ასოციაციები უნდა შეესწავლათ. რა თქმა უნდა, ეს წმინდა წყლის უტოპია იყო. ამგვარი პრიმიტიული საშუალებები ასეთი რამის საკვლევად რას გამოდგება. სამაგიეროდ, სხვა რამის შესწავლაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, და თანაც სწორედ მაშინ, როცა ექსპერიმენტი „გვიმტყუნებს“. ე. ი. როდესაც ცდის პირები შეცდომებს უშვებენ.

ასე, მაგალითად, მიაწვდი სულ უბრალო სიტყვას, რომელზედაც ბავშვსაც არ გაუჭირდება პასუხის გაცემა, მაღალინტელექტუალური პიროვნება კი ვერ პასუხობს. რატომ? ეს სიტყვა შეეხო იმას, რასაც მე კომპლექსს ვუწოდებ – ფსიქიკური შინაარსების გროვას, რომლებიც უჩვეულო, უფრო, ალბათ, მტანჯველი გრძნობითი ღირებულებითაა დატვირთული, რაღაც ისეთით, რაც ნორმალურ პირობებში თვალს მოფარებულია. თითქოს პიროვნების სქელი ფენა საარტილერიო ყუმბარამ ბნელ შრემდე შეანგრიაო, ისე მოხვდება გულზე.

ვისაც, ვთქვათ, ფულის კომპლექსი აქვს, სიტყვები: „ყიდვა“, „გადახდა“ ან „ფული“ რეაქციები აქ დარღვეული იქნება. ასეთი დარღვევების თორმეტი თუ მეტი სახე არსებობს და ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ, რათა მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენა შეგექმნათ. ჯერ ერთი, რეაქციის დროის გაზრდას აქვს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა. იმის დასადგენათ, თუ რომელ სიტყვა-გამღიზიანებლებზე იყო რექციის დრო მეტისმეტად დიდი, თითოეული ცდის პირის რეაქციის საშუალო დონეს ანგარიშობენ.

სხვა დამახასიათებელი დარღვევებია: ერთზე მეტ სიტყვიანი რეაქციები (მიუხედავად ინსტრუქციისა); შეცდომები პასუხების განმეორებისასა; რეაქციები შეცვლილი სახის გამომეტყველებით, სიცილით, სხეულის მოძრაობით, ხელ-ფეხის ქნევით, ხველებით, ენის დაბმით და სხვა ამდაგვარით; არადამაკმაყოფილებელი რექციები, როგორიცაა: „კი“ ან „არა“; რეაქციები, რომლებიც სიტყვა-გამღიზიანებლის ჭეშმარიტ აზრს გვერდს უვლიან; ერთი და იმავე პასუხის განმეორებითი ხმარება; უცხო ენების გამოყენება, რაც ინგლისში, რაღა თქმა უნდა, ისეთი არაფერია, მაგრამ ჩვენში შეიძლება დიდი უსიამოვნებაც მოჰყვეს; შეცდომა გამეორებისას – როცა მეხსიერება ღალატობს; არავითარი რეაქცია. ყველა ეს რეაქცია უნებლიეა. თუ ვინმე დათანხმდა ცდის პირის მოვალეობათა შესრულებაზე, მთლიანად ექსპერიმენტატორის ხელში აღმოჩნდება, და თუ არ დათნხმდა – მაინც იგივეა, რადგან ცხადია, რატომაა, რომ თვალში არ მოსდის ეს ექსპერიმენტი.

დამნაშავეს შეუძლია ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი განაცხადოს, მაგრამ მისთვისვე უარესია – დღესავით ნათელი იქნება, რატომაც ჯიუტობს. დათანხმდება და – თვითონვე გაჰყოფს თავს ყულფში. ციურიხში მძიმე შემთხვევების დროს სასმართლო მიწვევს ხოლმე. აი, მაშინ კი უკანასკნელი ხავსის როლში გამოვდივარ.

ასოციაციის ექსპერიმენტი კრიმინალური შემთხვევების დროს მასენსიბილიზებელი მოქმედება შეიძლება შეგნებულად გამოვიყენოთ: კრიტიკული სიტყვა-გამღიზიანებლები ისე უნდა ჩავურთოთ ხოლმე, რომ როგორმე პერსევერაციის სავარაუდო სფეროში მოხვდნენ, რათა კრიტიკულ სიტყვა-გამღიზიანებელთა მოქმედება გაძლიერდეს. სასამართლო საქმის გარჩევისას ისეთი კრიტიკული სიტყვა-გამღიზიანებლები უნდა შევარჩიოთ, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნებიან მოცემულ დანაშაულთან.

ცდის პირი ასე, 35 წლისა იქნებოდა, წესიერი კაცი, ერთ-ერთი ჩემი ნორმალური ცდის პირთაგანი. რასაკვირველია, მრავალ ნორმალურზე მომიხდა ექსპერიმენტის ჩატარება, სანამ პათოლოგიური მასალიდან დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მომეცემოდა. თუ გსურთ გაიგოთ, რა აწუხებდა ამ კაცს, ამისათვის საჭიროა წაიკითხოთ, რა სიტყვებმა გამოიწვიეს დარღვევები, დააკავშიროთ ეს სიტყვები, და მთელი ეს ისტორია თქვენს ხელთ იქნება.

ახლავე მოგიყვებით: თავდაპირველად სიტყვა დანა იყო, ოთხი დარღვეული რეაქცია რომ გამოიწვია. შემდეგ ლახვარზე იყო დარღვევა, დარტყმაზე, წვეტიანზე და ბოთლზე. ყველა ისინი 50 სიტყვა-გამღიზიანებლისაგან შემდგარ მოკლე სერიაში გამოვლინდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, ამ კაცისთვის მაშინვე მეთქვა, რაშიც იყო საქმე. და აი, ვეუბნები: „მართალი გითხრათ, არ ვიცოდი, თუ ასეთი უსიამოვნება შეგემთხვათ“. ის მომაჩერდა და მომიგო, არ მესმის, რაზეა ლაპარაკიო. ნასვამი ყოფილხართ და ვიღაცისთვის სხეულში დანა გაგიყრიათ-მეთქი. საიდან იცითო, ერთი კი მკითხა და მერე მთელი ეს ამბავი აღიარა.

კარგი ოჯახიშვილი გახლდათ, მისიანები უბრალო, მაგრამ რიგიანი ხალხი იყო. საზღვარგარეთ წასულა, ერთხელაც დამთვრალა და ჩხუბი მოსვლია, ჰოდა თურმე დანა იძრო და ვიღაცა დაჭრა, რისთვისაც ერთი წლით ციხეში ჩასვეს. ამას სასტიკ საიდუმლოდ ინახავდა, სიტყვაც არავისთან დასცდენია, ეს ხომ მის ცხოვრებას ჩრდილს მიაყენებდა. ქალაქში, ახლობელთა შორის არავისთვის არაფერი გაუმხელია და მე კი აი, ასე შემთხვევით გამოვჩხრიკე ეს ამბავი.

ჩემს სემინარზე ციურიხში ასოციაციის ექსპერიმენტსაც ვატარებ ხოლმე. ვისაც „აღსარების თქმა“ სურს, რაღა თქმა უნდა, როგორ დავუშლი, მაგრამ სულ იმას ვითხოვ, ისეთი ხალხი მასალა მომიტანონ, რომელთაც ჩემი სტუდენტები იცნობენ, მე კი – არა, და ვუჩვენებ, თუ როგორაა შესაძლებელი ამა თუ იმ პირის წარსულის ამოკითხვა. ეს მართლაცდა საინტერესო სამუშაოა. ხანდახან ისეთი რამეები ირკვევა, თვალები შუბლზე აგივათ.

კიდევ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. მრავალი წლის წინათ, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, კრიმინოლოგიის ერთმა მოხუცმა პროფესორმა ამ ექსპერიმენტის შესახებ გამომკითხა და განმიცხადა, მაგისი არაფერი მჯერაო. ასე მივმართე: „არა, ბატონო პროფესორო? იქნებ ერთხელ მაინც გამოგეცადათ?“ შინ მიმიპატიჟა, და საქმეს შევუდექით. 10 სიტყვის მერე დაიღალა და მითხრა: „აბა ამან რა უნდა მოგცეთ?! არაფერიც არ გამოდის!“ მე ვუთხარი, 10-12 სიტყვაში რას უნდა ელოდე, ასი რომ შესრულდება, მაშინ ვნახოთ-მეთქი. ამ ათი სიტყვით ვერას გააწყობთო? – მკითხა. მე მივუგე: „ფრიად მცირეს, მაგრამ რაღაც-რაღაცების თქმას მაინც შევძლებ. ცოტა ხნის წინათ შეწუხებული ყოფილხართ, რადგან ფული არ გყოფნით. შემდეგ… თურმე გეშინიათ, გულის ავადმყოფობით არ გარდაიცვალოთ. თქვენ, ალბათ, საფრანგეთში სწავლობდით და იქ რაღაც სასიყვარულო ამბავი გადაგხდენიათ, რომელიც ახლა ისევ გახსენდებათ, – სიკვდილზე ფიქრისას ხომ ძველმა, საყვარელმა მოგონებებმა იციან ხოლმე წარსულის წიაღიდან ამოტივტივება“.

საიდან გაიგეთო, მკითხა. ამის მიხვედრას რა უნდოდა! იგი 72 წლისა გახლდათ და სიტყვა გულზე ასოციაცია ტკივილი ჰქონდა. აქედან – შიში, გულის შეტევით არ მომკვდარიყო. სიკვდილზე მისი ასოციაცია გარდაცვალება იყო – ბუნებრივი რეაქცია, ხოლო ფულზე კი – ძალიან ცოტა – ძალზე უჩვეულო რეაქცია. შემდეგ კი საქმე უჩვეულოდ წარიმართა. გადახდაზე რეაქციის დრო დიდი იყო. შემდეგ თქვა: La Semeuse, თუმცაღა ჩვენ გერმანულად ვსაუბრობდით. ეს ფრანგულ მონეტებზე გამოსახული ცნობილი ფიგურაა. ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ მოხუცს რაღა მაინცდამაინც La Semeuse მოაგონდა? სიტყვა კოცნაზე რეაქციის დრო დიდი ჰქონდა, შემდეგ კი თვალები გაუბრწყინდა და წარმოთქვა: „ლამაზი“. მაშინ კი ყველაფერი ნათელი გახდა.

ფრანგულად ლაპარაკს არასდიდებით არ დაიწყებდა, ეს ენა რომ მისთვის რაღაც განსაკუთრებულ გრძნობასთან არ ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ რასთან – ეს გამოცანას წარმოადგენდა. იქნებ ზარალი ნახა ფრანგულ ფრანკთან დაკავშირებით? მაგრამ იმ დროს ინფლაციისა და დეფლაციის შესახებ არავინ ლაპარაკობდა. ასე რომ, ეს არაფერ შუაში იქნებოდა. მე ვყოყმანობდი, ვეღარ გამეგო, ფულში იყო საქმე თუ სიყვარულში, მაგრამ კოცნაზე რომ ლამაზი თქვა, მივხვდი, რომ სიყვარული იქნებოდა. ის იმ ყაიდის კაცი არ იყო, ამ სიბერეში რომ პარიზს წასულიყო, მაგრამ ადრე იურისპრუდენციას შეისწავლიდა პარიზში, მგონი, სორბონაში. მთელი ამ ამბის შეკავშირება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.

ხანდახან ნამდვილ ტრაგედიებს ვაწყდებით: ოცდაათიოდე წლის ქალი, ის კლინიკაში იმყოფებოდა, და დიაგნოზად დასმული ჰქონდა დეპრესიული შიზოფრენია. პროგნოზი, შესაბამისად, ცუდი იყო. ავადმყოფი ჩემს განყოფილებაში იწვა და იცით, საოცარი გრძნობა გამიჩნდა. ავისმომასწავებელ პროგნოზს ასე უბრალოდ ვერ შევურიგდებოდი, რადგან უკვე თავად შიზოფრენია ჩემთვის ფარდობითი რამაა. ჩემს თავს ვეუბნებოდი, მეტ-ნაკლებად ვინ არ ურევს-მეთქი, მაგრამ ეს ქალი რაღაც სხვანაირად ურევდა და ამიტომ დიაგნოზს წავუყრუე.

იმ დროისათვის ჯერ კიდევ ფრიად მცირე რამ იყო ცნობილი. რაღა თქმა უნდა, ანამნეზი შევკრიბე, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვნახე, რაც მის ავად გახდომას ახსნიდა. ამიტომ ასოციაციის ექსპერიმენტი ჩავუტარე და უცნაური რამ გამოვლინდა. პირველი დარღვევა სიტყვა ანგელოზზე აღმოჩნდა, სიტყვაზე თავნება კი რეაქცია საერთოდ არ მოუცია. ამას მოჰყვა დარღვევები შემდეგ სიტყვებზე: ბოროტი, მდიდარი, ფული, სულელი, სიყვარული და ქორწინება.

ეს ქალი კარგი თანამდებობის მქონე, შეძლებული კაცის მეუღლე გახლდათ, აშკარად კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით. დავკითხე, მაგრამ მანაც, ისევე როგორც ცოლმა, მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ დეპრესიამ მათი უფროსი შვილის, ოთხი წლის გოგონას გარდაცვალებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ იჩინა თავი. ავადმყოფობის მიზეზის შესახებ სხვა ვერაფერი გაირკვა. ასოციაციის ექსპერიმენტმა უაღრესად თავგზაამბნევი სერია გამოავლინა რეაქციებისა, რომელთაც ვერ ვაკავშირებდი.

ასეთი ვითარება ხშირია, მეტადრე, თუ ჯერ არ ხარ გაწაფული. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია ცდის პირს ჯერ იმ რეაქციების შესახებ შევეკითხოთ, რომლებიც პირდაპირ მთავარს არ უმიზნებენ. თავიდანვე უძლიერეს დარღვევებზე თუ ვკითხეთ, ყალბ პასუხებს მივიღებთ. ამიტომ შედარებით უწყინარი სიტყვებით უნდა დავიწყოთ ხოლმე და მაშინ უფრო გულწრფელ პასუხებს მივიღებთ.

ასე რომ, შევეკითხე: „რას იტყვით ანგელოზის შესახებ? თქვენთვის ეს სიტყვა რამეს ნიშნავს?“ მან მიპასუხა: „რაღა თქმა უნდა, ეს ჩემი შვილია, რომელიც დავკარგე“, – და ცრემლთა ნიაღვარი წასკდა. როდესაც ქარიშხალი ჩაწყნარდა, ვკითხე: „რას ნიშნავს თქვენთვის თავნება?“ მან მომიგო, ეს სიტყვა არაფერს მეუბნებაო. მე ჩემი არ დავიშალე. ამ სიტყვაზე ძლიერი დარღვევა აღმოცენდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასთან რაღაც არის დაკავშირებული-მეთქი, მაგრამ ძალა აღარ დავატანე. შემდეგ სიტყვა ბოროტის რიგი დადგა – აქაც ვერაფერი დავაცდენინე. ძლიერი უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ პასუხის გაცემა არ სურდა. ჯერი ლურჯზე რომ მიდგა, განმიცხადა, ეს ჩემი გარდაცვლილი ბავშვის თვალებიაო. ვკითხე, რა შთამბეჭდავი თვალები ჰქონდა-მეთქი? მან მომიგო: „რა თქმა უნდა. ეს ლაჟვარდისფერი თვალები, ბავშვი რომ დაიბადა…“ შევნიშნე, რომ სახის გამომეტყველება შეეცვალა და რატომ აღელდით-მეთქი, ვკითხე. მან მომაგება: „იცით, მას ჩემი ქმრის თვალები არ ჰქონდა“.

ბოლოს და ბოლოს გამოირკვა, რომ ბავშვს მისი ადრინდელი სატრფოს თვალები გამოჰყოლოდა. ვკითხე, იმ კაცთან დაკავშირებით რა გაწუხებთ-მეთქი და, როგორც იქნა, ჩემი გავიტანე და ეს ისტორია ამოვქაჩე: პატარა ქალაქში, სადაც ის იზრდებოდა, ერთი მდიდარი ახალგაზრდა ცხოვრობდა თურმე. თვითონ ეს გოგონა შეძლებული, მაგრამ დიდად არაფრით გამორჩეული ოჯახიდან იყო. ყმაწვილი კაცი კი მდიდარ ზედაფენას განეკუთვნებოდა, პატარა ქალაქის გმირი გახლდათ და ყველა ქალიშვილი მასზე ოცნებობდა. ეს გოგონა ლამაზი იყო და ეგონა, რაღაც შანსი ქონდა. შემდეგ დარწმუნდა, რომ სულ ტყუილად იმედოვნებდა და ოჯახში ურჩიეს: „რას გადაყევი მაგაზე ფიქრს?! ეგ მდიდარია და შენ რაში ენაღვლები! აგერ, ესა და ეს კაცი რა სიმპათიურია! ვითომ რა გიშლის, მაგას რომ მისთხოვდე?“

ამ კაცს გაჰყვა კიდეც ცოლად და თავს სავსებით ბედნიერად გრძნობდა ქორწინების მეხუთე წლამდე. შემდეგ მშობლიური ქალაქიდან ძველმა მეგობარმა მოინახულა. ქმარი ოთახიდან რომ გავიდა, სტუმარმა უთხრა, ერთ ვინმეს (იგი იმ „გმირს“ გულისხმობდა) გული დიდად დაუმძიმეო. „რაო? მე დავუმძიმე?“ – შეიცხადა ქალმა. მეგობარმა კი განაგრძო: „განა არ იცოდი, რომ შენ უყვარდი?! კინაღამ გაგიჟდა, შენ რომ ვიღაც სხვას გაჰყევი!“ ახლა კი იფეთქა მის გულში გამძვინვარებულმა ცეცხლის ალმა, მაგრამ როგორღაც ჩაახშო.

თოთხმეტი დღის შემდეგ ის თავის ორი წლის ბიჭს და ოთხი წლის გოგონას აბანავებდა. წყალი ქალაქში მთლად სანდო არ იყო, სახელდობრ, ტიფის ბაცილებით იყო ინფიცირებული. დედამ შეამჩნია, რომ გოგონა საბანაო ღრუბელს წოვდა, მაგრამ არ დაუშლია და როდესაც ბიჭუნამაც თქვა, წყალი მინდაო, მასაც ეს საეჭვო წყალი მიაწოდა. გოგონას ტიფი დაემართა და დაიღუპა, ბიჭი კი გადარჩა. ასე რომ, ქალმა მიაღწია იმას, რაც სურდა (თუ რაც მასში მყოფ ეშმაკს სურდა) – ქორწინების გაუქმებას, რათა სხვაზე გათხოვების უფლება ჰქონოდა. ამ მიზნით მან მკვლელობა ჩაიდინა. თვითონ არაფერი იცოდა ამის შესახებ – მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს მიყვებოდა.

ის დასკვნა არ გამოუტანია, რომ თავად ეკისრებოდა საკუთარი ბავშვის სიკვდილზე პასუხისმგებლობა: მან ხომ იცოდა, რომ წყალი ინფიცირებული იყო და სიფრთხილე მართებდა. ჩემ წინაშე ასეთი საკითხი დადგა: მეთქვა, რომ მკვლელი იყო თუ ენაზე კბილი დამეჭირა (საქმე მხოლოდ მისთვის თქმას ეხებოდა, ეს ხომ სასამართლო პროცესი არ ყოფილა). ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ მისი მდგომარეობა ძლიერ გაუარესდებოდა, თუკი ვეტყოდი. მაგრამ პროგნოზი ისედაც კარგს არაფერს უქადდა და, მეორე მხრივ, პრინციპში, საფუძველს მოკლებული არ იყო ის ვარაუდი, რომ რაკი ჭეშმარიტი ვითარების დანახვა საქმეში გაარკვევდა, შეიძლება გამოჯანმრთელებულიყო კიდეც.

ამრიგად, გადავწყვიტე პირში მეთქვა: „თქვენ მოკალით თქვენი შვილი“. თავიდან სასტიკად აღელდა, მაგრამ მერე ფაქტებს მიუბრუნდა. სამი კვირის შემდეგ გავწერეთ, და მას მერე აღარ დაბრუნებულა. მას კიდევ 15 წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს, მდგომარეობა აღარ გამეორებულა. ის დეპრესია ფსიქოლოგიურად შეესიტყვებოდა მის სიტუაციას: იგი მკვლელი იყო და სხვაგვარ გარემოებებში სიკვდილით დასჯას იმსახურებდა. კატორღის ნაცვლად კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოკვდა.

სულიერი ავადმყოფობის სასჯელისაგან მე იმით ვიხსენი, რომ მის სინდისს აუტანელი სიმძიმე ავკიდე: როდესაც შენს ცოდვებს საკუთარ კისერზე იღებ, მათთან ერთად ცხოვრება კიდევ ასატანია, გაიძლება, მაგრამ თუკი მათ თვალს ვერ უსწორებ, მაშინ გარდუვალ შედეგებს ვერსად გაექცევი…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი