თამაზ ბუთხუზი – უმაღლესი ხარისხის მატრიცა

0
509

პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი და პასუხისმგებლობა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვეულებისამებრ, ადამიანები პოლიტიკოსის ქმედებას ზნეობრივ ფასეულობათა ჭრილში განიხილავენ. და ლიდერის ავტორიტეტი იზრდება, თუ ის ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ეყრდნობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიდერის ავტორიტეტის დასამკვიდრებლად სიცრუეს, ძალადობასა და ავნტიურიზმს იყენებენ. 
ზოგადსაკაცობრიო იდეალების უარყოფა საზოგადოების ჩაკეტვას, საერთო ცხოვრებისგან მოწყვეტას იწვევს. ლიდერი საზოგადოებას დანაპირებს არ უსრულებს, და ამის მიუხედავად, ყველა მისაღები თუ მიუღებელი საშუალების გამოყენებით, საკუთარი ქმედების გამართლებას ცდილობს. მკვიდრდება უკონტროლობა, ანარქია. 
ხალხს აქვს უფლება ქვეყნის მმართველ ინსტანციებზე კონტროლი განახორციელოს; ეს თეზისი ყველა კონსტიტუციაშია წარმოდგენილი და არაერთ მუხლს მოიცავს, მაგრამ შედეგი ყველასთვის ნათელია. 
და ასე იქნება მანამ, სანამ საზოგადოება საპირწონე _ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მსგავსი, ინსტანციის ჩამოყალიბების აუცილებლობას ვერ გააცნობიერებს.

ადამიანი, როგორც ცალკე აღებული სუბიექტი, ინდივიდი, აგრესიულ გარემოდან მომქმედ ქაოტიურ ძალებზეა დამოკიდებული. ამ ძალების არსი და რიცხვი უსასრულოა. შეიძლება ეს ვიღაცის მხრიდან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, ირონია, მიწისძვრა, შემთხვევით გასროლილი ტყვია, ან ჩვეულებრივი ვირუსი იყოს. ჩვენ შეგვიძლია ეს აგრესიული ძალები, ფსიქოლოგიური თვალთახედვით, რაღაც სისტემაში მოვიყვანოთ, ან არსის მიხედვით დავალაგოთ, აღვრიცხოთ, წარმოსახვითი და რეალური თეორიები შევქმნათ, ვიმსჯელოთ; მაგრამ ამ ძალების სრულად შეცნობა და “ლოგიკისადმი”, ან “გამჭრიახობისადმი” დამორჩილება შეუძლებელია; რადგან მკაცრად კონსტრუირებულ, მკვრივ, აგრესიულ ქაოსში ვართ ჩაჭედილი. 

ქაოსის მახასიათებელია შემთხვევითობა და თუ, შემთხვევით, ამ სივრცეში ადგილი გაგვითავისუფლდა, შეიძლება მიზნისადმი ორიენტირებული სვლაც მოვახერხოთ. 
გამოდის, რომ, ვიღაცის კინოვარსკვლავად ქცევა, საბანკო მაქინაციებით გამდიდრება, პრეზიდენტობა, გათხოვებაც კი, შემთხევითობაა. ამრიგად, ორიენტირებული სვლა ქაოსის შემცირებას, ანუ წესრიგის ოაზისების ზრდას მოითხოვს.

შემთხვევითობა! _ თუ ეს, მართლაც ასეა, მაშინ ამ ქაოსში, ტრიადაში _ ”ცა _ ადამიანი _ მიწა”, ადამიანის, არც მეტი, არც ნაკლები, “ცენტრალური” სტატუსი, მის მდგრად მდგომარეობას სულაც არ აფიქსირებს.

“ცა” და “მიწა”, თითქოს ამ ორ უკიდურესობას შორის, ჭეშმარიტება უნდა იყოს. 
თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ორ უკიდურესობას შორის, ჭეშმარიტება კი არა, პრობლემაა. 
ადამიანს “ცა” არ ელაპარაკება, “მიწაზე” კი, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, გამოდის, რომ ადამიანი ცენტრალური პრობლემაა. 

მართლაც, თუ დავუფიქრდებით, ეს ორი უკიდურესობა, ჩვენთვის შეუცნობელ, ჩვენს განმკარგავ, ორი უდიადესი ძალის არსებობაზე მიგვანიშნებს. 
ადამიანისთვის გაუგებარი ციური და მიწიერი ძალების მფარველობა შეუცნობადია და რაც უნდა ბეჯითად არწმუნოთ, რომ მან თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს, ანუ “თავის ადგილზე დაეტიოს”, მისთვის ეს უიმედო და უძნელესი საქმეა. მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გარემოს წინააღმდეგობა გაუწიოს, _ ცინიზმს ირონიით, შეურაცხყოფას და ძალადობას კი _ ხელების და ფეხების ქნევით უპასუხოს და ამით კმაყოფილებას გრძნობს; თუმცა, ბუნდოვნად, იმასაც ხვდება, რომ ადამიანურ არსს თანდათან სცილდება. სხვადასხვა ეპოქა მას ქაოსური მდგომარობიდან გამოსვლის სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს და ხშირად, ურთიერთგამომრიცხავს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი მხოლოდ ადამიანია და არა პიროვნება. 

საშუალო განათლებაც საკმარისია, რათა ადამიანის აღწერა შევძლოთ, მისი ანატომია შევისწავლოთ, გავერკვეთ, თუ რა რაოდენობის ნახშირბადს, ფოსფორს, რკინას და ა.შ. ელემენტებს შეიცავს; მაგრამ ურთულესია გაიაზრო ადამიანი, როგორც პიროვნება, რადგან პიროვნება შეუცნობადი, თავისუფალი სულის, უღრმესი არსის მქონე სუბიექტია; ამ აუწერელ და გამოუთქმელ საიდუმლოს, თავის “მე”-ს რეალობას, თვით ადამიანი აბსოლუტურ ფასეულობად აღიარებს. 

დამიანი, თავისი არსით, ამოუწურავია და ის, საკუთარი ფაქტობრივი მდგომარეობით არასდროს კმაყოფილდება. 

პიროვნების პოტენციალი ჭეშმარიტების ძიების ჟინში მჟღავნდება და ეს, ზეციური ზემოქმედების შედეგია; ეს შინაგანი, ზეციური ხმა, ის იდეალური ძალაა, რომელიც, მისი არსის გარდამქმნელ ინსტანციას წარმოადგენს. პიროვნება, თავის ჭეშმარიტ მისიას ამ ზეციური ხმის აღქმისას აცნობიერებს. 
ეს კი, ის საფუძველია, რაზეც ქაოსის ძალა ემსხვრევა;
ქაოსი დაუძლეველია თუ საზოგადოებას ცასა და მიწას შორის დესპანი არა ჰყავს, ასეთი საზოგადოება დეგრადირებისთვისაა განწირული!
ამიტომაა აუცილებელი დესპანის ანუ პალადინთა ერთობის შექმნა; აქედან იწყება ამაღლება!

პიროვნების არსი ამაღლების მცდელობაშია; სწორედ ამ ზეციური ძალის გავლენით აღწევს ის თვითგადალახვას, თვითგანვითარებას.

მხოლოდ ადამიანს ხელეწიფება შეძლოს შეუძლებელი, განასხვაოს, აირჩიოს, განსაჯოს. 
მას, როგორც ბუნების ნაწილს, ამ უსაზღვრო ქაოსში წესრიგის ოაზისების გაზრდა შეუძლია.
და თუ, ჩვენს პირობებში ჩანასახური გზით საზოგადოების შექმნა ურთულესია, მაშინ გასარკვევია ბუნებაში არაწონასწორულ პირობებში, მონოლითის წარმოქმნისა და დეფექტთა მართვის განხორციელებისთვის, არსებობს თუ არა ჩანასახურისგან განსხვავებული რაიმე მექანიზმი? 

ასეთი კანონზომიერების აღმოჩენა აუცილებლობას წარმოადგენს, რათა არსებული მდგომარეობა ეფექტურად შეიცვალოს; რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სანამ ბუნების ნაწილი ვართ, მის კანონებს უნდა დავემორჩილოთ!

90-იან წლებში, ჩვენს მიერ აღმოჩენილ იქნა ბუნების კანონი, რომელიც დეფექტთა მართვისა და მონოლითის, უჩანასახო მექანიზმით, უმოკლეს დროში, წარმოქმნის საშუალებას იძლევა. ამ ბუნების კანონის არსებობა ჩვენ ჯერ თეორიულად გავიაზრეთ და შემდეგ ექსპერიმენტით დავადასტურეთ.

ამ თეორიის ძირითადი არსი შემდეგშია: ჩვენ კრისტალის გარშემო შევქმენით ისეთი სპეციფიკური გარემო, რომელიც არსებულ დეფექტურ, არასრულყოფილ, არამონოლითური კრისტალიდან ამოარჩევს აქტიურ, ჩვენთვის სასურველ ატომებს; მათგან კრისტალის ზედაპირზე წარმოიქმნება არა ჩანასახი, არამედ იდეალური წესრიგის მქონე ერთი მონოლითური ფენა. სწორედ ეს ფენა წარმოადგენს მატრიცას, იმ საფუძველს, რომელზეც მისი წესრიგის შესაბამისი იდეალური მონოლითის შენება იწყება. 

ამრიგად, ასეთ გარემოში უდიდესი სიმტკიცის, ზესუფთა, მაღალი ხარისხისა და უნიკალური თვისებების მქონე მტკიცე მონოლითი მიიღება. 

ამრიგად, ბუნებაში როგორც წონასწორულ (ჩანასახი), ასევე არაწონასწორულ (უჩანასახო) პირობებში მონოლითის წარმოქმნის შესაძლებლობა არსებობს.
ესეც ბუნების კანონია, რომელიც ჩვენ მხოლოდ აღმოვაჩინეთ.
და თუ ეს ასეა, მაშინ, როგორც ბუნებაში ასევე ადამიანთა ისტორიაში ასეთი პროცესები სპონტანურად უნდა განვითარებულიყო. ამ თეორიის სასარგებლოდ მრავალი ისტორიული ფაქტი მეტყველებს: 

ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბები მოგეხსენებათ და ამ ქვეყნის განვითარების ისტორიაში როგორც ჩანასახური, ასევე უჩანასახო მონოლითის განვითარების პრეცენდენტიც არსებობს.

1850-იანი წლები; კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება დამთავრდა. კალიფორნიასა და სან-ფრანცისკოში ძალა-უფლება ხელში ჩაიგდეს მკვლელებმა, ქურდებმა და ყალთაბანდებმა. ისინი გუბერნატორებს, მერებსა და მოსამართლეებს ქრთამავდნენ და აკონტროლებდნენ. ამ დროს 2500-მა კერძო პირმა ჩამოაყალიბა “უძინართა კომიტეტი”, რომლის წევრებმაც სასამართლო დააარსეს. კომიტეტმა უგულებელყო ლეგალური ადმინისტრაცია და ქურდებს, ყალთაბანდებსა და მკვლელებს გასახლება მიუსაჯა. 

დაიწყო ეკონომიკის აღმავლობა, განვითარდა წარმოება და შეიქმნა ის მონოლითი, რომელიც მძაფრ წინააღმდეგობას უწევდა იარაღით მოსულ ბანდებს.
რუის-ურბნისის კრების შედეგი სხვა არაფერი იყო, თუ არა დავითის მიერ მატრიცის ჩამოყალიბება იმ ზნეობრივად ამაღლებული ადამიანებისგან, ვინც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. 

სწორედ პირველ ქრისტიანთა მატრიცამ აგრძნობინა საშუალო რომაელს ცხოვრების აზრი _ სულიერი კომფორტი. 

ასევე პირველმა იმპრესიონისტებმა შექმნეს ის მატრიცა, რომელმაც მათი პოტენციალის უდიადეს შემოქმედებაში გადასვლა გამოიწვია. 

არაბეთში ჩამოყალიბებულმა მატრიცამ ხალხში დაგროვილი უდიდესი ენერგია გაათავისუფლა.

ინდოეთში შექმნილმა მატრიცამ პირველად დააფიქრა ადამიანები მიწიერ სურვილთა უსუსურობაზე.

მატრიცა იზიდავს რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს.

მატრიცაზე ვითარდება უმძლავრესი სახელმწიფოები. 

სწორედ ეს გვაძლევს მორალურ და ეთიკურ უფლებას განვაცხადოთ, რომ მთავარია აღნიშნული თეორია სოციოლოგიაში გადმოვიტანოთ და ალმასივით მტკიცე სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელი გახდება.

შევეცდებით, ჩვენს მიერ აღმოჩენილი ბუნების კანონის არსი პოპულარულად გადმოვცეთ.
მატრიცის შესაქმნელად აუცილებელია შემოვიტანოთ იდეა, რომელიც საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი, რაციონალურად მოაზროვნე ნაწილისთვის იქნება მისაღები. 
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს ბაზა, ანუ არსებული საზოგადოება რა სახის დეფექტებს შეიცავს, ან როგორია მათი კონცენტრაცია, ანდა რა სახისაა ის შეშფოთება, რასაც ჩვენი ქვეყანა გარედან განიცდის.

მთავარია საზოგადოებაში ინტელექტი ჯერ კიდევ იყოს შემორჩენილი; მთავარია არსებობდნენ ის ადამიანები, რომელნიც სამშობლოს გადასარჩენად რაციონალურ გზას ეძებენ და წესრიგსა და სამართლიანობაში კომფორტის შეგრძნების უნარი გააჩნიათ. 
ღვთის მადლით, საქართველო ინტელექტუალთა და მოაზროვნე პატრიოტთა ნაკლებობას არ განიცდის. ჩვენი აზრით, ესენი არიან ის პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარების რაციონალური იდეის აუცილებლობასა და მნიშვნელობას გრძნობენ. 

სწორედ ამ ადამიანების შერჩევა და რაციონალური იდეა მოგვცემს იმ მატრიცის ჩამოყალიბების საშუალებას, რომელზეც მონოლითური სახელმწიფოს განვითარებაა შესაძლებელი.

როგორც აღვნიშნეთ, ცივილიზაციამ დღემდე ვერ შექმნა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე უკეთესი ვერდიქტის ინსტიტუტი, რომელსაც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი, მიანდო.

ქვეყანაში ფორმაციის ცვლილების მიმდინარეობისას, ალბათ, დასაშვები უნდა იყოს ისეთი ზნეობრივი ვერდიქტის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც მატრიცას, პირველ ფენას შექმნის. 
მის ფუნქციას უნდა წარმოადგენდეს:
ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შიდა ან გარე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას გამოიტანოს ზნეობრივი ვერდიქტი, ანუ საკითხი ერის განვითარების კუთხით განიხილოს და დაადასტუროს ან უარყოს მმართველი ელიტის გადაწყვეტილება. 
ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უმოკლეს დროში მოაწყოს ზნეობრივი რეფერენდუმი;

რა სოციალურ ჯგუფს უნდა მიენიჭოს საქვეყნო პრობლემათა ზნეობრივ ჭრილში განხილვის უფლება?

თავისთავად ცხადია, ასეთი უმნიშვნელოვანესი მისია საკუთარ თავზე ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა უნდა აიღოს, რომლის პირადი კონსტიტუციის უცვლელ ფასეულობებს _ რწმენა, სიყვარული, რაციონალიზმი და რაც მთავარია, პატრიოტიზმი _ წარმოადგენს.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი სოციალური ჯგუფებიდან ასეთები არიან: ტრანსცენდენტულ, ენტელექიურ და პასიონარულ ჯგუფთა კომბინაციური ხასიათის მქონე ადამიანები, ანუ პალადინთა ერთობა. 

ჩვენი აზრით, მათ ხასიათში ძირითადად ენტელექიურობა _ მიზანდასახულობა, უნდა იყოს გამოკვეთილი. 

სწორედ პალადინთა ერთობა უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის ინტერესების მცველს _ პალადიუმს.

განმარტებიდან გამომდინარე, პალადიუმის წევრში სურვილი და ნებისყოფა სრულყოფილი პროპორციით უნდა იყოს წარმოდგენილი.

მათში გულგრილობა გამორიცხული უნდა იყოს! 

ჩვენ არარეალურ, არამიწიერ ადამიანებს როდი ვეძებთ, არ უნდა შეგვაშფოთოს იმან, რომ მათში მიზანდასახულობიდან გამომდინარე, აქტიურობის გარდა, შესაძლოა სიამაყესა და პატივმოყვარეობასაც წავაწყდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ადამიანები არიან და ჩვენი მხრიდან ამ რეალობის აუღიარებლობა ფარისევლობა იქნება.

არსებობს ადამიანის სულის მრავალი თვისება, რომელზეც არ შეიძლება მკაცრად, განსაზღვრულად ვთქვათ _ მისაღებია ის, თუ არა. მთელი პრობლემა ზომიერებაშია. 

ზომიერების ფარგლებში პატივმოყვარეობის გამოვლენაც, როგორც ბუნებრივი მოთხოვნილებისა, დასაშვებია – პირადი წარმატების და ირგვლივ მყოფთაგან, ამ წარმატების აღიარების სურვილი, შეუძლებელია უცხო იყოს, ეს ადამიანურია. 
“ადექით, გრაფ, თქვენ უდიადესი საქმეები გელით” – ასეთი სიტყვებით აღვიძებდა მსახური პატარა სენ სიმონს, რომელიც მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, უდიდეს ფრანგ მოაზროვნეთა რიგებში გვევლინება. ჩვენ არც უდიდესი ქართველის აღიარება გვაღიზიანებს:
“როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი”.

მცდელობა, მიაღწიოთ რაღაც მნიშვნელოვანს, კეთილშობილურია და სასურველი. ეს სურვილი ჩვენ შინაგანი რესურსების გააქტიურებასა და მობილიზაციას გვაიძულებს. რით იწყება ეს პროცესი? რის გარეშეა ის შეუძლებელი? _ ის შეუძლებელია იმ განსაკუთრებული შინაგანი ქმედების გარეშე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქცევას – ეს არის თვითანალიზი, საკუთარი ქმედების, აზრების კრიტიკული შეფასება. 

ცხოვრება, თვითანალიზის გარეშე, თვითდინებაზე იქნება მიშვებული. 
დროის ცვალებადობის ფაქტორი, ცვლის მიზნის აქტუალობას. მიზნისა და შედეგის ურთიერთშესაბამისობაში გარკვევა მუდამ მნიშვნელოვანია. 
ადამიანს ახასიათებს შეჯიბრის, გამარჯვების სურვილი. იყო პირველი, მაინც და მაინც აუცილებელი არ არის. 
ვიყოთ პირველ რიგებში, ეს აუცილებლობაა! 

დიდი დოზით პატივმოყვარეობა – ჰეროსტრატობა – არტემიდეს ტაძრის გადაწვაა. 
მთავარია იბრძოლო გამარჯვებამდე – აუცილებელია გამარჯვებული იყო საკუთარ სისუსტესთან, ნაკლოვანებებთან, სიზარმაცესთან ბრძოლაში. 

ჩვენ პატივმოყვარეობით, მთელი ძალების უდიდესი დაძაბვით, განუწყვეტლად, წვეთ-წვეთად, ბოლომდე უნდა გამოვწუროთ საკუთარი არსიდან მონა! 
პატივმოყვარეობაში ჩვენ ვგულისხმობთ სიმორცხვის დაძლევას, თავმოყვარეობის შენარჩუნებას იმასთანაც კი, ვიზედაც დამოკიდებული ხართ. 
პატივმოყვარეობის სინონიმია – შემართება, გაბედული ნაბიჯი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არამითიური, ანუ რეალური პალადიუმის წევრი, არასდროს მარტო არ არის. 

აქ მნიშვნელოვანია ის მოვლენა, რომ ასეთი ადამიანისთვის აუცილებელია გარკვეული ჯგუფის შექმნა. ქრისტეს გარშემო მოწაფეები ჰყავდა, მუჰამედს _ მეგობრები, ბუდას _ მსმენელები, რომულმა შემოიკრიბა 500 თანამოაზრე, დავითმა ერთგულები, ჩინგის ხანმა ე.წ. _ “გრძელი ნებისყოფის” თანამოაზრეები, კარლ დიდმა _ ბარონები და ა.შ. 
რაც უნდა ძლიერი იყოს პიროვნება, ჯგუფის გარეშე, მისი ქმედების შედეგი ნაკლებეფექტურია. მხოლოდ ჯგუფის პოტენციალი ქმნის სიმძლავრეს და ათავისუფლებს პიროვნებაში დაგროვილ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ბუნებისგან საოცარი სიჭარბითა გვაქვს მონიჭებული.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი