ნონა ხიდეშელი:,,ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს ამ სამყაროში”

0
1798

როგორც მამარდაშვილი იტყოდა, მხოლოდ ღმერთის წინაშე შეიძლება ძონძებში წარდგომა, ვინაიდან ის არ არის ფორმალისტი, მიხვდება რასაც გულისხმობ და ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ ჩამოძონძილი ხარ. ადამიანის ვინაშე კი მთელი იარაღით უნდა წარსდგე, ანუ აზრის სამოსი კარგად უნდა მოირგო და თანაც, უქუდოდ, ჩაჩის გარეშე უნდა იყო.

ჩვენ ვეღარც ვამჩნევთ როგორ გადავეჩვიეთ გულწრფელ და მარტივ ურთიერთობებს, მთელი სკოლებია შექმნილი, რათა  გვასწავლონ როგორ  გამოვიმუშაოთ კარგი მანერები, ვიყოთ მოქნილი და დიპლომატიურები, გულწრფელი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა ცუდ ტონად ითვლება, ყველას ერთნაირი ღიმილი აქვს, ყალბი, მოჩვენებითი, დაყენებული, ხშირად ცოტა ირონიულიც, მაგრამ აუცილებელი ღიმილი, მის მიღმა კი დაცარიელებული სული, ეშმაკობითა და ვერაგობით სავსე ინტელექტი და სიხარბითა და ანგარებით სავსე გრძნობებია. ეს არის სამყარო, სადაც იმის მიხედვით გესალმებიან, თუ როგორ გაცვია და ხშირად რაიმე ნივთი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თავად ადამიანი.

მე არ შემიძლია ვიმოძრაო სწორხაზოვნად, წერდა პოლ ვალერი, ის რაც ბუნებრივია სხვებისთვის, ჩემთვის ხელოვნურია, მე ვერ ვხედავ იმ საგნებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ, არამედ სულ სხვა საგნებს. იქ, სადაც   თქვენ ხედავთ მნიშვნელობის მქონეს, მე ვხედავ მხოლოდ ფორმალურს. იქ სადაც თქვენ ლაღად გრძნობთ თავს, მე სუნთქვა მიჭირს.

ჩვენ ყველა ვგრძნობთ და გვესმის, რომ ცვლილება აუცილებელია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს  ცვლილება უნდა მოხდეს სადღაც გარეთ, სხვა ადამიანებში, პოლიტიკოსებში, ან კვლავ მესია გამოჩნდეს და იტვირთოს კაცთა ცოდვები. ზოგს მიაჩნია რომ გამოსავალი უკეთესი საგანმანათლებლო სისტემის შექმნაშია, ვიღაცას გონია რომ ახალი რელიგიაა საჭირო, უფრო თანამედროვე, და მორგებული ჩვენს “მაღალ” ცივილიზაციას, რადგანაც არსებული რელიგიები ჩამორჩენილი ეჩვენება და ასე… ფიქრობენ, მსჯელობენ, კამათობენ, ქადაგებენ, უფრო ჭკვიანები კი, ვინც თვლის, რომ, თავად იპოვა სწორი გზა, ჭკუას გვარიგებს და სერიოზული სახით   ახალ იდეოლოგიას გვთავაზობს.    ჩვენც ვზივართ და ველოდებით, როდის გამოჩნდება აღთქმული ქვეყანა.. .

და ისევ პოლ ვალერის გენიალური მიგნება: მე მეგონა, რომ ეს ჩემი სამყარო იყო, მაგრამ მის მიღმა რაღაცას მოვკარი თვალი და ის გალიად იქცა.

არსებობს სივრცე, აზრობრივი სივრცე, თავისი უხილავი საზღვრებით, სადაც მუდამ ერთი და იგივე მეორდება, ესაა ცნობიერების ვიწრო არეალი, შეზღუდული და განპირობებული, სადაც ახალი არაფერი ხდება, ყველაფერი წარსულიდან მოდის, და აწმყოს საშუალებით მომავალს აპროექტებს. ნებისმიერი ცვლილება ამ სივრცეში მხოლოდ  ადგილების გადანაცვლებაა, სიღრე და შინაარსი კი უცვლელი რჩება. ჩემი შეცდომები, მსჯელობს დეკარტი, დამოკიდებულია ორი თანამდევი მიზეზის ურთიერთმოქმედებაზე, კერძოდ, ჩემში არსებულ შემეცნების უნარზე და არჩევანზე, ანუ თავისუფალი გადაწყვეტილების უნარზე ე.ი. გონებასა და თავისუფალ ნებაზე. ნების ასპარეზი ბევრად ვრცელია, ვიდრე გონების, ნება საზღვრებში ვერ ეტევა და იმ საგნებზეც ვრცელდება, რომელთაც გონება ვერ წვდება.

როგორც ავღნიშნეთ, არსებობს აზროვნების სივრცე, სადაც გონების განპირობებულობიდან გამომდინარე უხილავი საზღვრებია დადგენილი და ყოველი ინდივიდი სამყაროს აღიქვამს და იღებს  მისი სუბიექტური ხედვიდან გამომდინარე, ბედნიერება – უბედურების განცდაც სწორედ ამ ხედვაზეა დამოკიდებული, რადგანაც, სამყარო, თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი, არც კარგი და არც ცუდი, ის ისეთია როგორიც არის და არანაირი განზრახვა ადამიანის მიმართ არ გააჩნია. ნებისმიერი მოვლენა, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ცნობიერებაში მოხვედრის შემდეგ იღებს გარკვეულ სახელსა და შეფასებას. თუ ვაღიარებთ რომ ცნობიერება განპირობებული და შეზღუდულია, მაშინ ყველაფრის სათავე გაცილებით სიღრმეებში უნდა ვეძებოთ, იქ სადაც მთელი ეს კომპლექსები, სტერეოტიპები, იდეალები და თეორიებია და ნებისმიერ მოვლენას თავისებურ მარკირებას უკეთებს, თავისი სუბიექთური ღირებულებებიდან გამომდინარე.

ბუნებრივია, საუბარია ადამიანის ფსიქოლოგიურ განცდებზე, მაგალითად, დილით გავიღვიძე და დავგეგმე დღე, სად უნდა წავიდე, ვის უნდა შევხვდე და რა გავაკეთო, უდავოა რომ, ეს თავისებურ მოლოდინს და განვწობას ქმნის გონებაში და თუ რაიმე, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზთა გამო, ეს დღე ისე ვერ წარიმართა, როგორი მოლოდინიც მქონდა, მეუფლება ნეგატიური განვყობა და ვამბობ რომ არ გამიმართლა, უიღბლო დღე მქონდა. თუმცა დღე იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი, მაგრამ ჩემმა წინასწარ შექმნილმა განვყობამ და მისგან გამოსულმა  ფიქრებმა, გამიფუჭა ხასიათი და არა თავად დღემ.

მაშასადამე, პრობლემას მთლიანობაში თუ შევხედავთ და არა ფრაგმენტულად, როგორც გვახასიათებს, და ერთიანობაში გავიაზრებთ, შესაძლოა, საერთოდ აღარ დაგვემართოს იმედგაცრუება და ნელ-ნელა გავთავისუფლდეთ ყოველდღიური, სრულიად უაზრო სიმძიმისგან. მთავარია რეფლექსია გვქონდეს    და გავაცნობიეროთ  ყოველი  მოვლენა რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება  და ნეგატიურ თუ პოზიტიურ განცდებს იწვევს.  ნებისმიერ დღეს, თუ,  ყოველგვარი წინასწარი განწყობების გარეშე დავგეგმავ და არანაირი ემოციური მიბმა მასზე არ მექნება, მივიღებ ყველაფერს, უკვე, როგორც რეალობას  და  თავი  უბედურად აღარ მომეჩვენება.

მოვლენა მოვლენაა, ის ხან ასეთია, ხან ისეთი, ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს ამ სამყაროში. მთავარია მე როგორ მივიღებ მას, რას დავარქმევ, კარგს თუ ცუდს, და თუ საერთოდაც არაფერს დავარქმევ და ჩვეულებრივ მივიღებ, ისეთს როგორიც ის არის, მაშინ ხომ, ყოველგვარი განცდები გაქრება და გარესამყარო მეტად ვეღარ მაიძულებს ვიყო ბედნიერი ან უბედური, უიღბლო ან იღბლიანი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი