ოშო – მარტოსულობა

1
826

მარტოსულობა – ეს თავად შენი ბუნებაა. არ არსებობს საშუალება, რომ მარტოსული არ იყო. იგი შეგიძლია დაივიწყო, მრავალ მოვლენაში ჩაიძირო, მაგრამ სიმართლე კვლავ და კვლავ შეგახსენებს თავს. ყოველი ღრმა განცდის შემდეგ მარტოსულობას გრძნობ. ღრმა სასიყვარულო განცდის შემდეგ მარტოსულობას გრძნობ, ღრმა მედიტაციის შემდეგ მარტოსულობას გრძნობ.

სწორედ ამიტომ, ძლიერი განცდების შემდეგ ადამიანები სევდას გრძნობენ. ღრმა განცდას სევდა მოსდევს. სწორედ ამიტომ მილიონობით ადამიანი უარს ამბობს ძლიერ განცდებზე, გაურბის მათ. მათ არ უნდთ, რომ ღრმად ჩაიძირონ სიყვარულში, ისინი მხოლოდ სექსით კმაყოფილდებიან, რადგანაც სექსი ზედაპირულია, იგი მარტოსულობაში არ ტოვებს მათ. ეს გასართობია: მაგრამ რაღაც მომენტში სიამოვნებას ღებულობენ, შემდეგ კი სრულიად ავიწყდებათ იგი. ეს არ აბრუნებს ადამიანებს მათ საკუთარ ცენტრში. სიყვარული კი საკუთარ ცენტრში გაბრუნებს: სიყვარული ისეთი ღრმაა, რომ მარტოსულობაში გტოვებს.

ეს სრულიად პარადოქსულია: ჩვეულებრივ ადამიანები თვლიან, რომ სიყვარული ერთიანობის შეგრძნებაში დაეხმარება მათ. ეს აბსოლუტურად სხვაგვარად ხდება. თუ სიყვარული ღრმაა, ის გეხმარებათ, რომ მარტოსულობა იგრძნოთ და არა ერთიანობა. რა ხდება ნებისმიერი ღრმა განცდის დროს? – თქვენი არსის პერიფერიას ტოვებთ და ცენტრში ხვდებით, ცენტრში კი არაფერია, გარდა მარტოსულობისა. სწორედ მაშინ ხართ თქვენ, უფრო ზუსტად არა თქვენ, არამედ მხოლოდ ცნობიერება – განუსაზღვრელი ცნობიერება, რაიმე ეგოს გარეშე, რაიმე გაიგივების გარეშე – უბრალოდ ცნობიერების უფსკრული.

მშვენიერი მუსიკის მოსმენის შემდეგ, დიადი პოეზიის გააზრების შემდეგ, მზის ჩასვლის ჭვრეტის შემდეგ თქვენ ყოველთვის გრძნობთ სევდას. ეს რომ გააცნობიერეს, მილიონობით ადამიანმა გადაწყვიტა აღარ შეემჩნია სილამაზე, აღარ ჰყვარებოდა, აღარ ყოფილიყო მედიტაციაში, აღარ ელოცა – რათა თავიდან აერიდებინა ყველაფერი, რაშიც სიღრმეა. მაგრამ რომ გაურბოდეთ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება ზოგჯერ მაინც დაგიკაკუნებთ კარებზე. იგი უხერხულ სიტუაციებს შეგიქმნით.

რაღაც მომენტებში შენ შეგიძლია სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება, მაგრამ ეს მაინც ვერ დაგეხმარება. მარტოსულობა უნდა მიიღო, რადგანაც ეს თავად შენი ბუნებაა. მარტოობა –  არაა შემთხვევითობა, ეს თავად ბუნებაა მოვლენათა არსებობისა. სწორედ ესაა დაო. როგორც კი ამას ღებულობ, მარტოსულობის ხარისხი იცვლება. მაშინ მარტოსულობა აღარ იწვევს სევდას. სევდა გამოწვეულია შენი წარმოდგენით იმაზე, რომ მარტოსული არ უნდა იყო; პრობლემას ქმნის შენი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მარტოსულობა – სევდაში ყოფნას ნიშნავს. მარტოსულობა საოცრად მშვენიერია, რადგანაც ეს ყველაზე ღრმა თავისუფლებაა. ეს აბსოლუტური თავისუფლებაა – როგორ შეუძლია მას, რომ სევდა გამოიწვიოს?

შენ არასწორ ინტერპრეტაციას იყენებ. უნდა გადააგდო ეს ინტერპრეტაცია. როცა შენ ამბობ: „მე პირისპიე ვრჩები მარტოობის ახალ შეგრძნებასთან“, – სინამდვილეში გულისხმობ, რომ პირისპირ საკუთარი მარტოსულობის ახალ შეგრძნებასთან რჩები. შენ ჯერ არ გაგიცნობიერებია განსხვავება მარტოსულობასა და მარტოობას შორის.

არასწორ ინტერპრეტაციაში, მარტოსულობა ისე გამოიყურება, როგორც მარტოობა. მარტოობა ნიშნავს, რომ ვიღაც ან რაღაც არ გყოფნის. ვინ არის ეს ვიღაც ან რაღაც? – ნებისმიერი მიზეზი, ნებისმიერი ტოქსინი, რომელიც თავდავიწყებას გაძლევს. ეს შეიძლება იყოს ქალი, მამაკაცი, წიგნი – ნებისმიერი რამ, რაც თავდავიწყებას გაძლევს, რაც ცნობიერებას გიბინდავს, რაც გაცნობიერებულად ყოფნის აუცილებლობისგან განთავისუფლებს. სინამდვილეში შენ მარტოობაზე საუბრობ.

მარტოობა – ეს ნეგატიური მდგომარეობაა: შენ არ გყოფნის ვიღაც და მის ძებნას იწყებ. მარტოსულობა არაჩვეულებრივად მშვენიერია. მარტოსულობა ნიშნავს, რომ შენ აღარ გჭირდება არავინ სხვა, რომ შენი თავის გყოფნის, იმდენად თვითკმარი ხარ, რომ შეგიძლია საკუთარი მარტოსულობა მთელს ყოფიერებას გაუზიარო. შენი მარტოსულობა იმდენად ამოუწურავია, რომ შეგიძლია ყოფიერებაში გადაღვარო, და იგი მაინც შენთან დარჩება. როცა მარტოსულობას გრძნობ, მდიდარი ხარ; როცა მარტოობას გრძნობ, ღარიბი ხარ.

ადამიანი, რომელიც მარტოობაში იმყოფება, – ღატაკია; მისი გული – ეს მოწყალების თასია. ადამიანი, რომელიც მარტოსულია, – იმპერატორია. ბუდა მარტოსულობაშია…

ის, რაც შენ დაგემართა, მარტოსულობაა, მაგრამ შენ არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებ შენს განცდებს. შენი ინტერპრეტაცია წარსული გამოცდილებიდან, წარსული მსოფლმხედველობიდან, შენი მეხსიერებიდან მოდის. შენი გონება არასწორ იდეას გთავაზობს. გადააგდე შენი გონება და იარე მარტოსულობისკენ: დააგემოვნე იგი, დააკვირდი მას. მისი ყველა გამოვლინება უნდა შეიგრძნო. შედი მასში ყველა შესაძლო კარით. ეს ყველაზე მშვენიერი ტაძარია. სწორედ ამ მარტოობაში იპოვნი საკუთარ თავს, ხოლო საკუთარი თავის პოვნა – ღმერთის პოვნას ნიშნავს. ღმერთი – ეს მარტოსულობაა.

თუ მას გონების ჩარევის გარეშე შეხედავ, უკვე აღარ მოგინდება საკუთარი თავისგან გარესამყაროშ გაქცევა. მაშინ ვეღარაფერი მიგიზიდავს ამ გარესამყაროში, მაშინ გაქცევის აუცილებლობა აღარ იქნება. აღარ მოგინდება მარტოსულობისგან გაქცევა, რადგანაც სწორედ ესაა ცხოვრება, მარადიული ცხოვრება. რატომ უნდა გაექცე მას? მე არ ვამბობ, რომ ამ მარტოსულობაში ვერ შეძლებ ურთიერთობებში შესვლას. სინამდვილეში ცხოვრებაშ პირველად შეძლებ სხვებთან ურთიერთობას.

მარტოობაში მყოფ ადამიანს არ შეუძლია ურთიერთობა, რადგანაც მისთვის ამის საჭიროება იმდენად დიდია, რომ იგი სხვა ადამიანს ეჭიდება, სხვა ადამიანს ეყრდნობა. იგი ცდილობს, რომ ფლობდეს ამ ადამიანს, რადგანაც გამუდმებულ შიშშია: „ის თუ წავა, რა მოხდება მაშინ? მე კვლავ მარტო დავრჩები“. სწორედ ამიტომ არსებობს მსოფლიოში ამდენი მესაკუთრეობა. ეს არაა შემთხვევითი. მიზეზი მარტივია: თქვენ გეშინიათ, – თუ სხვა ადამიანი წავა, მაშინ მარტოობაში დარჩებით, სრულ მარტოობაში. თქვენ ეს არ გინდათ, ამის შესახებ გაფიქრებაც კი გზარავთ. ამიტომაც სხვა ადამიანს თქვენს საკუთრებად აქცევთ, ცდილობთ ფლობდეთ მას იმდენად, რომ თქვენგან გაქცევის არანაირი შანსი არ დარჩეს. თქვენი პარტნიორი იგივეს აკეთებს თქვენთან დაკავშირებითაც: ის ცდილობს, რომ გფლობდეთ. სწორედ ამიტომ იქცევა სიყვარული ტანჯვად. სიყვარული პოლიტიკად იქცევა, სიყვარული ექსპლუატაციად იქცევა, სიყვარული დომინირებისთვის ბრძოლად იქცევა. და ყველაფერი იმიტომ, რომ მარტოობაში მყოფ ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული.

მარტოობაში მყოფ ადამიანებს არაფერი აქვთ, რომ გასცენ. ისინი ერთმანეთის ექსპლუატაციას ახდენენ. ბუნებრივია, როცა არაფერი გაქვთ, რომ გასცეთ, და სხვა ადამიანი თქვენს ექსპლუატაციას იწყებთ, თქვენ გწყინთ. თქვენ თავად გინდათ ექსპლუატაცია, და არა ის, რომ ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდეთ. სწორედ აქ შემოდის ურთიერთობებში პოლიტიკა: თქვენ გინდათ, რომ გასცეთ რაც შეიძლება ნაკლები და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი, – თქვენი პარტნიორი კი იგივეს აკეთებს თქვენთან მიმართებაში, და ორივენი ერთმანეთისთვის ტანჯვას ქმნით.

თარგმანი თორნიკე გურულის

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი