ნონა ხიდეშელი:,,ომები ჩვენი შინაგანი მდგომრეობის გამოხატულებაა, ოღონდ დიდ მაშტაბებში”

0
464

როდესაც ჰაიდეგერი, ადამიანის ამყვეყნიურ არსებობას ორი სახით წარმოგვიდგენს, როგორც ნამდვილი და არანამდვილი, მოუწოდებს ადამიანს შებრუნდეს საკუთარი თავისკენ, დასძლიოს საკუთარი გაუცხოებული მდგომარეობა და გააცნობიეროს საკუთარი არსებობა. სწორედ ეს არის რელიგიის როლი და ფუნქცია.   კირკეგორი ამას უწოდებს “არჩევანის” გაკეთების მომენტს და მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოვება სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული და თუ ადამიანმა ვერ მოახერხა ამ არჩევანის გაკეთება, ანუ თავისი თავის პოვნა, შესაძლოა მთელი ქვეყანა მოიპოვოს, მაგრამ დაკარგავს საკუთარ თავს.

იუნგის აზრით ღმერთისა და მხსნელის იდეა  კოლექტიური არქეტიპების საკუთრებაა და კოლექტიური არქეტიპების გააქტიურება თუ მოხდა, განსაკუთრებით ისეთ  ქვეყნებში, სადაც მასათა ფსიქოლოგიის სიმპტომად მხსნელის კომპლექსია გაბატონებული, რაც კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპული ხატებაა, და თუ ეპოქაც ისეა თავგზააბნეული და აფორიაქებული, როგორც ჩვენია (იგულისხმება 20 საუკუნე), სავსებით შესაძლებელია მან პოლიტიკურ ფორმებშიც იჩინოს თავი და მთლიანად ნებაზე თუ მიუშვი, შეიძლება გამანადგურებელი გავლენა მოახდინოს.

“ჯერ კიდევ 1918 წელს ვამბობდი,  წერდა იგი, “ქერა მხეცი” ძილში ბორგავს და გერმანიაში რაღაც მოხდებათქო,  თუმცა ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი მაშინ, უბრალოდ წარმოდგენაც არავის ჰქონდა, რომ ჩვენი პიროვნული ფსიქოლოგია მხოლოდ და მხოლოდ თხელი აპკია, მსუბუქი აპკი, კოლექტიური ფსიქოლოგიის ოკეანეზე. მძლავრი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას გარდაქმნის, ჩვენს სამყაროს სახეს უცვლის და ისტორიას ქმნის- კოლექტიური ფსიქოლოგიაა და ისეთ კანონებს მორჩილებს, რომლებიც ჩვენი ცნობიერების კანონთაგან არსებითად განსხვავდება. არქეტიპები ძლევმოსოლი გადამწყვეტი ძალებია, ისინი ატრიალებენ მოვლენებს თუ ატრიალებენ და არა ჩვენი პიროვნული განსჯა და პრაქტიკული ინტელექტი”

ეს სიტყვები, დოქტორმა იუნგმა 1935 წელს წარმოსთქვა ლონდონის ტავისტოკის კლინიკაში, სადაც ორასამდე ექიმის წინაშე ხუთი ლექცია წაიკითხა, და განსაკუთრებით სიღრმისეულად არაცნობიერის ფენომენს შეეხო, იგი ცდილობდა აეხსნა, რომ არაცნობიერ სფეროში არსებული არქეტიპები, იგივე ჩვენი შეუცნობელი იდეები და იდეალები წარმოუდგენლად დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის აზროვნებასა და ქმედებებზე და უმთთავრესი სწორედ მათი გაგება და გაცნობიერებაა.

ბუნებრივია ამ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ალბათ დღესაც არსებობს ხალხი ვინც ანალიტიკოსს ამის გამო “ფსიქოლოგიზმში” სდებს ბრალს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ არ გასულა სულ ოთხიოდე წელი ამ ლექციებიდან, რომ უსასტიკესი და უსაშინლესი ომი, ყველა ომს შორის, სწორედ იქ დაიწყო, სადაც ასე რაციონალურად მსჯელობდა ხალხი და ამტკიცებდა რომ ომი აღარ იქნებოდა. ფაშიზმის გაუგონარი აგრესია კი ემყარებოდა სწორედ ნაციონალურ და რასსულ თეორიას.

ნურავის ეგონება, წერდა კ.  გამსახურდია, თითქოს იდეოლოგიური ბალავარი ამ აგრესიული მოძღვრებისა, ჰიტლერსა და მის დამქაშებს დაეფუძვნებინოს, ათეული წლით ადრე პანგერმანიზმს თეორიულად აფუძვნებდნენ ბურჟუაზიული ისტორიკოსები, ანთროპოლოგები, ლინგვისტები, მწერლები და ჟურნალისთები.

მართლაც როგორ უნდა მოახერხოს რამოდენიმე ძალაუფლებისადმი ავადმყოფური ლტოლვით შეპყრობილმა ადამიანმა, რომ ასეთ გაუგონარ ხოცვა-ჟლეთაში ჩაითრიოს მილიონობით ადამიანი, თუ იდეურად ან იდეოლოგიურად არ დაიმორჩილა ისინი და სიხარბესთან ერთად რაღაც დიადი და მაღალი იდეალებით არ გამოკვება. როგორც

კ. გამსახურდია  წერდა, მსოფლიო ისთორიაში თითქმის ყოველი აგრესორი ცდილობდა თავისი მტაცებლური პოლიტიკა “მაღალი იდეალების” საფარველით შეენიღბა. როცა ევროპელი ჯვაროსნები მცირე აზიასა და პალესტინას იპთრობდნენ, მათ ქრისთიანობა მოიმიზეზეს და ქრისტეს საფლავის გათავისუფლება დაისახეს შეფარულ მიზნად. უახლოეს საუკუნეებშიც ევროპის არა ერთსა და ორ დიდ სახელმწიფოს  გაუმართლებია თავისი მტაცებლური, კოლონიური პოლიტიკა “ცივილიზაციის”, “ქრისტიანობის” და “კულტურის” სახელით.

ერიხ ფრომი მიიჩნევდა, რომ ხშირად საფრთხის შეგრძნება და მისგან გამომდინარე ძალადობა ემყარება არა რეალურ მონაცემებს, არამედ აზროვნების მანიპულაციებს, პოლიტიკური თუ რელიგიური წინამძღოლები არწმუნებენ თავიანთ მომხრეებს, რომ მათ ემუქრება ვინმე მტერი და აღუძრავენ რეაქტიული მტრობის სუბიექტურ გრძნობას მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ომები წარმოიშობა პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური წინამძღოლების გადაწყვეტილებებით, მიწების, ბუნებრივი რესურსების მიტაცების ან სავაჭრო პრივილეგიებისათვის, საკუთარი ქვეყნის რეალური თუ მოჩვენებითი უსაფრთხოების დაცვისთვის ან იმისთვის, რომ აიმაღლონ პრესტიჟი და მოიხვეჭონ დიდება, თუმცა იმისათვის რომ მილიონობით ადამიანმა თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს და გახდეს მკვლელი, აუცილებელია აღუძრათ ისეთი გრძნობები, როგორიცაა სიძულვილი, აღშფოთება, დესტრუქციულობა და შიში.

გარეგნული ომები რომ დავასრულოთ, ჯერ შინაგანად უნდა დავუზავდეთ საკუთარ თავს. ვერც ერთი ლიდერი, პოლიტიკური თუ სულიერი, ვერანაირი არმია მშვიდობას ვერ მოიტანს, თუ ომის მიზეზია ადამიანის ავადმყოფური ამბიცია, პატივმოყვარეობა, სიხარბე, ანგარება, სწრაფვა ძალაუფლებისა და სიმდიდრისაკენ, მაშასადამე ომები ჩვენი შინაგანი მდგომრეობის გამოხატულება ყოფილა, ოღონდ დიდ მაშტაბებში. იგი ცალკეული  ადამიანების თავში მწიფდება და როგორც კი ნიადაგს პოულობს მაშინვე გარეთ გამოდის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი