მერაბ მამარდაშვილი:,,იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის“

0
804

განეწყვეთ იმისთვის, რომ ჩვენი ორმაგი ვარსკვლავი, ანუ შთაბეჭდილება, რომელიღაც შთაბეჭდილების ნათელი წერტილი (ჯერ არ ვიცით, რომლის) და წერტილი, რომელშიც ვიმყოფებოდით (მას შეუვალი ვუწოდე, ანუ ისეთი, რომელშიც გარედან ვერაფერი აღწევს), – ორმაგი ვარსკვლავია, რომელიც სინამდვილეში რაღაც პატარა ნათელი წერტილია სამყაროს სრულიად ბნელ უფსკრულებში.

ეს არის ძალიან მკრთალი სინათლით განათებული უმცირესი წერტილი. ეს სახე, ალბათ, ყველაზე მეტად უხდება იმას, რასაც ადამიანურ ხვედრს, ან როგორც ფრანგები იტყვიან, condition humaine-ს ვუწოდებთ. პატარა წერტილი, ისეთივე პატარა, როგორც ტბა, რომელიც კლდეებს შორის გამოკრთა, – დასახატავად კი უკვე გვიანია, დაღამდა. ან ისეთივე პატარა, როგორც ქრისტეს სიტყვები: „იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის“. (ამ სიტყვებს, მთელი თავისი გარეგნულად ცხადი ხატოვნებით, ჩვენი სამშვინველის, ჩვენი სულის სიცოცხლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს; ეს ჩვენი სულის რაღაც ღრმა მეტაფორებია; მომავალში, კიდევ ათასი წლის შემდეგ, რაც არ უნდა მოვიფიქროთ, თუკი ვინმე ადამიანის სულში ჩაიხედავს, იმავე მეტაფორებს იპოვის, ანუ იძულებული გახდება, დაახლოებით სახარებისეული სიტყვებით გამოთქვას ის, რასაც გრძნობს და რაც ბევრ სხვა ტექსტშიცაა.).

ეს წერტილი უნდა გავაფართოვოთ, ვინაიდან მასში საკუთარი ადგილი უნდა მოვიპოვოთ შრომით, მუშაობით. მუშაობა აუცილებელია. ხელიდან არ უნდა გავუშვათ შთაბეჭდილება, ხელიდან არ უნდა გავუშვათ ელვა, უნდა წავიკითხოთ ელვის სინტაქსი – ფორმა. კანონი. კანონი რაღაცას გვეუბნება, ჩვენ ამას ვგრძნობთ; ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებები არის ის, რომლებიც (თუკი დავადგენთ, ამ მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებების დროს რას ვგრძნობთ) რაღაცას გვეუბნებიან, ან გვიმზერენ.

შემთხვევითი არ არის, რომ ბევრ მითოლოგიაში გვხვდება მზის დამაბრმავებლად მკვეთრი სინათლე, შუქი, მაგრამ მისი წაკითხვა, სიმბოლოს გაგება შეუძლებელია. პრუსტი ძველ კელტურ გადმოცემებზე საუბრობს, სადაც სამყარო, ხეები და ა.შ. სულებითაა დასახლებული, რომლებსაც სურთ რაღაც გვაცნობონ და მათი სიცოცხლე, ანუ გაცოცხლება, დამოკიდებულია იმაზე, მოვახერხებთ თუ არა მათი სიტყვის წაკითხვას. ეს არის ჩვენდამი მომართული სიტყვა, რომელიც ჩვენ მიერ გაწეული გაშიფვრის შრომის გარეშე არ არსებობს.

ამგვარ შთაბეჭდილებებს, პირობითად,  მოწოდების  შთაბეჭდილებები  (впечатления призвания), ან გამოხმაურების შთაბეჭდილებები ვუწოდოთ. ჩვენ გვეხმაურება რაღაც უცნობი და გაუგებარი და, ამავე დროს, ვიცით, რომ ეს უცნობი დაიღუპება (არადა, ცოდოა!), თუკი ვერ გავშიფრავთ მას. ასეთი შთაბეჭდილებები შეიძლება აღგვიძრან ადამიანებმა, სახეებმა, ადგილებმა; ამ შთაბეჭდილებების კატეგორია, ინტუიციის დონეზე, საკმაოდ ცხადი გვეჩვენება, მაგრამ მისი განსაზღვრა, რასაკვირველია, შეუძლებელია.

ამგვარი შთაბეჭდილების ფორმალური განსაზღვრება ჩემთვის შეუძლებელია, სხვებისგან განსხვავებით. შემიძლია, მხოლოდ ხელახლა მიგითითოთ საკუთარი ცხოვრების შეგრძნების თქვენეულ გამოცდილებაზე. დანტესეულ სახეს მოვიხმობ – ჯოჯოხეთში თვითმკვლელების სულებია. ვინ არის თვითმკვლელი? ადამიანი, რომელმაც ძალის გამოყენებით, ერთმანეთისგან დააცალკევა სული და სხეული. და დასჯის სახით, მისი სული რაღაც სხვა მატერიალურ საგანში ჩასახლდა, ვთქვათ, ხეებში.

დანტესთან ხეთა სულები (რომელთა ტოტებიც, თითქოს, სულის გამოძახილის თითებია, რომლებიც ხელს გვავლებენ, თუკი შეიძლება, რომ სულის გამოძახილის თითები არსებობდნენ, სურათის პლასტიკა ამგვარი წარმოდგენის საშუალებას გვაძლევს) გოდებით გვევედრებიან, რომ მოვუსმინოთ მათ. სხვათა შორის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებები ყოველთვის მათთვის არაადეკვატურ მატერიაში თავსდება.

ხეში ჩასახლებული სული, რომელსაც ჩვენთვის რაღაცის გაზიარება სურს, არ არის ტოტები, არ არის ის, რასაც ხედ აღვიქვამთ. მოსაუბრის მატერიას (სული ხომ ჩვენკენ გამოწვდილი ტოტებით, ფოთლების შრიალით გვესაუბრება) საუბრის შინაარსთან არავითარი საერთო არა აქვს. შთაბეჭდილებები მათთვის უცხო მატერიალურ გარსშია მოთავსებული, რომელიც, სწორედ მისი განსხვავებულობის გამო, გვაიძულებს, რომ, თუკი ზარმაცები ვართ და გვეშინია, ჩვენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებების გაშიფვრა არ დავიწყოთ.

იმის გაშიფვრა, რასაც კონკრეტულად ჩვენკენ მომართული უცნობი ხმა გვეუბნებოდა. რა გაგებით? ჩვენ ხომ მტკიცედ ვგრძნობთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული სულის ცხოვრება, რომელიც ხეში ჩასახლებულა და მოგვმართავს?! თუკი ვერაფერს გავიგებ, ვერ გავშიფრავ, ის საბოლოოდ გადაინაცვლებს არ ყოფნაში.

ამიტომაც გარკვეული ზნეობრივი ვალდებულება, ადამიანური გარკვეულობის ვალდებულება ჩვენს მხრებზეა. რა გზით? შთაბეჭდილებების საშუალებით. პრუსტისთვის ამგვარ შთაბეჭდილებად იქცა ნამცხვარი „მადლენი“ – გაბერილი, აფუებული ნამცხვარი. პრუსტს ეყო გამბედაობა და სულიერი სიმამაცე, რომ ეს ხმა გაეგო, შეჩერებულიყო და, შრომის შეუწყვეტლად, ისე, რომ ხვალინდელი დღისთვის არ გადაედო, საკუთარი წარსული ამ ნამცხვრიდან, მისი ხმიდან, მისი დაძახებიდან აღედგინა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი