ნონა ხიდეშელი:,,ბავშვობის მერე რატომ ვეღარ ვახერხებთ ნამდვილ, გულწრფელ სიხარულის, როცა უბრალოდ გვიხარია, არაფრის გამო”

0
766

ცხადია, ომის მიზეზია სწრაფვა ძალაუფლების, პრესტიჟის, ფულისა და რაიმეს ფლობისთვის, ამბობდა ჯიდუ კრიშნამურტი, ასევე ავადმყოფობა სახელად ნაციონალიზმი, თაყვანისცემა დროშის, ავადმყოფობა სახელად ორგანიზებული რელიგია, თაყვანისცემა დოგმის. ეს ყველაფერი მიზეზია ომის და მისი დასრულება დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებზე. თუ ჩვენ რეალურად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე, ძალიან სწრაფად შევძლებთ ყოველგვარ დაპირისპირებას წერტილი დავუსვათ. მაგრამ ჩვენ ხომ სინამდვილეში გულგრილი და ინდეფერენტული ადამიანები ვართ, გვაქვს ჩვენი სამუშაო, ანგარიში ბანკში, სულ ერთია ცოტა თუ ბევრი და ვამბობთ   ,,ღვთის გულისათვის ნუ შემაწუხებთ, თავი დამანებეთ”.

ჩვენ მშვიდობა  და უსაფრთხოება გვინდა, მაგრამ არ გვსურს თვალი გავუსწოროთ პრობლემას, და ვაღიაროთ, რომ პასუხისმგებელი ომზე მე და შენ ვართ.

მშვიდობა არ არის ცარიელი სიტყვები, მშვიდობა ნიშნავს ერთმანეთის სიყვარულსა და გაგებას, სხვისი აზრისა და ცხოვრების პატივისცემას, მშვიდობა ნიშნავს რელიგიის ფარული სიღრმეების გაგებას და ნაციონალიზმის დასასრულს. მშვიდობა ნიშნავს იდეალების,  იდეოლოგიებისა და სტერეოტიპებისადმი თაყვანისცემის შეწყვეტას და საკუთარი, ცოცხალი გრძნობებითა და გამოცდილებებით ცხოვრებას, საკუთარი თავის შეცნობას და ცნობიერად, სრული სერიოზულობით ცხოვრებას აწმყოში, მოცემულ მომენტში და არა წარსულსა და მომავალში.

ფსიქოანალიტიკური მასალა გვიჩვენებს, რომ ჯანსაღი, ნაყოფიერი ადამიანი ნაკლებად მოტივირებულია შურისძიების წყურვილით, ვიდრე ნერვოტიკი, აღნიშნავს ფრომი, რომლისთვისაც ძნელია სრულყოფილი, დამოუკიდებელი ცხოვრების წარმართვა და რომელიც ხშირად იმისკენ იხრება, რომ მთელი თავისი არსებობა, შურისძიების გამო საფრთხეში ჩაიგროს, რადგანაც შურისძიების გარეშე არა მხოლოდ თავისი თავის პატივისცემა  და საკუთარი ღირსების გრძნობა, არამედ იდენტობის განცდაც რღვევის საშიშროების ქვეშ იმყოფება და ხშირად იქცევა რასისტული და ნაციონალური გრძნობების მთავარ წყაროდ.

ცხადია, მარტო არარეალიზებული და არანაყოფიერი ადამიანები, ვისაც ჯერ ვერ გაურკვევია საკუთარი შესაძლებლობები და დანიშნულება ამ სამყაროში, ვერ გახდება ქაოსისა და ნგრევის მიზეზი,  რომ არა ე.წ. ინტელექტუალი ადამიანების გულგრილობა და ინდეფერენტულობა.  ადამიანმა სულ მცირე უსაფრთხოების განცდას მაინც თუ მიაღწია, გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთოდ აღარ აღელვებს რა ხდება მისი ფანჯრების მიღმა, აღარ იცის სად დაემალოს პრობლემებით სავსე ნაცნობ-მეგობრებს და მოჩვენებითი თავაზიანობითა და საქმიანი იერით თავის პატარა ნაჭუჭში იკეტება.

ასეთია ადამიანის ბუნება, ოღონდ არ შეწუხდეს, ზედმეტად არ დაიღალოს, კომფორტული სახლი და პრესტიჟული სამსახურიც თუ აქვს, საერთოდ რაში ანაღვლებს მის გვერდით ვინ როგორ ცხოვრობს, ვის როგორ ესაჭირეობა დახმარება და თანადგომა. მერე გვიკვირს რატომ ვართ ასე ცუდად, რატომ ვიტანჯებით, რატომ განვიცდით მარადიულ სიცარიელეს და ბავშვობის მერე რატომ ვეღარ ვახერხებთ ნამდვილ, გულწრფელ სიხარულის, როცა უბრალოდ გვიხარია, არაფრის გამო. გვიხარია იმიტომ, რომ, სული სავსეა ზეიმით, მუსიკით, მშვენიერებით, სიყვარულით, გვიხარია იმიტომ რომ ვარსებობთ მარტივად, სადად, ბუნებრივად, ყოველგვარი ნიღბების, ფორმების, ნიმუშების, თეორიებისა და იდეალების გარეშე, როცა ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ეთნიკური იდენტობა, რელიგიური დოქტრინა, წარმოდგენაც არ გვაქვს იმ უამრავ ხილულ თუ უხილავ საზღვარზე, ასე რომ ზღუდავს ადამიანის არსებობას, არაფერი ვიცით საზოგადოებრივ ფენებზე, კასტებზე, იერარქიებზე, მდიდრებსა და  ღარიბებზე, არ ვიცით რა არის სიხარბე, შური, ამბიცია, საზოგადოებრივი აზრი, ნორმები, წესები, ტრადიციები და დოგმები, რისი დაცვა, შენარჩუნება და აღსრულება ხშირად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი