დავით კომახიძე – მოდის პირველი და ერთადერთი ქართველი პერფექციონისტი

0
153

წარმატებული დიზაინერები ხშირად თავიანთ საქვეყნოდ ცნობილ ნიშაზე ამბობენ, რომ რაღაც კონკრეტულთან ასოცირებული სახელის შესაქმნელად არ იბრძოდნენ და თავისთავად მოხდა. გამონაკლისი არ არის არც დავით კომახიძე, რომელიც პირველი და ჩემი აზრით, ჯერ კვლავ ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელსაც თამამად ვუწოდებ ვარსკვლავების დიზაინერს საუკეთესო მნიშვნელობით. კომამ ბილბორდთან ინტერვიუში გაამხილა, რომ ვარსკვლავების დიზაინერობა არ ყოფილა ის, რაზეც კონცენტრაციას ახდენდა, თუმცა ასეთ გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუს შესაძლებლობა სწორედ იმიტომ მიეცა, რომ ბიონსე შემოსა.

ბიონსე დავით კომახიძის კაბაში. Billboard.com

David Koma ბრენდის ისტორია 2009 წელს იწყება,როდესაც ქართველმა მსოფლიოს წამყვანი სასწავლებელი, Central Saint Martins წარმატებით დაასრულა და ბრიტანული მოდის ახალბედა სახეებში შესამჩნევი ადგილი დაიკავა. 10 წლის წინ, როდესაც დავითი მაღალი მოდის ინდუსტრიაში დგამდა პირველ ნაბიჯებს, საქართველო მოდაში უმნიშვნელო ქვეყანა იყო და დღეს დამწყები ქართველი დიზაინერებისგან განსხვავებით,კომას არ ჰქონდა საერთაშორისო ხილვადობის პრივილეგია თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ქართველია. გასათვალისწინებელია CSM – ის მასშტაბებიც, რომელიც 2017 წლის მონაცემებით, მოდის განხრით მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლების ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს. მიუხედავად ყველაფრისა, კომახიძემ მიიღო ბრიტანული მოდის საბჭოს მხარდაჭერა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარსკვლავი ქალების სიყვარული და ეს ძალიან პატარა ასაკში შეძლო.

დათო რა თქმა უნდა ნიჭიერია, მაგრამ CSM-ში უნიჭო არავინ ხვდება და მსოფლიოში ბევრი კერავს ლამაზ კაბას. ალბათ გიჩნდებათ შეკითხვა, რა აღმოაჩინეს კომახიძეში ასეთი განსაკუთრებული, რომ 25 წლის ასაკში უკვე ბიონსეს და ლედი გაგას აცმევდა. ამის შესახებ მეც ხშირად მიფიქრია და ბოლოს ყოველთვის იმ აზრთან მივდივარ, რომ დათოს წარმატების საიდუმლო ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებაში და პერფექციონიზმშია. დიზაინერები წლები ეძებენ საკუთარ ესთეტიკას, სტილს,იმიჯს და აღიარება სწორედ მაშინ მიდის მათთან, როცა ჩამოყალიბდებიან. წარმატებამდე მიმავალ გზაზე ყველაზე რთული საკუთარი თავის პოვნაა.

დემნა გვასალიას არაერთხელ უთქვამს,  როგორ იცვლებოდა წლებთან ერთად. ბავშვობაში იტალიური მოდით იყო შეპყრობილი, შემდეგ ბელგიური ესთეტიკა აღმოაჩინა. უსმენდა ჰიპ-ჰოპს, როკს, პოპს. იყო გოთი, პანკი და ასე დაუსრულებლად. თითქმის ყველა სტილი მოირგო, სანამ ბოლოს არ მიაგნო საკუთარს. დემნამ ამ მოგზაურობას წლები მოანდომა. კომახიძემ  13 წლიდან იცოდა როგორი იქნებოდა კომას გოგო. მან მოკლე დროში იპოვა საკუთარი ხედვა და სწორედ ეს გახდა დავითის გამორჩევის მთავარი მიზეზი. კომამ თავისი გაცნობიერებული ასაკიდან იცოდა, რომ ეს საქმე უნდა ეკეთებინა და იცოდა როგორ უნდა ეკეთებინა. მოდის უკიდეგანო პერფექციონისტის, აზადინ ალაიას გავლენით, დათოს სამოსს ყოველთვის ეტყობა სრულყოფილების ისეთი დონე, რომელსაც არცერთ სხვა ქართველ დიზაინერთან არ ვხვდებით. შემთხვევითი არ არის, რომ ბიონსე იყო პირველი დიდი ვარსკვლავი, რომელმაც კომა-მანიას საფუძველი ჩაუყარა. ბიონსე ცნობილია, როგორც მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე პერფექციონისტი ქალი შემსრულებელი, რომლის ყველა წარმოდგენა სრულყოფილებთან მიახლობულია.

Mugler by David Komakhidze

2019 წელს David Koma -ს 10 წლის იუბილე აქვს. გასული დეკადში კომახიძემ შექმნა პატარა, მაგრამ მყარი ბიზნესი, რომელიც იყიდებოდა, იყიდება და მომავალშიც გაიყიდება, რადგან სტილი, რომელზეც დათომ თავისი ბრენდი ააშენა, უკონკურენტოა. David Koma-ს არ აქვს  არც სეზონი აქვს, არც წელი, არც გარემოება. დღის ბოლოს, ყველა ქალს სურს ჰქონდეს გარდერობში კაბა, რომელიც არასდროს შეარცხვენს. კაბა, რომლის შემქმნელმა ზუსტად იცის რა უნდა ჩააცვას ქალებს.

ავტორი:გვანცა კიკალიშვილი

fashionholicsonline.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი