რეზო კორინთელი – ეგოიზმი

0
944

ამ მხრივ საინტერესოა, თუ როგორ განიხილავს სულიერი ფსიქოთერაპია ეგოიზმს. საკუთარი თავის სიყვარული, ანუ სიყვარული, რომელიც მიმართულია საკუთარი თავისკენ, ხშირად ეგოიზმთან, ანუ ნარცისიზმთან არის გაიგივებული, რაც საკუთარი გარეგნობის, ანუ ნიღბის (იუნგი) სიყვარულს ნიშნავს.

საკუთარი თავის სიყვარულის დროს აუცილებელია განვასხვავოთ ის, თუ როგორ გვიყვარს და რა გვიყვარს საკუთარ თავში. ეგოიზმს ადგილი აქვს მაშინ, როცა ადამიანს უყვარს ტკბობის, ფლობის და დომინირების ასპექტები საკუთარ თავში. მაგრამ თუ ადამიანს უყვარს ის, რაც ადამიანში უმაღლესი და არსებითია, ის, რაც მას ცხოველისგან განასხვავებს და ადამიანად აქცევს, მისი იდეალური ღვთაებრივი პლასტი, მაგ., თუ უყვარს საკუთარ თავში სულიერი ზრდისა და განვითარების ტენდენცია, შემოქმედების უნარი და სხვებთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მაშინ ასეთი სიყვარული ეგოიზმს მოკლებულია და ზრდის ცხოვრების ხარისხს. ამ დროს ჩვენ უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ასეთი სიყვარული მოყვასისადმი სიყვარულის დაბრკოლებას კი არ წარმოადგენს, არამედ, პირიქით, აძლიერებს მას.

ეგოისტი ვერ საზღვრავს საკუთარი თავის ფარგლებს და საკუთარი პრიზმიდან უყურებს მთელს სამყაროს, რაც ფსიქიკური ინფლაციის ნიშანია. სულიერი ფსიქოთერაპიის განსხვავება ფსიქოთერაპიის სხვა მიმართულებებისგან შესაძლებელია განვიხილოთ ფროიდის და იუნგის მიდგომის ზოგიერთი ასპექტების ანალიზის საფუძველზე.

ფროიდის მიდგომა ანალიტიკურ-რედუქციონისტულია, ანუ მას რთული მარტივამდე დაჰყავს. მაგ., სიყვარული – სქესობრივ ინსტინქტამდე, განსხვავებით იუნგისგან, რომელიც სულიერ ინსტინქტზე, ანუ ადამიანის თანდაყოლილ სულიერებაზე ლაპარაკობს. ფროიდის მიხედვით, რელიგია კოლექტიური ნევროზის ფორმას წარმოადგენს, ხოლო იუნგის მიხედვით – ადამიანის მეტამოთხოვნილებას. ფროიდის მეთოდი კაუზალურია, ანუ ის დაავადების მიზეზის გამოაშკარავებით შემოიფარგლება, ხოლო იუნგის მეთოდი არა მარტო მიზეზზე, არამედ დაავადების მიზანზეცაა ორიენტირებული. ანუ იგი ტელეოლოგიურია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩავწვდეთ პიროვნების არსს, მისი დაავადების მნიშვნელობასა და საზრისს, როდესაც გამოვარკვევთ, თუ რისკენ მიისწრაფვის ავადმყოფის პიროვნება.

იუნგი არაცნობიერ სფეროს განიხილავს, როგორც მიზნების განხორციელებისაკენ მიმართულ სისტემას; ხოლო დაავადებას, არა მარტო როგორც დარღვევასა და დეზადაპტაციას, არამედ – როგორც დადებითი ასპექტების მქონეს, რომელშიც თვითრეალიზაციის შესაძლებლობას ხედავს. 

ამგვარად, სულიერი განზომილება წარმოადგენს პიროვნების იმ ასპექტს, რომელიც ჰერმენევტიკულ-სინთეზური და ნოეტური ფუნქციის მატარებელია და მიისწრაფვის აბსოლუტური ჭეშმარიტებისაკენ, თუმცა, არცერთ რელიგიურ სისტემას არ მიეკუთვნება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი