რუსუდან გოცირიძე:,,სადავეების ხელში აღება ფაქიზად და ნაზად ვერ ხდება”

0
349

როცა სამთაწყაროში იმამის ოჯახში შეცვივდნენ და ოჯახის დიასახლისი ქალი ქრისტიანმა თანასოფლელებმა გალახეს, ისეთი მივედი სახლში, რომ სრულებით არ ვიცოდი, სად მეპოვნა სიმშვიდე. ერთადერთი ეს მოვიფიქრე: შევუვარდი ჩემს შვილებს ოთახში, დავუხურე წიგნი და კომპიუტერი და ვუთხარი – ცოტა ხანს ჩემთან იყავით-მეთქი. გადმოვიღე ეს წიგნი და ხმამაღლა ვიკითხე, მათთან ერთად. არც სახარებისთვის მიმიმართავს, არც ლოცვა  დამიწყია, არც ტელეფონზე ჩამოვკიდებულვარ, რომ თანამოაზრეებისთვის ემოციები გამეზიარებინა, არც პოსტების წერა დამიწყია. მაშინ ჩემ გვერდით იდგა ალუდა ქეთელაური და მეუბნებოდა, რომ მეც ასე გამლახესო.

როგორი სიმშვიდე დამეუფლა, იცით? ხომ ასეთი მაგარი იყო, მაგრამ ამასაც ეს მოუვიდა. თითქოს, გამიზიარა და გავუზიარე. ამან დამამშვიდა. 

ალუდა  ძალიან პროვოკაციულ ნაბიჯზე წავიდა. რაც უკეთებია, რითიც გმირი იყო, უცებ დაენგრა თავზე, როცა აღმოაჩინა, რომ შეიძლება კაი ყმა იყოს ის ადამიანი, რომელსაც ებრძვის.  ღირსება, რასაც  ადამიანში აფასებს, თურმე, არ არის მომწყვდეული ერთი სოფლის, ერთი ტომის, ერთი რელიგიის, ერთი ტიპის ადამიანებში. ეს ბარიერი რომ დაენგრა თვითონ – მარტივად ხომ არ დაენგრა? საშინელ სიზმრებს ხედავს და თავისუფალი კი გახდა ეს კაცი, მაგრამ ლაღი არ არის. ძალიან ტკივილიანად მოდის, ვიდრე ფეხზე დადგება. მაგრამ ხვდება, რომ ეს საკუთარი თავისთვის არ უნდა შეინახოს. ეს სხვებსაც უნდა აჩვენოს. რითი უნდა აჩვენოს? და ყველაზე უფრო პროვოკაციულ, ყველაზე უფრო გულის გასახეთქ რამეს აკეთებს – მსხვერპლს სწირავს, აი, იმ ურჯულოსთვის, რომლის მოკვლითაც, წესით, თავი უნდა მოეწონებინა. ხან ვფიქრობ ხოლმე, რომ ალუდას სტრატეგიას არ ვირჩევ. ვფიქრობ, რომ დედინაცვლად კი არა, დედად უნდა გადავიქცე, რომელიც ზღაპარს მოუყვება, იქნებ, ასე უკეთ აუხსნას. თუ ზღაპრით არა, იქნებ, სხვაგვარად აუხსნას – ამით აუხსნას, იმით აუხსნას… მაგრამ ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ერთადერთი გზა ასეთ შემთხვევაში არის ხისტი გზა. თუ რამე გინდა შეცვალო, ძლიერი ნაბიჯია საჭირო. როგორც ქრისტე მოიქცა – ადგა და შაბათი დაარღვია. ერთი დიდი ქარ-ცეცხლი გადავიარე, როდესაც ქრისტეზე ვთქვი, რომ პროვოკაციულად იქცეოდა. ისრაელიანების თვალში ეს კაცი იყო მკრეხელი და ამიტომაც აცვეს ჯვარზე. მან თავის თავს მისცა ისეთი რამეების უფლება, რაც, ვთქვათ, ალუდამ გააკეთა. წავიდა იმის წინააღმდეგ, რასაც სხვები ძალიან ლაღად, ნარნარით მიჰყვებოდნენ. ქრისტეს არ დაუწყია ახალი რელიგია. ქრისტემ შაბათი დაანგრია. ფაქტობრივად, შაბათით ქრისტემ დაანგრია მთელი ის წეს-ჩვეულებები, რომლითაც შებორკილი იყო ადამიანი და უთხრა: ეს შაბათი ღმერთმა თქვენთვის შექმნა იმიტომ, რომ თქვენ უფრო ღირსეული ადამიანები ყოფილიყავით. ქრისტიანებმა დავანგრიეთ შაბათი და ავაშენეთ კვირა. ავაშენეთ სხვა წესები, რომლებიც ხან ჰგავს იმ შაბათის წესებს, ხან ახალია. მაგრამ ვერ ვხვდებით, რომ ამ კედლებში, ჩვენ მიერ ამოშენებულ კედლებში სულიწმინდა ვერ იქნება, რადგან სულიწმინდას არ უყვარს კედლებში სიარული. ჩემთვის სწორედ სულიწმინდის კარნახი იყო, რაც ალუდამ გააკეთა – როდესაც იქ დადგა, სადაც დინება არ მიდიოდა. 

ძალიან ტკივილიანი გამოცდილებაა, როდესაც დისბალანსია მიზნებსა და შესაძლებლობებს შორის. თუ არ გარისკე და ძლიერი ნაბიჯები არ გადადგი, თითისწვერებზე სიარულით, წკაპა-წკუპით სიარულით არაფერი შეიცვლება.  ვერც ადამიანი შეცვლის თავის ბედს.  სადავეების ხელში აღება ფაქიზად და ნაზად ვერ ხდება.

არათავისუფალ საზოგადოებაში ბევრად მეტი უთანასწორობაა. ზუსტად იმ პერიოდში გავიზარდე, თანასწორობის იდეა რომ არსებობდა და თავისუფლების იდეა რომ არ არსებობდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ თავისუფლების პირობებში საზოგადოებაში თანასწორობა არის ზუსტად ის, რომ მე ჩემი ნიჭით, ჩემი უნარით, ჩემი ჯიბით, ჩემი ცოდნით, ჩემი გამოცდილებით ისეთივე ფასეული ვარ, როგორც თქვენ თქვენი უნარით, თქვენი გამოცდილებით, თქვენი ინტელექტით, თქვენი ჯიბით. თავისუფლება ასეთი ტიპის თანასწორობას უნდა გვაძლევდეს და თუ არ გვაძლევს, ესე იგი, ცოტა ხარვეზიანი თავისუფლებაა.

ამონარიდი ია ანთაძის ინეტრვიუდან

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი