მარეი – დროში განფენილი პიროვნება

0
286
მარეი – (1938/2008) დასაბამი დაუდო პიროვნების ფსიქოლოგიაში „პერსონოლოგიური ტრადიციისჩამოყალიბებას. საინტერესოა, რომ პიროვნების ფსიქოლოგიაში შემთხვევის შესწავლის როლი ისეთივე წინააღმდეგობრივი იყო მარეის დროს და პიროვნების აღსაწერად ისეთ ტერმინებს იყენებს, როგორიცაა „ერთობლიობა“ და „თავყრილობა“, რაშიც ძალზე გასხვავებული და ხშირად მოქიშპე პერსონაჟების ისეთ ნაკრებს გულისხმობს, როგორიც ნარატიული დრამის სხვადასხვა გმირების კრებულია.
მარეი თვლის, რომ „იცნობდე საკუთარ თავს“, ნიშნავს, იცნობდე შენში არსებულ სხვადასხვა პერსონაჟს, ერთმანეთისგან არჩევდე ცალკეულ იდენტობებსა და მათი ურთიერთობის გზებს, რითაც იქმნება ცხოვრების ნარატივი. ამრიგად, როგორც ელმსი (1987, წყაროში McAdams, 2006) წერს, მარეისთვის პიროვნება „დენადი კონგლომერატია“, რომელიც „მუდმივად იცვლება და არ გააჩნია ერთი სტაბილური ბირთვი“.
ეს არის „კომპონენტების ინდივიდუალური კომბინაცია, რომელიც ცოტა ხნით წარმოიქმნება და შემდეგ ახალი წესების მიხედვით ხელახლა იკრიბება“. სხვა სიტყვებით, ცხოვრების ისტორიის შინაგანი პერსონაჟები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან დროის მანძილზე. კონკრეტული პროტაგონისტები დროებით იკავებენ ცენტრალურ სცენას და შემდეგ მათ სხვა გმირები ანაცვლებენ.
მარეის სისტემის ცენტრალური იდეაა, რომ ადამიანების ცხოვრება დროშია განფენილი. ადამიანი უბრალოდ კი არ არსებობს მოცემულ მომენტში, არამედ გარემოში უშუალოდ წარდგენილი სტიმულისა და იმწუთიერი მოთხოვნილების მიღმა გახედვა და საკუთარი წარსულის ან მომავლის კონტექსტში მოქმედება შეუძლია. დრო პიროვნების განმსაზღვრელი ნიშანია. აქედან გამომდინარე, ინდივიდის ცხოვრების გზა პერსონოლოგიის ანალიზის მსხვილი ერთეული უნდა იყოს. მართალია, პიროვნების ცხოვრების შესწავლა ყოველთვის მხოლოდ დროის კონკრეტულ მომენტშია შესაძლებელი, არასოდეს უნდა დაგვავიწდეს, რომ შესწავლილი მომენტი მთლიანიდან შემთხვევითად აღებული ელემენტია. შესაბამისად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ორგანიზმის ისტორია არის თავად ორგანიზმი“. თუმცა, რა არის ისტორია და როგორ არის შესაძლებელი, რომ ორგანიზმი იყოს ისტორია?
მარეის მიხედვით, ისტორია არის ნარატიული რეკონსტრუქცია იმისა, თუ როგორ აძლევს წასრული დასაბამს აწმყოს ანტიციპირებული მომავლის კონტექსტში. ისტორია წარსულის შეთანხმებული ინტერპრეტაციაა მომავლის გათვალისწინებით. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მივყავართ მოვლენებსა და ცვლილებებს საქმის შემდგომში შექმნილ ვითარებამდე. მარეისთვის ადამიანები დროზე მიბმული ამბების მთხრობელი არსებები არიან, რომელთა ცხოვრებაც ისევეა დროში განფენილი, როგორც მათი ნარატივები წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ, რაც, თავის მხრივ, პერსონოლოგის ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენს.

 

მარეის მიხედვით, ადამიანის ქცევა დროში ორგანიზებული მოვლენების, სერიალების, სერიალური პროგრამებისა და გეგმების ტერმინებით უნდა გავიგოთ. გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა, რომ ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები ადამიანს საკუთარი ცხოვრების დროში ორგანიზებაში ეხმარება. ისინი გარემოს პრესებთან ურთიერთქმედებენ და ქცევის დამახასიათებელ პატერნებს წარმოქმნიან.

მოთხოვნილება-პრესის განმეორებად ურთიერთქმედებებს მარეი თემებს უწოდებს. ზოგიერთ ცხოვრებაში იმდენად დომინირებს მოთხოვნილების, პრესისა და თემის დამახასიათებელი პატერნები, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ერთიან თემას ქმნიან. ეს არის ურთიერთდაკავშირებული მოთხოვნილებებისა და პრესების კარგად ორგანიზებული პატერნი, რომელიც ინდივიდის ცხოვრების შედარებით დიდ მონაკვეთს სძენს საზრისს. საბოლოო ჯამში, ინფანტილური გამოცდილებიდან მომდინარე ერთიანი თემა პიროვნების ცხოვრებისეული ისტორიის ცენტრალურ, მაორგანიზებელ მოტივად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი