კარლ გუსტავ იუნგი:,,კოლექტიური არაცნობიერი თუ გააქტიურდა, კაცი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის”

0
766

როცა კოლექტიური არაცნობიერის შინაარსები აქტიურდება, სხვებში რაღაც-რაღაცებს შევნიშნავთ ხოლმე. მაგალითად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ბოროტი აბისინიელები თვს ესხმიან იტალიას. მაგრამ ხომ გახსოვთ ანატოლ ფრანცის ცნობილი მოთხრობა: ორი გლეხი დიდი ხნის განმავლობაში სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო გადაკიდებული. ვიღაც დაინტერესდა მათი შუღლის მიზეზით და ერთს ჰკითხა, კი მაგრამ, რატომ გძულს შენი მეზობელი, აგრე რას ერჩიო. მან კი მიუგო. ”Mais il est de l’autre cote de la reviere!“ სწორედ ასევე მტრობენ ერთი მეორეს საფრანგეთი და გერმანია.

ჩვენ, შვეიცარელებს, საბედნიეროდ, მსოფლიო ომის დროს შესაძლებლობა გვქონდა, გაზეთები გვეკითხა და ამ საკვირველ მექანიზმს დავკვირვებოდით, კაცს დიდ ქვემეხებად რომ წარმოუდგებოდა, რომლიდანაც რაინის ერთი ნაპირიდან ისროდნენ და მეორე ნაპირიდანაც ზუსტად იგივეს იმეორებდნენ. ამასთან, ცხადზე უცხადესი ხდებოდა, რომ ეს ადამიანები მეზობლებში ამჩნევდნენ ყველაფერ იმას, რასაც საკუთარ მაგალითზე ვერა და ვერ ხვდებოდნენ.

უზოგადესად შეიძლება ითქვას, რომ ამას კოლექტიურ სიგიჟემდე მივყავართ, სულიერ-მშვინვიერ ეპიდემიამდე, რომელმაც შეიძლება რევოლუცია, ომი ანდა რაღაც ამდაგვარი გამოიწვიოს, თუკი მოზრდილ სოციალურ ჯგუფებში იჩინა თავი კოლექტიური არაცნობიერის ვითარებამ. ასეთი მოძრაობები წუთში მოედება მთელ ქვეყანას, თითქმის მოძალადოებრივად გადამდებია ისინი.

– კოლექტიური არაცნობიერი თუ გააქტიურდა, კაცი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. ის არამარტო მონაწილეობს ამ მოძრაობაში, არამედ თავად არის ეს მოძრაობა. გერმანიაში რომ იცხოვროთ ანდა, თუნდაც მცირე ხანი დაჰყოთ იქ, როგორც წესი, წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა ფუჭად ჩაგივლით – ძვალსა და რბილში გაგიჯდებათ იქაური ამბები. რაც არ უნდა იყოს, მაინც კაცი ხარ და, სადაც არ უნდა ცხოვრობდე, თვითდამკვიდრებას მხოლოდ იმით შეიძლება მიაღწიო, რომ ცნობიერება შეზღუდო და რაც შეიძლება გამოცარიელდე, მშვინვიერად გამოიფიტო. მაგრამ ამ გზით სამშვინველს დაკარგავ – რაღა დარჩება შენგან: ცნობიერების პატარა მარცვალი, ცხოვრების ზღვაზე რომ ტივტივებს და მასში არავითარ მონაწილეობას არ იღებს.

ხოლო თუ იმადვე გინდა დარჩე, რაც ხარ, მაშინ კოლექტიურ ატმოსფეროს ვერსად გაექცევი. შეუძლებელია აფრიკაში ან რომელიმე სხვა მსგავს მხარეში იცხოვრო და ეს მხარე ძვალსა და რბილში არ გაგიჯდეს. ყვითელ კანიანებთან თუ ცხოვრობ, კანქვეშ გაყვითლდები – ეს არ აგცდება, რადგანაც სადღაც შენც ისეთი ხარ, როგორიც ზანგია თუ ჩინელი, ანდა ვინც უნდა იყოს, ვისთან ერთადაც ცხოვრობ. ისეთივე ხარ, როგორც ყველა სხვაა – ადამიანური.

კოლექტიური არაცნობიერის მიხედვით სხვა რასების წარმომადგენლებისგან არ განსხვავდები. იგივე არქეტიპები გაქვს, რაც მათ, ისევე, როგორც თვალები, გული და სხვ. გაქვს იგივენაირი. მერე და რა, რომ მათი კანი შავია. თუმცა გარკვეული მნიშვნელობა ამასაც აქვს – ერთი ისტორიული ფენა მათ ალბათ ჩვენზე უფრო ნაკლები ექნებათ. თუ ერები ერთმანეთისაგან სულიერი შრეებით განსხვავდებიან, ეს მათი განვითარების ისტორიას შეესატყვისება.

ვინც ჩემსავით შეისწავლის რასებსა და ხალხებს, ბევრ რასმე ძალზე საინტერესოს შეიძლება გადააწყდეს. მაგალითად, ჩრდილო ამერიკელებს თუ შევისწავლით, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ამერიკელი თავის თავში ინდიელს ატარებს – ის ხომ დაპყრობილ მიწაზე ცხოვრობს. ინდიელი (მთელი თავისი დღე და მოსწრება ერთი მათგანისათვისაც რომ არ მოეკრას თვალი) და ზანგი (მიუხედავად იმისა, რომ მას დევნიან და ტრამვაი თეთრებისთვისაა განკუთვნილი) ამერიკელს სისხლში და ხორცში აქვს გამჯდარი, და იგრძნობა, რომ ის ნაწილობრივ ფერადკანიან ნაციას განეკუთვნება.

ასეთი რაღაცები სრულიად არაცნობიერად ხდება და ამაზე ლაპარაკი მხოლოდ ძალზე თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებთან შეიძლება. ეს ისევე ძნელია, როგორც ის, გერმანელს ან ფრანგს რომ ესაუბრო იმაზე, თუ რატომ ექიშპებიან ასე ერთმანეთს. ამ ცოტა ხნის წინ პარიზში შესანიშნავი საღამო გავატარე. ძალზე განათლებულ ხალხთან ვიყავი მიწვეული, საამოდ ვბაასობდით. მათ მკითხეს ჩემი აზრი ეროვნულ განსხვავებათა შესახებ. ერთი კი ვიფიქრე, გამიჭირდება ამის ახსნა-მეთქი და ასე მივუგე: რაც თქვენში დიდად ფასობს, ესაა la clarte latine, la clarte de l’esprit latin და ეს იმიტომ, რომ თქვენი აზროვნება არასრულფასოვანია, ლათინური ქვეყნის მოაზროვნე გერმანელთან შედარებით მოიკოჭლებს-მეთქი. მათ ყური ცქვიტეს, მე კი განვაგრძე: „სამაგიეროდ, თქვენს გრძნობას ბადალი არ მოეპოვება, ის აბსოლუტურად დიფერენცირებულია“. ეგ როგორო, მკითხეს. მე მივუგე: „წადით რომელიმე კაფეში ან კაბარეში, ან სადმე, სადაც შანსონიებს და სკეტჩებს დგამენ, და პირდაპირ სასწაულის მომსწრე გახდებით. ჯერ აუარებელ გროტესკულ და ცინიკურ რაღაცეებს ნახავთ და გაიგონებთ, რასაც უეცრად რაღაც სენტიმენტალური მოჰყვება – დედა ბავშვს კარგავს, სიყვარული უბედურად მთავრდება, რაღაც საოცრად პატრიორული იჩენს საიდანღაც თავს და… ხალხი ტირის. თქვენ შაქრისა და მარილის შეზავება გიყვართ. გერმანელს კი შეუძლია მთელი საღამო მარტო შაქარზე გაძლოს. ფრანგს შიგ ცოტაოდენი მარილიც უნდა, რომ ერიოს. ვინმეს რომ ეცნობით, ხომ ეუბნებით: ”Enchante de faire votre connaissance“. სულაც არა ხართ enchante de faire sa connaissance. გუნებაში ფიქრობთ: „ეშმაკსაც წაუღიხარ!“ მაგრამ ეს შეუსაბამობა არც თქვენ გაწუხებთ დიდად და არც იმას, ვისაც ეცნობით. მაგრამ გერმანელს ნურასოდეს ეტყვით, nchante de faire votre connaissance-ო, თორემ ის მართლა დაგიჯერებთ. გერმანელი წყვილ წვივსაკრავს რომ მოგყიდით, მარტო იმას კი არ ელის, რომ ფასს გადაუხდით – რაც ბუნებრივი იქნებოდა – არამედ მოელის, რომ თქვენ იგი ამისათვის გეყვარებათ“. გერმანელები იმით შეიძლება დავახასიათოდ, რომ მათი გრძნობითი ფუნქცია არასრულფასოვანი ე. ი. არადიფერენცირებულია. მაგრამ ეს რომ გერმანელს უთხრათ, ეწყინება. მეც მეწყინებოდა. მისთვის სანუკვარია ის, რასაც თვითონ საამო ფამილიარობას ეძახის: კვამლით გავსებული ოთახი, ყველას ყველა უყვარს – ამ სიამოვნების ჩაშხამება როგორ იქნება! აბსოლუტური ერთმნიშვნელობა უნდა იყოს გამეფებული, არსებობდეს ერთი, მიღებული ტონი და არავითარი სხვა. ეს გახლავთ la clarte germanique du sentiment და ის არასრულფასოვანია. თავის მხრივ, ფრანგი სასტიკად გაგინაწყენდებათ, რამე პარადოქსული რომ აკადროთ – მისთვის ხომ ის გაუგებარი იქნება.

ერთ ინგლისელ ფილოსოფოსს უთქვამს: ,აღმატებული გონი არასოდეს არის სავსებით დაწმენდილიო”. – ეს მართალია და დახვეწილი გრძნობაც, ასევე, მთლად მარტივი არასოდესაა. გრძნობას მართლა მხოლოდ მაშინ ვატანთ გემოს, როცა იგი ცოტა საჭოჭმანოცაა, ხოლო აზრი, რომელიც ერთ ფარულ წინააღმდეგობასაც არ შეიცავს, დამარწმუნებელი არ არის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი