სტივენ ჰოკინგი:,,ადამიანთა აგრესია – ის, უკვე განადგურებით გვემუქრება”

0
352

სტივენ ჰოკინგი უმეტესობისთვის ცნობილია, როგორც შავ ხვრელებსა და გრავიტაციულ სინგულარობებზე ნაშრომების ავტორი, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულმა ფიზიკოსმა სახელი გაითქვა თავისი გულახდილი განცხადებებითაც იმ საფრთხეების შესახებ, რამაც შეიძლება ადამიანთა ცივილიზაციას ბოლო მოუღოს.

ჰოკინგს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი სჭირს, რომელიც მოტორული ნეირონების დეგენერაციით ხასიათდება. ამ დაავადების შედეგად ის პარალიზებულია და ხმის სინთეზატორის გარეშე საუბარს ვერ ახერხებს. მაგრამ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორისთვის ამას ხელი არ შეუძლია იმაში, რომ თამამად ესაუბრა იმ მრავალი საფრთხის შესახებ, რომლებიც ადამიანთა არსებობას ემუქრება – მათ შორის თავად ადამიანთა ქმედებებზე.

ჰოკინგის აზრით, არსებობს სამი მთავარი საფრთხე, რამაც შეიძლება კაცობრიობა გაანადგუროს.

ხელოვნური ინტელექტი

ჰოკინგი მიეკუთვნება მეცნიერთა იმ პატარა, მაგრამ მზარდ ჯგუფს, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს „ძლიერი” ხელოვნური ინტელექტის შესახებ – ინტელექტი, რომელიც ადამიანისას გაუთანაბრდება ან გადააჭარბებს.

„სრული ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეიძლება ადამიანთა რასის აღსასრულის მომასწავებელი იყოს”, განუცხადა ჰოკინგმა BBC-ის, როცა მეცნიერს კითხვა დაუსვეს ახალი, ხელოვნური ინტელექტის მქონე ხმის სინთეზატორზე, რომელსაც ის იყენებდა.

ჰოკინგის მსგავს გაფრთხილებებს იძლევა მილიარდერი ანტრეპრენიორი ელონ მასკი, SpaceX-ისა და Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის „უდიდესი ეგზისტენციალური საფრთხე” უწოდა. 2015 წლის იანვარში ჰოკინგმა, მასკმა და მეცნიერებაში ჩართულმა ათობით სხვა ცნობილმა ადამიანმა ხელი მოაწერა მოხსენებას, რომელიც აღწერს ხელოვნური ინტელექტის რისკებსა და სარგებელს.

„ხელოვნური ინტელექტის დიდი პოტენციალის გამო მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ, როგორ შეიძლება მისი დადებითი მხარეების ისე გამოყენება, რომ პოტენციური მახეები ავირიდოთ”, აღნიშნეს მეცნიერებმა მოხსენებაში, რომელიც ინტერნეტში 11 იანვარს გამოაქვეყნა სიცოცხლის მომავლის ინსტიტუტმა, მოხალისე ორგანიზაციამ, რომელიც მიზნად ისახავს, კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხეები შეამსუბუქოს.

თუმცა ხელოვნური ინტელექტის ბევრი მკვლევარი აცხადებს, რომ კაცობრიობას საერთოდ არ ძალუძს მსგავსი ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნა.

„ჩვენ ათწლეულები გვაშორებს ნებისმიერი ტექნოლოგიისგან, რომელზეც შეშფოთება ღირს”, განაცხადა დემის ჰასაბისმა, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარმა Google DeepMind-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ისაუბრა მის მიერ შექმნილ ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამაზე, რომელსაც შეუძლია, დამოუკიდებლად ისწავლოს კომპიუტერული თამაშები.

ადამიანთა აგრესია

თუკი ჩვენი შექმნილი მანქანები არ დაგვხოცავენ, შეიძლება თავად გავანადგუროთ კაცობრიობა. ჰოკინგი მიიჩნევს, რომ ადამიანთა აგრესიამ შეიძლება ცივილიზაცია მოსპოს.

ფიზიკოსი ლონდონის მეცნიერების მუზეუმში მეგზურობას უწევდა ადაეზ უიანვას, 24 წლის კალიფორნიელ მასწავლებელს, რომელმაც VisitLondon.com-ზე გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. როცა უიანვამ ჰკითხა, ადამიანთა ნაკლოვანებებიდან რომლის გამოსწორებას ისურვებდითო, ჰოკინგმა მიუგო:

„ადამიანთა სუსტი მხარეებიდან ყველაზე მეტად აგრესიის გამოსწორებას ვისურვებდი. შესაძლოა, მას გადარჩენითი ღირებულება ჰქონდა გამოქვაბულში ცხოვრების პერიოდში, რათა მოგვეპოვებინა მეტი საკვები, ტერიტორია ან პარტნიორები, რომლებთანაც გავმრავლდებოდით, მაგრამ ამჟამად ის უკვე განადგურებით გვემუქრება”.

მაგალითად, მასშტაბური ბირთვული ომი დიდი ალბათობით ცივილიზაციას დაასრულებს და შესაძლოა ადამიანთა რასა სრულად მოსპოს, ამბობს ჰოკინგი. ხოლო კითხვაზე, ადამიანთა დადებითი თვისებებიდან რომლის გაძლიერებას ისურვებდა, ჰოკინგმა უპირატესობა თანაგრძნობას მიანიჭა, რადგან „ის მშვიდობიან, მოსიყვარულე საზოგადოებად გვაერთიანებს”.

ჰოკინგი თვლის, რომ კოსმოსის კვლევა აუცილებელი იქნება კაცობრიობის გადარჩენის უზრუნველსაყოფად. „მჯერა, რომ ხანგრძლივ პერიოდში ადამიანთა რასის მომავალი დაკავშირებული იქნება კოსმოსთან, რადგან სხვა პლანეტების კოლონიზაციის მეშვეობით კაცობრიობის გაქრობის საფრთხეს თავიდან ავიცილებთ”.

უცხოპლანეტელები

წინა ორზე უფრო ადრე ჰოკინგმა ავისმომასწავებელი გაფრთხილებები გააკეთა არამიწიერი სიცოცხლის შესახებ. ჯერ კიდევ 2010 წელს მეცნიერმა განაცხადა, რომ თუკი გონიერი უცხოპლანეტური სიცოცხლე არსებობს, შეიძლება ადამიანთა მიმართ კეთილგანწყობილი არ აღმოჩნდეს.

„თუკი უცხოპლანეტელები ოდესმე გვეწვევიან, ვფიქრობ, შედეგი იმის მსგავსი იქნება, როგორიც იყო ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკაში ჩასვლისას, ადგილობრივი ამერიკელებისთვის ამას ცუდი გაგრძელება მოჰყვა”, აღნიშნა ჰოკინგმა Discovery Channel-ის გადაცემის „სამყაროში სტივენ ჰოკინგთან ერთად” ეპიზოდში.

განვითარებული უცხოპლანეტური ცივილიზაცია შეიძლება მომთაბარედ იქცეს და მათი წვდომის არეალში ეძებონ პლანეტები დაპყრობისა და კოლონიზაციისთვის, ამბობს ჰოკინგი. „თუ ასე მოხდა, მათთვის გონივრული იქნება, ყოველი ახალი პლანეტა სათავისოდ გამოიყენონ და მისი რესურსებით მეტი კოსმოსური ხომალდი ააგონ მოგზაურობის გასაგრძელებლად. ვინ იცის, რა იქნება მათი შესაძლებლობების ზღვარი?”

დაწყებული მოძალადე ხელოვნური ინტელექტიდან, გაგრძელებული განვითარებული უცხოპლანეტელებით და დამთავრებული ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ადამიანებით, ჰოკინგის პერსპექტივა კაცობრიობის მომავალზე არც ისე ნათელია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი