კარლ გუსტავ იუნგი – პიროვნული არაცნობიერი

0
523

ყოველგვარი ცნობიერების საყრდენ ამ კოლექტიურ სფეროში ყველა ჩვენგანის ცხოვრება ერთად ისეთ მთლიანობას შეადგენს, რომლის დანაწევრებაც შეუძლებელია. კაცი რომ დაუფიქრდეს, თუ რაზე მეტყველებს პარტიციპაციის ფაქტი, რომ არსებითად ჩვენ ყველანი ყველასთან და ყველაფერთან იდენტურნი ვართ, განსაცვიფრებელ თეორიულ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს. მაგრამ ზედმეტად შორს ნუ შევტოპავთ, თორემ ვაი, ჩვენი ბრალი! თუმცა ზოგიერთი ამ დასკვნათაგან უფრო დაწვრილებით რომ განგვეხილა, არ გვაწყენდა, – ვინძლო შუქი მოჰფენოდა ზოგ საოცრებას, რაც ადმიანებს გადახდებათ ხოლმე.

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი სულიერ-მშვინვიერი სამყარო განათებული ბირთვია. ზედაპირი, საიდანაც სინათლე აირეკლება, ის ფუნქციაა, რომლის მეშვეობითაც ძირითადად ხორციელდება შეგუება. ისეთი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც უმთავრესად აზროვნების საშუალებით ახდენს შეგუებას, უპირველეს ყოვლისა, მოაზროვნე ადამიანის სურათი წარმოგვიდგება თვალწინ. ის ყველაფერს გონებით აღიქვამს და სწორედ აზროვნებაა ის, რითაც მას თავი მოაქვს და რისი იმედიც აქვს, რომ სხვების წინაშე არ შეარცხვენს.

იგივე შეიძლება ითქვას, როცა რომელიმე სხვა ფუნქციაა წამყვანი. მაგალითად, პერიფერიულ ფუნქციის შეგრძნება. ის გარე სამყაროს ობიექტთა შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. მეორე წრეში, აზროვნებაში, ითვისებს იმას, რაც მას შეგრძნებებმა გადასცეს; აქ ნივთების სახელდება და დახასიათება ხდება. შემდეგ გრძნობის ჯერი მოდის; გრძნობით ღირებულება თან ახლავს ყოველგვარ ჭვრეტას; დაბოლოს, წარმოიშვება ხოლმე ერთგვარი ცოდნა იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა რაღაც, საით მიემართება და რა შეუძლია მოიმოქმედოს. ეს ინტუიციია, რომლის მეოხებითაც ადამიანი საკუთარი თვალსაწიერის მიღმა ხედავს. ეს ოთხი ფუნქცია შეადგენს ექსტოფსიქიკურ სისტემას.

შემდეგი ნაწილი გამოსახავს ცნობიერ „მე“ კომპლექსს, რომელსაც ეს ფუნქციები უკავშირდება. ენდოფსიქიკურ სისტემაში, პირველ რიგში, გამოვყოფთ მეხსიერებას, ნებელობისადმი დაქვემდებარებულ ფუნქციას. ის „მე“ კომპლექსის ზედამხედველობის ქვეშაა. შემდეგ მოდის ფუნქციათა სუბიექტური კომპონენტები. თუმცა ნებელობა მათთან ბევრს ვერაფერს გახდება, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში მაინც შეუძლია მათი ჩახშობა, გამოთიშვა თუ გაძლიერება. ამ კომპონენტთა მეთვალყურეობა ასე იოლი აღარაა, როგორც მეხსიერებისა, თუმცა, მოგეხსენებათ, არც თვით მეხსიერებაა მთლად „წმინდა წყლისა“.

შემდეგ აფექტებსა და შეჭრებს მივადგებით, რომელთა დამორჩილება მხოლოდ იძულებითი ხერხებით თუ შეიძლება. ერთადერთი – შეგიძლია არ გამოამჟღავნო, თორემ მეტს ვერაფერს უზამ. მუშტები უნდა შეკრა, რომ არ აფეთქდე, რადგან ეს ძალები, ადვილი შესაძლებელია, „მე“ კომპლექსზე უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ.

რასაკვირველია, ფსიქიკური სისტემა ასეთი დიაგრამის მეშვეობით სრულიად არ გამოისახება. ეს სურათი უფრო შეფასების სკალაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ კლებულობს თანდათანობით ენერგია ანუ ინტენსივობა „მე“ კომპლექსისა (რომელსაც ნებელობა წარმომადგენლობს), რამდენადაც იმ ბნელ რეგიონს ვუახლოვდებით, მთელ ამ სტრუქტურას ქვაკუთხედად რომ დასდებია – არაცნობიერს.

აქ, პირველ რიგში, ვარჩევთ პიროვნულ არაცნობიერს. ფსიქიკის ეს ნაწილი ყოველივე იმას შეიცავს, რაც იგივე წარმატებით ცნობიერიც შეიძლება ყოფილიყო. მოგეხსენებათ, არაცნობიერს ბევრ რამეს ვუწოდებთ, მაგრამ ეს მხოლოდ შედარებით. ამ სფეროში არაფერია ისეთი, რაც აუცილებლად ყველასათვის არაცნობიერი უნდა იყოს. არსებობს ხალხი, რომლისთვისაც თითქმის ყველაფერი ცნობიერია, რისი გაცნობიერებაც კი შესაძლებელია საერთოდ ადამიანისთვის.

რასაკვირველია, ჩვენს ცივილიზაციაში არაჩვეულებრივად ბევრი რამაა არაცნობიერი, მაგრამ სხვა ხალხს თუ ეწვევით, ვთქვათ, ინდოეთს ანდა ჩინეთს, დაადგენთ რომ იქაურებისათვის ისეთი რაღაცეებია ცნობიერი, რომელთა გამოსაქექად ჩვენი ფსიქოანალიტიკოსები თვეობით წვალობენ ხოლმე. მერე კიდევ, ბუნებრივ პირობებში მცხოვრებმა უბრალო ადამიანებმა რაღაც სასწაულით შეიძლება ისეთი რაღაცეების ცოდნა გამოამჟღავნონ, ქალაქელს რომ არც დაესიზმრება, და თუ დაესიზმრა, ისიც – ანალიზის გავლენით. ეს ჯერ კიდევ სკოლაში დავადგინე. ყრმობის წლები სოფელში მაქვს გატარებული, გლეხებსა და პირუტყვთა შორის და მე აუარებელი ისეთი რამ ვიცოდი, სხვა ბიჭები აზრზე რომ არ იყვნენ და მქონდა ბედნიერება, ყალბი წარმოდგენებისაგან თავისუფალი ვყოფილიყავი.

ნევროტულ თუ ნორმალურ ადამიანთა სიზმრებს, სიმპტომებისა და ფანტაზიების ანალიზისას არაცნობიერში ვიჭრებით და შესაძლებლობა გვეძლევა ეს ხელოვნური ზღუდე გადავლახოთ. პიროვნული არაცნობიერი მეტად ფარდობითი რამაა. მისმა სფერომ შეიძლება რედუქცია განიცადოს და ბოლოს და ბოლოს ისე შემცირდეს, ნულს მიუახლოვდეს. სულაც არაა წარმოუდგენელი, ვინმემ თავისი ცნობიერება იმდენად განავითაროს, რომ შეეძლოს თქმა: Nihil humanum a me alienum puto.

დაბოლოს, მივაღწიეთ უკანასკნელ ბირთვს, რომელსაც საერთოდ ვერ გავაცნობიერებთ – არქეტიპთა საუფლოს. ის, რასაც, ალბათ, ეს სფერო მოიცავს, ხატებათა ფორმით იჩენს თავს, რომელთა გაგება მხოლოდ მაშინ შგვეძლება, თუკი ისტორიულ პარალელებს მოვუძებნით მათ. ზოგი ამ ამოტივტივებულ მასალათაგანი ისტორიულად თუ არ ვცანით და პარალელები თუ არ დავინახეთ, ამ შინაარსთა ცნობიერებასთან შეკავშირება შეუძლებელი იქნება, ისე რომ, პროეცირებული დარჩებიან.

კოლექტიური არაცნობიერის შინაარსები ნებელობის მიერ არ იმართებიან და საერთოდაც არ ექვემდებარებიან მას და ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს ჩვენთვის უცხო იყოს ასეთი რამ – სხვაზე ვამჩნევთ, საკუთარ თავზე – ვერა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი