კარლ გუსტავ იუნგი:,,ვინ უწყის, შენს თავს ხდება აქ რამე, თუ ჩემს თავს”

0
349

არაცნობიერი კოლექტიური ფსიქიკის სტრუქტურის შესწავლა, ალბათ, ისეთივე აღმოჩენებს მოიტანდა, როგორსაც შედარებითი ანატომია. მისტიკური აქ არაფერია, მაგრამ რაკიღა კოლექტიურ არცნობიერს ვახსენებ, მეცნიერებისა და პროგრესის მტრად ვარ გამოცხადებული. კოლექტიურ არაცნობიერს მისტიკასთან რა კავშირი აქვს! ეს, უბრალოდ, მეცნიერების ახალი განშტოებაა. არაცნობიერი კოლექტიური პროცესების არსებობის აღიარება ნამდვილად მართებს საღ განსჯას – მართალია, ბავშვს ცნობიერება დაბადებიდანვე თან არ დაჰყვება, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო მაინც არაა ტაბული რასა. ბავშვი სავსებით განსაზღვრული ტვინით იბადება და ინგლისელი ბავშვის ტვინი ისე კი არ იმუშავებს, როგორც ავსტრალიელი აბორიგენისა, არამედ ისე, როგორც თანამედროვე ინგლისელისა.

ტვინი მზა სტრუქტურითვე ჩნდება, თანამედროვე ყაიდაზე მუშაობს, მაგრამ თავისი ისტორია გააჩნია. ის მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა, იმ ისტორიას ასახავს, რომლის ნაყოფიც თვითონაა, და იმაზე ბუნებრივი რაა, რომ ის ისევე როგორც სხეული, თავის თავში ატარებდეს ამ განვითარების ნაკვალევს. ასე რომ, როდესაც ადმიანის შინაგანი სტრუქტურის წიაღში ვიჭრებით, არ არის გასაკვირი, რომ არქაული სულის ნაშთებს მივაგნოთ.

კოლექტიური არაცნობიერის წარმოდგენა, მართლაც, მარტივია. ასე რომ არ ყოფილიყო, სასწაულზე იქნებოდა ახლა ლაპარაკი, მე კი აქ ზღაპრებს როდი ვყვები. მე მხოლოდ გამოცდილებას ვეყრდნობი. თქვენთვის რომ ეს გამოცდილება გამეზიარებინა, თქვენც ზუსტად იმავე დასკვნებს გამოიტანდით არქაული მოტივების შესახებ. მე როგორღაც შემთხვევით გამოვკარი ხელი მითოლოგიას და ამ სფეროში, შეიძლება, თქვენზე მეტი წიგნი მქონდეს წაკითხული, თორემ მითოლოგიით ყოველთვის კი არ ვიყავი გატაცებული.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჯერ კიდევ კლინიკაში ვმუშაობდი, შიზოფრენიით დაავადებულ ერთ პაციენტს შევხვდი, რომელსაც უცნაური ხილვა ჰქონდა და მიყვებოდა. გინდა თუ არა, შენც უნდა დაგანახოო, ჩამაცივდა, მაგრამ მე ვერაფერს ვხედავდი. ვიფიქრე, ეს კაცი გიჟია, მე – ნორმალური და მისი ეს ხილვაა თუ რაღაცა, რაში უნდა მენაღვლებოდეს-მეთქი. მაგრამ მაინც მოსვენება დამეკარგა, საგონებელში ჩავვარდი, რას უნდა ნიშნავდეს-მეთქი ეს ხილვა. იმ დასკვნის მოშველიება, ეს კაცი შეშლილია-მეთქი, არ მაწყნარებდა.

და აი, გამოხდა ხანი და წავაწყდი წიგნს, სადაც გერმანელ სწავლულ ა.დიტერიხტს რაღაც მაგიური პაპირუსის ნაწილები ჰქონდა გამოქვეყნებული. მე დიდი ინტერესით შევუდექი მის შესწავლას და მე-7 გვერდზე სიტყვასიტყვით არ აღმოვაჩინე ჩემი პაციენტის ხილვა?! ელდა მეცა. აი, თავსატეხი: რანაირად გაუჩნდა იმ კაცს ის ხილვა?! საქმე ერთ ხატებას კი არ ეხებოდა, არამედ ხატებათა მთელ წყებას სიტყვიერი დამთხვევითურთ. აღარ მინდა დეტალებს შევყვე, რადგან ეს ძალზე შორს წაგვიყვანს. ისე კი, ძალიან საინტერესო შემთხვევაა, სხვათა შორის, გამოქვეყნებულიც მაქვს.

ამ საოცარმა პარალელმა მეტად ამაფორიაქა. თქვენ ალბათ არ გექნებათ წაკითხული სწავლულ პროფესორ დიტერიხის წიგნი. რომ წაგეკითხათ და თქვენი თვალით გენახათ ასეთი შემთხვევები, თქვენც მიხვიდოდით კოლექტიური არაცნობიერის წარმოდგენამდე. უღრმესი ფენა, რომელზედაც არაცნობიერის კვლევისას ხელი მიგვიწვდება, ისაა, სადაც ადამიანი ცალკეული, შეზღუდული არსება კი აღარაა, არამედ განივრცობა და კაცობრიობის არსს ერწყმის – ცნობიერებით კი არა, თავისი არაცნობიერით, ე. ი. იმით, რაც ჩვენთვის ყველასათვის საერთოა. ისევე, როგორც ყველას, პრინციპში, ერთნაირი სხეული გვაქვს – ორი თვალი, ორი ყური, ერთი გული და ა. შ. მცირედი ინდივიდუალური განსხვავებებით,

შინაგანადაც სწორედ ასეთივე პრინციპულ იგივეობას აქვს ადგილი. კოლექტიურ სფეროში ცალკეული, ინდივიდუალური არსებები კი არა, ყველანი ერთი ვართ. ამის გაგება კიდევ უკეთ შეიძლება, თუ პრიმიტივთა ფსიქოლოგიას მოვიშველიებთ. პრიმიტიული მსოფლმხედველობით უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანია ინდივიდთაშორისი განურჩევლობა, სუბიექტისა და ობიექტის ერთიანობა, participation mystique, როგორც მას ლევი-ბრიული უწოდებს.

პრიმიტიულ მსოფლმხედველობაში აისახება ადამიანის სულის საფუძვლად მდებარე სტრუქტურა, ე. ი. ის ფსიქოლოგიური შრე, რომელსაც ჩვენთვის კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს, საძირკველი, რომელიც ყველა ადამიანში ერთი და იგივეა. ვინაიდან ეს ძირეული სტრუქტურა ყოველ ჩვენგანში მოქმედებს, ამიტომ შეუძლებელია ამ სფეროში ერთმანეთისაგან განვსხვავდებოდეთ. ვინ უწყის, შენს თავს ხდება აქ რამე, თუ ჩემს თავს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი